Menu
RSS

დედაქალაქის გენგეგმის საჯარო განხილვა სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შეხვედრაზე თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა კალაძეს მოუწოდა, აიღოს პასუხისმგებლობა „ცეხავიკები'' შეჭამენ ქალაქს თუ სწორი, ნორმალური გზით განვითარდება თბილისი.

 

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მან მოისმინეს ლამაზი სადღეგრძელო და განაცხადა: 

„ქორწილში არ ვართ. დიახაც, ქალაქს ჰყავს მთავრობა. მერი, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს და ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, მივიღებთ თუ არა გენგეგმას. ჩვენ გვაქვს კონცეფცია, რომ თბილისი უნდა იყოს მწვანე ქალაქი. ყველა რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქი სწორად განვითარდეს და ყველა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“. 

ამის შემდეგ კითხვის დასმის უფლება ითხოვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ „შეურაცხყოფილია იმ საჯარო სასამართლოთი, რომელიც მერიამ დღეს მოაწყო“. ხოშტარიას გამოსვლა გააწყვეტინა თბილისის მერმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პოპულიზმის უფლებას მას არ მისცემდა. 

„პოპულიზმი არის თქვენი დამოკიდებულება პროფესიონალების მიმართ. ზრდილობა იქონიეთ ბატონი კახი. ნერვები დაიმშვიდეთ“, – მიმართა ხოშტარიამ კალაძეს, რაზეც თბილისის მერმა მას ასე უპასუხა: „ზრდილობა და უზრდელობა თქვენთან მოიკითხეთ. არც კომპეტენცია გაქვთ, არც პროფესიონალიზმი. მივცეთ პროფესიონალებს აზრის გამოთქმის საშუალება. ეს არის თქვენი რეალური სახე”. 

ხოშტარია რამდენიმე წუთის განმავლობაში ითხოვდა მიეცათ მისთვის კითხვის დასმის უფლება, რისი საშუალებაც მას ღონისძიების მოდერატორმა არ მისცა, რასაც მოჰყვა „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის რეპლიკა: „ეს რა დამოკიდებულებაა ეს. მიეცით ელენეს უფლება სიტყვა დაასრულოს“. 

სიტყვიერ შელაპარაკებაში საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი ვახტანგ შაქარაშვილი ჩაერთო. „რა არის ეს. ბოზი ქალებივით ყვირიხართ“, – მიმართა შაქარიშვილმა ვაშაძეს, რასაც მისი აღშფოთება მოჰყვა. ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს. „რა სიტყვებს იყენებს თქვენი თანაგუნდელი. უხერხულია. როგორ იქცევით. საზღვარი და სტანდარტი აქვს ამ ყველაფერს. რას იგინებით“, – მიმართა ვაშაძემ კალაძეს. 

საბოლოოდ, გენგეგმის საჯარო განხილვა სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. თუმცა, როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ქალაქის მთავრობა იღებს: „ჩვენ რა თქმა უნდა, ვიღებთ პასუხისმგებლობას _ გენგეგმას მივიღებთ თუ არა. ჩვენთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ქალაქის სწორი განვითარება მნიშვნელოვანია“. 

მისივე თქმით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მერიის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები აუცილებლად განსახილველი და ყურადსაღებია: „როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ, რატომ არ უნდა იყოს წარმოდგენილი, თუნდაც ის შეცდომები, რომელზეც ვსაუბრობთ?! 2 მლნ 800 ათასი იხარჯება ბიუჯეტიდან. რას ჰქვია არ უნდა იყოს წარმოდგენილი, რა მიდგომებია ეს?! ელემენტარულია ის, რომ გამქრალია სკვერები?! ხომ გვაქვს კონცეფცია, რასაც ყველა მივესალმებით, რომ უნდა იყოს მწვანე ქალაქი?! ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს. ის არის სწორი, რომ გავაქროთ სკვერები?!“. 

მისივე განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება ქალაქის სწორ განვითარებას ეფუძნება: „ჩვენი მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ. ჩვენ ვართ ქალაქის ხელმძღვანელობა. მე ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ გამოვდივარ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი სწორად განვითარდეს და თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს“.

დაბრუნება დასაწყისში