Menu
RSS

ძველი და ახლადგამომცხვარი პოლიტიკოსების ახალი ეკონომიკური დაპირებები

როგორ გეგმავენ ქვეყნის აყვავება-დამშვენებას „ლელო“, „ნაცები“, „ევსაქები“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“

2020 წლის წინასაარჩევნო კამპანია ნელ-ნელა ეშხში შედის. თუ კონკრეტულ რეგიონს არ ჩავთვლით, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეხლა-შემოხლა ხდება, წლევანდელი კამპანია უჩვეულოდ მშვიდად მიმდინარეობს, რასაც პოლიტიკოსების სიმწიფეს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამ სიმშვიდის მიზეზი კორონავირუსი, პოსტპანდემიის პერიოდი და ყველაფერ ამასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაა, რაც ცხადია, წინასაარჩევნო კამპანიაზეც აისახება. ერთადერთი, რასაც კორონავირუსს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების ეკონომიკური მიმართულებების მეტ-ნაკლებად ადეკვატური, პოლიტ-ეკონომიკურად სწორი და რეალურად შესასრულებელი გზავნილებია. შესაბამისად, პოლიტიკოსების სიმწიფეც სწორედ ამ ნაწილში გამოჩნდა, რაც მათივე წინასაარჩევნო კამპანიის მსუყე აქტივად ითვლება. 

ტოპ-სამეულის ცნება მაღალი მოდის ექსპერტებისთვის უცხო არაა. გარდა იმისა, რომ სიტყვათა ეს კომბინაცია ამა თუ იმ ტრენდული ნივთის ან აქსესუარის ექსკლუზიურობას უსვამს ხაზს, იმაზეც მიანიშნებს, რომ იმით, რაც სეზონის მოდის ,,კივილად’‘ ითვლება, მხოლოდ ტოპ-სამეული თუ შედგება. იშვიათად გვხვდება ხუთეული, მაგალითად, ხუთი მოდური ნივთი ან ხუთი მოდური აქსესუარი. ათეულები კი, ვფიქრობ, მსოფლიო დონის სუპერმოდელებით უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან ათი მოდური აქსესუარი უკვე ექსკლუზიურობას კარგავს, ყოველდღიურობის შეგრძნებას აჩენს და ,,ქეჟუალ’‘ სტილში გადადის... 

გაინტერესებთ, პარტიების წინასაარჩევნო ეკონომიკური გზავნილების ტოპ-სამეული? მაშ, ასე, წარმოგიდგენთ 2020 წლის ზაფხული- შემოდგომა (მერე, რა, რომ სეზონების ამგვარ კომბინაციას მაღალი მოდა არ აღიარებს, სამაგიეროდ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს ასახავს) სეზონის ეკონომიკური დაპირებების ტოპ-სამეულს: გადასახადების, საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთების შემცირება და მედიკამენტების გაიაფება. ისე, აქტუალობას არც ისეთი მარადიული დაპირებები კარგავს, როგორებიცაა უმუშევრობის აღმოფხვრა, სიღარიბის დაძლევა და ახალი სამუშაო ადგილები, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში, თითქმის ყველა წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი და ლაიტმოტივია. შესაბამისად, იმდენად მივეჩვიეთ, გავითავისეთ და შევისისხლხორცეთ, რომ კარგა ხანია, ამგვარი დაპირებები წინასაარჩევნო კამპანიების ,,ქეჟუალად’‘ იქცა. 

იმის მიუხედავად, რომ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ყველა პოლიტსუბიექტს არ გაუმართავს, მათ შორის, არც სახელისუფლებო გუნდს, ტრადიციულად, ,,ვერსია’‘ წინასაარჩევნო პერიოდში, იმ პოლიტიკური პარტიების პროგრამების ეკონომიკური მიმართულებების მიმოხილვას გთავაზობთ, რომლებსაც პროგრამები უკვე მზად აქვთ. ვეცდებით, არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითადი პარტიის დაპირებები მიმოვიხილოთ, რუბრიკას კი ოპოზიციური ფლანგის გზავნილებით ვხსნით. ,,ქართული ოცნებისა’‘ და სხვა პარტიების პროგრამებს მოგვიანებით, მათი პრეზენტაციების პარალელურად გაგაცნობთ.

ლელო საქართველოსთვის 

სტატიას ,,ყვითლების’‘ პროგრამის მიმოხილვით იმიტომ კი არ ვიწყებ, რომ ,,ლელო საქართველოსთვის’‘ ახლადშექმნილი, სულ რამდენიმე თვის პარტიაა, რაც დიდ ინტერესს იწვევს, არა, ყურადღებას მამუკა ხაზარაძის ,,მარშალის გეგმა’‘ ანუ საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა იქცევს. პარტიის წევრთა განცხადებით, ,,მარშალის გეგმა’‘ ქვეყნის ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციას გულისხმობს. 

ახლა, დეტალურად გავეცნოთ ,,ლელოს’‘ სტრატეგიული დოკუმენტის მთავარ გზავნილებს: ,,ძლიერი საშუალო ფენა _ 600 000 ადამიანი, 3 000 ლარზე მეტი თვიური შემოსავლით და 200 000 ახალი სამუშაო ადგილი; გლეხი ძლიერ ფერმერად და არცერთი გოჯი დაუმუშავებელი მიწა საქართველოში; არცერთი მარტოხელა მოხუცი სახელმწიფო ზრუნვის გარეშე; გარანტირებული პირველი სამსახური ყველა ახალგაზრდას და ახალგაზრდა ოჯახებისთვის პირველი სახლის თანადაფინანსება; სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ჩართულობით; მეტი ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი ქვეყნის მართვის სადავეებთან’‘. 

„ლელო“ გვთავაზობს მოდელს 3.2.1., რაც გულისხმობს 3 მილიარდიან საგარანტიო ფონდს _ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, 2 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს _ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და 1 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს _ ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიებისთვის. გარდა ამისა, ,,ლელო’‘ ხაზგასმით აცხადებს, რომ სრულიად შესაძლებელია, საერთაშორისო სტატუსის მქონე საფონდო ბირჟა, სწორედ საქართველოში დაფუძნდეს. თუ ასე მოხდება, სავალდებულო გახდება, რომ სახელმწიფო ლიცენზირებულმა კომპანიებმა აქციების 20% საფონდო ბირჟაზე განათავსონ. მეტიც, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაც საფონდო ბირჟის საშუალებით განხორციელდება და თითოეულ მოქალაქეს საშუალება ექნება, რათა საწარმოების თანამფლობელი გახდეს. 

გარდა ამისა, ,,მარშალის გეგმა’‘ საერთაშორისო არბიტრაჟის დაფუძნებასაც ითვალისწინებს. ეს იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა – 3.7 მილიონია, 1.5 მილიონი ემიგრანტი გვყავს, 450 000 _ სოციალურად დაუცველი და 235 000 _ უმუშევარი. ბოლო 10 წელში, უცხოური ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ერთ სულ მოსახლეზე, მთლიანი შიდა პროდუქტით 104-ე ადგილზე ვიმყოფებით, ბედნიერების ინდექსში 119-ე ადგილს ვჯერდებით. საქართველოს მოსახლეობის 1.5% ანუ 64 000 ადამიანი საშუალო ფენას წარმოადგენს. საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, ევროპის მასშტაბით კი, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა ვართ. ესაა სამწუხარო რეალობა და სწორედ ამ რეალობის შეცვლას აპირებს ,,ლელო’‘: 

,,ბედნიერი მოქალაქე – ძლიერი სახელმწიფო. ამ პროგრამით, „ლელოს“ მიზანია, აქციოს საქართველო რეგიონის ფინანსურ, ლოგისტიკურ, კულტურულ, ინოვაციურ ცენტრად, შექმნას ძლიერი საშუალო ფენა. 4 წელიწადში უნდა დასრულდეს ყველა სტრატეგიული მეგა-პროექტი, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ძირითადი გზა და ავტობანი, რკინიგზის სრული მოდერნიზაცია, ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია’‘. 

აუცილებლად და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ,,ლელო’‘ ემიგრანტების დაბრუნებისა და ემიგრაციაში იძულებით წამსვლელთა რაოდენობის შემცირების პოლიტიკასაც გაატარებს. კერძოდ, ,,ყვითლები’‘ შექმნიან წარმატებულ ემიგრანტთა ანუ მეცნიერთა და ბიზნესმენთა მუდმივმოქმედ საბჭოს. ემიგრაციიდან დაბრუნებულთათვის კი სპეციალურ პროგრამებს აამოქმედებს და შეღავათებსაც დააწესებს. 

მართალია, ,,მარშალის გეგმასთან’‘ არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, სიტყვა მევახშის მნიშვნელობა განმარტა: ,,ქართული სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, მევახშე არის კერძო პირი, რომელიც სარგებელის მიღების მიზნით, ფულის გასესხებითაა დაკავებული’‘ და იქვე დასძინა, მევახშეობა ავკრძალოთო. ხაზარაძის ამ ინიციატივას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საერთოდაც, ამგვარი განმარტება იმიტომ დასჭირდა, რომ პოლიტიკური ოპონენტები ,,ლელოელებს’‘ მევახშეებად მოიხსენებენ. 

დიახ, კომერციული ბანკების მფლობელები და ზოგადად, ბანკირები მევახშეები ნამდვილად არ არიან, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს ანუ ბოლო ცვლილებით, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ზედა ზღვარი განსაზღვრა, ხოლო საბანკო სესხების წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთად მაინც 47% ან 49% ფიქსირდება, რაც აშკარად კაბალურ პირობებზე მიუთითებს, აღარ გაგიკვირდეთ, რომ პოლიტიკური ოპონენტების გარდა, უბრალო, რიგითი მოქალაქეებიც კი, ბანკირებს მევახშეებთან აიგივებენ... 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ ძალა ერთობაშია 

ამ საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო კამპანიის უმთავრესი სლოგანია: ,,ჩვენი ხედვა _ მდიდარი ქვეყანა, ძლიერი ოჯახები’‘. ახლა, დეტალურად გავეცნოთ, როგორია ,,ნაციონალების’‘ ეკონომიკური ხედვა და რა გზავნილებით მიმართავენ საკუთარ ამომრჩევლებს: 

,,ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკის ვარდნა, გაჭირვება, კრიმინალი, უპერსპექტივობა. მდიდარი ქვეყანა _ ძლიერი ოჯახებით, _ ესაა ჩვენი ხედვა და სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს ოჯახების კეთილდღეობისა და წარმატების ხუთპუნქტიანი მთავარი გეგმა:

შევქმნით 300 000 ახალ სამუშაო ადგილს; საშუალო ხელფასი გაუტოლდება 2 000 ლარს; ყველა მოქალაქე საყოველთაო ჯანდაცვაზე ბევრად მეტით, დაზღვევის პრემიუმ-პაკეტით ისარგებლებს; მედიკამენტების ფასები განახევრდება, გამოკვლევები _ უფასო, ხოლო სერვისი მრავალფეროვანი გახდება; განათლების დაფინანსებას გავაორმაგებთ; პენსია გახდება 400 ლარი; საშემოსავლო გადასახადს გავაუქმებთ, რათა მეტი შემოსავალი დარჩეთ ოჯახებს’‘. 

ზოგადად, ამა თუ იმ გადასახადის შემცირება და მით უფრო, მისი გაუქმება საშუალო სტატისტიკური გადამხდელისთვის მართლაც პოზიტიური გზავნილია. ოღონდ, სასურველი იქნება, რომ ნებისმიერი დაპირება რეალურად შესრულდეს და ფუჭ ოცნებად არ იქცეს. ვფიქრობ, საშემოსავლო გადასახადის შემცირება გაცილებით უფრო რეალური გზავნილი იქნებოდა, ვიდრე მისი მთლიანად გაუქმება, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომელიც უტყუარი ჭეშმარიტება ნამდვილად არ გახლავთ. 

ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების ნაწილში, ,,ნაციონალები’‘ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს 1 500-ლარიან ვაუჩერებს გადასცემენ, რასაც ოჯახი გამოიყენებს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბაღშიც. 

,,სასკოლო განათლების დაფინანსება გასამმაგდება: სკოლის მოსწავლეებს, ყოველწლიურად, 2 000-ლარიან სასკოლო ვაუჩერს გადასცემენ, რასაც კერძო ან საჯარო სკოლებში გამოიყენებენ. საჯარო სკოლის ყველა მოსწავლისთვის გათვალისწინებულია უფასო სადილი. სტუდენტებისთვის განათლების დაფინანსება გაორმაგდება, მათთვის 4 500-ლარიანი ყოველწლიური სახელმწიფო გრანტია გათვალისწინებული’‘. 

ამავე პროგრამის მიხედვით, ჯანმრთელი ოჯახის ნაწილში, მედიკამენტების ფასების განახევრებაა გათვალისწინებული, რაც ოჯახის თითოეულ წევრს შეეხება. ჯანმრთელი ოჯახი მოიცავს სრულ პროფილაქტიკურ კვლევებსა და საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესებულ სერვისებს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ, 400-ლარიან კერძო პრემიუმ დაზღვევას. 

ჯანმრთელი ოჯახის ნაწილში, დეტალურადაა ახსნილი, რატომ და რა მიზნით გააუქმებენ ,,ნაციონალები’‘ საშემოსავლო გადასახადს: ეს იმიტომ, რომ თუ დასაქმებულს ხელფასიდან აღარ ჩამოეჭრება საშემოსავლო გადასახადი ანუ 20%, მას გაცილებით მეტი თანხა დარჩება და შეძლებს, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე უკეთ იზრუნოს. 

საშემოსავლო გადასახადის გაუქმების გარდა, დასაქმებულებს ,,ნაციონალები’‘ ყოველწლიურად მზარდ ხელფასსაც პირდებიან, ოღონდ იმ დათქმით, რომ საშუალო ხელფასი 2 000 ლარი იქნება. 

რაც შეეხება სამსახურის მაძიებლებს, მათთვის 300 000 ახალი სამუშაო ადგილია გათვალისწინებული, რაც ეკონომიკური რეფორმებითა და ქვეყანაში დამატებით შემოსული 10 მილიარდი დოლარის საშუალებით შეიქმნება. 

ევროპული საქართველო 

,,ევსაქების’‘ წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი სერიოზული დოკუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ღრმა ეკონომიკური, პოლიტიკური და ინსტიტუციური კრიზისიდან გამოყვანას; სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. საარჩევნო პროგრამა მოამზადა პროფესიონალთა საუკეთესო გუნდმა ბიზნეს-საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, საუნივერსიტეტო წრეებთან მრავალჯერადი დისკუსიის, კონსულტაციებისა და აზრთა შეჯერების გზით. 

,,გამოსავალს ერთი მხრივ, გადასახადების დაწევაში, ხოლო მეორე მხრივ, ბიუჯეტის სწორად გადალაგებაში ვხედავთ, რომ ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადებით, ისევ ხალხმა ისარგებლოს და არა ბიუროკრატიამ. ჩვენი მიდგომაა – ნაკლები ფული ბიუროკრატიას, მეტი თანხა ხალხსა და ბიზნესს. „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე იქნება ორიენტირებული’‘. 

ახლა, დეტალურად გავეცნოთ, რას გულისხმობს ,,ევროპული საქართველოს’‘ წინასაარჩენო პროგრამა: ესაა ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზის შემცირება 25%-ით, რაც შეაფერხებს ფასების ზრდას; დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) დაუბეგრავი ბრუნვის ზღვარის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდას; დღგ-ს 18%-ის შემცირებას 16%-მდე; განაწილებული მოგების 15%-იანი გადასახადის შემცირებას 10%-მდე; საშემოსავლო გადასახადის შემცირებას 20%-დან 10%-მდე; ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას; მთავრობის საკუთრებაში არსებული მიწისა და ქონების ხალხისთვის დაბრუნებას; აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას, საერთაშორისო ფონდებისა და ინვესტიციების მოზიდვას; რაიონების ბიუჯეტში მეტი ფულის დატოვებას; სამთავრობო ხარჯების 2 მილიარდით შემცირებას; მთავრობის ზომის შემცირებას მშპ-ის 20%-მდე, არაუგვიანეს 2024 წლამდე; სესხებთან, მშენებლობასთან და სხვა დაკავშირებული რეგულაციების შემცირებას; ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმების შემუშავებას. 

,,ამ გეგმის მიხედვით, შევქმნით 100 000 სამუშაო ადგილს და თითოეულ ოჯახს დარჩება 2 000 ლარზე მეტი. ამასთან, ,,ევროპული საქართველოს’‘ მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც საპენსიო სქემაში ჩართვის ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული, საშემოსავლო გადასახადის ნაწილის ხარჯზე, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ზრდას ითვალისწინებს. აღნიშნული სისტემის მიხედვით, მოქალაქე მაშინ დაიბრუნებს ფულს, როცა დასჭირდება. ეს ზომები, პირველივე წელს, ჯამში 1.2 მილიარდ ლარზე მეტს ჩატოვებს ეკონომიკაში და დაეხმარება, როგორც საერთო ეკონომიკურ, ისე ასიათასობით ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას. ,,მცირე მთავრობის’‘ მოდელის რეალურად დანერგვით, დაბალი გადასახადებით, ადამიანებისა და ბიზნესის საქმიანობაში ნაკლები ჩარევით, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნით, ფისკალური დისციპლინითა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის განხორციელებით, შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ყოველივე ამის შედეგად – მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის უზრუნველყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის’‘. 

გადასახადების შემცირების პირობებშიც კი, ბიუჯეტში საკმარისი რესურსი დარჩება მიზნობრივი სოციალური პროგრამებისთვის, რათა 2021 წლიდან, შესაძლებელი იყოს, როგორც პენსიისა და სოციალურად დაუცველების, ასევე, დევნილებისა და შშმ პირების შემწეობების გაორმაგება. იმავდროულად, ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველყოფს ღირსეულ პენსიას მომავალი პენსიონერებისათვის. 

სტრატეგია აღმაშენებელი 

სტრატეგია აღმაშენებელი საკმაოდ სერიოზული დოკუმენტია, რომლის პრეზეტაცია წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნისთანავე გაიმართა. ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ დროა, პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი სერიოზულობით აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია და პოლიტიკურ დებატებშიც საკუთარი პროგრამებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მართალია, არჩევნებამდე ორი ან სამი კვირით ადრე დაწერილ პროგრამასაც აუცილებლად წავიკითხავ და გავაშუქებ კიდეც, მაგრამ უმჯობესია, პოლიტიკოსებს საკუთარი პროგრამები წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებისთანავე მზად ჰქონდეთ. 

სტრატეგია აღმაშენებლის პრეზენტაციაზე, გიორგი ვაშაძემ ხუთი მთავარი დაპირება ამცნო საზოგადოებას, რასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს: 

,,4 წელიწადში, 300 000-მდე სამუშაო ადგილი, დეტალურად გაწერილი გეგმით შეიქმნება. კერძოდ: 95 000 სამუშაო ადგილი _ 9 ახალ ინდუსტრიულ პარკში, რომელიც აშენდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; 30 000 სამუშაო ადგილი _ სამ Iთ ქალაქში; 90 000 სამუშაო ადგილი _ საქართველოს აგრარულ სექტორში საქართველოს მასშტაბით; 21 000 სამუშაო ადგილი _ 3 000-მდე ახალ, პატარა ზომის სასტუმროში; 15 000 _ დიდი ზომის ბრენდული სასტუმროების ინდუსტრიაში; 40 000 _ აპარტ-ჰოტელის ინდუსტრიაში’‘. 

2021 წლიდან, გიორგი ვაშაძე ,,ჯუნიორი’‘, ყველა საბანკო სესხზე არსებული პროცენტის განახევრებას აპირებს. შედეგად, საქართველოში არსებული ბიზნესი მიიღებს დაბალპროცენტიან სესხს და რაც მთავარია, საბანკო მონოპოლია ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება! მეტიც, ამ ნაწილში, ,,სტრატეგია აღმაშენებლის’‘ ლიდერს არც პენსიონერები ავიწყდება: 

,,2020 წლის დეკემბერში, ყველა პენსიონერს ჩამოეწერება უსამართლოდ მაღალი 36%-40%-იანი სესხის პროცენტი. გარდა ამისა, ლიბერთი ბანკი აღარ იქნება მონოპოლისტი სასესხო, საპენსიო და სხვა სოცდახმარების გაცემაში’‘. 

რაც შეეხება მედიკამენტებს, წამლების 30%-ით გაიაფებას გიორგი ვაშაძე 2021 წლიდან აპირებს. გარდა ამისა, 2021 წლის 1 იანვრიდან, ყველა ბიზნესი, რომლის ბრუნვაც 1 მილიონ ლარზე ნაკლებია, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში