Menu
RSS

„თებერვლიდან პურის, ხორცისა და რძის პროდუქტების გაძვირება დაიწყება!“

რა შემთხვევაში შეგვიწყვეტს აზერბაიჯანი გაზის მოწოდებას _ ექსპერტის პროგნოზები

„ყარაბაღი თბილისიდან 375 კილომეტრშია. ეს იგივე მანძილია, რაც თბილისიდან ბათუმამდე. საქართველოს საზღვრიდან ანუ წითელი ხიდიდან, დაახლოებით, 300 კილომეტრია. აქედან გამომდინარე, ყარაბაღის კონფლიქტი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ, ჩვენთან ახლოსაა. ეს მხოლოდ ჩვენი ორი მეზობელი ქვეყნის კი არა, საქართველოს ორი მსხვილი ეკონომიკური პარტნიორის კონფლიქტია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა საფრთხე ემუქრება საქართველოს ეკონომიკას საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში... საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანთან ყველაზე მეტად საგარეო ვაჭრობითა და ტურიზმითაა დაკავშირებული“, _ ეს ამონარიდია სტატიიდან, რომელიც 2016 წელს, ,,ფორბს ჯორჯიაში’‘ გამოქვეყნდა. ,,ომი, რომელიც გვეხება’‘, ეს იყო სტატიის სათაური და ოთხი წლის შემდეგ იმიტომ გავიხსენე, რომ ვფიქრობ, აქტუალობა არ დაუკარგავს. 

დიახ, საომარი მოქმედებები საქართველოს ორ ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის, რომელიც ჩვენგან 300-ოდე კილომეტრში მიმდინარეობს, სწორედაც რომ გვეხება. მეტიც, თუ მხარეები არ და ვერ შეთანხმდებიან, რის გამოც კონფლიქტი გაღრმავდება, შესაძლოა, მასში კიდევ ერთი, ჩრდილოელი მეზობელი _ რუსეთი ჩაერიოს. საქართველო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რასაც არანაკლებ საშიში, უხილავი მტრის _ კორონავირუსის ფაქტორიც ემატება, რაც მთელი მსოფლიოს თავსატეხად იქცა, განსაკუთრებით ახლა, ე.წ. მეორე ტალღის დროს. 

რას ნიშნავს ციფრებში ანუ ეკონომიკის ენაზე ,,ომი, რომელიც გვეხება’‘ და როგორ აისახება კორონაპანდემია სხვადასხვა პროდუქტის ფასებზე? _ ,,ვერსიას’‘ ამ თემებზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ესაუბრება.

_ ბატონო ნიკა, სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო-პარტნიორი ქვეყნებია. როგორ აისახება ყარაბაღის კონფლიქტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე? 

_ რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკაზე, კონკრეტულად, ენერგოუსაფრთხოებაზე იმოქმედებს. სამწუხაროდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არა მარტო საქართველოში, არამედ, რეგიონშიც შემცირდება. ასევე, არსებობს რეალური საშიშროება _ იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ შეჩერდება საომარი მოქმედება, ეს საქართველოს პოლიტიკაზეც ნეგატიურად აისახება. ხომ ატყობთ, რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო დავით გარეჯთან დაკავშირებით და არ ვიცით, სადამდე მიგვიყვანს, თუმცა ახლა დიდ პოლიტიკურ რისკზე ვსაუბრობ, რაც ვალუტის კურსსა და ეკონომიკის განვითარებაზეც მნიშვნელოვან ზეწოლას გამოიწვევს. როდესაც ასეთი ტიპის ფაქტორი ჩნდება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკის განვითარების მიზნით, ქვეყნის მთავრობამ გადასახადის განაკვეთები სულ რომ გაანულოს კიდეც, ინვესტიციები მაინც არ შემოვა. ამიტომ, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პოლიტიკურ სტაბილურობას. 

ამ ეტაპზე, ვვარაუდობთ, რომ საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყნების მიმართულებით, ტვირთნაკადების მოცულობაში გარკვეული ცვლილებები გვექნება, თუმცა სერიოზულ ზეგავლენას ჯერ ვერ მოახდენს. ისიც უნდა აღვნიშნით, რომ თუ ამ საბრძოლო მოქმედებების დროს, ბაქო-ჯეიჰანისა და TANAP-ის პროექტებით გათვალისწინებული ტრასის ან საქართველოში შემომავალი გაზის სხვა სატრანსპორტო მილები, იგივე, სამხრეთ-კავკასიური მილსადენი ან ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი დაზიანდა, გარკვეული შემოსავლებიც დაგვაკლდება და ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემებიც შეგვექმნება. 

აქვე, შეგახსენებთ, რომ TANAP-ი _ ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფანია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, ასევე, მთლიანად რეგიონისთვის. სამხრეთის ეს დერეფანი საქართველოს გარკვეულ საერთაშორისო მოთამაშედ აყალიბებს, კერძოდ, ის ევროპისთვის საინტერესო ხდება და ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, თავისი პოზიტიური წვლილი შეაქვს. 

_ მართალია, აზერბაიჯანული გაზის მარაგი არ შემცირებულა, მაგრამ რუსული დენი სომხეთში სწორედ საქართველოს გავლით, დავით ბეჟუაშვილის კომპანიის საშუალებით შედის. ყარაბაღის კონფლიქტი რუსული დენის სომხეთში რეექსპორტზე უარყოფითად ხომ არ აისახება? 

_ ზოგადად, ენერგომატარებლების განაწილების სქემაში საქართველოს რეგიონალური მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენი ქვეყანა ერთგვარი გამანაწილებელია. ჯერჯერობით, ამ მხრივ პრობლემა არ შეინიშნება, მაგრამ ვიმეორებ, თუ კონფლიქტი გაღრმავდება, დიდი საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებით იმ მხრივაც, რომ რუსეთი 2007 წლის ხელშეკრულების ამოქმედებას მოითხოვს, რომლითაც სამხედრო ტექნიკისა თუ ჯარის გატარების ნაწილში, საქართველოს ტერიტორია უნდა გამოიყენოს დერეფნად. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს და ამ დროს, შესაძლოა, გარკვეულ ექსცესებთანაც გვქონდეს საქმე... 

_ დავაზუსტოთ, რა შემთხვევაში აამოქმედებს რუსეთი 2007 წლის ხელშეკრულებას? 

_ მხოლოდ მაშინ, თუ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების მასშტაბი გაიზრდება. იმას ვგულისხმობ, რომ ამჟამად ბრძოლა მიმდინარეობს ყარაბაღის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიის დაბომბვას დაიწყებს, სხვათა შორის, სომხეთის მიერ, აზერბაიჯანის ერთგვარ პროვოცირებას უკვე ჰქონდა ადგილი, ვგულისხმობ განჯისა დაბომბვასა და TANAP-ის ნავთობსადენთან ახლოს, ბომბის ჩამოგდებას ანუ ამ ორი ფაქტით, კონფლიქტი ყარაბაღის ტერიტორიას გასცდა უკვე. მართალია, სომხეთმა დააზუსტა, რომ ორივე შემთხვევაში, ყარაბაღის ტერიტორიიდან ისროლესო, მაგრამ თუ ეს კონფლიქტი ყარაბაღის საზღვრებს გასცდება, საქართველო სერიოზული საშიშროების წინაშე დადგება. 

2007 წლის ხელშეკრულება კი რუსეთს ხელ-ფეხს უხსნის, რათა ამ ომში სომხეთის სასარგებლოდ ჩაერთოს. შესაბამისად, საქართველო დიდი საფრთხის წინაშე დადგება და იძულებული გახდება, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, მეტიც, უნდა მოახერხოს, რომ მხარეებმა მოილაპარაკონ და ცეცხლი შეწყვიტონ. 

_ თუ კონფლიქტი გაღრმავდება, ფაქტია, რომ ,,სოკარი’‘ საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგებას ვეღარ შეძლებს. ასეთ შემთხვევაში, რა გველის? მართალია, მცირე რაოდენობის რუსული გაზი ახლაც შემოდის, მაგრამ დავუშვათ, საომარი მოქმედებები ცუდი სცენარით განვითარდა, ერთადერთ ალტერნატივად რუსული გაზის იმპორტი გვრჩება, თანაც გაცილებით ძვირად, არ მეთანხმებით? 

_ აბსოლუტურად გეთანხმებით. თუ ეს კონფლიქტი არ მოგვარდება და პროცესები ნეგატიურად განვითარდება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ ანუ თუ რუსეთი საომარ მოქმედებებში ჩაერთვება, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ენერგოუსაფრთხოების მხრივ, სერიოზული პრობლემა შეგვექმნას _ საჭირო გახდება რუსული გაზის დიდი რაოდენობით იმპორტი. აქვე გავითვალისწინოთ, რომ ფაქტობრივად, თურქეთში, რომელიც ძალიან ძლიერი სახელმწიფოა, მას შემდეგ, რაც TANAP-ის პროექტი ამოქმედდა, 2020 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, სწორედ ამ მილსადენის საშუალებით, 3.5 მილიარდი კუბური მეტრი აირის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით, 23.6%-ით მეტია. მეტიც, TANAP-ის საშუალებით, თურქეთმა 10%-მდე შეამცირა რუსული გაზის იმპორტი. 

შესაბამისად, რუსეთს აწყობს, რომ საქართველოსაც მიჰყიდოს გაზი და რაც მთავარია, თურქეთი და ევროპის ქვეყნებიც რუსულ გაზზე იყვნენ დამოკიდებულნი. ეს უკვე დიდი პოლიტიკური თამაშია და ნამდვილად არ მინდა, საქმე აქამდე მივიდეს. ახლა მთავარია, აშშ-ისა და ევროპის პოლიტიკოსები აქტიურად ჩაერთონ, რათა ყარაბაღის კონფლიქტი შეჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, ამ საშიშროების წინაშე დავდგეთ, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას საგრძნობლად დააზარალებს. 

_ ორ მეზობელ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებების გარდა, საქართველო და ზოგადად, მთელი მსოფლიო, უხილავი მტრის _ კორონავირუსის საფრთხის წინაშეც დგას. ამ ფონზე, სურსათის დეფიციტი ან პროდუქტების გაძვირება ხომ არ გველის? 

_ სხვათა შორის, კორონავირუსის საფრთხის წინაშე რომ არ აღმოვჩენილიყავით, ეკონომიკური კრიზისი მაინც დღის წესრიგში დადგებოდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოში, საქონლის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 8 მილიარდ 121 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.35%-ით ნაკლებია. საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი, ფაქტობრივად, ამ მონაცემებით, 2 მილიარდ 403 მილიონი აშშ დოლარით ანუ 12%-ითშემცირებულია წინა წელთან შედარებით, იმპორტი კი 5 მილიარდ 717 მილიონი აშშ დოლარით ანუ 15%-ით ნაკლებია. 

რაც შეეხება კითხვას, გეტყვით, რომ დეფიციტი არა, მაგრამ სურსათის გაძვირება ნამდვილად გველის. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ბოლო დღეებში, საერთაშორისო ბირჟებზე, მარცვლეული კულტურების ინდექსები ხუთწლიანი მაქსიმუმისკენ დაიძრა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაძვირდა: სოიო, სიმინდი და ხორბალიც კი. ერთადერთი, ბრინჯი არ გაძვირებულა, მაგრამ ეს დიდად არაფერს ცვლის. 

ფასების ზრდას იმ გარემოების გათვალისწინებითაც ვვარაუდობ, რომ რამდენიმე წლის წინ, აშშ-ის ფედერალურმა სისტემამ, ინფლაციის გაანგარიშების მეთოდოლოგიდან სურსათსა და საწვავზე ფასების მატება ამოიღო. შესაბამისად, ინფლაციის მაჩვენებელს ითვლიან სურსათსა და საწვავზე ფასების ზრდის უგულებელყოფით. მაგალითად, ჩვენთან თუთუნი ამოიღეს ინფლაციის გაანგარიშების მეთოდოლოგიიდან. 

ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალი ტემპით მატულობს, ვიდრე სინამდვილეშია. მაგალითად, ამჟამად, აშშ-ში ინფლაციის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი 2%-ის ფარგლებშია და სწორედ ამ მაჩვენებელს იღებენ ფასის ორიენტირად, თუმცა როდესაც ფულად-საკრედიტო პოლიტიკას მართავენ, მეორე ბერკეტიც აქვთ ანუ მეორე ფაქტორსაც აკვირდებიან და ესაა დასაქმებულთა რაოდენობა. 

ამხელა შესავალი რატომ დამჭირდა, იცით? _ ხორბლის გაძვირებასაც რომ თავი დავანებოთ, როდესაც სიმინდის ფასი მატულობს, ჩათვალეთ, ხორცი, ნავთობი და ოქროც კი ძვირდება... 

_ რატომ, ბატონო ნიკა? 

_ აგიხსნით: სიმინდი გამოიყენება, როგორც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ასევე, ფრინველების საკვებად. შესაბამისად, როდესაც სიმინდი ძვირდება, ცხადია, ეს ხორცსაც აძვირებს. მეტიც, ფაქტობრივად, სიმინდისა და მარცვლეულის გაძვირება ოქროსაც აძვირებს, რადგან სიმინდის ფასზეა დამოკიდებული ნავთობიც. ეს იმიტომ, რომ ეთანოლის მისაღებად, რაც ბენზინის მისაღებადაა აუცილებელი, სიმინდი ძირითადი ნედლეულია. 

აქედან გამომდინარე, მომდევნო ოთხი-ექვსი თვის განმავლობაში, მარცვლეული კულტურებისა და სიმინდის გაძვირებას ბენზინის გაძვირება მოჰყვება იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ოპეკის ქვეყნები ნოემბერში. შესაბამისად, 4-6 თვის შემდეგ, მაღალი ალბათობით, ოქრო და ნავთობი გაძვირდება, რაც დოლარის კურსსაც შეასუსტებს. 

აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, 2021 წლის მარტსა და აპრილში, პურ-პროდუქტების, ხორცისა და შესაბამისად, რძის პროდუქტების გაძვირებასაც ველი. ეს პროცესი კი მომდევნო წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყება.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში