Menu
RSS

რატომ ვერ დააზღვიეს მცირე მოვაჭრეებმა საკუთარი ქონება?

რას ნიშნავს სავალდებულო დაზღვევა და რა უნდა გაითვალისწინონ სავაჭრო ობიექტების მფლობელებმა მთავრობის დადგენილებით?

თებერვლის ბოლოს, სავაჭრო ცენტრ ,,თერგში'' (კიდობანი) ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 3 000 კვ.მ დაიწვა. დაზარალებული მოვაჭრეები შველას ითხოვენ. თუმცა ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არა მარტო შენობის, არამედ თითოეული სავაჭრო ობიექტის დაზღვევაა. ცნობილია, რომ სავაჭრო ცენტრი ,,თერგის'' შენობა დაზღვეული იყო, მაგრამ ზარალს მხოლოდ შენობის მფლობელს აუნაზღაურებენ. ,,ვერსიის'' ინფორმაციით, ,,ბავშვთა სამყაროში'' გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ,,კიდობანის'' რამდენიმე მოვაჭრემ სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგს'' მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ ვიდრე ხანძარი გაჩნდებოდა, სადაზღვევო კომპანიებისთვის ,,ბავშვთა სამყაროს'' მოვაჭრეებსაც მიუმართავთ, მაგრამ ქონების დაზღვევაზე უარი მიიღეს.
რას ნიშნავს სავალდებულო დაზღვევა
თუ ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დაზღვევა ერთადერთი გამოსავალია, რატომ აწყდებიან მცირე და საშუალო მეწარმეები პრობლემას -რატომ არ აზღვევენ სადაზღვევო კომპანიები ბაზრობების მოვაჭრეებს? ,,ვერსიას'' საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილი ესაუბრება:
_ ბატონო დევი, მას შემდეგ, რაც ,,ბავშვთა სამყარო'' დაიწვა, ,,კიდობანის'' რამდენიმე მოვაჭრემ ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიას მიმართა, მაგრამ ქონება არ დაუზღვიეს. თუ დაზღვევა ერთადერთი გამოსავალია, კომპანიები მოვაჭრეებს უარით რატომ ისტუმრებენ?
 
_ კონკრეტიკის გარეშე საუბარი ძალიან რთულია. თუმცა სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ,,ბავშვთა სამყაროში'' გაჩენილი ხანძრის შემდეგ, არცერთ მოვაჭრეს არ მიუმართავს სადაზღვევო კომპანიებისთვის ანუ მასობრივ მიმართვას ადგილი არ ჰქონია! სხვათა შორის, სადაზღვევო კომპანიები მოწადინებულნი არიან, რომ მოვაჭრეებს ქონება დაუზღვიონ და ამასაც სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მაგრამ კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში დააზღვევს ქონებას, თუ ის დათვლადია. ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ ე.წ. ოქროს ბირჟის მოვაჭრეების ნაწილმა მიმართა სადაზღვევო კომპანიას, მაგრამ უარი მიიღეს. ზუსტად ვიცი, რატომ უთხრა უარი სადაზღვევო კომპანიამ მათ, რადგან ისინი თავისი მარაგების მკაფიო აღრიცხვას არ აწარმოებენ!
სერიოზული პრობლემაც ესაა, რადგან ,,ოქროს ბირჟის'' დახლებზე, საკმაოდ დიდი ოდენობის ქონება აღურიცხავად დევს. როდესაც მოვაჭრე სადაზღვევო კომპანიაში მიდის და ასეთი ქონების დაზღვევას ითხოვს, კომპანიაში უხსნიან, რომ მხოლოდ იმას აანაზღაურებენ, რაც აღრიცხულია და დოკუმენტურად დადასტურდება, რომ მართლაც განადგურდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ როდესაც მოვაჭრე საქონლის აღრიცხვას არ აწარმოებს, სადაზღვევო კომპანიისგან უარს მიიღებს. თავის მხრივ, ეს ხალხიც მართალია, მარაგი აღრიცხული არ აქვთ, რადგან საგადასახადო ამას არ ითხოვს, ისინი ამ ვალდებულებისგან გათავისუფლებულნი არიან! ეს მოვაჭრეები არაფერს მალავენ და არც თვითონ იმალებიან, მაგრამ სახელმწიფო მათგან საბუღალტრო აღრიცხვას არ ითხოვს. სრულიად გამორიცხულია, რომ რომელიმე ობიექტს, საწყობს ან მაღაზიას, რომელიც საბუღალტრო აღრიცხვას აწარმოებს, დაზღვევის პრობლემა შეექმნას. ზოგადად, ქონების დაზღვევის დროს, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია, წარმოქმნილი ზარალი აანაზღაუროს, მაგრამ თუ ეს ზარალი დოკუმენტურად არ დასტურდება, ცხადია, ვერ აანაზღაურებს და, შესაბამისად, კომპანია ასეთ ობიექტს არ დააზღვევს!
_ უკაცრავად, მაგრამ მცირე მეწარმეები საგადასახადო ვალდებულებისგან გათავისუფლებულნი არიან, ისინი ამ შეღავათით სწორედ სახელმწიფოსგან სარგებლობენ. სადაზღვევო კომპანია მათ ქონებას ვერ დააზღვევს, მაგრამ თუ ხანძრის შედეგად დაზარალდებიან, როგორ უნდა მოიქცნენ, გამოსავალი რა არის?
_ გამოსავალი სავალდებულო დაზღვევაა, რომელიც მთავრობის დადგენილებით, ძალაში 2018 წლის 1 მარტიდან შევიდა. ,,ბავშვთა სამყაროსა'' და ,,თერგის'' მოვაჭრეები ამ დადგენილებით ვეღარ ისარგებლებენ, მაგრამ თუ ამის შემდეგ, რომელიმე სავაჭრო ცენტრს ხანძარი გაუჩნდება, სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში, ზარალი უკლებლივ ყველას აუნაზღაურდება. ზარალის დადასტურების შემთხვევაში ანუ იმ დროს, როდესაც ობიექტის მფლობელი ბუღალტრულად აღრიცხავს საქონელს _ 15 000 ლარის ფარგლებში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრე ზარალს ვერ დაადასტურებს ანუ საქონელს არ აღრიცხავს _ 3 000 ლარის ფარგლებში მიიღებს კომპენსაციას.
სავალდებულო დაზღვევა ბაზრობების ოპერატორებსა და მენეჯერებს ავალდებულებს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიონ მომუშავე, მოვაჭრე და მიმსვლელი ადამიანების მიმართ. ეს ვალდებულება კანონშია გაწერილი, რადგან სამოქალაქო უსაფრთხოების ინტერესში შედის. თუ სავაჭრო ცენტრი ,,თერგი'' მის მფლობელს დაზღვეული ჰქონდა, რასაკვირველია, ზარალს აუნაზღაურებენ და ეს ნებაყოფლობითი, ცალკე პროცესია. როგორც წესი, კრედიტის აღების დროს, შენობის დაზღვევა საკრედიტო პირობიდან გამომდინარეობს და ამიტომ აზღვევენ, თორემ იმიტომ არა, რომ საკუთარი ქონება დააზღვიონ.
_ მთავრობის დადგენილებით, რომელიც 2018 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა, ყველა სავაჭრო ობიექტს დააზღვევენ?
_ დიახ, სწორედ 2018 წლის 1 მარტიდან, ამა თუ იმ ბაზრობის მენეჯმენტი ვალდებულია, ცენტრში მოვაჭრე და მიმსვლელი ადამიანების სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიონ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ბაზრობის მფლობელმა სავალდებულო სახით, იქ მომუშავე, მოვაჭრე და მიმსვლელი ადამიანების მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვია და ამის შემდეგ, მის ცენტრში ხანძარი გაჩნდა, მიმსვლელი და მოვაჭრეების ზარალს აუცილებლად აანაზღაურებენ. ზოგადად, მთავრობის ეს დადგენილება ერთგვარი სტანდარტია, რათა მოვაჭრეები არ დაიჩაგრონ. ცხადია, ხანძრის შემდეგ, ყველა დაზარალებული სახელმწიფოსგან ითხოვს შველას, ამიტომ მთავრობამ ერთგვარი სტანდარტი შეიმუშავა, რომლის მაქსიმალური ლიმიტი 15 000 ლარია. გარკვეულწლიად, ეს სოციალური პროექტიცაა, რადგან დიდი მაღაზიები და საწყობები თავს მიხედავენ, სახელმწიფო კი ვალდებულებას იღებს იმ მოვაჭრეებზე, რომელთა ქონება დაახლოებით, 15 000 ლარამდეა. შესაბამისად, ეს კომპენსაცია მცირე მეწარმისთვის სრულიად საკმარისია.
_ სავალდებულო დაზღვევა მთავრობამ იმიტომ შეიმუშავა, რომ ის მეწარმეები დაიცვას, რომლებიც საგადასახადო ვალდებულებისგან თვითონვე გაათავისუფლა?
_ დიახ, ასეა, მაგრამ სავალდებულო დაზღვევა განსხვავებული და რთული სადაზღვევო პროდუქტია. ჩვეულებრივი, კერძო სამართლებრივი დაზღვევა ბრალეულობის არქონას ეფუძნება, რაც ,,ბავშვთა სამყაროს'' შემთხვევაში მოხდა. გაირკვა, რომ ,,ბავშვთა სამყაროს'' მფლობელს ქონება დაზღვეული ჰქონდა, ხანძრის შედეგად კი დაახლოებით, 6-7 მილიონის ზარალი მიადგა, სადაზღვევო კომპანია მზად იყო, ზარალი აენაზღაურებინა, მაგრამ მფლობელები დაიჭირეს. მათYმიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სამართალდამცავებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ხანძარი მფლობელებმა გააჩინეს. ამის შემდეგ, სადაზღვევო კომპანიამ ზარალის ანაზღაურება შეაჩერა, რადგან, როგორც გითხარით, კერძო სადაზღვევო სისტემა ბრალეულობის არქონას ეფუძნება. რაც შეეხება სავალდებულო დაზღვევას, ეს ეფუძნება პრინციპს, რომ ბრალეულობის მიუხედავად, ზარალი მაინც უნდა ანაზღაურდეს, მაგრამ თუ მომავალში რომელიმე მფლობელის ბრალეულობა დამტკიცდება, სადაზღვევო კომპანია თანხას უკან დაიბრუნებს. სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში, დაზარალებულებს მაქსიმუმ, 90 დღის მანძილზე აუნაზღაურებენ ზარალს.
_ ერთი მხრივ, სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესს მაქსიმალურად უმარტივებს საგადასახადო წნეხს, მეორე მხრივ, ისინი სწორედ ამის გამო, ქონებას ვეღარ აზღვევენ. სავალდებულო დაზღვევით კი მინიმუმ, 3 000 ლარს მაინც მიიღებენ?
_ დიახ, მეწარმე, რომელსაც აღურიცხავი ქონება აქვს და ზარალს ვერ დაადასტურებს, 15 000-ლარიანი ანაზღაურების იმედი ვერ ექნება, მაგრამ 3 000 ლარს მიიღებს. იმედი მაქვს, რომ სავალდებულო დაზღვევა მნიშვნელოვანწილად უბიძგებს მოწესრიგებულ მოვაჭრეებს, რომ მენეჯმენტს კი არ დაელოდონ, თვითონ, საკუთარი სურვილით დააზღვიონ ქონება. ბაზრობებზე ისეთი მაღაზიები და საწყობებიცაა, სადაც 100 000 ლარამდე ღირებულების საქონელია, ამიტომ 15 000-ლარიანი ანაზღაურება მათთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ,,თერგი'' რომ დაიწვა, ერთ-ერთი მოვაჭრე ამბობდა, 500 000 ლარის ქონება მქონდაო, მეორე ამბობდა, მილიონი ლარის ქონება დავკარგეო. ნახევარი მილიონი ღირებულების საწყობი რომ გაქვს, ეს ნიშნავს, რომ შენი ბრუნვა რამდენიმემილიონი ლარია. ცხადია, ამ საწყობის მფლობელს ბუღალტერიაც მოწესრიგებული ექნება და უმჯობესი იქნება, საკუთარი ინიციატივით დააზღვიოს საწყობი და მენეჯმენტის სავალდებულო დაზღვევის ანუ საბოლოოდ, 15 000-ლარიანი კომპენსაციის იმედად არ დარჩეს!
 
ის, რაც მოვაჭრეებმა უნდა იცოდნენ!
,,ბავშვთა სამყაროს'' მოვაჭრეების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მარიკა არევაძემ ,,ვერსიასთან'' საუბრისას, აღნიშნა, რომ მოვაჭრეების ნაწილმა საკუთარი ქონების დაზღვევა ხანძრამდე ბევრად ადრე გადაწყვიტეს, მაგრამ სადაზღვევო კომპანიებმა უარით გაისტუმრეს: ,,ვიდრე ,,ბავშვთა სამყაროში'' ხანძარი გაჩნდებოდა, დაზარალებულთა ნაწილმა საკუთარი ბიზნესისა და ქონების დაზღვევა გადაწყვიტა, მაგრამ სადაზღვევო კომპანიებისგან უარი მიიღეს. მიზეზი ის იყო, რომ კომპანიები დახლზე განთავსებულ პროდუქციის არ აზღვევენ! არადა, მას შემდეგ, რაც ,,ბავშვთა სამყარო'' დაიწვა, ეს ადამიანები მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებს მაღაზიები არ ჰქონიათ, ისინი დახლზე ვაჭრობდნენ, თუმცა მათგან ვიცი, რომ ერთ-ერთ პირს, რომელსაც ,,ბავშვთა სამყაროში'' სამკერვალო საწარმო ჰქონდა, საკუთარი ობიექტის დაზღვევა სურდა, მაგრამ სადაზღვევო კომპანიებმა მასაც უარი უთხრეს''.
სადაზღვევო კომპანიები დახლზე მოვაჭრეებს უარით იმ მარტივი მიზეზით ისტუმრებენ, რომ ისინი საკუთარი საქონლის აღრიცხვას არ აწარმოებენ. არადა, თუ სადაზღვევო კომპანიას დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია არ ექნება, რა ოდენობის ზარალი მიადგა ამა თუ იმ სავაჭრო ობიექტს, ცხადია, ზარალსაც ვერ აანაზღაურებს. საინტერესოა, რა მინიმალური მოთხოვნები უნდა დაიცვან მცირე და საშუალო მეწარმეებმა, რათა საკუთარი ბიზნესი და ქონება დააზღვიონ? ,,ვერსიას'' სადაზღვევო კომპანია ,,ჯი პი აი ჰოლდინგის'' საზოგადობასთან ურთიერთობის დირექტორი, თინა სტამბოლიშვილი ესაუბრება:
,,მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ქონების დაზღვევაზე სპეციალური პაკეტი გვაქვს შემუშავებული, ესაა ბიზნეს-რისკების დაზღვევა. ყველაზე ხელმისაწვდომი პაკეტის ფარგლებში, ფიქსირებული თანხის ანაზღაურება 15 000 ლარია და ეს პაკეტი თვეში 10 ლარი ღირს ანუ მცირე და საშუალო მეწარმეს თვეში მხოლოდ 10 ლარის აგდახდა მოუწევს. თუმცა გვაქვს აგრეთვე 30 000-ლარიანი და 50 000-ლარიანი ლიმიტებიც. რაც შეეხება მოთხოვნებს, მცირე და საშუალო მეწარმეები უსაფრთხოების ელემენტარულ პირობებს უნდა იცავდნენ, რაც სახანძრო უსაფრთხოებას ნიშნავს. უფრო კონკრეტულად, აუცილებელია, რომ ობიექტში ხანძარმაქრი იყოს; მცირე და საშუალო მეწარმეებს ობიექტებში ელექტროენერგია მოწესრიგებული უნდა ჰქონდეთ; ობიექტი დამოუკიდებელი უნდა იყოს ანუ მას დამოუკიდებელი შესასვლელი უნდა ჰქონდეს და მეორე ობიექტისგან ბეტონის, ან აგურის კედლით უნდა იყოს გამოყოფილი. უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ობიექტის მფლობელს აღრიცხვის ელემენტარული სისტემა მოწესრიგებული ჰქონდეს, რათა ზუსტად გავიგოთ, რა დაზიანდა. ცხადია, მათგან რთულ საბუღალტრო წარმოებას არ ვითხოვთ, მაგრამ აღრიცხვის ელემენტარული სისტემა მოწესრიგებული უნდა იყოს, რათა ზარალის დათვლა შევძლოთ. სამწუხაროდ, დახლზე განთავსებულ პროდუქციას იმიტომ ვერ ვაზღვევთ, რომ დახლზე მოვაჭრეები ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ''.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის #579 დადგენილება, მასობრივი თავშეყრის ობიექტებს განსაზღვრავს და მათი მფლობელების მიერ, მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესსა და პირობებს ადგენს. დადგენილება, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აწერს, ძალაში 2018 წლის 1 მარტიდან შევიდა. ამ დადგენილებით, მასობრივი თავშეყრის ობიექტებია: სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა; ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური და სასტუმრო (100 და მეტადგილიანი სასტუმრო, ან დასასვენებელი სახლი). დადგენილებით, მესამე პირად (დაზარალებულად) ითვლება ნებისმიერი პირი, გარდა მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელისა, მათ შორის, ამ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტი, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ზიანი მიადგა. სადაზღვევო შემთხვევად ითვლება მასობრივი თავშეყრის ობიექტში ხანძრის, აფეთქების, ან კონსტრუქციის ნგრევის, მათ შორის, სამგზავრო ლიფტის ვარდნის შედეგად, მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონებისთვის მიყენებული ზიანი.
მთავრობის დადგენილებით, მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ამ წესით დადგენილი პირობებით! იმ შემთხვევაში, თუ მე¬წარმე სუბიექტი (დაზარალებული), ვერ უზრუნველყოფს მზღვეველისთვის მის ქონებაზე მიყენებული ზიანის ოდე¬ნობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიწოდებას, მზღვეველი ზიანს ერთჯერადი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის გზით აანაზღაურებს, რომელიც გამოიანგარიშება თითოეული დაზარალებულისთვის ერთი კომერციული ფართის, მათ შორის, სასაწყობე ფართის მიხედვით და შეად¬გენს 1კვ.მ.X500 ლარზე, მაგრამ არა უმეტეს 3 000 ლარისა.
ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მე¬წარმე სუბიექტის ქონებისთვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებულ ზიანზე, ზარალი გამოითვლება ასე: ობიექტში ფუნქციონირებადი კომერციული ობიექტების რაოდენობა მრავლდება 15 000 ლარზე, მაგრამ ჯამი 15 000 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს! ამასთან, თითოეულ სადაზღვევო შემ¬თხვევაზე, მეწარმე სუბიექტი ერთ კომერციულ ობიექტზე 15 000 ლარს მიიღებს!
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში