Menu
RSS

ლარის რექვიემი _ „ძალიან რთული პროცესი გველის!“

რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის ვარდნა და გადაიდება თუ არა არჩევნები _ დემურ გიორხელიძის ანალიზი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის 29 სექტემბრის მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლართან მიმართებაში, 3.32 ლარამდე დაეცა. ეროვნული ვალუტის ვარდნა სექტემბრის დასაწყისდან დაიწყო და თითქმის ყოველდღიურად უარესდება. მართალია, 23 სექტემბერს, ქვეყნის მთავარმა ბანკმა კურსის დასასტაბილურებლად მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი გამოიყენა და გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ ლარის ვარდნას ამან მაინც ვერ უშველა. პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება სამმა ფაქტორმა გამოიწვია: წინასაარჩევნო გარემომ, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ზრდამ და შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებსა და საზოგადოებაში იმის შიშმა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის რაღაც ნაწილი შეიზღუდება. ბექა ლილუაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ყველანაირი რესურსი აქვთ, რომ პროცესი მართონ, თუმცა იქვე დასძინა, რომ ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე უნდა იყოს. მეტიც, პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ეკონომიკა გაჯანსაღების პროცესია, იქნება ეს ფულადი გზავნილები, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები თუ უცხოური ვალუტის წყაროებიდან შემოსული თანხები... 

რამ გამოიწვია ლარის კურსის ვარდნა და არის თუ არა ფუნდამენტური ფაქტორები ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი? _ ამ თემებზე ,,ვერსიას’‘ პროფესორი დემურ გიორხელიძე ესაუბრა.

_ ბატონო დემურ, რამ გამოიწვია ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა? 

_ საერთოდ, სხვანაირი სიტუაციაა და ამიტომ, ამასთან დაკავშირებით, ტრადიციული ახსნა სწორი არ იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კორონავირუსის გამო, მსოფლიოში ცუდი სიტუაციაა და საქართველოც ამის გავლენის ქვეშაა. თუ ობიექტურ პირობებს გავითვალისწინებთ, სრულიად გასაგებია, რომ არის პროცესები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება და ბიზნესი ვერ მართავს, შესაბამისად, იძულებულია, ამ მდგომარეობას მიუსადაგოს თავისი პოლიტიკა და საქმიანობა. მოკლედ, ახალი არაფერი ხდება, რადგან უკვე ათეული წელია, ლარის კურსი თითქმის ათჯერ და თხუთმეტჯერ თამაშობს, რაც ძალიან ცუდია, კურსის რყევის ამპლიტუდაა ძალიან ცუდი და გასაგებია, რომ ეს არასწორი პოლიტიკისა და რეგულაციების ბრალია. 

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის პრობლემას, ლარს ორი ფუნდამენტური პრობლემა აქვს, რომელიც 20 წელზე მეტია, საქართველოს ხელისუფლებებს არ უნდათ, გაიგონ... 

_ და ეს პრობლემა, რისი გაგებაც ხელისუფლებებს არ სურთ, რა არის? 

_ ესაა პრობლემა, როცა ეკონომიკისა და ფულის მასის მოცულობა ანუ ე.წ. M2 აგრეგატი ერთმანეთს არ შეესაბამება და ფაქტობრივად, საკუთარი ფულით, საკუთარივე მწირი ეკონომიკა 18-20%-ითაა გადაფარული. გასაგებია, რა სიჩქარით უნდა იბრუნოს ფულმა, რომ მოთხოვნა დააკმაყოფლოს, ამიტომაა ქართული სივრცე გადატენილი დოლარიზაციის უზარმაზარი კოეფიციენტით, რაც კიდევ უფრო ანგრევს ეკონომიკას და რაიმე გათვლების საშუალებას სპობს. 

მეორე ფუნდამენტური პრობლემა ცუდად სტრუქტურირებული ქართული ეკონომიკაა. ეს არის მისი დარგები, რომლებიც აბსოლუტურად არარაციონალურია, მათ შორის, ფინანსური და ადამიანური რესურსები, მათი ალოკაცია აბსოლუტურად არასწორია. ფაქტობრივად, რესურსების მახინჯი განაწილება გვაქვს, რაც მათ არაეფექტურად გამოყენებას იწვევს. ამას დაუმატეთ მთელი ქვეყნის ჩამოკიდება იმპორტზე, როცა სტაბილური სავალუტო შემოსავლები არ გაგაჩნია ანუ ექსპორტი მწირია და რამდენჯერმე ჩამორჩება იმპორტს, შემოსავლების უდიდეს ნაწილს კი ადამიანები საზღვარგარეთ წასული საკუთარი ოჯახის წევრების გადმორიცხვებით იღებენ, რაც ასობით მილიონი დოლარია და გარკვეულწილად ლარის კურსის გამაგრებასაც ხელს უწყობს. 

ეკონომიკის სიმახინჯეს ისიც განაპირობებს, რომ ძირითადად, ტურიზმზეა აგებული და ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში ყველა ქვეყანა განწირული იქნებოდა, რადგან ტურისტებს, უბრალოდ, ვერ მიიღებდნენ და ასეც მოხდა. შესაბამისად, ის შემოსავალი, რაც ტურიზმის სფეროზე იყო გათვლილი, ცხადია, ვერ მივიღეთ. ამდენად, პრემიერ-მინისტრის ბატონი მრჩეველი არასწორად ამბობს, რომ ლარის კურსის გაუარესების ფუნდამენტური პრობლები არ არსებობს, არსებობს და თანაც ძალიან სერიოზული! 

რაც შეეხება სუბიექტურ ფაქტორებს, ესაა გაუმართავი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მკაცრად ჩამოყალიბებული არ არის და ამ პოლიტიკის შესრულების ფუნქციები მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის გამიჯნული არაა. ვერ ვხედავ, რომ მაკროეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და დასაქმებაა. არცერთი მათგანი ეროვნული ბანკის იმ ნაწილში, რომელიც მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელია და რასაც მონეტარული ანუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ჰქვია, ასახული არაა. ვერც ბატონი გვენეტაძე იტყვის, რომ მისი ფუნქცია ოდესმე ყოფილა ეკონომიკური ზრდა ან დასაქმება, რადგან ასეთი ფუნქცია მისთვის არავის დაუვალებია. ეს არის საქართველოს პარლამენტის ბრალი, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში, როგორც ეკონომიკურ, ისე საშინაო და საგარეო პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს, სხვები კი ასრულებენ. საქართველოს პარლამენტი ამ ფუნქციას პროფესიულ დონეზე არ ასრულებს, მას არ შეუძლია ასეთი ამოცანების დასმა და გასაგებია, რომ ამგვარი პრობლემების წინაშე ვართ. 

პრემიერ-მინისტრის ბატონი მრჩეველი მართალია, რომ ნეგატიური განწყობებია. როგორ შეიძლება, არ იყოს ნეგატიური განწყობები, როდესაც მთავრობაცა და ეროვნული ბანკიც არ გვეუბნება იმ მთავარ ამოცანებს, რაც შეარბილებს მდგომარეობას. გიმეორებთ, ვერ დაძლევს საქართველოს მთავრობა ამ კრიზისს, რადგან ეს მსოფლიო დონის კრიზისია, კიდევ უფრო სერიოზულად გაუარესდება მდგომარეობა მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც. ამიტომ, დიახ, ნეგატიური განწყობებია! დიახ, ეპიდემიის გავრცელებამ შეიძლება ჩაკეტოს ქვეყნები! გასაგებია, რომ ქვეყანა იმპორტზეა ჩამოკიდებული, ადამიანებს ეშინიათ, რის გამოც ფასები იზრდება და სავალუტო რესურსების მარაგს იკეთებენ, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება. 

კიდევ კარგადაა საქმე და ვუსურვებდი მთავრობას, რომ დღევანდელი ვარდნა და კურსი როგორმე შეინარჩუნოს. შესაბამისად, ზერელედ საუბარი, რომ ყველაფერი კარგადაა და პრობლემები არ გვაქვს, ხალხი ცუდად ფიქრობს და ყველაფერი ამის ბრალიაო, უკვე დიდი შეცდომაა. ხალხს ნეგატიური მოლოდინები იმიტომ კი არ აქვს, რომ ცუდები არიან და მთავრობა არ მოსწონთ, არამედ, იმის გამო, რომ საშიში სიტუაციაა და მისი განეიტრალება ან შერბილება, მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია. 

_ ბევრი თქვენი კოლეგა გამართლებულად არ მიიჩნევს ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, რაც ლრის კურსის დასასტაბილურებლად ქვეყნის მთავარი ბანკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. საზოგადოების ერთი ნაწილის მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება რას უნდა დავაბრალოთ? 

_ აქ ორი საკითხი უნდა განვასხვავოთ: პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური შეფასებები, რასაც არ ვეხები, რადგან პოლიტიკური ოპონენტი იმისაა, თეთრი შავად მოგაჩვენოს და ხალხს აჩვენოს, რომ კარგი გადაწყვეტილება, შეიძლება, ძალიან ცუდი იყოს. რა თქმა უნდა, ინტერვენცია ერთ-ერთი ინსტრუმენტი და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, მისი არც იგნორირება შეიძლება და არც _ ბოროტად გამოყენება. როდესაც სიტუაცია ფუჭდება და ალტერნატიულ ინსტრუმენტებს დროულად არ იყენებ, ინტერვენციას ერთი მიზანი აქვს _ დროებით მაინც შეამსუბუქოს სიტუაცია. ახლა ისეთი განწყობებია, 200 მილიონი რომ ერთდროულად გამოიტანოს ეროვნულმა ბანკმა, შესაძლოა, ლარის კურსი ოდნავ დასტაბილურდეს, ისიც დროებით. ამიტომ საჭიროა, მთავრობისა და ეროვნული ბანკის კომპლექსური საქმიანობა, შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაგვიანებული ნაბიჯია. მთავარია, ეროვნულმა ბანკმა სწორად იმოქმედოს, როგორც დოლარის გაყიდვის, ასევე, მისი შესყიდვის დროს. 

_ პრემიერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეკონომიკა და ეკონომიკური საქმიანობა არ შეიზღუდება, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ ყოველდღიურად მატულობს ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, რაც ცალსახად, ლარის კურსსა და ბიზნესზეც უარყოფითად მოქმედებს. 

_ ცხადია, გავლენას ახდენს. ექიმი არ ვარ და კორონავირუსისა და ეპიდემიის თემაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამაში არც მთავრობაა დამნაშავე და არც _ ეროვნული ბანკი. თუ კიდევ გაიზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობა, რა თქმა უნდა, ეკონომიკას შეაჩერებს, თუმცა იქნებ, არ გაჩერდეს და ამიტომაცაა საჭირო ხელისუფლება. ვირუსით მილიონი ადამიანი უკვე გარდაცვლილია მთელ მსოფლიოში, ტემპი არ ჩერდება, საშიში ვითარებაა და როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გვაქვს. 

არანაირი პოსტპანდემია არ გვაქვს, აღმავალ ფაზაში შევდივართ და ჯერ კიდევ არ ვიცით, სად არის პიკი, არც ის ვიცით, როდის იქნება დაცემა. არ იქნება ეს მთელ მსოფლიოში ერთწლიანი ამბავი, წინ ძალიან რთული პროცესი გველის და ამ უბედურებიდან თავის დასაღწევად, მსოფლიოს წლები დასჭირდება. როგორც წესი, ასეთი ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, სულ ცოტა 5-10 წელია საჭირო. საქართველოც ამ პრობლემის ნაწილი იქნება და ჩვენთვის მთავარია, როგორმე ვარდნა და დანაკარგების მინიმიზაცია მოხერხდეს. დღეს, სხვაზე ვერაფერზე ვისაუბრებთ, ვერავითარი აღორძინებისა და პოსტკრიზისული პროგრამებით. რომელ პოსტკრიზისზეა საუბარი, ჯერ პიკი არ გაგვივლია და არ ვიცით, სად არის ვარდნა, სად იქნება ფსკერი, როდესაც უკვე შესაძლებელი იქნება სწორი პოლიტიკის განსაზღვრა. 

_ მართლაც, საომარ მდგომარეობაში ვართ, ოღონდ უხილავ მტერთან. ამ მძიმე სიტუაციაში, საპარლამენტო არჩევნებიც დაგვემატა. როგორ უნდა მართოს ხელისუფლებამ ეს კრიზისი? 

_ ფაქტობრივად, უკვე გიპასუხეთ. ახლა მთავარია, აქტიურობის შენარჩუნება, გარდა ამისა, ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ის, რაც აუციელებელია საქმის საკეთებლად. რაც შეეხება არჩევნებს, 30 წელია, საქართველოში არჩევნები დესტაბილიზაციის წყაროა. სინამდვილეში, ნორმალურ ქვეყანაში არჩევნები კადრების როტაციაა, მაგრამ ჩვენთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, თეთრისა და შავის დატაკებაა, არიქა, მის ნაცვლად სხვამ თუ გაიმარჯვა, დაიქცევა ქვეყანა! ბუნებრივია, ამ მხრივ ახალი არაფერი ხდება და თუ ამ ერთ თვეში ეპიდემიის ძალიან ცუდი მაჩვენებლები გვექნება, როგორც მოქალაქე, ვერ ვხედავ ტრაგედიას, რათა არჩევნები რამდენიმე თვით გადავდოთ. ესაა ჩემი მოსაზრება, რადგან ამ ქვეყნაში სტაბილური სიტუაცია უფრო მაინტერესებს, სადაც ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა გარანტირებული იქნება. მოდით, ასე ვთქვათ, ცუდი სიტუაციის წინა მდგომარეობაა, ღმერთმა ქნას, ეპიდმდგომარეობა არ გაუარესდეს, თორემ არჩევნები ამ სიტუაციასთან შედარებით, მეორეხარისხოვანი თემაა.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში