Menu
RSS

ნათია თურნავა: „საქართველოს ეკონომიკა აღმავლობის გზას დაადგა!“

ექსპერტი: „ეკონომიკურ აღმავლობაზე საუბარი უხერხულია!“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შეფასებით, საქართველო მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს კი არა, არამედ, საშუალო ვადიან პერსპექტივაში, რეგიონის ლიდერი ქვეყნის სტატუსსაც შეინარჩუნებს. ფონდის მისიის ამ დადებით პროგნოზს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ეფექტურად განახორციელა, როგორც ანტიპანდემიური, ასევე, სოციალური და ანტიკრიზისული ღონისძიებები. თურნავას განცხადებითვე, მთავრობამ ეპიდემიაც ეფექტურად მართა და მოსახლეობასაც დაეხმარა. მეტიც, სტრუქტურული რეფორმებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების საშუალებით, ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღების გზას დაადგა. რაში გამოიხატება საქართველოს ეკონომიკის აღმავლობა იმ ფონზე, როდესაც ლარის კურსი მკვეთრად უფასურდება, როდესაც 1 აშშ დოლარი 3.30 ლარია, მოსახლეობა კი სიღარიბის ზღვარზე, რასაც კორონაკრიზისი, შემცირებული ხელფასი, პროდუქტების სიძვირე და ყველაზე უარეს შემთხვევაში _ სამსახურების დაკარგვაც დაერთო?

სსფ-ს მისიამ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულება შეაფასა. სწორედ ამ შეფასებას გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და აღნიშნა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას არა მარტო შეინარჩუნებს, არამედ, განამტკიცებს კიდეც. 

მეტიც, მინისტრის განცხადებით, უახლოეს წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5.3% იქნება. 

სსფ-ს შეფასების თანახმად, გლობალურ პანდემიამდე პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა გაატარა, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულმა მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა, შეენარჩუნებინა ფისკალური სექტორის მდგრადობა. მისიამ დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომელიც მთავრობამ სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და მოსახლეობის სოციალურად დაცვისთვის გადადგა. 

„ღონისძიებებმა, მათ შორის, სახელფასო სუბსიდიებმა, ფულადმა ტრანსფერებმა შინამეურნეობებისთვის და ასევე, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვის, გაფართოებულმა სოციალურმა ტრანსფერებმა, დროებითმა საგადასახადო შეღავათებმა ბიზნესისთვის, ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას’‘, _ აღნიშნულია სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს: 

,,მეტიც, სწორედ ფონდთან პროგრამის შეუფერხებელი მიმდინარეობა იყო იმის საწინდარი, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად შევძელით საერთაშორისო დახმარების მობილიზება მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქვეყანას. ღაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზს, სავალუტო ფონდი მოელის, რომ გავაგრძელებთ სტრუქტურულ რეფორმებს, კერძო სექტორის გაძლიერებას და ამის შედეგად, გვექნება ეკონომიკური ზრდა’‘. 

მინისტრისვე თქმით, სავალუტო ფონდმა 2021 წლისთვის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის კონსერვატული საპროგნოზო მაჩვენებელიც განსაზღვრა, რაც გარე ფაქტორებითაა გამოწვეული: 

„პირველ რიგში, ესაა კონფლიქტები რეგიონში და პანდემიის ეფექტი. თუმცა ფონდის შეფასებაში ნათქვამია ისიც, რომ რეგიონული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და იმ დადებითი ინფორმაციის გავრცელების კვალობაზე, რაც შეეხება ვაქცინის ხელმისაწვდომობას, შესაძლოა, მომავალში ეს პროგნოზიც გაუმჯობესდეს’‘. 

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაზე საუბარი უხერხულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სსფ-ს მისიას ამგვარი რამ საერთოდ არ უთქვამს: 

,,როგორც წესი, სსფ-ს შეფასებები უშუალოდ, ფონდის პროგრამებს ეხება და არა _ ქვეყნის რეფორმებს. შენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სავალუტო ფონდს საერთოდ არ აინტერესებს. პირადად მისაუბრია სსფ-ის საქართველოში წარმომადგენლებთან და ტყუილია იმაზე საუბარი, თითქოს ფონდი დეტალურად ამოწმებს, როგორ მუშაობს ქვეყნის მთავრობა. სსფ-ს საკუთარი პროგრამები და პროექტები აქვს საქართველოში, კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად, გარკვეულ სესხს გვაძლევს და თვალს გვადევნებს, რამდენად კარგად განვახორციელებთ მას. თუ სესხს ვერ ავითვისებთ და პროექტს ვერ განვახორციელებთ, შესაძლოა, ჯარიმაც კი დაგვაკისროს. 

რაც შეეხება ეკონომიკურ აღმავლობას, ამაზე საუბარი არასერიოზულია. საზოგადოება არ არის ბრმა და ძალიან კარგად ხედავს, რა ვითარებაში უწევს თავის გადარჩენაზე ზრუნვა. თუ ნათია თურნავას ეს არ ესმის მაშინ, ძალიან ცუდ დღეში ყოფილა ეკონომიკის სამინისტრო. გასაგებია, რომ პოზიტიური მოლოდინი არსებობს და ასეთი მოლოდინი ჩვენც გვაქვს _ წესით, ეკონომიკა მომავალ წელს უნდა გაიზარდოს, რადგან მიმდინარე წელს, რეალურად, შემცირდა. ცხადია, კრიზისამდელ პერიოდს უნდა დავუბრუნდეთ, მაგრამ ამისთვის, დაახლოებით ორი წელი დაგვჭირდება. შესაბამისად, არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ ეკონომიკა 5%-მდე უნდა გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებაც მოვისმინეთ, როდესაც თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკამ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას უნდა მიაღწიოსო. ძალიან გამიხარდება, თუ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიზანიც ეს იქნება, მაგრამ შე, კაი ადამიანო, კრიზისამდე, როდესაც სიწყნარე იყო, ეკონომიკის 3%-იანი ზრდის მიღწევა გიჭირდა და 3.3-დან 4%-მდე იყო შენი მაქსიმუმი, ახლა, კრიზისის და თუნდაც შემდეგ, პოსტკრიზისულ პერიოდში, ვინმეს სჯერა, რომ ჩვენი ჩინოვნიკები უკეთ იმუშავებენ და ეკონომიკის ზრდა გაორმაგდება, ან გასამმაგდება?!’‘ 

მერაბ ჯანიაშვილმა ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნა, რომ კრიზისის პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის სანდოობას ვერ შეინარჩუნებს. 

,,კრიზისი რომ დაიწყო, მაშინვე ვთქვი, რომ ლარის კურსი დაეცემოდა, ახლა ასეულობით მილიონს ხარჯავს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე, რათა 1 აშშ დოლართან მიმართებაში, 3.40 ლარამდე არ მივიდეს, არადა, ბევრად ნაკლები თანხის დახარჯვითა და მეტი წინდახედულობით, უფრო მეტად შეიძლებოდა კურსის სტაბილურობის მიღწევა. ახლა უფსკრულის პირას ვართ და მძიმე მდგომარეობაში ამიტომაც ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ლარის კურსზეც და ზოგადად, ეკონომიკაზეც მოლოდინები ცუდად მუშაობს, მაგრამ ასეთი მოლოდინებიც თავადვე შექმნეს. მათ სიტყვას აღარ აქვს ფასი, თორემ ერთხელ მაინც, რომელიმე ჩინოვნიკს რომ ეთქვა, ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება და ეს შესრულებულიყო, მეტი ნდობა იქნებოდა. საერთოდ, ვერბალური ინტერვენციებიც არსებობს, როდესაც ავტორიტეტის მქონე სახელმწიფო ჩინოვნიკი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის კურსს არაფერი ემუქრება და ასეთი განცხადება მართლაც ახდენს მოლოდინზე ზეგავლენას ანუ ბაზარი ადეკვატურად რეაგირებს. დღეს რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ არაფერი მოხდება, აღარ შველის, რადგან ბიზნესმა და საზოგადოებამ იმ ადამიანების ნდობა დაკარგეს, რომლებიც წლებია, ამ წარუმატებლობის მთავარი შემოქმედები არიან’‘. 

,,ვერსიის’‘ კითხვაზე, რა გამოსავალი არსებობს, რათა მთავრობამ ეკონომიკური კრიზისიც დაძლიოს და ლარის კურსის სტაბილურობაც შეინარჩუნოს, მერაბ ჯანიაშვილმა გვიპასუხა, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, მხოლოდ ერთადერთი გამოსავალია და ეს საკადრო პოლიტიკის ცვლილებაა: 

,,ის კადრები, რომლებიც წლებია, ეკონომიკის წარუმატებლობასთან არიან ასოცირებულნი, ვგულისხმობ სახელმწიფო ჩინოვნიკებს, აუცილებლად უნდა შეიცვალონ! ეს ეხება, როგორც ცენტრალურ ბანკს, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს. როდესაც ნათია თურნავა კრიზისამდე ამბობდა, ძალიან გამიხარდება, თუ ეკონომიკის სამინისტროს სახელს გადავარქმევთ და ტურიზმის სამინისტროს ვუწოდებთო, მაგრამ ამ კრიზისში ვხედავთ, რომ ადგილობრივ წარმოებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მისი მხრიდან ადგილობრივ წარმოებაზე საუბარი, უკვე მარაზმია და არავის აღარ სჯერა. შესაბამისად, ეკონომიკური გუნდი კვალიფიციური კადრებით უნდა შეცვალონ’‘.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში