Menu
RSS

მარადონას ცალ-ცალი „ბუცები“

კბენა, პედიკური, სიმღერა და თხილამურებით სრიალი _ რა ეკრძალებათ კონტრაქრებით ცნობილ სპროტსმენებს

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უფიქრია, რომ სიამოვნებით იქნებოდა იმ წარმატებული სპორტსმენების ადგილზე, რომლებსაც მსოფლიო იცნობს და აღიარებს. რეალურად კი, თითოეული წარმატებული სპორტსმენის უკან დაუღალავი შრომა, უამრავი დაღვრილი ოფლი და არაერთი გადალახული დაბრკოლება დგას. იოლად არსად არაფერი მოდის, მით უმეტეს სპორტში, სადაც საუკეთესოობას რომ მიაღწიო, საუკეთესოებს უნდა აჯობო.

გარდა ფიზიკური შრომისა, სპორტსმენებს სხვა შეზღუდვებიც აქვთ. თუნდაც ტოპ-კლუბებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები ავიღოთ (ძველ თაობას ვგულისხმობ), პირადად მინახავს ჯამარაული, კობიაშვილი, ქეცბაია, ცხადაძე, არველაძეები და სხვები როგორ ერიდებოდნენ აკრძალულ საკვებს, როგორ არ სვამდნენ გაზიან სასმელებს, როგორ იცავდნენ რეჟიმს მაშინაც კი, როცა ცდუნება დიდი იყო. სამწუხაროდ, იმ თაობაშიც და ამ თაობაშიც მინახავს ფეხბურთელები, რომლებიც სიგარეტსაც ეწეოდნენ (მარიხუანასაც), არც გართობას იკლებდნენ და არც _ საკვებს. ჰოდა, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცის თემა საქართველოში კიდევ დიდ ხანს იქნება. 

ახლა, რაც შეეხება იმ ცნობილი ფეხბურთელების კონტრაქტებს, რომელსაც გულშემატკივრები ეთაყვანებიან. ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბების მფლობელები წლიურად ათობით მილიონს უხდიან, კონტრაქტში უდებენ პირობებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა და შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე მილიონობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ. 

 

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ლიონელ მესით დავიწყოთ, მესის კონტრაქტში ყველაზე უცნაური პუნქტი პედიკურს ეხება _ ფეხბურთელს აკრძალული აქვს, თავად გაიკეთოს პედიკური და რაც მთავარია, ის ვალდებულია, კვირაში ერთხელ ესტუმროს კლუბის მიერ შერჩეულ სპეციალისტს, გაიკეთოს პედიკური, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მესის ფეხის თითები ყოველთვის მწყობრში ექნება და ბურთთან პრობლემა არ შეექმნება. 

კიდევ ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, ბრაზილიელ ნეიმარს ვალდებულება აქვს, გულშემატიკვარს ზრდილობიანად მიესალმოს, უარი არ თქვას ინტერვიუზე და ინტერვიუს დროს აუცილებლად ახსენოს, რომ ,,პარი სენ ჟერმენი'' მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ამ მუხლის შესრულებისთვის ნეიმარი წლიურად, დამატებით 5 მილიონ ევროს იღებს, თუმცა საკმარისია, ამ მუხლის რომელიმე პუნქტი დაირღვეს და ნეიმარს ზუსტად 5 მილიონის ჯარიმა დაეკისრება. 

დორტმუნდის ,,ბორუსიადან'' ლონდონის ,,არსენალში'' გადასულ ფორვარდს, პატრიკ ობამეიანგს ე.წ. ერთგულების ბონუსებს უხდიან. გაბონელ ფეხბურთელს კონტრაქტში ჩაუწერეს მუხლი, რომლის მიხედვითაც, მას დამატებით 15 მილიონ ევროს გადაუხდიან, თუ პატრიკი კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებულ 4 წელიწადს, სწორედ ,,არსენალში'' გაატარებს და სხვაგან არ გადავა. 

ცნობისთვის: იგივე მუხლი ზემოთხსენებულ ლიონელ მესის კონტრაქტშიც არის, თუმცა არგენტინელის ერთგულება ,,ბარსელონას'' ოთხ წელიწადში დამატებით... 70 მილიონი ევრო უჯდება. 

2016 წელს, მადრიდის ,,რეალში'' ხესე გამოჩნდა. ფორვარდი, რომელზეც დიდ იმედს ამყარებდნენ, რეალურად, ბოლომდე ვერ გაიხსნა და ვერ ათამაშდა. ამის მთავარ მიზეზად კი ის დასახელდა, რომ ხესე მუსიკით იყო გატაცებული, საკუთარი ჯგუფიც ჰქონდა _ მუსიკას ქმნიდა, უკრავდა, კონცერტებს მართავდა... შედეგად, ,,სამეფო გუნდმა'' ის ,,პარი სენ ჟერმენში'' გაყიდა და... ფრანგულმა კლუბმა ხელშეკრულებაში ჩაუწერა, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე, ხესეს მუსიკის შექმნა, ჯგუფში სიმღერა და კონცერტების გამართვა ეკრძალება. შედეგად, ფეხბურთელი არცთუ ურიგო სეზონს ატარებს. 

ფეხბურთელებში ყველაზე ცნობილი, ,,კბენია'' ლუის სუარესი გახლავთ. არაერთხელ ყოფილა, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი მინდვრიდან მეტოქის კბენის გამო გაუძევებიათ. ის იკბინებოდა, როცა ,,ლივერპულში'' იყო, როცა ნაკრებში თამაშობდა, მაგრამ ,,ბარსელონაში'' გადასვლის შემდეგ, კბილები ,,დააოკა''. 

საქმე ისაა, რომ სუარესს კონტრაქტში ჩაუწერეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მეტოქის კბენის შემთხვევაში, სერიოზული სანქციები ელის და სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს. 

სამაგიეროდ, ლუისს ასეთი აკრძალვა ნაკრებში არ აქვს და კბილებს ეროვნულ გუნდში აქტიურად იყენებს. 

,,ლივერპულის'' ფორვარდი ფირმინო, იდეალურ სეზონს ატარებს. მისი შეძენა, პრაქტიკულად, ყველა გრანდს სურს და კონტრაქტის მიხედვით, ფირმინოს გამოსყიდვა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მის სანაცვლოდ 98 მილიონ ევროს გადაიხდიან, თუმცა... ფირმინოს ლონდონის ,,არსენალში'' გადასვლა კონტრაქტით აქვს აკრძალული და რამდენიც უნდა გადაიხადონ ლონდონელებმა, ამ ფეხბურთელს ვერ იყიდიან. 

არსებობს ერთი გზა _ ფირმინო ჯერ სხვა კლუბმა უნდა იყიდოს, იქ უნდა ითამაშოს, მინიმუმ, 3 წელი და შემდეგ შეიძლება, ,,არსენალში'' გადავიდეს, რაც, პრაქტიკულად, გამორიცხულია. 

ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად აღიარებულ კრისტიან ვიერის, ძალიან უყვარდა მთა და თხილამურებით სრიალი. მას სრიალი კონტრაქტით აუკრძალეს და ვიერიც თოვლმავალ სკუტერზე გადაჯდა, რამაც საბოლოოდ ის მოიტანა, რომ მთიდან ერთ-ერთი დაშვების დროს, ვიერის სკუტერი გადაუბრუნდა და ნეკნი გაიტეხა. ამის შემდეგ კონტრაქტში კიდევ ერთი შესწორება შევიდა _ ვიერის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე აეკრძალა ნებისმიერი ტრანსპორტით მგზავრობა, გარდა ავტომობილის, თვითმფრინავისა და მატარებლის. 

სხვათა შორის, დიეგო მარადონას პირადი კონტრაქტი ჰქონდა, როგორც ,,ნაიკთან'', ისე _ ,,ადიდასთან'' და ამიტომ, საფეხბურთო მატჩის ერთ ტაიმს, ერთი ფირმის ბუცებით თამაშობდა, მეორე ტაიმში კი მეორე ფირმის ლოგოიანი ფეხსაცმელი ეცვა. შემდეგ, ფირმებმა გააპროტესტეს, რადგან იშვიათად, მაგრამ მაინც იყო შემთხვევა, როცა მარადონას ბოლომდე არ ათამაშებდნენ და ცვლიდნენ. ამიტომ, მხარეები, პრაქტიკულად, იდეალურ გამოსავლამდე მივიდნენ _ დიეგოს ერთ ფეხზე ,,ნაიკის'' წარმოებული ბუცი ეცვა, მეორეზე _ ,,ადიდასის''.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში