Menu
RSS

ნაციონალებისგან დაზარალებულ 63 მოქალაქეს პროკურატურა ანაკლიაში მიწის ნაკვეთებს უბრუნებს

რომელი ყოფილი მაღალჩინოსანი გამოცხადდება დამნაშავედ და შედის თუ არა უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებაში მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც ანაკლიის საინვესტიციო ტერიტორიას ეკუთვნის

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 63 მოქალაქე დაზარალებულად სცნო. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფაქტი გახსნა. შედეგად, 63 მოქალაქეს, რომელსაც 2009-2010 წლებში, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მიწის ნაკვეთები უკანონოდ ჩამოართვეს, საკუთრებაში დაუბრუნდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მთავარ პროკურატურაში დეტალებზე არ საუბრობენ, მაგრამ 2009-2010 წლებში, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი იყო, ხოლო 2010 წლის 30 ივნისიდან _ ვერა ქობალია. თემურ ქარჩავა კი ის ბიზნესმენია, რომელსაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მითითებით, ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, 2009- 2010 წლებში, ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებას ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან აწარმოებდა, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. ამ პროცესს და ინვესტორისთვის მიწის გადაცემას ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა. საკუთრების დათმობის სანაცვლოდ კი მოსახლეობა შესაბამის კომპენსაციას ითხოვდა. 

,,პროცესის გამარტივებისა და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტრომ, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად, საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა. დოკუმენტის საფუძველზე, 2 000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, მათ შორის ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც აღმოჩნდა ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება'', _ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამავე ინფორმაციით, დეპარტამენტის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, 63 დაზარალებულ მოქალაქეს ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებში _ ანაკლიაში, დარჩელში, ცაისში, ცაცხვში, ორულუში, ერგეტაში, გურიფულსა და ხეთაში მდებარე 67 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ, რომელთა საერთო ფართობი 379 403 კვ/მ შეადგენს. 

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე პროკურატურა მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებს. 

ორიოდე წლის წინ, ,,ვერსია'' დეტალურად წერდა, რომ ბიზნესმენი თეიმურაზ ქარჩავა რუსეთის ფედერაციაში საქმიანობდა. ის მოსკოვში VIP კლუბ ,,ნაციონალს'' ფლობდა. 2004 წელს, ქარჩავა ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ 2006 წლის 27 ივლისს, მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაამართლეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 

საქართველოში საქმიანობა ქარჩავამ 2008 წლიდან დაიწყო. მის მიერ 100%-იან წილობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანია „ანაკლია პორტს“ სოფელ ანაკლიაში პორტი უნდა აეშენებინა. შპს „ანაკლია პორტმა“ 2009 წლის 20 ოქტომბერს, რეგიონული სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის კონტრაქტი მიიღო, რომელიც პორტის, სატვირთო აეროპორტის, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობებს, ასევე ახალი დასახლების ელეტროენერგიითა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოებს მოიცავდა. 2013 წლამდე, „ანაკლია-პორტს“ ამ ობიექტებში 5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო. სანაცვლოდ, თემურ ქარჩავამ 6 340 445 ლარად, 2 113 ჰა მიწა ანუ 298 კერძო მიწის ნაკვეთი მიიღო. 2010 წლის 10 ივნისს, თემურ ქარჩავამ „ანაკლია-პორტი“ და მისი მრავალმილიონიანი ქონება, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ Olimp Management-ს, მხოლოდ 2 000 ლარად მიყიდა. იმავე წლის 27 სექტემბერს, Olimp Management-ის ერთადერთმა დირექტორმა რია კლაინმა ქარჩავა შპს „ანაკლია-პორტის“ დირექტორად და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. 

2012 წლის ზაფხულში, სააკაშვილის ხელისუფლებამ „ანაკლია-პორტის“ ქონების კონფისკაცია განახორციელა. მიზეზი ის იყო, რომ კომპანია მშენებლობისთვის დათქმულ ვადებში ვერ ჩაეტია. ქარჩავას მტკიცებით, მთავრობამ შეთანხმება მას შემდეგ დაურღვია, რაც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა, ახალი დასახლების _ ,,ლაზიკას'' მშენებლობა გადაწყვიტა. 

2012 წლის სექტემბერში, ეკონომიკის სამინიტრომ თეიმურაზ ქარჩავას სასამართლოში უჩივლა და საინვესტიციო პირობების დარღვევისთვის, მისგან 100 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შპს „ანაკლია პორტს“ 240 000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა, რომელიც 2013 წელს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. 

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება'' მოვიდა, ახალი ქალაქის ნაცვლად, ანაკლიაში მხოლოდ პორტის მშენებლობა გადაწყდა. საბოლოოდ, 2014 წლის აგვისტოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. თავდაპირველად, ინტერესი 12-მა კომპანიამ გამოხატა, მათგან სამთავრობო კომისიამ, რომელსაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, 7 კომპანია შეარჩია. 

ამ ტენდერში თემურ ქარჩავას კუთვნილი კონსორციუმი _Anaklia Industrial Eco Park and Port Ltd-ც მონაწილეობდა, რომელიც ჩინურ კომპანიასთან _ Power China-სთან ერთად გეგმავდა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას, თუმცა საბოლოოდ, ტენდერში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გაიმარჯვა, რომელსაც სახელმწიფომ ეს პორტი სამართავად 49-წლიანი ვადით გადასცა. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, თეიმურაზ ქარჩავა წილებს რამდენიმე კომპანიაში ფლობს: შპს ,,ეპიკ სტოუნ ინტერნეშენალ ანაკლია'' – აქ ქარჩავა 100%-იანი წილის მფლობელია, მაგრამ ამ შპს-ს დირექტორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი უფროსი გიორგი სიგუაა. ეს ის სიგუაა, რომელიც ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს Gემ Fესტ-ს ორგანიზატორობდა; შპს ,,ანაკლია პორტი'' _ თეიმურაზ ქარჩავა ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეა. შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი კი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „ოლიმპ მენეჯმენტ ლიმიტედია'', რომელიც ასევე ქარჩავასთანაა დაკავშირებული; შპს ,,ინდუსტრიული ეკოლოგიური პარკი ანაკლია'' – 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორი; ს/ს ,,შატო მანავი'' – გენერალური დირექტორი; შპს ,,ღვინის სამყარო'' – დირექტორი; შპს ,,შავი ზღვის პორტი ანაკლია'' – 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი; შპს ,,შავი ზღვის ნავსადგური'' – 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორი; შპს ,,ეგრისი 2009'' – 100%-იანი წილის მფლობელი; შპს ,,ჭურია'' – 100%-იანი წილის მფლობელი; შპს ,,პრემიერ პროჯექტ დეველოპმენტი'' – 100%-იანი წილის მფლობელი; შპს ,,ანაკლია გაზი'' – 100%-იანი წილის მფლობელი. 

თეიმურაზ ქარჩავას კუთვნილ კონსორციუმში Anaklia Industrial Eco Park and Port Ltd-sa da Power China, ორი მსხვილი, ჩინური და ბრიტანული კომპანიებია გაერთიანებული. ჩინური კომპანია Hubei Hongyuan Power Engineering Co.Ltd, 1998 წელს შეიქმნა. ამ კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ელექტროინჟინერია და ელექტროტექნოლოგიების წარმოებაა. დაარსების დღიდან, კომპანიამ 11 ელექტროსადგური, 2 568 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და 4 ქვეელექტროსადგური ააშენა. British Eco Power-ი კი ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ბრიტანული კომპანიაა, რომელიც სამთავრობო და ინსტიტუციურ პროექტებს უწევს მენეჯმენტს. გარდა ამისა, კომპანია საკუთარი სამშენებლო კომპანიებისა და კონსორციუმებისთვისაც ქმნის სხვადასხვა სახის პროექტებს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ჰიდროენერგეტიკა, გეოთერმული ენერგეტიკა, ბიომასის ენერგეტიკა (Biomass Energy), ასევე თორიუმის ბირთვული ენერგია და მცირე ბირთვული რეაქტორები... 

,,ვერსია'' დაინტერესდა, კონკრეტულად, რომელ მიწის ნაკვეთებს დაუბრუნებს სახელმწიფო იმ 63 მოქალაქეს, რომელსაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მითითებით, კუთვნილი ქონება უკანონოდ, ჯერ კიდევ 2009-2010 წლებში ჩამოართვეს. საინტერესოა, დაზარალებული მოქალაქეებისთვის დასაბრუნებელი მიწის ნაკვეთებში შედის თუ არა ის ფართობი, რომელიც ანაკლიის საინვესტიციო ტერიტორიას ეკუთვნის? _ ამ კითხვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ სსიპ ,,ანაკლიის განვითარების სააგენტოს'' დირექტორს, დავით ჯავახაძეს მივმართეთ, რომელმაც განგვიმარტა, რომ ეს საკითხი მას არ ეხება და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოში'' გადაგვამისამართა. 

,,ვერსია'' სსიპ ,,სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს'' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნიკა ქამუშაძეს დაუკავშირდა. 

,,გაცნობებთ, რომ მთავარი პროკურატურის ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია და შესაბამისად, დაზუსტებით ვერ გეტყვით, კონკრეტულად რომელი მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება მოქალაქეებს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, დაზარალებული მოქალაქეებისთვის დასაბრუნებელ მიწის ნაკვეთებში ის ფართობი არ შედის, რომელიც ანაკლიის საინვესტიციო ტერიტორიას ეკუთვნის'', _ გვაცნობა ქამუშაძემ.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში