Menu
RSS

უხატობო იახსარი

2017 წლის 22 ივლისი... ჯერ ისევ დილაა, მა¬გრამ ალაზნის ველს უკვე ალმური ასდის.
_ აგვისტოში რაღა იქნება?.. _ წუხს დათო დუდაური და ჭიშკარს ეწვალება, რომ მანქანა გზაზე გაიყვანოს, _ თუ არ გაწვიმდა, ვენახი ჩაიწვება. ეგება, ელიაობამ გვიშველოს..
_ დღეს ხომ ლაღიახსრობაა. ვითომ იახ¬სარი ვერ გვიშველის? _ საუბარში ვიწვევ მასპინძელს.
_ ბარში იახსარი არ ვიცით, მაგრამ აი, მოვ¬ილოცოთ და ვნახოთ, რა ძალა აქვს.
ჩვენი რუბრიკის ერთგულ მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ წინა მოგზაურობისას ახმეტის რაიონში კვეტერა-მატნის შემოგარ¬ენით შემოვიფარგლეთ. მაშინ იყო, რომ მატნის ბოლოში ,,იახსარის'' კომპლექსის ნახვისას, სი¬ტყვა ზემო ალვანის ,,იახსარზეც'' ჩამოვაგდეთ და აი, ახლა სწორედ იქით მივიჩქარით. ერთი სიტყვით, კახეთის გაღმამხარში გადავდივართ, რომ ალაზნის მარცხენა სანაპიროს ძეგლების ჩამოვლა დავიწყოთ.
ლაღიახსრობა ლაშარობას ებმის ხოლმე და შუაფხოში დიდი ხატობა იმართება. საინ¬ტერესოა, მატანსა და ალვანშიც თუა დღეობა ამ დროს?
,,იახსარი'' ზემო და ქვემო ალვანის მიჯნაზე, დასახლებიდან 3-4 კილომეტრის დაცილებით, დგას ტყით დაბურულ მთაში. ორხიდიანი მან¬ქანით ასვლა არ გვიჭირს, მაგრამ ადგილზე არავინ გვხვდება. მართალი გამოდგა დუდაური _ აქაურებს იახსრობა არ სცოდნიათ. ამას აქ ამოუსვლელადაც უნდა მივმხვდარიყავი: IX-XVII საუკუნეების კომპლექსთან რა ხელი უნდა ჰქონოდათ თუშებს? მართალია, ისინი ამ ადგი¬ლებს უკვე XVI საუკუნიდან ითვისებენ, მაგრამ მაშინ კახთა მეფემ ლევანმა მათ იალაღებად გადასცა ალვანური მიწები და არა სამკვიდროდ. საცხოვრებლად ისინი აქ მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში დამკვიდრდნენ. ეს თავისთავად იმას გვეუბნება, რომ თუშების დამკვიდრებამდე აქ სხვა თემის წარმომადგენლები _ იახსარის ხატის ყმები ცხოვრობდნენ. ვინ უნდა ყოფილი¬ყვნენ ისინი?
ალვანის ,,იახსარი'' ერთმანეთზე მიდგმული ორი ნაგებობაა: IX-X ს-ის 3-ეკლესიანი მცირე ბაზილიკა (8,2X6,1 მ) და მასზე გვიან შუასაუ¬კუნეებში, დასავლეთიდან მიშენებული ორსარ¬თულიანი კოშკურა სალოცავი. ეს უკანასკნელი სახატე ნაგებობას უფრო წააგავს მაშინ, როცა ბაზილიკა აშკარად ქრისტიანული საყდარია. ადრე ნანახ მატნის ,,იახსარში'' საწინააღმდეგო სურათია: იქ სახატე ნაგებობას IX-X საუკუნეე¬ბის ორსართულიანი კოშკი ჰგავს, ქრისტიანულ სამლოცველოს _ მარტივი, პატარა, უაბსიდო ოთახი.
ამგვარი პრინციპით აგებული მცირე კომ¬პლექსები გვხვდება თელავის რაიონის სოფელ ართანაში _ ,,წმ. გიორგი'', თიანეთის რაიონის სოფელ გოჯიაურებში _ ,,იხინჭის ღვთისმშო¬ბელი'', დუშეთის რაიონის სოფელ ილტოზაში _ ,,წმ. გიორგი'' და სოფელ ქვითკირისწყაროში _ ,,ნათლისმცემელი''. ხსენებული ძეგლები საეჭ¬ვოს ხდის მოსაზრებას, რომ კახეთის მთისწი¬ნეთის წარმართული დასახელებისა და შერეული ფორმის ტაძრების მრევლი მაინცდამაინც XVII საუკუნიდან მთიდან დროებით ჩამოსახლებული ფშავლები უნდა ყოფილიყვნენ _ ჩამოვიდნენ, სამლოცველოებს ფორმა და სახელი გადაარქვეს და უკანვე აბრუნდნენ მთებში?..
ყურადღება მივაქციოთ, რას წერს მატნისა და ალვანის მეზობლად მდებარე ლოპოტის სოფლე¬ბზე გორგასლის ეპოქის აღმწერელი, XI ს-ის მემატიანე ჯუანშერი: ,,და იყვნეს სოფლისა მის კაცნი ცეცხლისა და წყლისა მსახურ''. თავის მხრივ, თეიმურაზ ბატონიშვილიც XIX ს-ში ტო¬პონიმ ალვანს მსგავს კონტექსტში განიხილავს: ,,ესე წოდება ალვანია არს უძველეს ჟამთა შინა სახელის-დება. ალვანია ქართულისა წოდები¬სამებრ ითქმის სავანედ ალისა''. ირკვევა, რომ სოფელ-ალაგი ალვანი წარმართული ცეცხლის საგზები ცენტრი ყოფილა უძველეს ხანაში, კახეთის მთა და მთისწინეთი კი ქრისტიანო¬ბამდელ რელიგიურ ტრადიციებს დიდხანს არ ღალატობდა.
ჩემი მოკრძალებული ვერსია ასეთია: სხ¬ვადასხვა ისტორიულ ეპოქაში კახეთის მთებში თავშეფარებულ და უკანვე მობრუნებულ ადამიანებს არასოდეს დავიწყებიათ უძველესი ხატ-ღვთაებები, ანდა როგორ უნდა დავიწყე¬ბოდათ, როცა ერთსისხლ და ერთხორც ფხოვე¬ლებს _ ,,თავის ჭკუაზე'' მოსიარულე კახელ მთიელებს შეეხიზნენ. აი, რატომ ცოცხლობს აქაური (და არამარტო აქაური) მოსახლეობის რელიგიური წარმოდგენების ქვედა შრეებში უძველესი ტრადიციები.
ზემო ალვანის ,,იახსარი'' სავალალო მდგო¬მარეობაშია. მთლიანადაა ჩამოშლილი გადახ¬ურვის კამარა, მორღვეულია კედლების ნაწილი. კოშკურის კედელზე აბობღებული მძიმე ფიქრმა მომიცვა: რამდენს გაუძლო ქართულმა წარმართო-ბამ? მას უტევდა მცირე აზიის კერპთმსახურება, მაზდეანობა, ისლამი და თვით ქრისტიანობაც კი. დღეს იგი, აი, ასე დგას ფეხზე _ ამ კოშკივით დალეწილი.
,,იახსარი'' თუ სოფლი¬დან ჩრდილო-დასავლეთითაა, ,,ნათლისმცემელი'' ჩრდილო-აღმოსავლეთით გახლავთ და შედარებით იოლი მისადგომია. ზემო ალვანში, ამათ გარდა, კიდევ 5 ეკლესიაა, მაგრამ ,,ნათლისმცე¬მელი'' ნამდვილი მშვენებაა. ეს არის VIII-IX საუკუნეების სამნავი¬ანი ტაძარი. მართალია, ცნობილ 3-ნავიან ბაზილიკებს იგი ფართით საკმაოდ ჩამორჩება (12,9X14 მ), მაგრამ ამ ჩამორჩენას XVI საუკუნის ჩინებული კედლის მხატვრობით ინაზღაურებს. მოხატულია საკურთხეველი, თაღები, კამარა და 2 წყვილი სვეტი. ტაძარი ლევან მეფის დროს, დაახლოებით, 1529-1531 წლებშია მოხატული და ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ხაშმის, შუამთის, გრემისა და ნეკრესის მხატვრობებს. ამავე პერიოდში ეკლესია შიგნი¬დან გაუმაგრებიათ კიდეც, ხოლო სამხრეთიდან ორსართულიანი კარიბჭე-სამრეკლო მიუდგამთ. ,,ნათლისმცემელი'' იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მის კონსტრუქციულ ნაწილებში ძველი ქართული აგურია (28X28X5 სმ) გამოყენებული. ეს ჩვენს ქრისტიანულ ტაძრებში აგურის გამოყ¬ენების ერთ-ერთი ადრეული ნიმუშია.
კლასიკური სტილის ამ ბაზილიკის აშენება იმასაც ადასტურებს, რომ ალვანი გარკვეული ადმინისტრაციული ტერიტორიის ცენტრი იყო ტრადიციულად. ისევ თეიმურაზ ბატონიშვილს მოვუსმინოთ: ,,ალვანი არს სოფელი დასაწყ-ისსა შინაგანისა კახეთის გაღმა-მხარისა, გაღ¬მით ალაზნის მდინარისა, პირისპირ დიდისა მის დაბისა ახმეტისა და ქვემორე ალვანისა მინდორი დიდ ალვანის მინდვრად სახელდე¬ბული. უძველეს დროთა შინა ადგილთა ამათ შინა ალვანისა სოფლისა და მინდვრისათა ქალაქი ფრიად დიდი ყოფილ არს და ამის გამო სრულად კახეთისა და სამზღვართა და ვიდრე კასპიისა ზღვამდე ალვანიად სახელედვა, ბერ¬ძენნიცა უწოდებდეს ეგრეთვე ალვანიად და ისტორიათაცა შინა მათთა და ევროპიელთასა მოხსენებულ არს ესრეთ''.
აქ თეიმურაზ ბატონიშვილი სიტყვებს ,,ალ¬ვანსა'' და ,,ალბანს'' აიგივებს, მაგრამ მისეულ ვერსიას ცუდი კუდი გამოება. კონკრეტულად, ს. ერემიანმა და ს. უშაკოვმა იმის მტკიცება დაიწყეს, რომ თვით ალვანი და ალბანია რომე¬ლიღაც სარმატული ტომის _ ლბინების¬გან მომდინარეობს, ხოლო ეს უკანასკნელი ბერძნულ-ლათინურ წყაროებში ლუპინების სახელით არიან დაფიქსირებულნი. ამ და სხვა ავტორებს ვერავინ დაუშლის, ალბანეთი ლბინებს დაუკავშირონ, მაგრამ მოსაზრებათა მთელ ამ ჯაჭვში არის ერთი ყალბი რგოლი: თავად ქართული ტოპონიმი ,,ალვანი'', უდავოდ, გვიანდელი ფორმაა. ალვანის თადაპირველი ფორმა იქნებოდა ალუანი, ალოანი ან ალონი. და მართლაც, ვახუშტი ბატონიშვილი ასე წერს: ,,ამ ციხეს (საუბარია ბახტრიონზე, _ გ.ქ.) და ლალისყურს შუა არს ველი ალონად წოდე¬ბული და სანადირო კეთილ ფრიად''. უფრო ზევით, როცა იგი კახეთის თემებს ჩამოთვლის, ფხოვთან, თიანეთთან, ერწოსთან, ილტოსხევთან, პანკისთან და საყ¬დრიონთან ერთად, სწორედ ალონს ასახელებს. ვახუშტი ალონს კიდევ ორჯერ ახსენებს ,,მდინარე ალა¬ზანი და მეორე მცირე ალაზანი ანუ იორი, რომელთა მოიგეს სახ¬ელი ალონის გამო. ... ალავერდი _ კახეთის მთის კალთის ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატიანი, გუმბათოვანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგვერდი და შემდგომად ყრუსა უწოდეს ალავერდი''.
ამდენად, სიტყვა ,,ალონს'' არანაირი კავშირი არ აქვს არც ლბინებთან და ალბანეთთან, არც ,,თეთრთან'', ,,თავისუფალთან'' და ,,მთიანეთ¬თან'', რომლის გამოც ეწოდა ალბანეთი ამიერ¬კავკასიის ქვეყანას, ბალკანეთის სამეფოს და შოტლანდიის ერთ-ერთ პროვინციას. ერთი სი¬ტყვით, ალონი ცეცხლისა და ცეცხლმსახურების სადგურს ჰქვია.
ალონის ველზე მცხოვრები თემები მრავალჯერ აყრილან და დაბრუნებულან. 736-740 წლები _ მურვან ყრუს ლაშქრობები; 748 წელი _ ხაზ¬ართა შემოსევა; 1236-1240 წლები _ მონღოლთა შემოჭრა; 1399 წელი _ ლანგთემურის ერთ-ერთი შემოსევა; 1614-1616 წლები _ შაჰ-აბასის დამაქცევარი შემოსევები. ვახუშტის დროს იგი სანადირო ალაგადაც კი ქცეულა. ეს ბედუკუღმარ¬თობა ალვანის ტერიტორიაზე (და საერთოდ კახ¬ეთის მრავალ პროვინციაში) ეკლესიების აგების თარიღებიდანაც გამოსჭვივის. ,,ნათლისმცემელი'' და ,,კვირაცხოველი'' _ VIII-IX სს-ის მიჯნა; ,,იახ-სარი'' და ,,ბზიანა'' _ IX-X სს; ,,სამება'', ,,ღვთაება'' _ XVI ს; შეალედური ეპოქების ძეგლები არ ჩანს.
ისე, როგორც მთელ კახეთში, ალვანშიც თა¬ვისებური რენესანსი ლევან მეფის(მას ლევან აღ¬მაშენებელსაც კი უწოდებდნენ) ზეობის ხანაზე მოდის. გარდა იმისა, რომ მან ,,ნათლისმცემელი'' შეაკეთა და მთლიანად მოახატვინა მოწვეულ ოსტატებს, სიახლოვეში, ორასიოდ მეტრში, გამოსაჩენ ბორცვზე ახალი სასახლე ააგო. ხალხმა მას კახეთში საკმაოდ გავრცელებული სახელი _ ,,ცხრაკარა'' შეარქვა.
,,ცხრაკარა'' აგებულია ორი ზომის კვადრატ¬ული აგურით (22X22X5 სმ და 24X24X5 სმ), კედლების ქვედა ნაწილი და საძირკველი რიყის ქვისაა. როგორც ჩანს, ეს სასახლე მხოლოდ საზეიმო მიღებას ან ნადიმებს მასპინძლობდა _ აქ მხოლოდ ერთი დიდი დარბაზია (22X11,6 მ). ამჯერად ნაგებობა დანგრეულია და მხოლოდ 6-6 სხვადასხვა ზომის ე.წ. ფრანგული სარკმელი (იატაკის დონიდან აწეული) შემორჩა...
... ქვევით ალაზნის ველი გადაშლილა. ნიავი უბერავს და დაღლას გვავიწყებს. ცა, თითქოს, საავდროდ ემზადება _ ღრუბლები სინდიყის წვეთებივით ერთმანეთს ძებნიან და ეკვრიან. დუდაურს აშკარად გამოუკეთდა ხასიათი.
გელა ქოქიაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში