Menu
RSS

ლიბანის #6-ის მაცხოვრებლები შველას ითხოვენ – როდის გადაჭრის მერია მათ პრობლემას

თბილისში უამრავი ავარიული სახლია. მათ მკვიდრებს მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება. სწორედ ასეთია ავჭალაში, ლიბანის #6-ში მდებარე 9-სართულიანი კორპუსის მაცხოვრებლების ყოფა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს კორპუსი მეწყერულ ზონაშია აშენებული და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ,,შენობა მიწაში იძირება'', საფრთხეში მყოფ ბინადრებს კი, ყურადღებას არავინ აქცევს.
ლიბანის #6-ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებელი რუსუდან ნასყიდაშვილი განგვიმარტავს, რომ კორპუსი 1979 წელს აშენდა, მაგრამ მასში მოსახლეები მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეასახლეს. ამის მიზეზი, როგორც გაირკვა, სწორედ ის იყო, რომ კორპუსი მეწყერულ ზონაში იყო, მასში ცხოვრება კი _ სახიფათო. მშენებლობის დასრულებიდან ერთი წლის თავზე, ხალხი კორპუსში ისე შეასახლეს, რომ არც კი აუხსნეს, რეალურად რა საფრთხის წინაშე დადგებოდნენ. არც მეწყერული ზონის შესახებ უთქვამს არაფერი. 1982 წლიდან, ლიბანის #6-ის მაცხოვრებლები უკვე ჩიოდნენ, რომ კორპუსს მიწის უდიდესი მასა მოაწვა, 1986 წლიდან კი, წუხდნენ, რომ ,,კორპუსმა მოძრაობა (,,ჩაძირვა'') დაიწყო''. მაშინ ხალხი მხოლოდ პირველი სადარბაზოდან გაასახლეს, რადგან ამ მხარეს, მიწა უკვე მე-3 სართულამდე აღწევდა და სადარბაზოს შესასვლელიც ჩამოინგრა. ადგილობრივები იხსენებენ, რომ კორპუსში წლების წინ უბედური შემთხვევაც დატრიალდა _ ,,ერთ-ერთი მაცხოვრებელი, სადარბაზოს ჩამონგრეული გასასვლელის ნაცვლად, მეორე სართულის აივანზე აღმოჩნდა, ჩამოვარდა და გარდაიცვალა“.
 
,,ეს პრობლემა უკვე 30 წელზე მეტია მოუგვარებელია. ყოველ დღე შიშით ვიღვიძებთ. შედარებით ძლიერი ქარის დროს, აქ ყოფნა ნამდვილი ჯოჯოხეთია _ კორპუსი ისე ირხევა, გეგონება ძლიერი მიწისძვრაა. ყოველ წუთს ველოდებით, რომ სახლი თავზე დაგვენგრევა. არაერთხელ მივმართეთ შესაბამის უწყებებს. 2004 წელს მესამე სადარბაზოს მოსახლეები უნდა გაესახლებინათ. მეოთხე სადარბაზოს მოსახლეებს მიზერული თანხა შესთავაზეს, იმ თანხით იმავე ფართის ბინას ვერსად შეიძენდი. ეს შეთავაზებაც მხოლოდ რამდენიმე ოჯახთან გააჟღერეს. მე-4 სადარბაზოს მე-7 და მე-5 სადარბაზოს 27 ოჯახი არავის გახსენებია. როცა ამ ოჯახების წევრებმა გლდანის რაიონულ გამგეობას თანხის მისაღებად მივაკითხეთ, განგვიცხადეს, მერიამ თქვენი თანხები უკან წაიღოო. საინტერესოა, სად წავიდა ეს თანხა? მას შემდეგ არ გავჩერებულვართ. არაერთხელ მივმართეთ სხვადასხვა უწყებას. გიგი უგულავას მერობის დროს, მერიამ ჩვენს საკითხზე პასუხი გლდანის გამგეობაში გადმოაგზავნა, სადაც ეწერა: ,,აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებით ეცნობა შესაბამის სამსახურს“. მერიაში არაერთი განცხადება შევიტანეთ ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც, მაგრამ დღემდე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. მივმართეთ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც. 2014 წელს განცხადება შევიტანეთ თბილისის საკრებულოშიც, სადაც განგვიცხადეს: „განხილვისთვის გადაეგზავნა ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს, ბატონ გიორგი ყოჩიაშვილს და გლდანის გამგებელს, ბატონ ნოდარ სანდუხიძეს''. ამის შემდეგ, 2015 წელს ისევ მივმართეთ თბილისის მერიას, საიდანაც, როგორც იქნა, ვეღირსეთ პასუხს, ოღონდ არაფრისმთქმელს და არადამაიმედებელს: „ხსენებულ კორპუსთან დაკავშირებით ხორციელდება რიგი საორგანიზაციო საკითხები''. რამდენიმე თვის შემდეგ, შეგვატყობინეს, რომ გამოცხადდებოდა ტენდერი ფერდობის საინჟინრო და ჰიდრო-გეოლოგიური კვლევების ჩატარებაზე, რის საფუძველზეც გადაწყვეტდნენ პრობლემა როგორ მოგვარებულიყო, თუმცა უახლოესი პერიოდის განმავლობაში არაფერი შეცვლილა'', _ აცხადებს ლიბანის #6-ის მკვიდრი რუსუდან ნასყიდაშვილი.
როგორც ირკვევა, საბოლოოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზა ჩაატარა, კორპუსის ავარიულობა კვლავ დაადასტურა და გამოიკვლია ისიც, ექვემდებარება თუ არა შენობა რეაბილიტაციას. ექსპერტიზის დასკვნით, 3 საცხოვრებელი ბლოკიდან, აღდგენას არ ექვემდებარება მხოლოდ ერთი ბლოკი, დანარჩენების გაძლიერება კი შესაძლებელია, მაგრამ ეს გამაგრებითი სამუშაოები, თითქმის იმდენივე ჯდება, რაც ახალი ობიექტის აშენება. ამ ფონზე, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება მიზანშეუწონელია.
იმის გასარკვევად, რა ბედი ელით ლიბანის #6-ში მაცხოვრებლებს, ,,ვერსია'' შესაბამის უწყებებს დაუკავშირდა. გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაშვილმა განგვიმარტა, რომ „პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და გლდანის რაიონის გამგეობამ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან მოვილაპარაკეთ და ლიბანის #6-ის არაკომპენსირებული ბინების მესაკუთრეებს მეტროსაგურ ,,ახმეტელთან'' ახლოს, მუხიანის დასაწყისში, ახლადაშენებულ კორპუსში, მათ საკუთრებაში არსებული ფართის იდენტური, კეთილმოწყობილი ბინები შევთავაზეთ. ამ დრომდე მიუღწეველია შეთანხმება, რადგან მოქალაქეების ნაწილი თანახმაა ჩვენს წინადადებაზე, ნაწილი კი ფულად კომპენსაციას და/ან გაზრდილ ფართს ითხოვს. შეთავაზების განსახორციელებლად კი, საჭიროა ლიბანის #6-ის ყველა არაკომპენსირებული მესაკუთრის თანხმობა''.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში კი განგვიცხადეს, რომ ამ შენობის პრობლემის მოგვარება მათთვის პრიორიტეტულია და მომავალი წლის გეგმაში აუცილებლად გაითვალისწინებენ.
გიორგი იდუკაშვილი

დაბრუნება დასაწყისში