Menu
RSS

რა სიკეთეს მოუტანს ყარაბაღის დაპაუზებული ომი საქართველოს

ალექსანდრე თვალჭრელიძე: „აზერბაიჯანულ-თურქული კლასტერი საქართველოს გარეშე ვერ იმუშავებს!“

 

მთიან ყარაბაღში ომი დამთავრდა _ შეთანხმებას ხელი რუსეთის, აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოაწერეს. რეგიონში ე.წ. რუსი მშვიდობისმყოფელები ჩავიდნენ. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, რუსებთან ერთად, ყარაბაღში თურქეთის სამშვიდობო მისიაც განლაგდება. ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია მკვეთრად იცვლება და გამორიცხული არაა, რეგიონში საქართველოს ფუნქცია და როლიც გაძლიერდეს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სამხრეთის გაზის დერეფნის ანუ ტრანსადრეატიკული გაზსადენის _ TAP-ის მშენებლობა დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ მილსადენი, რომელიც სათავეს აზერბაიჯანში იღებს და იტალიაში სრულდება, მზადყოფნაშია. თუ უფრო დავკონკრეტდებით, სამხრეთ კავკასიის გაზის დერეფნის საშუალებით, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპა აზერბაიჯანული გაზით მომარაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მილსადენის გატარებისთვის გაზის გარკვეულ მოცულობას საქართველო უფასოდ მიიღებს. 

რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის კონფლიქტის დაპაუზებით? რა პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რამდენად რეალურია ფიქრი ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე? _ ,,ვერსიას’‘ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე თვალჭრელიძე ესაუბრა.

_ ბატონო სანდრო, სამხრეთის გაზის დერეფნის ანუ ტრანსადრეატიკული გაზსადენის მშენებლობა დასრულდა და ამიერიდან, ევროპა აზერბაიჯანული გაზით მომარაგდება. ეს საქართველოსთვის რას ნიშნავს? 

_ სამხრეთის გაზის დერეფანი გაზსადენის ოთხი სისტემისგან შედგება, პრაქტიკულად, შაჰდენიზის გაზის ველს აერთებს აზერბაიჯანში, რომლის ბოლო წერტილიც ბრინდიზის პორტია იტალიაში. უფრო კონკრეტულად, სამხრეთ კავკასიის გაზსადენი მოდის შაჰდენიზიდან ერზერუმამდე, შემდეგ უერთდება ტრანსანატოლიის გაზსადენი (თANAP-ი), რომელიც სათავეს იღებს თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან და მიდის საბერძნეთამდე. ბოლოს კი, უერთდება ტრანსადრეატიკის გაზსადენი, რომელიც საბერძნეთის საზღვრიდან ალბანეთში გადადის, შემდეგ ადრეატიკის ზღვის ფსკერზეა განთავსებული 300 კმ. და ბოლოს, გაივლის 11-კილომეტრიან გვირაბს იტალიაში, ბრინდიზიმდე. პირველ ორ გაზსადენში, ძირითადი აქციონერია ,,სოკარი’‘, მესამე გაზსადენში _ ,,სოკარის’‘ წილი 20%-ია, ხოლო დანარჩენი ევროპულ კომპანიებს ეკუთვნით. 

პირველ წლებში, სამხრეთის გაზის დერეფანი 10 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს, რაც შემდეგ 20 მილიარდამდე გაიზრდება. 

ტრანსანატოლიის გაზსადენი 2018 წელს ამოქმედდა, ტრანსადრიატიკის გაზსადენი კი _ მხოლოდ ახლა. ამ დერეფანს უზარმაზარი მნიშვნელობა ბევრი თვალსაზრისით აქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ რეალუად, ეს ჩრდილოეთის ნაკადის ალტერნატივაა. 

სამწუხაროდ, სამხრეთის გაზის დერეფანს ერთი ძალიან სერიოზული მინუსი აქვს და ეს აზერბაიჯანის გაზის რესურსია. 

BP-ის ყოველწლიური შეფასებით, მთლიანობაში, სამხრეთ კავკასიის გაზის დერეფნის მოცულობა 2.3 ტრილიონი კუბური მეტრია, შაჰდენიზის ველის მოცულობა კი _ 1.2 ტრილიონი კუბური მეტრი, რაც საკმაოდ ცოტაა. აზერბაიჯანის ხარჯზე, გაზის ნაკადის გაზრდა შეუძლებელია, მაგრამ ერთადერთი ალტერნატივა ისაა, რომ აშშ-ში ადმინისტრაცია იცვლება _ შესაძლოა, ჯო ბაიდენმა ირანთან ურთიერთობა შეარბილოს და გამორიცხული არაა, ამ გაზსადენში ირანის გაზიც, ასე ვთქვათ, მოხვდეს. მხოლოდ ასე შეიძლება, რომ სამხრეთ კავკასიის გაზის დერეფნის მოცულობა, საშუალოდ, 40 მილიარდ კუბურ მეტრამდე აიწიოს, რაც ევროპის ბაზარზე მთლიანად ჩაანაცვლებს ჩრდილო ნაკადებს, რუსულ გაზს კი ორჯერ შეამცირებს. ახლა, ევროპის ბაზარზე რუსული გაზის წილი, დაახლოებით, 58%-ია. 

_ ვიდრე ტრანსადრეატიკული გაზსადენის მშენებლობა დასრულდებოდა, რეგიონში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. მართალია, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს და კონფლიქტიც შეწყდა, მაგრამ ყველაფერ ამის გათვალისწინებით, რეგიონში რა პროცესი იწყება და საქართველოს რა ფუნქცია ენიჭება? 

_ ამ კითხვაზე პასუხს იმ ნაშრომით გიპასუხებთ, რომელიც რამდენიმე თვის წინ, აშშ-ში გამოვაქვეყნე. სწორედ იქ ვწერდი, რომ სომხეთი რუსეთის მძევალია და აქედან გამომდინარე, მისი მომავალი პუტინის განწყობაზეა დამოკიდებული. მეტიც, მთიან ყარაბაღში რუსეთის პოლიტიკა არამდგრადია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: 

პირველი _ უმწვავესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რუსეთს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ მთიანი ყარაბაღის სუვერენიტეტი დაიცვას; მეორე _ რუსეთის გავლენის შესუსტებას ავტომატურად მოჰყვება თურქეთის გააქტიურება; მესამე _ თუ აზერბაიჯანი სტეპანაკერტს აიღებდა, ამას სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის დაბომბვა მოყვებოდა, რასაც აზერბაიჯანიც უპასუხებდა და კონფლიქტში რუსეთის სამხედრო ძალაც ჩაერთვებოდა; მეოთხე _ არდასრულებული ომი პრეზიდენტ ალიევისთვის სახარბიელო პატრიოტულ-სოციალურ ფონს ქმნის და მრავალი წლის განმავლობაში, ოპოზიციის შიშიც არ ექნება... 

ახლა დავუბრუნდეთ კითხვას, დიახ, სამხრეთ კავკასიაში ვითარება იცვლება, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. რასაკვირველია, აზერბაიჯანს რეგიონის ლიდერის ამბიცია ექნება, მაგრამ გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდენარე, ვერც აზერბაიჯანი და ვერც თურქეთი ამას საქართველოს როლის გაძლიერების გარეშე ვერ გააკეთებენ. 

_ გასაგებია, მაგრამ ამავე შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს, ნახჭევანის გავლით, თურქეთისკენ სახმელეთო საზღვარი ეხსნება. არ ფიქრობთ, რომ ეს საქართველოს როლს შეასუსტებს? 

_ პირიქით! ნახჭევანი ანკლავია (ერთი სახელმწიფოს ტერიტორია, ან ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ყველა მხრიდან გარშემორტყმულია სხვადასხვა სახელმწიფოებით და ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, _ავტ.), რომელიც შემოსაზღვრულია სომხეთით, თურქეთითა და ირანით, მაგრამ მეორე მხრივ, ყარაბაღიც ანკლავია. ფაქტობრივად, მხარეებმა ორი დერეფანი გაცვალეს, პარალელურად, გაიჭრა დერეფანი ნახჭევანიდან აზერბაიჯანში, ოღონდ სომხეთის გავლით _ 5 კილომეტრიანი მონაკვეთით, მეორე მხრივ, ასეთივე დერეფანი გაიჭრა სომხეთიდან სტეფანაკერტამდე. 

გიმეორებთ: ომი არ დასრულებულა, ეს შეთანხმება წუთშესვენებაა, მაგრამ ამგვარი შესვენება აზერბაიჯანსაც აწყობს. ფაქტობრივად, ნახჭევანში არაფერი არაა, ყველაფრით აზერბაიჯანიდან მარაგდება, წარმოიდგინეთ, ბაქოდან მიდის მანქანა, რომელიც გაივლის 400 კილომეტრს კასპიის ზღვის საზღვარზე, შემდეგ გადადის ირანში, ამის შემდეგ 800 კილომეტრი უნდა გაიაროს ჯულფას თავისუფალ ეკონომიკურ ზონამდე და შედის ნახჭევანში. იქ უზარმაზარი კორუფციაა და ძალიან ძვირი უჯდება არა მარტო გზა, არამედ, საზღვრის სკრინინგიც. 

ცხადია, აზერბაიჯანს მოუნდება შეცვალოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და უფრო აქტიური როლი ითამაშოს, მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის როლის გასაძლიერებლად, ისინი იძულებულები იქნებიან, რომ ავტომატურად, საქართველოს როლი თვითონვე გააძლიერონ. ამის პირველი მაგალითი უკვე სახეზეა და ვნახეთ, როდესაც ლამის მუხლებზე დაუჩოქეს აზერბაიჯანმა და თურქეთმა საქართველოს, რათა რუსეთისთვის საჰაერო სივრცე გაეხსნა და ე.წ. მშვიდობისმყოფელები გაეტარებინა. 

ზოგადად, საქართველოს გარეშე, აზერბაიჯანულ-თურქული კლასტერი ვერ იმუშავებს! გნებავთ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ავიღოთ, დიახ, საზღვარი გაიხსნა და ნახჭევანშიც შევა, მაგრამ სინამდვილეში, ეს გზა ქურთისტანზე გადის, სადაც თურქეთის ცენტრალური ხელისუფლება სიტუაციას ვერ აკონტროლებს _ ქურთები ყველა მანქანას აუფეთქებენ და იძულებულები იქნებიან, სწორედ საქართველოს გავლით ჩავიდნენ აზერბაიჯანში, შემდეგ კი სამხრეთის კორიდორის გავლით _ ევროპაში. 

აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ საქართველოს როლი გაიზრდება, მაგრამ ამ თვალსაზრისით, ჩვენმა მთავრობამ აუცილებლად უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. 

_ რას გულისხმობთ, ბატონო სანდრო? 

_ ამ ინტერვიუში ყველა დეტალზე საუბარი არ მინდა, თუმცა გეტყვით, რომ არსებობს ტექნოლოგიები, რომელთა საშუალებითაც, შეიძლება, საქართველოს როლი ნახტომისებურად გაიზარდოს. 

სხვათა შორის, ინიციატივითაც გამოვედი, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატთან საკონსულტაციო საბჭო შეიქმნას, რომელშიც ბევრი, სხვადასხვა დარგის სპეციალისტი შევა. საბჭომ უნდა შეიმუშაოს სამხრეთ კავკასიის შესაბამისი პოლიტიკა. 

_ ყველაფერ ამის გათვალისწინებით, საქართველო რეგიონული ჰაბის ფუნქციას შეიძენს, არა? 

_ რეალურად, ამ ფუნქციას ნელ-ნელა ვიძენთ, მაგრამ ჩვენ ახლა ნახტომისებური წინსვლა შეგვიძლია. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო უმნიშვნელოვანესი ფაქტი: ისევე, როგორც კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება გახდა საბაბი, რომ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა, სწორედ ასეთი ყვითელი ბარათია მთიანი ყარაბაღის პრეცენდენტი არაღიარებული რესპუბლიკებისთვის! დარწმუნებული ვარ, არაღიარებულ რესპუბლიკებში ჩემოდნებზე სხედან და კანკალებენ! 

ნახეთ, რა მოხდა: ყარაბაღის შეთანხმებაზე ხელი მოეწერა თუ არა, მესამე დღეს, პუტინსა და ბჟანიას შორის სამსაათიანი შეხვედრა შედგა. სამი საათის მანძილზე აწყნარებდა პუტინი, ნუ გეშინია, არ მიგატოვებო, მაგრამ სიტყვა ერთია და ქმედება _ მეორე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გზავნილია ჩვენთვის და შესაბამისი პოლიტიკა აუცილებლად უნდა შევიმუშაოთ. მათი შფოთის ეს მომენტი საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ძალიან ნელა და მხოლოდ პროფესიონალი, ქართველი მედიატორების საშუალებით. 

ახლა მნიშვნელოვანია, როგორ უპასუხებს საქართველოს მთავრობა ამ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, მაგრამ ფაქტია, ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ! 

_ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს საქართველოში ვიზიტიც ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ? 

_ არა, არავითარ შემთხვევაში! პომპეოს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს _ მისი ჩამოსვლა იმის ნიშანია, რომ აშშ საქართველოს არ ივიწყებს, მაგრამ არ მგონია, მასთან შეხვედრის თემა ზოგად დისკუსიას გასცდეს. პომპეოს ვიზიტი მხოლოდ საქართველოში არ ჰქონია დაგეგმილი, ევროპა მოიარა და ახლო აღმოსავლეთშიც უნდა გაემგზავროს. პომპეოს ვიზიტი, უბრალოდ, სლოგანია, რომ ტრამპი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ როგორც უნდა იყვიროს ტრამპმა, ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, არჩევნები გამიყალბეს და ,,კარუსელებიც’‘ დამიტრიალესო, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები მაინც ლეგიტიმურია. შესაბამისად, 2021 წლის 20 იანვარს, ტრამპს მოუწევს, თეთრი სახლი საკუთარი ნებით დატოვოს, ან ძალით გამოიყვანენ. 

_ ისევ სამხრეთ კავკასიას დავუბრუნდეთ, სადაც საკმაოდ სერიოზული ძვრები და მნიშვნელოვანი პროცესები იწყება და ამ მიმართულებით, თითქოს ჩინეთიც გააქტიურდა... 

_ სულაც არა! პირიქით, ჩინეთი თავისი გავლენის დიდ ნაწილს კარგავს. მეტიც, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის როლიც კი სუსტდება, სამაგიეროდ, თურქეთი ძლიერდება და ძალიან ცოტა ხანში, ევროპაც გაძლიერდება. 

_ როგორ ფიქრობთ, ხელსაყრელი დრო ხომ არ დგება, რომ ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება დავიწყოთ? 

_ ამასთან დაკავშირებით, ძველ ანეკდოტს გიამბობთ: ერთი კაცი ღმერთს ევედრება, გეხვეწები, ლატარიაში ,,ვოლგა’‘ მომაგებინეო. ათი წელი ეხვეწებოდა უშედეგოდ, ბოლოს, ღმერთმა გადმოხედა და უთხრა _ ადექი, იყიდე ლატარიის ბილეთი და მოიგებო... 

მიხვდით, ხომ? ჩვენც ,,ლატარიის ბილეთი’‘ უნდა ვიყიდოთ, სხვაგვარად, არაფერი გამოვა. რამდენად მომგებიან ბილეთს ვიყიდით, ეს უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული. კიდევ კარგი, ზურაბ აბაშიძე გვყავს, რომელიც ძალიან გონიერი ადამიანია, მაგრამ ძალიან ცოტა პროფესიონალს ვხედავ. 

სხვათა შორის, ეს არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმე, ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ანალიტიკური სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რისთვისაც სტრატეგიული კვლევების ცენტრი გვჭირდება.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში