Menu
RSS

რატომ დაიბარეს „პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველები სახელმწიფო აუდიტში

პოლიტიკური ფინანსების სკანდალური მონიტორინგის უცნობი დეტალები

31 ოქტომბრის არჩევნებამდე ზუსტად ორი დღე დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე, წინასაარჩევნო აგიტაცია ოფიციალურად შეწყდება. საკუთარი ამომრჩევლების დასარწმუნებლად, პოლიტიკურ სუბიექტებს ცოტა დრო რჩებათ და ცხადია, დუღილის ტემპერატურამაც პიკს მიაღწია. პარალელურად, ირკვევა, რომ სახელმწიფო აუდიტორები პატრიოტთა ალიანსის შემოწირულობების კანონიერებაში დაეჭვდნენ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. შესაბამისად, გაირკვა, რომ 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე, პოლიტიკურმა პარტიებმა, ჯამში 23 846 652 ლარის შემოწირულობა მიიღეს.

ფინანსური მონიტორინგის ანგარიში 

31 ოქტომბრის არჩევნებში 62 სუბიექტი, მათ შორის, 49 პოლიტიკური პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი და 11 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. საარჩევნო სუბიექტებს შემოსავლების ორი ძირითადი წყარო აქვთ: შემოწირულებები და საბიუჯეტო დაფინანსება. საარჩევნო პერიოდის დეკლარაციების მიხედვით, 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, პოლიტიკურმა სუბიექტებმა შემოსავლის ორივე ძირითადი წყაროს სახით, მთლიანობაში, 23 846 652 ლარი მიიღეს. პარტიების მიხედვით თუ ჩავშლით, შემდეგ სურათს ვიღებთ: 

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო’‘ _ 10 355 212 ლარი; ლელო საქართველოსთვის _ 2 599 290 ლარი; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ 2 432 831 ლარი; გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი _ 2 042 318 ლარი; საქართველოს პატრიოტთა ალიანსი _ 2 034 847 ლარი; ევროპული საქართველო _ 1 773 699 ლარი; თავისუფალი საქართველო _ 403 659 ლარი; სოციალური სამართლიანობისთვის _ 274 149 ლარი; საქართველოს ლეიბორისტული პარტია _ 224 041 ლარი; ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა _ 175 956 ლარი; ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები _ 162 565 ლარი; თავისუფალი დემოკრატები _ 137 606 ლარი; ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა _ 107 400 ლარი; სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის _ 92 384 ლარი; სხვა დანარჩენი _ 1 030 696 ლარი. 

საარჩევნო პერიოდის დეკლარაციების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა, 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე, 22 973 913 ლარი დახარჯეს, რაც ძირითადად, რეკლამასა და შრომის ანაზღაურებაზე განაწილდა. 

საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შესული განცხადებების, სამსახურის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, შვიდ საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ ამ საქმეებიდან წარმოება სამზე უკვე დასრულდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებიც შედგა და სასამართლომაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო; სამართალდარღვევის ორ ფაქტზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში; ორ საქმეზე მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სამართლებრივი და პროცედურული მოქმედებების გატარება. 

ვნახოთ, რა საქმეები გადააგზავნეს სახელმწიფო აუდიტორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში: 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 2020 წლის აგვისტოში, ტელეკომპანია „ობექტივისა“ და „გირჩი ტვ“-ის ეთერებში, შესაბამისად, საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა და „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ სასარგებლოდ გასული პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობა შეისწავლეს. დადგინდა, რომ 2020 წლის 17 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ტელეკომპანია „ობიექტივის’‘ ეთერში, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სასარგებლო პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების ხანგრძლივობა, ჯამში, 51 წუთი და 46 წამი, „გირჩი ტვ“-ის ეთერში კი, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ პოლიტიკური რეკლამის ხანგრძლივობა, ჯამში, 82 წუთი და 48 წამი იყო. 

კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტარიფების მიხედვით, „ობიექტივის“ ეთერში გაშვებული ვიდეორგოლების ღირებულება – 3 106 ლარი, „გირჩი ტვ“-ის ეთერში გაშვებული ვიდეორგოლების ღირებულება კი 828 ლარი იყო. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ეს ვიდეორგოლები სატელევიზიო ეთერში უსასყიდლოდ იყო გაშვებული, რის გამოც შეაფასეს, როგორც შემოწირულება არაფულადი ფორმით. 

,,აღნიშნული შემოწირულებები პოლიტიკური პარტიების მიერ დეკლარირებული არ ყოფილა. ამასთან, მედია-კავშირი ,,ობიექტივი’‘, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ანუ ააიპ-ია და ამიტომ, მის მიერ, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულება, აკრძალულ შემოწირულებად ითვლება. შედეგად, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში, ადგილი აქვს აკრძალული შემოწირულობის მიღებასა და შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობას, ხოლო „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“-ს შემთხვევაში _ შემოწირულების მიღებასა და შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობას. ორივე შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში, კანონმდებლობით განსაზღვრული ორმაგი ოდენობით ჯარიმის დაკისრების მიზნითა გადააგზავნა’‘, _ ვკითხულობთ ფინანსური მონიტორინგის ანგარიშში. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი, ამჟამად ორ საქმეს სწავლობს. ერთი ისევ პატრიოტთა ალიანსს, მეორე კი ააიპ ,,დავასრულოთ’‘-ს ეხება. 

საქართველოს გენერალური პროკურატურიდან შემოსული მასალების, ასევე, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც საქართველოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებაში, შესაძლო კანონდარღვევის ფაქტს ეხებოდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, თავისი მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შესწავლა დაიწყო. 

,,ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის შემომწირველი პირების შემოსავლების შესახებ. ასევე, გამოთხოვილია ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკებიდან შემომწირველი პირების შემოსავლებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ. შემოსავლების დასაბუთების მიზნით, გასაუბრებაზე დამატებითი განმარტებებისთვის, 12 პირი იქნა მოწვეული, თუმცა შეტყობინების ჩაუბარებლობის გამო, მხოლოდ ორი შემომწირველი გამოცხადდა. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აგრძელებს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების ჩატარებას საქართველოს პატრიოტთა ალიანსის დანარჩენი შემომწირველების ფინანსების შესწავლის მიზნით’‘. 

* * * 

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო შესწავლა ააიპ „დავასრულოთ“, Facebook-ის საკუთარ გვერდებზე გაშვებული პოლიტიკური რეკლამის შემცველი ფასიანი ვიდეორგოლების განთავსებისა და ამით შესაძლო აკრძალული შემოწირულების განხორციელების ფაქტზე. ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან და საბანკო დაწესებულებებიდან აღნიშნული იურიდიული პირის, მისი დირექტორისა და გამგეობის წევრების, როგორც შემოსავლების, ასევე, საბანკო ოპერაციების შესახებ.

 

რუსული კვალი თუ მიზანმიმართული შეტევა 

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პატრიოტთა ალიანსის შემომწირველი პირების შემოსავლების შესწავლა დაიწყო, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირმა ინაშვილის პარტიამ რუსეთიდან 8 მილიონი აშშ დოლარის შემოწირულობა მიიღო. მეტიც, პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურას ევროპულმა საქართველომ მიმართა, მაგრამ უწყებამ გამოძიება არ დაიწყო და საქმის მასალები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადასცა შესასწავლად. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციითვე, რუსი ოპოზიციონერისა და ბიზნესმენის, მიხეილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია ,,დოსიემ’‘, მიმდინარე წლის აგვისტოში სკანდალური გამოძიება გამოაქვეყნა, რაც პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებასა და რუსულ კავშირებს ეხება. გამოძიებიდან ირკვევა, რომ ირმა ინაშვილის პარტიას, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაახლოებული პირები ეხმარებიან, რომლებსაც თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ. 

გამოძიების მეორე ნაწილში, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, საუბარია პატრიოტთა ალიანსის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტზე, საარჩევნო კლიპებსა და არჩევნებამდე დაგეგმილ აქტივობებზე. სწორედ ხადარკოვსკის ორგანიზაცია ,,დოსიეს’‘ გამოძიების მიხედვით, ირმა ინაშვილის პარტიამ რუსეთიდან, ჯამში, 8 მილიონი აშშ დოლარის შემოწირულობა მიიღო. 

,,პატრიოტების’‘ შემოწირულობის რუსული კვალისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაწყებული მოკვლევის შესახებ, ,,ვერსია’‘ ,,პატრიოტთა ალიანსის’‘ ერთ-ერთ ლიდერს, გოჩა თევდორაძეს დაუკავშირდა, რომელიც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სისულელედ და ,,პატრიოტების’‘ მიზანმიმართულ დისკრედიტაციად მიიჩნევს. 

_ ბატონო გოჩა, კონკრეტულად რომელი შემოწირულობა მიიჩნია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საეჭვოდ, რის გამოც თქვენი შემომწირველები გამოკითხვაზე დაიბარა? 

_ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის შემომწირველები არ არიან დაბარებულები. ჩვეულებრივ, ყოველთვის გვხვდება ამ უწყებაში გარკვეულ პირთა წრის გამოკითხვა შემოწირულობასთან დაკავშირებით. 

რაც შეეხება ჩვენს შემომწირველებს, თითოეული მათგანი საქართველოს მოქალაქეა, შესაბამისად, თითოეულს კანონიერი უფლება ჰქონდა, შემოწირულობა განეხორციელებინა. მეტიც, ყველა ჩვენს შემომწირველს ზუსტად იმ მოცულობის თანხა აქვს ჩარიცხული, რასაც კანონი ითვალისწინებს. ამიტომ პრობლემა არც მათი გამოკითხვაა და არც _ ის, რომ გამოკითხვის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესაბამის განცხადებას გააკეთებს. 

ყველა შემოწირულობა კანონიერების ჩარჩოშია, თუმცა გიმეორებთ, ყოველი არჩევნების წინ, ამგვარი გამოკითხვა ჩვეულებრივი პროცესია, რადგან როდესაც არსებობს შემომწირველი, ცხადია, მასთან გარკვეული კითხვებიც ჩნდება. გამოკითხვის შემდეგ, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების მიერ, ყველაფერს ნათელი მოეფინება, მაგრამ ვინაიდან მათ გარკვეული კითხვები უჩნდებათ, ამ კითხვებზე პასუხებს მიიღებენ. 

ჩვენ, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, თითოეულ შემომწირველთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებულ ვადაში გადავეცით აუდიტის სამსახურს შესაბამისი ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ პირის მიერ განხორციელდა შემოწირულობა, ასევე, გადავეცით მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები და შემოწირული თანხის ოდენობა. აქედან გამომდინარე, პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ თუ პატრიოტთა ალიანსის რამდენიმე შემომწირველი გამოსაკითხია, ანალოგიურად არიან გამოსაკითხები, იგივე ,,ქართული ოცნებისა’‘ და სხვა პარტიების შემომწირველებიც. 

ზოგადად, ვფიქრობ, რომ პატრიოტთა ალიანსზე აქცენტს ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და სხვა პარტიები აკეთებენ. 

_ რუსი ოპოზიციონერისა და ბიზნესმენის, მიხეილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია ,,დოსიეს’‘ გამოძიების მიხედვით, პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებას კრემლთან დაახლოებული და რუსეთის სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ, ასეა? 

_ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არ არის მხოლოდ ხადარკოვსკის ორგანიზაციის გავრცელებული დეზინფორმაცია, აქ კრამერები და სხვა ორგანიზაციებიც არიან ჩართულნი. 

თავდაპირველად, ეს ინფორმაცია ევროპულ საქართველოსთან დაახლოებულმა პირებმა გააჟღერეს. ისინი საუბრობენ, რომ ,,პატრიოტებმა’‘ რუსეთიდან 8 მილიონი აშშ დოლარის შემოწირულობა მიიღეს, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენი პარტიის დაფინანსება მხოლოდ 1 500 000 ლარის ფარგლებშია! ეს ინფორმაცია აგვისტოში გავრცელდა და ამიტომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და სხვა უწყებებსაც ძალიან დიდი დრო ჰქონდათ, რათა საფუძვლიანი მოკვლევა ჩაეტარებინათ. 

გარდა ამისა, პატრიოტთა ალიანსს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, ამიტომ არც ,,ქართული ოცნება’‘ და არც რომელიმე სხვა პარტია არ დააკლებდა მცდელობას, რომ თუ ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არსებობს, გამოექვეყნებინა. ასეთი დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად, ეს ინფორმაცია ჩვეულებრივი ფეიკ-ნიუსია. 

რაც მთავარია, ჩვენ ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება: როდესაც ,,დოსიემ’‘ ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა, იქ არავითარ დოკუმენტზე საუბარი არ ყოფილა. ეს იყო ერთგვარი ცხრილი ფარატინა ქაღალდზე, რომლიდანაც ვერ გაიგებდით, რომელი პარტიის დაფინანსებაზე იყო საუბარი. გამორიცხული არ არის, რომ ნაციონალური მოძრაობის, ან თუნდაც ევროპული საქართველოს დაფინანსება ყოფილიყო. ჩვეულებრივ, დოკუმენტს ბეჭედი უნდა ჰქონდეს, ან ხელმოწერილი იყოს, ან რეგისტრაციაში გატარების თარიღი უნდა ახლდეს. 

გიმეორებთ, ეს ტალღა ჩვენს წინააღმდეგ აგორებულია ევროპულ საქართველოსა და ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული პირების ანუ კრამერების მიერ! 

სხვათა შორის, აშშ-ში, ტრამპის წინააღმდეგ, სწორედ კრამერებისა და მათი ფრთის მიერ დიდი ბრძოლა მიდის და ტრამპს უწევს იმის მტკიცება, რომ რუსეთთან დაკავშირებული არ არის. ანალოგიურად, მინი-რეჟიმში, ჩვენ აქ გვიწევს იმის მტკიცება, რომ რუსეთთან დაკავშირებული არ ვართ. 

ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არც პრორუსულია და არც _ არავითარი სხვა პრო, ჩვენ ეროვნული, პოლიტიკური ძალა ვართ და ვამბობთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა! ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მიზანი! ვისაც უნდა ვკითხოთ, ბავშვი იქნება თუ ზრდასრული პოლიტიკოსი, ყველა გვეტყვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ გვინდა, ეს შეიძლება მოვახერხოთ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რაც ითვალისწინებს დიალოგს. შესაბამისად, დიალოგი ვისთან უნდა წარვმართოთ? _ ცხადია, ამ პროცესის მონაწილე მხარეებთან, იგივე მოსკოვთან, ცხინვალთან, სოხუმთან, რაც თავისთავად, არ გამორიცხავს დიალოგს ბრიუსელთან, ვაშინგტონსა თუ სტრასბურგთან! 

ისიც არაერთხელ გვითქვამს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გვჭირდება დიალოგი, მშვიდობიანი გზა და მხოლოდ ამ კუთხით თუ გადგვიდგამს ნაბიჯები. ის ადამიანები, რომლებმაც ჩააბარეს კოდორი, ახალგორი, პრორუსულობასა და რუსეთის აგენტობას გვაბრალებენ, მაგრამ მათთან დაკავშირებულ ტელევიზიებს იმის განცდაც არ უჩნდებათ, რომ ამგვარი არაფერი ჩაგვიდენია! იმ ადამიანებთან კი, რომლებმაც მართლაც ჩააბარეს ტერიტორიები რუსეთს, კითხვაც არავის უჩნდება, რატომ ჩააბარეს, ან ამ ქვეყნის მოღალატეები ხომ არ არიან?! 

აქედან გამომდინარე, ვაცხადებთ, რომ ეს არის ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ. უფრო მეტიც, გამოვიდა ,,ქართული ოცნების’‘ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე და განაცხადა, მოსალოდნელია, ფეიკ-ნიუსები გავრცელდეს, სადაც შესაძლოა, ადამიანების ხმა და გამოსახულებაც კი შეცვალონ და ისეთი ფაქტი შემოგვთავაზონ, რასაც ადგილი არ ჰქონიაო. 

პატარა გადახვევას გავაკეთებ: ვენესუელას ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებული მასალა ვნახე, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი ვენესუელას ხელისუფლებისგან ითხოვდა თანხას, როგორც საარჩევნო მიზნისთვის, ასევე, დესტაბილიზაციის მოსაწყობად. არავის გაუმახვილებია ამაზე ყურადღება, რადგან სავარაუდოდ, ფეიკ-ნიუსად ჩათვალეს. შესაბამისად, ჩვენს წინააღმდეგ გავრცელებული ეს ინფორმაცია სისულელე და აზრს მოკლებული სიცრუეა. 

ყველა პოლიტიკური ძალის და მათ შორის, ,,ქართული ოცნებისგანაც’‘ შეტევის ობიექტად იქცა პატრიოტთა ალიანსი, არადა, როდესაც ძალოვანი სტრუქტურები მათ ხელშია, არ გაუჭირდებოდათ იმის დამტკიცება, რეალურად დაკავშირებულია თუ არა ეს პარტია რუსეთთან. ის, რომ მოსკოვის დუმაში, საპარლამენტო დონეზე ვმართავთ შეხვედრებს, სადაც ჩვენმა დელეგაციამ უკვე შეხვედრების ოთხი რაუნდი ჩაატარა, ეს არახალია, გასაჯაროვებულია და რა დიალოგსაც იქ ვმართავთ, მისი შესაბამისი სტენოგრამა ჩამოგვაქვს, ამიტომ ყველას შეუძლია მოისმინოს, ჩვენ რა ვუთხარით და მათ რა გვიპასუხეს. თუ ამ სტენოგრამას გაეცნობით, უთუოდ დარწმუნდებით, რომ ჩვენი ყველა საუბარი იწყება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენითა და მშვიდობიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებით და ყველა შეხვედრაც იგივე თემებზე საუბრით სრულდება.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში