Menu
RSS

პოლიტიკური კრიზისიდან ეკონომიკურ კრიზისამდე _ რა არის ბიზნესის მთავარი გზავნილი

გიორგი ისაკაძე: „მათემატიკის ასეთი, სრულიად ახალი საფუძვლები არ მახსოვს, მუსხელიშვილი, ალბათ, საფლავში ტრიალებს!“

 

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია არა მარტო პერმანენტული აქციების რეჟიმში გადავიდა, არამედ, 9 ნოემბრიდან, მთავრობის მიერ დაწესებულ წერტილოვან შეზღუდვებსაც დაუმორჩილებლობას უცხადებს, რომლის თანახმადაც, 20.00-დან 05.00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. მას შემდეგ, რაც შსს-მ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართული საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა, ოპოზიციამ ყოველდღიური აქციები დააანონსა. ამასობაში, ეროვნული ვალუტა _ ლარი სულ უფრო მეტად უფასურდება, ისედაც არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან მძიმდება და პოლიტიკური პროცესებიც ჩიხში მოექცა. მეტიც, თუ ოპოზიცია გაჯიუტდება და ვადამდელ ან თუნდაც ხელახალ არჩევნებს დაიჟინებს, რასაც დიდი ოდენობით ფინანსები დასჭირდება, ყველაფერი ეს, ტვირთად ბიზნესს დააწვება. ეს არცაა გასაკვირი, პოლიტიკას ფული სჭირდება, ფულს კი ბიზნესი იხდის. გადახდით კი იხდის, მაგრამ მერე ამ დანაკარგს ჩვენს ანუ საზოგადოების ხარჯზე, სხვადასხვა პროდუქტის გაძვირებით აანაზღაურებს. ამ მძიმე ფონზე, საინტერესოა, რა მდგომარეობაში ვართ, რა გველის და ზოგადად, რა არის შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი? _ ამ თემაზე, ,,ვერსიას’‘ ,,ფორბს ჯორჯიას’‘ მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი, გიორგი ისაკაძე ესაუბრება.

 

_ გიორგი, ლარის კურსი მკვეთრად უფასურდება, 9 ნოემბრის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში _ 3.36 ლარია. სად ვართ? 

_ ამ ვითარებაში, გაუფასურების მორიგ ტალღაზე ვართ, რომელიც რამდენიმე ძველი მიზეზისგან შედგება. ამას ემატება კორონავირუსის ახალი ტალღა, კვლავ მიუღებელი შემოსავლები და ცალსახად არასტაბილური მდგომარეობა პოლიტიკაში, რაც მეტწილად, პოლიტიკური აქციებით კი არა, არამედ, პოლიტიკური გაურკვევლობითა და სანდოობითაა გამოწვეული. იმის დასტური, რომ პოლიტიკური აქციები პირდაპირ არ აისახება ლარის კურსზე, პარასკევის თითქმის 4-თეთრიანი გამყარებაა ლარისა დოლარის მიმართ, ხოლო დღეს, მორიგ ჯერზე _ მისი გაუფასურება. ყოველივე ეს, ჯამში არის ის, რაც აისახება მარტივ ცვლადში _ ლარის მიმართ ნდობა ჯერჯერობით არ დაბრუნებულა. 

_ კურსის არასტაბილურობის კონტექსტში, პოლიტიკური გაურკვევლობა ახსენეთ და მეტ-ნაკლებად პასუხიც გაეცით ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ლარის კურსის გაუფასურებას აქციები იწვევს... 

_ ვთვლი, რომ ეს განცხადება მთავრობის მხრიდან არც კორექტულია და არც _ სწორი. ეს არ არის კორექტული პოლიტიკურად და არც ეკონომიკურადაა გამართული. 

_ ხშირად საუბრობენ ბიზნესის მოლოდინებზე ლარის კურსთან მიმართებაში. ზოგადად, ბევრი რამ აწევს ბიზნესს ტვირთად, მათ შორის, პოლიტიკაც, უფრო ზუსტად, პოლიტიკური ფული, ვგულისხმობ ბიზნესის მიერ პოლიტიკისთვის გადახდილ ფულს. რა მოლოდინი აქვს ბიზნესს ლარის კურსთან მიმართებაში და რა არის ბიზნესის მთავარი გზავნილი პოლიტიკოსებისთვის? 

_ ვფიქრობ, ბიზნესს უფრო მრავალფეროვანი გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდა პარლამენტში, რომელიც უფრო მეტი წარმომადგენლობით იქნებოდა დაკომპლექტებული, ვიდრე ხაზგასმით, მხოლოდ ორი ძალით. ეს მოლოდინი არ გამართლდა და არ გამართლდა, მათ შორის, ეჭვებითაც, რასაც იწვევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მარტივად რომ ვთქვათ, არასწორად მართული პროცესები, არასწორად შედგენილი ოქმები. პირდაპირ ვთვლი, რომ მოლოდინების ნაწილია დისკრედიტებული საარჩევნო პროცესი, რომელიც ვფიქრობ, საარჩევნო კომისიას შეეძლო, ცალსახად უკეთ ემართა. 

ჩემთვის ძალიან გულსატკენია, რასაც ახლა ვიტყვი იმიტომ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ცესკო-ს ჰქონდა ნდობა. ფაქტი იყო, რომ ბოლო წლებში, მის მიერ გამოცხადებულ შედეგებს საზოგადოება შეეჩვია და ამას იღებდა, როგორც ნორმას, მაგრამ 2020 წლის არჩევნებმა და, ბიზნესიც ამ საზოგადოების ნაწილია, ცხადი ასახვა ჰპოვა მათზეც. 

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, მოლოდინების ფორმირება ნაწილობრივ იმ პროცესისგან ხდება, რაც უკვე ვთქვი, მაგრამ მეორე ნაწილია, როცა ბიზნესი უახლოეს მომავალში იყურება. კორონოვირუსიდან გამომდინარე, ბიზნესი შედარებით შორს მიმავალ გეგმებს ვერ აკეთებს, ამიტომ მარტივად იზღვევს თავს _ მას არ ჰქონდა ნდობა ბოლომდე, რომ ეკონომიკა სრულად არ ჩაიკეტებოდა და შესაბამისად, ამანაც ცუდი მოლოდინები შექმნა. დიახ, ეკონომიკა სრულად არ იკეტება, თუმცა წერტილოვანი შეზღუდვები, ცხადია, ეკონომიკაში გარკვეულ უარყოფით შედეგს მოგვცემს და ამიტომაა, რომ ლარი უფასურდება უფრო მეტად, ვიდრე წარმოგვედგინა. შესაბამისად, მოლოდინებიც იმგვარია, როგორიც ვითარებაა. 

მუდმივი განცხადებები, რომ კიდევ იქნება წერტილოვანი შეზღუდვები, თანაც კორონავირუსის ფონზე, ბუნებრივია, დამატებით გაურკვევლობას ქმნის. საჭიროა, კომუნიკაციის ხშირი და აქტიური ხარისხი, მით უმეტეს, როცა ფაქტობრივად, საგანგებო ვითარების შემოღებასთან ვართ ძალიან ახლოს... 

_ რაც, ასევე, უარყოფითი სიგნალი იქნება ეკონომიკისა და ზოგადად, ბიზნესისთვის. 

_ რა თქმა უნდა, ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ძალაშია პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლის თანახმადაც, სრული ,,ლოქდაუნი’‘, რაც აპრილში გვქონდა, არ იქნება. 

_ ინტერვიუს დასაწყისში, ლარის კურსის გაუფასურების მიზეზად შემოსავლების სიმცირეც ახსენეთ, რაც სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ერთ-ერთი მდგენელია. ეს თემა რომ ამოვწუროთ, შემოსავლების სიმცირე გავშალოთ ანუ კონკრეტულად, რა ოდენობის თანხა დააკლდა სახელმწიფო ბიუჯეტს? 

_ დაახლოებით, მილიარდი დოლარი გვრჩებოდა მარტო ტურიზმიდან საქართველოში. იმ ფონზე, რომ სექტემბერში, შედარებით გამოსწორდა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ეს მიმართულება არ გამოსწორებულა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუდმივად, დაახლოებით, მილიარდიდან მილიარდნახევარ დოლარამდე, მინუსში ვიმყოფებით, რაც ჩვენი შემოსავლების მთავარი არტერია იყო. ეს აწვება ყველა მიმართულებას, მათ შორის, ლარსაც, რომლის გამოკვება, პერიოდულად, ეროვნული ბანკის ხელთ არსებული რეზერვებით ხდება. 

რეზერვების კუთხით ბუფერები გვაქვს ისევე, როგორც სხვა ტიპის ბუფერებიც არსებობს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ მოზიდული სესხების სახით და აქ რისკები ნაკლებია. თუმცა სარისკო ზონაში მაინც რჩება სახელმწიფო ვალის თემა, რომელიც აწუხებს ბიზნესს, განსაკუთრებით, როგორ მართავს სახელმწიფო ამ თემას, რადგან საკმაოდ საშიშ, 60%-იან ზღვართან ვართ. ამას ემატება ჩვენი ორი გამოწვევა, რომელიც ევრობონდების და ასევე, რკინიზგის მიერ გამოშვებული ბონდების დაფარვაა. ასე რომ, კორონავირუსისა და არჩევნების გარდა, წმინდა წყლის ეკონომიკურ-ფინანსური გამოწვევებიც არ გვაკლია. 

 

_ ამას ემატება გაურკვეველი პოლიტიკური სიტუაცია, რომელშიც არჩევნების შემდეგ აღმოვჩნდით... გიორგი, მოდით, პოლიტიკური მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარები განვიხილოთ: ყველაზე მნიშვნელოვანი და რეალისტური ისაა, რომ მხარეები დასხდნენ და მოილაპარაკონ თუნდაც ახალ არჩევნებზე, თუმცა ცნობილია, რომ არჩევნებს დიდი ფული სჭირდება, უფრო ზუსტად, ფული თანაბრად საჭიროა ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვისაც. პირდაპირ გეტყვით, ხელისუფლებას ანუ ,,ქართულ ოცნებას’‘ ამ მხრივ თავი ქუდში აქვს, რადგან მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც სავარაუდოდ, ჯიბეზე გაიკრავს ხელს, მაგრამ ოპოზიციამ ხომ ბიზნესს უნდა მიმართოს? 

_ 2020 წლის არჩევნები გამორჩეული იმითაცაა, რომ ბიზნესისა და ბიზნესმენების დიდი ნაწილი ჩაერთო პოლიტიკაში, მინიმუმ, მცდელობა ჰქონდა და ამ მხრივ, 2020 წლის მონიშვნა ნამდვილად ღირს. რაც შეეხება ხარჯებს, დიახ, მართალი ბრძანდებით, დაახლოებით, 4.5 მილიარდი ლარი ჯდება არჩევნების ჩატარება 2020 წელს, კორონავირუსის, რეგულაციებისა და სხვადასხვა სიახლის ფონზე, ვიდრე 2018 წელს, როდესაც თუ არ ვცდები, 52 მილიონი ლარი დაიხარჯა და მივიღეთ ის საარჩევნო პროცესი, რაც მივიღეთ.

რაც შეეხება დამატებით ხარჯებს, იმ შემთხვევაში, თუ როგორც თქვით, ალტერნატიულ არჩევნებთან დაკავშირებით რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცხადია, ეს ცალკე აღებული პოლიტიკური სუბიექტების პრობლემა იქნება. შესაბამისად, მათ მოუწევთ დამატებით შრომა, როგორც ნებისმიერ არჩევნებზე, მაგალითად, როგორც მომდევნო წლის არჩევნებზე. მართალი ხართ, დამატებითი თანხების მოსაზიდად, მათი წყარო ბიზნესია. აი, რამდენად ენთუზიაზმითაა აღსავსე ბიზნესი ამ მიმართულებით, ეს ცალკე თემაა, თუმცა ყველაზე მეტი, რაც არ მინდა მოხდეს, ისაა, რომ ბიზნესი არ დარჩეს იმედგაცრუებული 2020 წელს მიმდინარე პროცესებისგან, ბიზნესმა ამ პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა უნდა დაინახოს, რომელიც მას არა დეპრესიულ, არამედ, მამოტივირებელ მდგომარეობაში ჩააგდებს და ნათელი მომავლის იმედს მისცემს, რაც დღეს, ჯერჯერობით არ ჩანს. 

ვფიქრობ, დაფინანსების წყარო აშკარად მოითხოვს ჩარევას საკანონმდებლო დონეზე, ვგულისხმობ ტენდერებს და ამის შედეგად, უკან ანუ პარტიულ ყულაბებში მოტრიალებულ თანხებს, რაც ათწლეულებია, გრძელდება საქართველოში და ეს მავნე პრაქტიკა არ დასრულდა, რაც ცალსახად, პოლიტიკური კორუფციის ნაირსახეობაა. 

_ მეორე სცენარი პერმანენტული აქციებია, თუმცა საბოლოოდ, ყველა ვხვდებით, რომ მოვლენების ასეთ განვითარებას, ვგულისხმობ კრიზისსა და ჩიხს, ეკონომიკა ვერ გაუძლებს. 

_ ჩვენ ისედაც გვაქვს პერმანენტული აქციები, თუმცა ამ პერმანენტულ აქციებს კორონა და პოლიტკრიზისიც ემატება. სამწუხაროდ, ამ კრიზისში იმის გამო შევედით, რომ პროცესები არასწორად წარიმართა, ვგულისხმობ ცესკო-ს მენეჯმენტს. აქ არის დასაბამი პოლიტიკური კრიზისისა, გიმეორებთ, გაიხსენეთ ცესკო წინა წლებში _ ოპოზიციისთვის მიუღებელი შედეგებითა და მაჩვენებლებით, მაგრამ მეტ-ნაკლებად, ნდობით. 

ამ მასშტაბის მიწერები და მათემატიკის სრულიად ახალი საფუძვლები არ მახსოვს, ალბათ, მუსხელიშვილი და სხვა დიდი მათემატიკოსები საფლავებში ტრიალებენ! ელემენტარულად, ოქმები არ ჯამდება, ბალანსი არ დგება და როცა ათასამდე ასეთი შემთხვევა გაქვს, ნიშნავს, რომ პრობლემა სისტემურია და ცხადია, მას მკურნალობა უნდა. აქედან გამომდინარე, პირდაპირ დავსვათ დიაგნოზი, თუ რატომ არის პერიოდულად ბიზნესის მოლოდინი პესიმისტური და მძიმე. 

არის თუ არა გამოსავალი? _ არა. გამოსავალია კომუნიკაციაში და ამაზე არჩევნების დასრულებიდან მესამე დღეს, BMG-ის ეთერში ვისაუბრეთ, როდესაც საქმიანი საზოგადეობის სურვილი გავაჟღერეთ, რომ ნებისმიერი შეუთანხმებლობა ურთიერთკომუნიკაციით გადაწყვეტილიყო, სადაც წამყვანი როლი ხელისუფლებას უნდა შეესრულებინა. როგორც ვხვდები, ვითარება იმგვარია, რომ შუამავლების გარეშე ეს არ მოხდება _ ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით, ამიტომ უცხოელი შუამავლების ჩართულობა დაგვჭირდება ამ ვითარების დეესკალაციისთვის. რა შედეგებამდე მიგვიყვანს, ახლა ამის პროგნოზირება რთულია. ალბათ, არსებულ ვითარებაში, იმის პროგნოზირება, თუ როდის იქნება კორონავირუსის ახალი ვაქცინა უფრო იოლია, ვიდრე განჭვრიტო, რით შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი, თუმცა ერთი რამ ვიცი _ საქმიან საუბარს ალტერნატივა არ აქვს და არაფერი იმგვარი არ მოხდებოდა, რაც 8 ნოემბერს მოხდა საქართველოში, ამას რომ წინმსწრებად ჰქონოდა კომუნიკაცია, ან დათქმული ვადები კომუნიკაციასთან დაკავშირებით. დანარჩენს გამოძიება იტყვის, იქ, ადგილზე, მომიტინგეებმა დაუშვეს შეცდომა თუ შსს-მ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. 

როდესაც კომუნიკაცია არ არის და ბიზნესი ხედავს, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთში არ საუბრობენ, ის ერთგვარ ჩიხს ხედავს, რომელიც ტოლობის ნიშანია პოლიტიკურ კრიზისთან და შესაბამისად, აქედან გამომდინარე იქმნება უკვე მოლოდინებიც. 

_ სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი ჩაერთვება პროცესში, რათა მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ამის შესახებ მათი განცხადებებიც ვნახეთ, მაგრამ ბიზნესი რამდენადაა მზად პოლიტიკური აქტორების შესარიგებლად? 

_ არა, ბიზნესი არ იქნება მხარე! ამ შემთხვევაში, ბიზნესი არის მოქალაქე, ამომრჩეველი, ბიზნესი შეიძლება განვიხილოთ, როგორც მხარდამჭერი ან ოპონენტი, მაგრამ ის, რომ ბიზნესი იყოს პოლიტიკური სუბიექტი _ არა! ბიზნესს შეიძლება ჰკითხო აზრი და ჩემი, თქვენი, ზოგადად, მედიის საშუალებით, გააჟღეროს კიდეც თავისი სურვილი, რაც ორჯერ ორი ოთხივითაა _ ბიზნესის მთავარი გზავნილი მუდმივი კომუნიკაცია და ცივილიზებული ურთიერთობებია! 

სამწუხაროდ, ცივილიზებული ურთიერთობების მისაღწევად, 21-ე საუკუნეში, კორონავირუსის ფონზე, შუამავლები გვჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენ ისევ არ ვიშლით ქვების სროლას და კორონავითარების დროს მხოლოდ სიტყვით ვამბობთ, რომ ერთმანეთის სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, არაფერს ვაკეთებთ, რათა წყლის ჭავლამდე არ მივიდეს საქმე, რითაც დაშალეს საპროტესტო ტალღა! არადა, ვფიქრობ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სხვა მეთოდით რეაგირება შეიძლებოდა. 

კორონავითარებასთან დაკავშირებით, საკმაოდ სერიოზულად მოუწევს ხელისუფლებას ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ყველას გვაინტერესებს _ საქმიან და არა არასაქმიან საზოგადოებას, რომ ის, რაც გარდაუვალი იყო, ვგულისხმობ შემოდგომაზე, კორონავირუსის შემობრუნებას, რატომ არ გაკეთდა?! სხვათა შორის, საერთაშორისო მედიაში, კორონასთან დაკავშირებით, საინტერესო ფრთიანი ფრაზა არსებობს: ,,კორონა დაბრუნდა შურის საძიებლად’‘. 

ბოლო 20 დღის სტატისტიკას რომ გადავხედოთ, 10 მილიონი ნამატია, 50-მილიონიან ჯამურ ინფიცირებულებში, იმდენად იზრდება დაავადებულთა რიცხვი! შესაბამისად, კითხვა მაქვს, გარდა ემოციური ადაპტირებისა, რა ეტყობა სტატისტიკას ან ვითარებას, რომ ჩვენ სისტემურად მოვემზადეთ ამისთვის, ვგულისხმობ პრევენციულ ღონისძიებებს, რაც უნდა გატარებულიყო ამ მხრივ?! 

ახლა პირბადის ტარება მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ხომ არ იყო ამ პროცესის გაკონტროლება აგვისტოსა და სექტემბერში? უფრო მნიშვნელოვანი ხომ არ იყო, რომ ღიად დაჯარიმებულიყვნენ სხვადასხვა ლხინისა თუ შეკრებების ორგანიზატორები? ამის პრეცენდენტი და მაგალითი არ ყოფილა და მიზეზი არის ერთადერთი _ არჩევნები! მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყეს პირბადეების დათვლა და აღმოაჩინეს, რომ დედაქალაქის 1 450 მოქალაქე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე დადის! ყველაფერი ეს ხდება მაშინ, როდესაც მხოლოდ 15 ოქტომბერს დაიწყეს გამკაცრება, ვგულისხმობ პოლიციის პატრულირებას, თანაც წერტილოვნად _ მეტროსადგურებსა და ბაზრების ტერიტორიებზე, პირბადეების გაკონტროლების მიზნით. 

15 აგვისტოს და 15 სექტემბერს არ იყო ეს გასაკეთებელი?! 

მაშინ არ გაკეთდა იმიტომ, რომ ყველა იყო მიშვებული, ყველა იყო ტკბობაში და შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა. ამიტომ, კოვიდვითარების იმპორტირებაში პოლიტიკურ მიზეზებს ნუ ეძებენ, რადგან თავიდან ბოლომდე, ეს მთავრობის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა, რომელმაც უნდა მოუყვეს, აუხსნას, დადოს ყველანაირი კალკულაცია _ რატომ მოხდა, რომ არაჩვეულებრივი უპირატესობა გვქონდა მოპოვებული თვეების განმავლობაში კორონავირუსის მართვაზე, ოღონდ ამის ფასი იყო უმძიმესი, რადგან ფაქტობრივად, ორი თვის განმავლობაში, სრულად გავაჩერეთ ეკონომიკა, რაც ძალიან ბევრჯერ აისახება ჩვენზე, მაგრამ ვერაფერში გამოვიყენეთ! ვერცერთი ფერი ვერ გამოვიყენეთ, რომელიც საქართველოს სტატუს-ფერად ჰქონდა, როცა კოვიდვითარებაში წარმატებულებები ვიყავით. 

რა გამოვიყენეთ წარმატებულად? სად არის ინფრასტრუქტურა და რატომ არ არის სპეციალური საშუალებები დამატებული? მე არ ვარ ექიმი, არც ეპიდემიოლოგი და არც ინფექციონისტი, ამიტომ დაავადებასთან დაკავშირებით, მსჯელობაში არ შევალ, მაგრამ ვიცი ერთი რამ _ შეიძლებოდა უკეთ მომზადება და ამის რესურსები იყო! თუ ეს რესურსები არ იყო, მაშინ რა არის ის წარმატებული მოლაპარაკებები დამატებითი თანხების მოზიდვაზე და საუბარია 2.5-დან 3 მილიარდ დოლარამდე, რომელიც მოზიდულია მიმდინარე და მომავალი წლის ფინანსური ბუფერებისთვის. 

_ გეთანხმებით. ბოლოს, ინტერვიუ რომ შევაჯამოთ, არჩევნებისა და კორონავირუსის გარეშეც არ გვქონდა სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობაო, წეღან მითხარით და სწორედ ამის გათვალისწინებით, რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ პოლიტიკოსებმა და როგორც არ უნდა მოინდომოს ბიზნესმა, შეინარჩუნოს ოპტიმიზმი, საბოლოოდ, ალბათ, ყველაფერი ჩვენზე, რიგით მომხმარებლებზე აისახება, თანაც გაცილებით მძიმედ _ პროდუქტების გაძვირების სახით, რაც გარდაუვალი პროცესი იქნება. 

_ ალბათ კი არა, ყველა ვარიანტში ასე იქნება, მაია! უბრალოდ, რაღაცებს თავის სახელს არ ვარქმევთ, ეტყობა, ჩვენ კიდევ კარგად ვერ გაგვირკვევია, რა ვითარებაში გვიწევს გადარჩენა და ფუნქციონირება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კორონაკრიზისს, რასაც ახლა პოლიტიკური კრიზისიც დაემატა, მანამდე სხვა, პატარ-პატარა პრობლემები იყო, საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ! საქართველოდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში, ფაქტობრივად, ომი იყო, ვგულისხმობ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს. თუკი რამე შეიძლება, რომ დედამიწაზე წარმოიდგინო, ყველაფერი ამ პატარა ეპიცენტრში, ჩვენ გარშემოა თავმოყრილი. 

აქედან გამომდინარე, არის პროცესები, რაც გადაზღვეული იქნება სახელმწიფო რესურსებით, მაგრამ არის ის, რასაც ვერაფერი, თვით მამაზეციერიც კი ვერ გადააზღვევს. ვგულისხმობ შემდეგს _ ჩვენ ადრეც გვისაუბრია და ახლაც გავიმეორებ, ამ მძიმე პროცესიდან, სამწუხაროდ, წაგებულებიც იქნებიან და წაგებულებში ბევრ გაკოტრებულს ვგულისხმობ. ეს იმიტომ, რომ არის რაღაცები, რასაც ფიზიკურად ვეღარ ეშველება. ტურიზმი აუცილებლად მობრუნდება, მაგრამ ძალიან სწრაფი შემობრუნება ვერ იქნება. უბრალოდ, მთავარ კითხვაზე პასუხი, რაც 2020 წლის 1 იანვრიდან არსებობს, როდის დამთავრდება კორონა ანუ როდის შეიქმნება მისი გამანეიტრალებელი, ეფექტური მედიკამენტი, არავის აქვს. შესაბამისად, ბიზნესმა უხილავი მტრისგან მიიღო კიდევ ერთი სიურპრიზი მთელი წლის განმავლობაში, როდესაც განუჭვრეტადია ყველა ის პროცესი, რაც ბიზნესს საზოგადოების სხვა ფენებისგან გამოარჩევდა. ბიზნესი გეგმავდა, ნაწილი ერთ წელს, ნაწილი _ ორს, ხუთს, შვიდს, ათს _ ვისაც როგორ შეეძლო, იმდენს, მაგრამ დღეს ეს დაკარგულია. 

როდესაც ეს ძირითადი ჯაჭვი დაიკარგა და მოთხოვნა-მიწოდება აირია, როცა სახელმწიფოები ე.წ. ჩაკეტილი მოდელის ეკონომიკაზე გადავიდნენ, ცხადია, ზოგჯერ გარკვეული პრობლემები იქნება, მაგრამ სახელმწიფო იმისთვისაა, რომ ძირითადი პრობლემური თემები გადააზღვიოს. ამ კითხვაზე მოკლე პასუხი კი ასეთია _ ცხადია, ეს პროცესები, რაც ქვეყანაში და მის ირგვლივ ხდება, იმდენად სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს, რომ აუცილებლად აისახება ჩვენ ყოველდღიურობაზე, უბრალოდ, მთავარია, ამ ყველაფრიდან მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში