Menu
RSS

რუსეთის მთავრობა ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციას ცდილობს

დეზინფორმაცია „ცე“ ჰეპატიტის წარმატებული პროგრამის წინააღმდეგ

ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენება და ხალხის მოწამვლა - ამ ყველაფერს, უკვე წლებია, რუსეთის ხელისუფლება და მისი მედია თბილისში, ამერიკელების მიერ აშენებულ ლუგარის ლაბორატორიას - ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) სტანდარტებით აღჭურვილ ლუგარის ცენტრს აბრალებს. 

ყველა ამ ინფორმაციას რომ დავუჯეროთ, საქართველოში ცოცხალი უკვე აღარავინ უნდა იყოს. რუსეთის ხელისუფლებასა და მის მაამებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც რესპონდენტებად, ძირითადად კომიკურ პერსონაჟებს იყენებენ, არაფრით უნდათ იმის დაჯერება, რომ ლუგარის ლაბორატორია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებს ემსახურება. 

რუსეთის პროპაგანდა არ ცხრება მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სხვადასხვა დროს, არაერთ რუს მეცნიერსაც უმუშავია და მოსკოვმა სხვა გზებითაც კარგად იცის, რომ ამერიკელი და ქართველი სპეციალისტები ამ ცენტრში ადამიანისა და ცხოველის დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენას, ამოცნობასა და ეპიდემიებთან ბრძოლის ეფექტიანი გზების დასახვას ემსახურებიან. 

2018 წლის 4 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის  პირებს  ჰქონდათ მცდელობა, მორიგი დეზინფორმაცია გაევრცელებინათ,  შეცდომაში შეეყვანათ მოქალაქეები და  რუსული თანაგრძნობის ცნობილი პოლიტიკით, შიში დაეთესათ რეგიონში. თანამდებობის პირები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თითქოს გარდაიცვალა 73 ქართველი მას შემდეგ, რაც მკვლევარებმა  „ცე“ ჰეპატიტის მკურნალობის კურსის ფარგლებში, „ტოქსიკური ნივთიერება“ გამოიყენეს. ეს რუსეთის მთავრობის მიერ, ამ თემით მანიპულირების პირველი შემთხვევა არ არის. აღნიშნული ქმედება  მიმართულია ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ და ამ კამპანიას ჯერ კიდევ მას შემდეგ ახორციელებს, რაც 2013 წელს ლაბორატორია გაიხსნა. 

ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ემთხვევა ხოლმე ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის ყოველწლიურ ასამბლეას. ვისთვისაც უჩვეულო არ არის რუსეთის მხრიდან „თითის გამოშვერის“ ტაქტიკა, გასაკვირი არც ის იქნება, რომ საეჭვოდ, ბრალდებების მთელ რიგს არ ამყარებს მტკიცებულებები. 

რაც შეეხება უკანასკნელ პერიოდში გაჟღერებულ ბრალდებებს, რუსმა მეცნიერებმაც კი „შეუძლებელი“ უწოდეს მათ და ასევე განაცხადეს, რომ ეს გაუთავებელი ფაბრიკაცია ზიანს აყენებს სამეცნიერო სფეროს. 

მთავრობის მიზნების მისაღწევად, რუსეთი მიუღებელ ტაქტიკას იყენებს, რაც დიდი ხანია აღარ არის შოკისმომგვრელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის (კიბერთავდასხმის მცდელობა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის ფაქტი, შვიდი  ჯაშუშის დაკავება აშშ-ში და ა.შ). საერთაშორისო თანამეგობრობას არც რუსეთის მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა აკვირვებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ნამდვილი მსხვერპლი ჩვენი ხალხია - ის ადამიანები, რომლებიც „ცე“ ჰეპატიტით არიან ინფიცირებულები და მკურნალობის გარეშე დარჩებიან, თუკი რუსი მაღალჩინოსნები მიაღწევენ საწადელს და ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და მისი მსგავსი დაწესებულებები, დაიხურება.

 

ლუგარის ლაბორატორიაში განმარტავენ, რომ ყველაფერი მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. აქ ტარდება დიაგნოსტიკური კვლევები და მათ შორის - „ცე“ ჰეპატიტის სწრაფი ტესტით დადგენილი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. შესაბამისად, ლუგარის ცენტრს დიდი როლი ეკისრება „ცე“ ჰეპატიტის აღმოფხვრაში, საქართველოში მიმდინარე მასშტაბური პროექტის ფარგლებში.

 

ბრალდებები იმის თაობაზე, რომ მკვლევარებს მოქალაქეების ორგანიზმში შეჰყავთ ლეტალური ნივთიერებები, წარმოადგენს კიდევ ერთ რუსულ ტყუილს, რომლის მიზანსაც ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით,  „საქართველოს ერთ-ერთი, ყველაზე წარმატებული „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დისკრედიტაცია“ წარმოადგენს. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, 

„ყველა ის ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ოფიციალური, თუ ჟურნალისტური წრეებისა და მასმედიის საშუალებებით ვრცელდება, არის მტკნარი სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს მიმართულია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესისა და ინოვაციების წინააღმდეგ. ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. სინამდვილეში, ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში და აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. პირველ რიგში, ის მიმართულია ადამიანთა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისკენ. ლაბორატორიას აქვს რეგიონული დატვირთვა, რამეთუ აქ ტარდება ზოგი ისეთი ექსკლუზიური კვლევა, რომელიც მხოლოდ ამ ლაბორატორიისთვის არის ხელმისაწვდომი“.

მაშ, რა სურს რუსეთს? - რუსეთს სურს, რომ ჩაგვინერგოს შიში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიმართ და აქტიურად ცდილობს, დაბრკოლება შეუქმნას ჩვენი  ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მეზობლებს, რომლებსაც დახმარებას უწევს ცენტრი. ცენტრს არაფერი აქვს საერთო ადამიანებზე ცდების ჩატარებასთან - რუსეთის მთავრობის მიზანია, ფეხი მოიკიდოს საქართველოში საბაბით, თითქოსდა, ცდილობს „დაიხსნას“ ჩვენი ქვეყანა იმ კრიზისიდან, რომელსაც თავად ქმნიდა აქტიურად, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ის იყენებდა რუსული ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციას, რუსული ჯიბეების „გასქელების“ მიზნით. 

ამასთან, ცნობილია, რომ რუსეთის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის  თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი დაკავშირებული იყო კომპანია „ინვიტროსთან“ და პასუხისმგებელია რუსეთში, 2013 წელს, ღორის აფრიკული ცხელების ეპიდემიაზე. „ინვიტროს“ ერთ-ერთი, ყველაზე დიდი კონკურენტია „როსპოტრებნადზორი“ - კომპანია, რომლის დირექტორი 2010 წლამდე, ონიშენკო იყო და, დიდი ალბათობით, დღესაც ის კომპანიის ერთ-ერთ მეწილეს წარმოადგენს. შესაბამისად, მის ინტერესებში უნდა შედიოდეს კონკურენტის დისკრედიტაცია. 

ე.წ. „ლუგარის ლაბორატორია“, თბილისში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრია. ის ქვეყნის დაავადებათა ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალური ლაბორატორიაა. კვლევითი ცენტრი საქართველოში, ამერიკის მთავრობის დახმარებით შეიქმნა და ყოფილი სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელს ატარებს. ის სრულად, საქართველოს მთავრობის საკუთრებაშია. 

ლუგარის ცენტრი არის უმაღლესი დონის დიაგნოსტიკური დაწესებულება, რომელიც იკვლევს სხვადასხვა საშიშ ინფექციურ დაავადებას, მათ შორის, ჰეპატიტებსაც, მაგრამ მისი ფუნქცია არ არის ამ მიმართულებით ცდების ჩატარება.  „ცე“ ჰეპატიტის მკურნალობის შედეგები კი არა მხოლოდ მკურნალობის ხარისხზე, არამედ მკურნალობის დაწყების მომენტისთვის, ადამიანის ჯანმრთელობასა და ღვიძლის დაზიანების მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული.

მსოფლიოში C ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებებით, წელიწადში 400 000 ადამიანი იღუპება. საქართველოში, რომლის მოსახლეობაც 3.7 მილიონს არ აღემატება, ამ მხრივ არაერთი პროგრამა განხორციელდა და ის ახლა ერთ-ერთ, წარმატებულ მაგალითად მიიჩნევა.

 „დაავადებათა კონტროლის ცენტრისა“ და „ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის“ მიერ, 2015 წლის მაის-აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 150 300 მოქალაქე C-დადებითი იყო. წარმატებული პროგრამების შედეგად, 2015-17 წლებში, ინფიცირებული 36 012 მოქალაქიდან კი - 24 481 განიკურნა. ამდენად, ჩვენ არ უნდა ავყვეთ რუსეთის მიერ რეგიონში წამოწყებულ თამაშებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს  საფრთხეს უქმნის  ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ოჯახების სიცოცხლეს. 

ნინო ბაჯელიძე

დაბრუნება დასაწყისში