Menu
RSS

ფქვილი გაძვირდა, პურიც გაძვირდება?

გვაქვს თუ არა ხორბლის საკმარისი მარაგი

საერთაშორისო ბირჟებზე რუსული ხორბალი გაძვირდა _ 1 ტომარა ხორბლის ფასი 240 აშშ დოლარია, მანამდე კი 180 დოლარი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ხორბლის ძირითადი იმპორტიორია საქართველოში, ლოგიკურად ჩნდება კითხვა _ გაძვირდება თუ არა პური? ამ კითხვას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ქვეყანაში მოქმედმა წისქვილკომბინატებმა 1 ტომარა ფქვილის ფასი რამდენიმე ლარით უკვე გაზარდეს. 

,,ვერსიამ’‘ უკვე შემოგთავაზათ ინტერვიუ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორთან, ანალიტიკოს ნიკა შენგელიასთან, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში სურსათის დეფიციტი არ გველის, თუმცა პროდუქტები აუცილებლად გაძვირდება. ნიკა შენგელიას ამ პოზიციას ბოლო დღეებში საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურების გაძვირების ტენდენციაც ამყარებდა. მისი თქმით, მარცვლეული კულტურების ინდექსები ხუთწლიანი მაქსიმუმისკენ დაიძრა და შესაბამისად, ყველაფერი გაძვირდა _ სოიო, სიმინდი და ხორბალი. 

,,მომდევნო ოთხი-ექვსი თვის განმავლობაში, მარცვლეული კულტურებისა და სიმინდის გაძვირებას ბენზინის გაძვირება მოჰყვება იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ოპეკის ქვეყნები ნოემბერში. შესაბამისად, 4-6 თვის შემდეგ, მაღალი ალბათობით, ოქრო და ნავთობიც გაძვირდება, რაც დოლარის კურსს შეასუსტებს. ფაქტობრივად, 2021 წლის მარტსა და აპრილში, პურ-პროდუქტების, ხორცისა და შესაბამისად, რძის პროდუქტების გაძვირებასაც ველი. ეს პროცესი კი მომდევნო წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყება’‘, _ განუცხადა ,,ვერსიას’‘ ნიკა შენგელიამ. 

,,ვერსია’‘ დაინტერესდა, გაძვირდება თუ არა პური საქართველოში? სიტუაციაში გარკვევის მიზნით, საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარეს, მალხაზ დოლიძეს დავუკავშირდით.

 

_ ბატონო მალხაზ, იმის გამო, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ხორბალი გაძვირდა, პურის ფასიც მოიმატებს? 

_ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი გაიზარდა. მსოფლიოს მასშტაბით სულ რვა ქვეყანაა ხორბლის ექსპორტიორი. ჩვენს სივრცეში _ რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა, ევროპაში _ საფრანგეთი, რომელსაც კარგი ინფრასტრუქტურა აქვს და ამერიკის კონტიტენტზე _ აშშ, კანადა და არგენტინა. მსოფლიოში ორი ბირჟაა, ერთი საფრანგეთშია _ პარიზის ბირჟა და მეორე _ აშშ-ში, ნიუ იორკის. 

სწორედ ამ ბირჟებზე 1 ტონა ხორბლის ფასი 240 აშშ დოლარზე დაფიქსირდა, ადრე კი 180 აშშ დოლარი იყო. 240 აშშ დოლარად შეიძინა ხორბალი ეგვიპტემ რუსეთისგან. ამის შემდეგ, საფრანგეთმა ცოტა უფრო დაბალ ფასად გაყიდა და ვფიქრობდით, რომ ხორბლის ფასი დაბლა წამოვიდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთმა ამის შემდეგი ლოტი ისევ 5 დოლარით ძვირად გაყიდა. 

ზოგადად, საქართველომ ხორბალი ბოლოს 208-212 აშშ დოლარად შეიძინა. ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ ეს პროდუქტი უნდა გაიაფდეს, რადგან რუსეთში ხორბლის დიდი მოსავალი მოვიდა. 

ყველაფრის მიუხედავად, მინდა დაგამშვიდოთ, რომ ამჟამად, ქვეაყანში, ხორბლის დაახლოებით, ორი თვის მარაგი გვაქვს. 

_ ამიტომ, ამ ხნის მანძილზე, პური არ გაძვირდება? 

_ დიახ, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ ორი თვის განმავლობაში ფასი არ უნდა შეიცვალოს. 

სხვათა შორის, წისქვილებმა რამდენიმე ლარით მაინც გააძვირეს ფქვილი, მაგრამ პურის ფასი არსად შეცვლილა. 

_ მსოფლიო ბირჟებზე ხორბალი გაძვირდა და საქართველოში მოქმედმა წისქვილებმა ფქვილიც გააძვირეს. პურის ქარხნები ფქვილს ხომ წისქვილში იძენენ, აქვთ კი ქარხნებს იმის საშუალება, რომ პური არ გააძვირონ? 

_ ხომ გითხარით, ჯერჯერობით პური არ გაგვიძვირებია. საქართველოში პურის 2 500 მწარმოებელია, აქ შედიან, როგორც მსხვილი, ასევე საშუალო და წვრილი საწარმოები. ვერ გეტყვით, როგორ მოიქცევიან პურის თონეები და პატარა საცხობები, რომლებიც ფქვილს ბაზარში, სულ სხვა ფასად ყიდულობენ, მაგრამ მსხვილ მწარმოებლებში ჯერჯერობით ფასი არ შეცვლილა. 

_ იმის გამო, რომ რუსეთში ხორბლის კარგი მოსავალი იყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ეს პროდუქტი გაიაფდება? 

_ ყოველ შემთხვევაში, იმედი ვიქონიოთ, რომ ხორბლის ფასი დაიწევს. 

მინდა, ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ იცოდეთ _ საქართველოში, დაახლოებით, 500-მდე ტრაილერია, რომელიც რუსეთში დადის და ხორბალი სტავროპოლიდან და კრასნოდარის მხარიდან მოაქვს. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ სტავროპოლსა და კრანსნოდარის მხარეში ხორბლის კერძო მეურნეობებია, სადაც სულ სხვა ფასებია. ადგილზე ლოგისტიკა მთლად აწყობილი არ არის, შესაბამისად, ხორბალი ვერსად გააქვთ, ინფრასტრუქტურაც გაუმართავია და ამიტომ, მათთვის მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად გაიყიდოს ხორბალი. 

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ამ ტრაილერების მფლობელებს ანუ ხორბლის კერძო შემომტანებს, რათა პროდუქტი დაუბრკოლებლად შემოიტანონ. 

სულ ამას ვამბობ, შეუწყვეთ ამ ხალხს ხელი, რომელიც, მართლაც, სიკეთეს აკეთებს. გარდა ამისა, როცა ბეღელი სავსე გაქვს, წყნარად და მშვიდად სწორედ მაშინ ხარ. 

 

_ რუსეთის გარდა, ყაზახეთიდანაც ხომ შემოგვაქვს ხორბალი? 

_ დიახ და შარშანაც უნდა შემოსულიყო, მაგრამ ვერ შემოიტანეს, რადგან ყაზახეთში ხორბლის ცუდი მოსავალი იყო. 

სხვათა შორის, წლის დასაწყისში, აშშ-დან შემოვიდა ხორბალი საქართველოში, ეს იყო აშშ-ის მთავრობის დახმარება და მართლაც, კეთილი ჟესტი, რადგან ზუსტად მაშინ დაგვეხმარნენ ამერიკელები, როდესაც რუსეთმა ხორბლის საექსპორტო ფასი გაზარდა, თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ როდესაც საქართველოს აშშ დაეხმარა ხორბლით, რუსეთმა მაშინვე ფასი დაწია. 

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში თქვეს, საქართველოს მთელი ბაზარი რუსეთს დაუქვემდებარესო. პოლიტიკას თავი დავანებოთ, ხორბალი ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომ თუ ქვეყანა საკმარის რაოდენობას ვერ აწარმოებს, აუცილებლად უნდა შემოიტანოს. რუსეთი საქართველოს მეზობლად მდებარეობს და თუკი ხორბალს ყიდის, ჩვენც გამოვიტანოთ, რა პრობლემაა?! 

მინდა, ძალიან საინტერესო ამბავი გიამბოთ: რუსეთში მოღვაწეობდა ცნობილი სელექციონერი, აკადემიკოსი ვავილოვი. მისი სახელობის ხორბლის ინსტიტუტიც არსებობს, რომელიც საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართველ სელექციონერებთან. ვავილოვი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ხორბლის მდგრად ჯიშებს, მდგრადი ჯიშები კი ქართულია, რომელიც უძლებს წვიმას, ქარს, თოვლს. მოკლედ, ვავილოვმა ხორბლის ქართული ჯიშები შეაჯვარა რუსეთში არსებულს და ახალ ჯიშს ,,კავკასიური’‘ უწოდა. დღეს, რუსეთში ხორბლის ყველაზე დიდი მოსავალი, სწორედ ,,კავკასიურს’‘ აქვს. შესაბამისად, რუსულ ხორბალში ქართული ფესვებიცაა, ამას იმ დილეტანტების გასაგონად ვამბობ, რომლებიც საკითხში კარგად ვერ ერკვევიან, მაგრამ ამ თემაზე მაინც საუბრობენ ხოლმე.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში