Menu
RSS

ქართველი სპორტსმენების კრიმინალური ისტორიები

რეა შარში გაეხვა კლუბ „ცხინვალის“ ხუთი ფეხბურთელი თურქეთში და მართლა ეუფლებოდა თუ არა ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში სხვის ფულს უკანონოდ

სამწუხაროდ, ქართველ სპორტსმენებს საზღვარგარეთ, რბილად რომ ვთქვათ, კრიმინალი არაერთხელ ჩაუდენიათ. ძირითადად, საქმე ქურდობასთან გვაქვს ხოლმე, როცა სპორტსმენები მაღაზიებიდან ხელს რამეს აყოლებენ, შემდეგ კი ტყდება ერთი ამბავი: აქეთ სპორტის სამინისტრო ერთვება, იქეთ _ საკონსულო და ყველა მაქსიმალურად ცდილობს, სიტუაცია უხმაუროდ მოაგვაროს, მაგრამ 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს ,,უხმაუროდ მოგვარება'' არ გამოდის. ეს 90-იანებში შეიძლებოდა, როცა შოუ-ბიზნესის ქართველი წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ, რაღაც დათუნიას ჩამოიტანდნენ და ამბობდნენ, კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვეო.

გასულ კვირას ჯერ თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა საფეხბურო კლუბ ,,ცხინვალის'' ხუთი ფეხბურთელი დააკავეს, მერე კი იაპონიაში გავრცელდა ცნობა საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ. 

ჯერ თურქეთზე ვთქვათ: 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ერთ-ერთ მაღაზიაში დღის ბოლოს დანაკლისი აღმოაჩინეს, შემდეგ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ნახეს და ცოტა ხანში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, პრაქტიკულად, სპეცოპერაცია ჩაატარეს და ხუთი ფეხბურთელი დააკავეს. მერე, ხმაური რომ ატყდა, საქმეში საკონსულო ჩაერთო და, საბოლოო ჯამში, გაუსვლელობის ხელწერილით, ხუთივე გაათავისუფლეს. 

თურქი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ქართველებმა იქურდეს და პოლიციამ ნაქურდალიც ამოიღო. ქართული კლუბის მესვეურები და თავად ფეხბურთელები კი ამბობენ, რომ საქმე გაუგებრობასთან გვაქვს, რადგან იმ მაღაზიაში ჩეკის ამოსარტყმელი აპარატი არ მუშაობდა, თუმცა მათ ფული მაინც გადაიხადეს და ისე წამოვიდნენ ანუ რეალურად არის გაყიდული საქონელი (ძირითადად სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი) და არ არსებობს გადახდის ქვითარი. 

ფეხბურთელები ამბობენ, გადავიხადეთო, მაღაზიის ადმინისტრაცია კი ამას უარყოფს. ძალიან გვინდა, რომ დამნაშავე რიგითი თურქი გამყიდველი იყოს, რომელმაც გადაწყვიტა, ხუთი ქართველის ნავაჭრი, უბრალოდ, მიეთვისებინა. 

 

მოკლედ, როგორც თურქული, ისე ქართული მხარე სასამართლოს მოლოდინშია, მანამდე კი ქართველები თურქეთიდან ვერ გავლენ. პრინციპში, 28 თებერვლამდე ,,ცხინვალი'' შეკრებაზეა, მერე კი... 

რაც შეეხება იაპონიას, იაპონური მედიის მტკიცებით, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დააკავეს პირი, რომელიც საბანკო ბარათის გამოყენებით, ბანკომატიდან თანხის მოხსნას ცდილობდა. უფრო კონკრეტულად, ბარათი მფლობელს არ ეკუთვნოდა და ფულს უკანონოდ ეუფლებოდა. 

ცოდვა გამხელილი სჯობსო და, სანამ ეს ამბავი გახმაურდებოდა, კულუარებში ითქვა, რომ დაკავებული მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი, ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მოქმედი და ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ირაკლი ცირეკიძე გახლდათ. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ. 

,,იაპონიაში, საქართველოს საელჩოში, ქალაქ ოსაკას სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შევიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ. საელჩო კავშირზეა, როგორც აღნიშნულ მოქალაქესთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებასთან. ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია და აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება'', _ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

ძიუდოს ფედერაციაში მომხდართან ცირეკიძის კავშირი უარყვეს, უარყო თავად ცირეკიძემაც და განაცხადა, რომ ის ნამდვილად არის იაპონიაში, თუმცა ახალგაზრდული გუნდი ჰყავს შეკრებაზე და მისი მომზადებით არის დაკავებული. 

უფლებას დავიტოვებთ, ძიუდოს ფედერაციას არ ვენდოთ, რადგან ამას წინათ, იაპონიაში მომხდარი ჩხუბიც უარყო, მერე კი კომისია შექმნა ჩხუბის გამოსაძიებლად. 

რაც შეეხება ირაკლის, მისი ჩამოსვლის შემდეგ უფრო მეტი გაირკვევა. 

ისე, კულუარებში ამბობენ, ცირეკიძე მართლა დააკავეს და მისი გამოშვების პროცედურაში, საელჩოსთან ერთად, ჩვენი სახელოვანი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინიც იყო ჩართულიო.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში