Menu
RSS

ვინ არიან და რა ბიზნესებს ფლობენ „ნაცმოძრაობის“ ძველი და ახალი სახეები

რა სკანდალი უკავშირდება აბდულა ისმაილოვს და ვისი მოთხოვნით ჩაწერეს ოპოზიციური პარტიის პროპორციულ სიაში

,,ნაციონალური მოძრაობა _ ძალა ერთობაშიას’‘ პროპორციული სია კვირაზე მეტია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშია. ,,ვერსია’‘ უკვე წერდა, რომ პარტიამ სია 1 ოქტომბერს, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე წარადგინა ცესკო-ში და საზოგადოება შოკში ჩააგდო, რადგან სიის პირველი ნომერი, მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა, თუმცა ,,ნაციონალები’‘ მხოლოდ ამ სიურპრიზით არ შემოფარგლულან _ ოპოზიციური გაერთიანების პროპორციულ სიაში რამდენიმე ,,ახალი’‘ და უცნობი სახე გვხვდება. ახალი პირობითად, თორემ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პარტიული სიით, საზოგადოება ამ ადამიანებს კარგად იცნობდა. ,,ვერსია’‘ ოპოზიციური გაერთიანების იმ ძველი და ახალი სახეებით დაინტერესდა, რომლებიც ,,ნაციონალების’‘ 177-კაციან სიაში არიან წარმოდგენილნი. მაშ ასე, თვალი გადავავლოთ, რა გზა გაიარეს რამაზ ნიკოლაიშვილმა, სულხან სიბაშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ, როლანდ ფიფიამ და დილარ ხაბულიანმა, ან ვინ არიან დავით ხაჯიშვილი და აბდულა ისმაილოვი, რა ქონებას ფლობენ ისინი და რომელ კომპანიებში აქვთ წილები.

 

ის, რომ ,,ძალა ერთობაშიას’‘ პროპორციულ სიაში მსხვილი ბიზნესმენები უხვად გვხვდებიან, არავისთვის უცხო და მოულოდნელი არ ყოფილა. კობა ნაყოფიას, ნატო ჩხეიძეს, კახა ოქრიაშვილსა და ცეზარ ჩოჩელს ხალხი კარგად იცნობს და შესაბამისად, მათზე აღარ შევჩერდებით. ამჯერად, სიის იმ წევრებს გაგახსენებთ, რომლებსაც წარსულში სხვადასხვა საჯარო პოსტები ეკავათ და მათაც გაგაცნობთ, რომლებსაც გამარჯვების შემთხვევაში, 2020 წლის პარლამენტში იხილავთ. 

* * * 

რამაზ ნიკოლაიშვილი _ საზოგადოებას ის კარგად ახსოვს, რადგან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო. დაიბადა 1965 წლის 17 ივნისს, თბილისში. 

რამაზ ნიკოლაიშვილი პროფესიით ეკონომისტი, ინჟინერი და იურისტია. 1990 წელს, დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით; 1997 წელს _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 2003 წელს კი _ ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 

1990-1993 წლებში, რამაზ ნიკოლაიშვილი ს/ს ,,თბილქალაქპროექტის’‘ ინჟინერ-კონსტრუქტორი იყო; 1993-1994 წწ. _ შემოქმედებითი გაერთიანება „სხივის“ ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1994-2000 წლებში _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინპექციის ოპერატიული სამმართველოში მუშაობდა; 2000-2003 წწ. _ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონში; 2003-2004 წლებში _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ; 2004 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა; 2005-2007 წლებში _ ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო; 2007-2008 წწ. _ შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2008 წელს იყო საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, კერძოდ, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში, სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი; 2008 წელსვე, რამაზ ნიკოლაიშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეც გახლდათ; 2008-2010 წწ. _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2010-2012 წლებში კი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი გახლდათ. 

ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის _ IDFI-ს ცნობით, რამაზ ნიკოლაიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს ორი წლის განმავლობაში იკავებდა. 2011 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მხოლოდ ერთი წლის მანძილზე, შემოსავლის სახით, მან 109 740 ლარი მიიღო; საშუალო, თვიური შემოსავალი 9 145 ლარი გახლდათ, სარგო _ 42 480 ლარი, პრემია/დანამატი კი _ 67 260 ლარი. 

რაც შეეხება რამაზ ნიკოლაიშვილის სამეწარმეო საქმიანობას, საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ’‘ საინტერესო ინფორმაციას მიაგნო. კერძოდ, 2011-2012 წლებში, ბატონი რამაზი ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს’‘ პარტნიორი და გამგეობის წევრი გახლდათ. ალბათ, გაინტერესებთ, მის გარდა, ვინ იყვნენ ამ სააგენტოს გამგეობის წევრები. არც მეტი, არც ნაკლები _ მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობა, ძალოვანი მინისტრების გარდა: ნიკა გილაური, ზაზა გოროზია, რამაზ ნიკოლაიშვილი, დიმიტრი გვინდაძე, ვერა ქობალია, ალექსანდრე ხეთაგური, გიორგი აბულაძე, კონსტანტინე კობახიძე, ეთერ ყამარაული და გიორგი ჯახუტაშვილი. 

სხვათა შორის, 2012 წლიდან, ისევ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში’‘ უკვე ,,ქართული ოცნების’‘ მთავრობის წევრებმა გადაინაცვლეს: ბიძინა ივანიშვილმა, დავით კირვალიძემ, დავით ნარმანიამ, ნოდარ ხადურმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დავით შერვაშიძემ, დავით გალეგაშვილმა, შალვა ფიფიამ და გიორგი ჩხეიძემ. 

* * * 

სულხან სიბაშვილი 2012 წლის ივლისში, შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშნეს, მაგრამ მანამდე, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გახლდათ. უფრო ადრე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო. 

2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ მინისტრის მოადგილის პოსტზე, სიბაშვილის წლიური შემოსავალი 32 940 ლარი იყო. 2013 წლის 14 მაისს შევსებული დეკლარაციიდან კი ირკვევა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობისას, მისი წლიური შემოსავალი 20 378 ლარი გახლდათ, გუბერნატორის პოსტზე კი 27 270 ლარი მიიღო. 

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ’‘ გაარკვია, რომ სულხან სიბაშვილი სამშენებლო ბიზნესშია ჩართული. მის სახელს უკავშირდება ორი კომპანია _ შპს ,,ევოლუშენ ბილდინგი’‘ და შპს ,,ჰაუსფროჯექთი’‘. 

სხვათა შორის, ორივე კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, სულხან სიბაშვილია. 

* * * 

გიორგი გოდაბრელიძეს საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსს. დაიბადა 1970 წლის 14 მარტს, თბილისში. პროფესიით ეკონომისტი, ინჟინერი და პოლიტიკოსია. 

1883 წელს, გიორგი გოდაბრელიძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 1994 წელს კი _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესისა და საგარეო ვაჭრობის ფაკულტეტი. 

1992-1993 წლებში, საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტში, საინფორმაციო პროგრამის წამყვანად მუშაობდა; 1994-1995 წლებში _ ს/ს ,,თბილუნივერსალბანკის’‘ მმართველის მოადგილე გახლდათ; 1997-2000 წწ. _ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში, ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი რწმუნებული; 2000-2003 წლებში _ თბილისის მერიაში, ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს უფროსად მუშაობდა;

 

2002-2003 წლებში _ თბილისის საკრებულოს წევრი გახლდათ; 2003-2004 წწ. _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2004-2005 წწ. _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2005-2007 წწ. _ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 2007-2008 წლებში _ შპს „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ადმინისტრაციული აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ; 2008-2012 წწ. _ საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ გამარჯვებული საქართველოსთვის“. 

მე-7 მოწვევის პარლამენტში, გიორგი გოდაბრელიძე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 

2012 წელს, გიორგი გოდაბრელიძემ ნაციონალურ მოძრაობას 3 000 ლარი, 2013 წელს კი 2 000 ლარი შესწირა. 

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ’‘ გაარკვია, რომ გიორგი გოდაბრელიძე შპს ,,სქაი ლოჯისთიქის’‘ დირექტორი გახლდათ, თუმცა მის სახელთან, რამდენიმე კომპანიაა დაკავშირებული: შპს ,,ზუგო’‘, შპს ,,ჯორჯია 360’‘, შპს ,,ლუგანო’‘ და შპს ,,გონი’‘. 

გარდა ამისა, 2011-2012 წლებში, გიორგი გოდაბრელიძე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი იყო. 

* * * 

დავით ხაჯიშვილს საზოგადოება ნაკლებად იცნობს, თუმცა ,,ვერსიამ’‘ გაარკვია, რომ ბატონი დავითი ბიზნესმენია. საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ კომპანიაში _ შპს ,,იამაიკა ყავა _ ჟამაიცა ჩოფფეე’‘, დავით ხაჯიშვილი 33%-იან წილს ფლობს, 67%-ის მფლობელია უკრაინის მოქალაქე, სვიატოსლავ ტერლეცკი, კომპანიის დირექტორია თეიმურაზ ხაჯიშვილი, თუმცა მოგვიანებით, დირექტორად თავად გვევლინება. 

რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობითვე, ,,ვერსიამ’‘ გაარკვია, რომ ამ კომპანიის გარდა, დავით ხაჯიშვილის სახელს სხვა კომპანიებიც უკავშირდება, კერძოდ: შპს ,,თრეველშოპ ბათუმი’‘, შპს IBERIA TRAVEL-ი, შპს MBCons-ი, შპს FOR TRAVELL-ი და შპს G & U GROUP-ი. 

* * * 

როლანდ ფიფიას საზოგადოება კარგად იცნობს, რადგან მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. როლანდ ფიფიას ძმა, რომან ფიფია ცნობილი ბიზნესმენია, რომელიც არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. რომან ფიფია საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს’‘ პრეზიდენტია. 

როლანდ ფიფია 1972 წლის 19 იანვარს, გაგრის რაიონის სოფელ სალმეში დაიბადა. 1996 წელს, მოსკოვის სამომხმარებლო კოოპერაციის უნივერსიტეტი, კომერციული საქმიანობის ორგანიზაციისა და საქონელმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა. 

2007-2008 წლებში, როლანდ ფიფია შპს „არგონათსში“, შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა; 2008-2012 წლებში _ საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და წარმოადგენდა საარჩევნო ბლოკს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ გამარჯვებული საქართველოსთვის“. მე-7 მოწვევის პარლამენტში, როლანდ ფიფია წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ. 

როლანდ ფიფიას ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი სამი შვილი _ დათო, ირაკლი და მარიამი რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, სარატოვში დაიბადნენ. შესაბამისად, 1997-2000 წლებში, როლანდ ფიფია სარატოვში ცხოვრობდა. ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავთ, რომ 2015 წელს ანუ მაშინ, როდესაც საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს’‘ გასხვისების ამბავი გახმაურდა, ,,ვერსიაში’‘ როლანდ ფიფიას ძმის, რომან ფიფიას შესახებ მორიგი, ჟურნალისტური მოკვლევა გამოქვეყნდა. 

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ჩემი მაშინდელი სტატიიდან: 

,,ქართველი ბიზნესმენი, რომან ფიფია, წლების მანძილზე, რუსეთში მოღვაწეობდა. ამიტომ მის შესახებ ინფორმაცია, ძირითადად, რუსული საიტების საშუალებით მოვიძიეთ. რომან ფიფია 1966 წელს, გაგრაში დაიბადა. 1983 წელს, რუსეთში გაემგზავრა და სარატოვში დასახლდა. მოსკოვის სამომხმარებლო კოოპერაციის ინსტიტუტისა და მოსკოვის მენეჯმენტის ინსტიტუტის სარატოვის ფილიალის დამთავრების შემდეგ, ვაჭრობასა და კვების მრეწველობაში მუშაობდა. 80-იანი წლების მიწურულს, ,,პერესტროიკის’‘ პერიოდში, კოოპერატივი დააფუძნა, რომელიც ძეხვეულს ამზადებდა. 

რუსული მედიის ცნობით, სარატოვში ფიფიას აღზევება გუბერნატორ აიაცკოვის სახელს უკავშირდება, რომელთანაც ქართველ ბიზნესმენს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, რომან ფიფიას სარატოვში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც გუბერნატორი აიაცკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ადგილობრივმა მედიამ, სარატოვში ფიფიას საქმიანობის გამოკვლევას რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიებაც მიუძღვნა. ამ მასალების მიხედვით, ფიფიას ბრალად ედებოდა თაღლითობა, გადასახადების დამალვა, სახელმწიფო კრედიტის უკანონოდ მიღება. ჟურნალისტური მოკვლევა სისხლის სამართლის საქმეს საფუძვლად დაედო და შედეგად, რომან ფიფიაზე რუსეთში ძებნა გამოცხადდა. ამის შემდეგ, რომან ფიფია საცხოვრებლად საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში გადავიდა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, რომან ფიფია სარატოვში რამდენიმე ტიპის ბიზენსს ფლობდა. სათავეში ედგა ჰოლდინგ ,,აგროროსს“ (რომელიც 15-მდე მსხვილ საწარმოს აერთიანებდა), ფლობდა კომპანია „ლიკსარს’‘ (ლიქიორებისა და სპირტიანი სასმელის ქარხანა, საფირმო მაღაზიების საკუთარი ქსელით), ბალაკოვის მდინარის პორტსა და გემთმშენებელ ქარხანას, სარატოვის მდინარის ტრანსპორტის საწარმოებს, ავიაკომპანია ,,სარავიას’‘ აქციების პაკეტს. გარდა ამისა, რომან ფიფია სარატოვის საფეხბურთო კლუბ „სოკოლის“ პრეზიდენტიც იყო. 

2007 წელს, რომან ფიფიამ თბილისში, რესტორან „არაგვის“ ტერიტორიაზე, თანამედროვე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და ბიზნესცენტრ ,,ჰაიატი თბილისის“ მშენებლობა წამოიწყო, რომელიც 150 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რომან ფიფიას კავშირების საილუსტრაციოდ, რუსული მედია რამდენიმე ფაქტს ასახელებს. ერთ-ერთ სტატიაში, ფიფიას ნათესავის, ნუგზარ ფიფიას ციტატა მოჰყავთ, როდესაც ეს უკანასკნელი რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს საელჩოში მრჩევლად მუშაობდა: „2003 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოში ხორბალი გაძვირდა, რის გამოც მოსალოდნელი იყო პურის კრიზისი. პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ ბიზნესმენები შეკრიბა და დახმარება სთხოვა. ჩვენც, მე და რომანმა, საქართველოში, ხორბლის გარკვეული რაოდენობა საჩუქრად ჩავიტანეთ, ქვეყანამ კი პურის კრიზისი დაძლია’‘. რუსული მედიის ინფორმაციით, ფიფია სააკაშვილისგან აფხაზეთის ვირტუალური პრეზიდენტის პოსტს ელოდა. შესაბამისად, შემთხვევითი არაა, რომ ფიფიას ძმა, როლანდ ფიფია, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. 

ბიზნესმენი რომან ფიფია, მილიონერი ქართველების სიაშიც გვხვდება. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი ქონება 500 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული. ამჟამად, რომან ფიფია საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს’‘ მფლობელია, სადაც რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა’‘. 

2011 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, როლანდ ფიფია ორ ავტომობილს ფლობს: ,,მიცუბიში პაჯერო’‘ და ,,მერსედესი ვიტო’‘. მის სახელზეა რეგისტრირებული 175 კვატრატული მეტრი ფარობის ბინა თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე და საცხოვრებელი სახლი ზუგდიდში _ 332 კვ.მ. ფართობით. მისი, როგორც დეპუტატის წლიური შემოსავალი კი 49 172 ლარი იყო. 

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, როლანდ ფიფიას სახელს უკავშირდება რამდენიმე კომპანია: შპს ,,როგი’‘, შპს ,,როგი +’‘, შპს ,,აზხიმია’‘, შპს ,,ჯეოხიმი’‘, შპს ,,მარსი 15’‘ და შპს ,,ეგიდა’‘. 

* * * 

აბდულა ისმაილოვის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ბიზნესმენია. საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ’‘ გაარკვია, რომ აბდულა ისმაილოვი ინდმეწარმე გახლავთ. რეესტრშიც ასეა რეგისტრირებული _ ინდმეწარმე ,,აბდულა ისმაილოვი’‘. 

დამატებით ის ვიცით, რომ მან, როგორც ინდმეწარმემ, რეგისტრაცია მარნეულში, 2015 წლის ოქტომბერში გაიარა. სხვა დანარჩენი, მაგალითად, რა სახის ბიზნესშია ჩართული, ან რას აწარმოებს, როგორც ინდმეწარმე, უცნობია. 

კარგად ინფორმირებულმა წყარომ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან, ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნა, რომ აბდულა ისმაილოვი ბაქოელი მეწარმეა (?!) და მის შესახებ არათუ მარნეულში, არამედ, ნაციონალურ მოძრაობაშიც კი არაფერი იციან(?!). 

,,ვერსიის’‘ წყაროს ცნობითვე, აბდულა ისმაილოვს აზერ სულეიმანოვიც კი არ იცნობს. კითხვაზე, ვინ და რა მიზნით ჩასვა ,,ნაციონალების’‘ პროპორციულ სიაში, კონფიდენტმა წყარომ ასე გვიპასუხა: 

,,აბდულა ისმაილოვს მხოლოდ სააკაშვილი იცნობს და სიაშიც მისი რეკომენდაციით ჩასვეს. ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა, რომ აბდულა ისმაილოვი ბაქოში დაუპირისპირდა ,,სოკარს’‘. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა მისით საკააშვილი და სიაშიც ამიტომ ჩასვა, რადგან საქართველოშიც სჭირდება პირი, ვინც ,,სოკარს’‘ დაუპირისპირდება’‘. 

* * * 

დილარ ხაბულიანს ყველა კარგად იცნობს, რადგან 1991-1992 წლებში, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 

დილარ ხაბულიანი 1952 წლის 24 ნოემბერს, დაბა ლენტეხში დაიბადა. პროფესიით იურისტი და ასევე, სპორტსმენია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1974-1977 წლებში, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტში ფიზკულტურის ინსტრუქტორად მუშაობდა; 1977-1979 წლებში _ სპორტული გაერთიანება „ქარიშხალას“ მწვრთნელი იყო; 1979-1981 წლებში _ საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტში მუშაობდა მწვრთნელად; 1981-1982 წწ. _ სპორტული გაერთიანება „ქარიშხალას“ მწვრთნელი; 1982-1990 წწ. _ ჭიდაობის სკოლის დირექტორი; 1990-2010 წწ. _ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი; 1991-1992 წწ. _ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; 2008-2012 წლებში _ საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით. 

ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის _ IDFI-ის ცნობით, 2011 წელს, დილარ ხაბულიანის, როგორც ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’‘ თავმჯდომარის მოადგილის წლიური შემოსავალი 51 366 ლარი იყო, საშუალო თვიური შემოსავალი _ 4 281 ლარი. სარგოს სახით 35 400 ლარი აქვს მიღებული, პრემია/დანამატის სახით კი _ 15 966 ლარი. 

2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დილარ ხაბულიანი თბილისში, ალ. ყაზბეგის ქუჩაზე ფლობს ბინას _ 300 კვ. მ. ფართობით და მსუბუქ ავტომობილს _ ,,მერსედეს ბენცს’‘. 

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ წლების წინ, დილარ ხაბულიანი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გამგეობის წევრი და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი; 2013 წელს, შპს ,,ახალი ბალკანის’‘ დირექტორი გახლდათ, ამჟამად კი ქართულ-ჩინური მეგობრობისა და ურთიერთობის ასოციაციის პარტნიორი და გამგეობის წევრია. 

დილარ ხაბულიანი გახლავთ შპს ,,ნორჩი დინამო-მერანის’‘ 50%-იანი წილის მფლობელი, შპს ,,სპორტული კლუბი მერანის’‘ 80%-იანი წილის მფლობელი და შპს ,,საფეხბურთო კლუბი მერანის’‘ 100%-იანი წილის მფლობელი. 

გარდა ამისა, დილარ ხაბულიანის სახელთანაა დაკავშირებული რამდენიმე კომპანია, კერძოდ: შპს ,,ევროიმმო’‘, შპს ,,არბოლი’‘, შპს ,,გეობითუმი’‘, შპს ,,გორგა +’‘, შპს ,,სპორტული კლუბი დუჩი’‘, შპს ,,გეომირი + სპორტტაიმი’‘, შპს ,,ძველი უბანი’‘ და შპს ,,მართვე 2011’‘.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში