Menu
RSS

რამდენი მილიონი უჯდება ბიუჯეტს საპარლამენტო არჩევნები

რა გრანტი მისცა აშშ-მ ცესკო-ს

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ბიუჯეტს 42 მილიონი ლარი უჯდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის _ ცესკო პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ,,ვერსიას’‘ განუმარტა, რომ ამ თანხაში შედის არა მარტო შრომის ანაზღაურება, არამედ, პარტიების დაფინანსება, ასევე, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა ხარჯებიც. მთლიანობაში, 2020 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკო 72 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნა, რომ ბიუჯეტიდან უწყებისთვის გამოყოფილი 72 მილიონი ლარიდან, უშუალოდ, პარლამენტის საარჩევნო ღონისძიებებისთვის, დაახლოებით, 42 მილიონი ლარია განსაზღვრული. მისი თქმით, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამების ხარჯებზე _ 2 მილიონზე მეტი ლარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა ხარჯებზე _ 7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. მეტიც, 42 მილიონ ლარში, სხვადასხვა ტიპის ხარჯებიც შედის, მაგალითად, საარჩევნო-საგანმანათლებლო, საარჩევნო ინსტიტუციის განვითარებისა და სამოქალაქო განათლების ხელშესაწყობად. 

,,ვერსიის’‘ კითხვაზე, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ხომ არ შეიცვალა ცესკო-ს ბიუჯეტი და ამ მიზნით, მიმართა თუ არა ფინანსთა მინისტრს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ანა მიქელაძემ გვიპასუხა: 

,,ამ ეტაპზე, კორონავირუსიდან გამომდინარე, ცესკო-ს ბიუჯეტში არანაირი ცვლილება არ შესულა. კომისიამ საკმაოდ დიდი გრანტი მიიღო ამერიკული მხარისგან, ოღონდ ეს არ იყო თანხა. ეს იყო დახმარება, რაც გულისხმობს პირბადეების, საინტარულ-ჰიგიენური საშუალებებისა და დეზინფექტანტების გადმოცემას საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რაც საკმაოდ მოცულობითი დახმარებაა’‘. 

ანა მიქელაძისვე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ცესკო-ს დამატებითი ფინანსური ხარჯები დასჭირდება, ცხადია, ადმინისტრაცია ფინანსთა სამინისტროს მიმართავს, თუმცა კიდევ ერთხელ დაგვიზუსტა, რომ ამ ეტაპზე, კორონავირუსიდან გამომდინარე, ხარჯების გაზრდის მიზნით, უწყებას სამინისტროსთვის არ მიუმართავს. 

რაც შეეხება ამერიკის დახმარებას, ,,ვერსიამ’‘ ამ ინფორმაციას აშშ-ის საელჩოს საიტზე მიაკვლია, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პირადი დამცავი აღჭურვილობა გადასცა: 

,,საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, ამერიკის შეერთებული შტატები სიამაყით აგრძელებს ქართველ პარტნიორებთან მუშაობას. Aმერიკის საელჩომ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პირადი დამცავი აღჭურვილობის ბოლო პარტია გადასცა. ეს დახმარება გაიცა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროექტის ფარგლებში და მოიცავს 73 000 აშშ დოლარის ღირებულების ,,ლატექსის’‘ ხელთათმანებს, სახის დამცავ ფარებსა და დეზინფექციის საშუალებებს. აღჭურვილობა ცესკო-ს დაეხმარება, რათა ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს’‘. 

საქართველოს პარლამენტის არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამისი სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა. 

საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის, ცესკო და 73 საოლქო საარჩევნო კომისია, საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას უზრუნველყოფს 3 657 საარჩევნო უბანზე. ცესკო-ს დადგენილებით, ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეებისთვის, შეიქმნება ორი _ ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნები.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში