Menu
RSS

პური ძვირდება?

გვაქვს თუ არა ხორბლის საკმარისი მარაგი _ რას აცხადებენ ხელისუფლებაში

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი უკვე 3.13 ლარია. მართალია, 10 სექტემბერს, სებ-მა 40 000 აშშ დოლარი გაყიდა, მაგრამ ამგვარი სავალუტო ინტერვენციის მიუხედავად, ლარი მაინც გაუფასურდა. პარალელურად, საერთაშორისო ბირჟებზე, რუსული ხორბალი გაძვირდა, არადა, საქართველო, დიდწილად, სწორედ რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული (მცირე რაოდენობით, ჩვენი ქვეყანა ხორბალს თავადაც აწარმოებს, ხოლო რუსეთის გარდა, ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ყაზახეთი, უკრაინა და აშშ-ია). სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ კორონავირუსი კვლავ მძვინვარებს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილია. მოკლედ, სიტუაცია არცთუ სახარბიელოა, ამიტომ უმთავრესი კითხვა, რაც საზოგადოების აბსოლუტურად ყველა ფენას ერთნაირად აწუხებს, ერთი შეხედვით, მარტივი და ბანალურია: _ აქვს თუ არა საქართველოს ხორბლის საკმარისი მარაგი და გაძვირდება თუ არა პური?

მართალია, გამოცდილი ფინანსისტები სავალუტო ბაზარზე ლარის კიდევ უფრო მკვეთრ ვარდნას არ პროგნოზირებენ, რასაც იმ არგუმენტით ამყარებენ, რომ ეროვნული ბანკი, მის ხელთ არსებულ რესურსებს გამოიყენებს, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამის არ სჯერათ. ცხადია, მათ სკეპტიციზმსაც აქვს რეალური საფუძველი _ რუსული ხორბლის გარდა, საქართველოში საწვავიც გაძვირდა. შესაბამისად, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ოპოზიცია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას საკმაოდ მძიმედ მიიჩნევს. 

ამ ეტაპზე, პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ საზოგადოება მაინც შეშფოთებულია: ლარი უფასურდება, საწვავი _ ბენზინი და დიზელი, აგვისტოს შუა რიცხვებიდან, დაახლოებით, 5 თეთრით გაძვირდა, ხორბლის საერთაშორისო ფასმა მოიმატა და რაღა დარჩა? _ წყალი, გაზი და დენი იმისთვის, რომ პური გამოცხვეს! თუმცა ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას, საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს, რომ სიტუაცია არცთუ საგანგაშოა: 

,,დიახ, გიდასტურებთ, რომ საერთაშორისო ბირჟებზე, რუსული ხორბალი გაძვირდა. ერთი-ორი თვის წინ, ტონა ხორბლის ფასი 203-208 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ახლა კი, ფოთში შემოტანილი ხორბალი 215 აშშ დოლარი ღირს, მაგრამ ეს მაინც არ ქმნის პანიკის საფუძველს და აგიხსნით, რატომ: პანდემიის პირველი ტალღის დროს, ხელისუფლებამ ქვეყანაში იმპორტირებული ხორბალი დაასუბსიდირა. მაშინ, 1 ტონა ხორბლის ფასი 250 დოლარი იყო, თუმცა როგორც გითხარით, სუბსიდირების გზით, სახელმწიფომ მისი ფასი დააზღვია და ქვეყანაში ხორბლის პირველი, გარდამავალი მარაგი 220 დოლარად შემოვიდა. მაღალი ფასით შემოსულმა მარაგმა კი იმ ხორბლის ფასი დააბალანსა, რომელიც მოგვიანებით, 207 დოლარად ანუ უფრო იაფად შემოვიდა და მივიღეთ ხორბლის საშუალო ფასი _ 215 აშშ დოლარის ფარგლებში. სხვათა შორის, ამ ფასით ახლაც ვხელმძღვანელობთ. დღეს პირიქით, დაბალი ფასით შემოსული ხორბალი, ახლა უკვე მაღალი ფასით შემოსულს დააბალანსებს, შესაბამისად, ფქვილი საგრძნობლად არ გაძვირდება. მაგალითად, დღეს, პურის ქარხნები ერთ ტომარა ფქვილს 48-51 ლარის ფარგლებში ყიდულობენ. ხორბლის ფასი რომც არ დაბალანსდეს და გაძვირებული შემოვიდეს, 1 ტომარა ფქვილის ფასი 51 ლარს მაინც არ ასცდება’‘. 

პარალელურად, საქართველოში მოქმედი, თითქმის ყველა ტელევიზიის ეკონომიკური პროფილის გადაცემას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გელა ხანიშვილი სტუმრობდა. აბსოლუტურად ყველა არხზე, მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით განაცხადა, რომ სასურსათო უზრუნველყოფის მხრივ, ქვეყანას პრობლემა არ აქვს და არც პურის გაძვირება გვემუქრება: 

,,საქართველოში პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობს, საამისოდ, არც არსებული საფასო პოლიტიკა არ გვაძლევს არანაირ მიზეზს და ახლავე, აგიხსნით: აქცენტი რუსულ ხორბალზე, რომელსაც ცდილობენ ზოგჯერ პოლიტიკური ელფერიც შესძინონ, არასწორია, რადგან ეს არ არის ჩვენი არჩევანი პოლიტიკური ნიშნით. რუსული ხორბალი ყველაზე ხელმისაწვდომია, მისი იაფი ფასიდან გამომდინარე და ყველაზე ხარისხიანიცაა. ამას ადასტურებს ის მასშტაბური ტენდერები, რომლებიც მსოფლიოსა, თუ ევროპის ქვეყნებში, რუსული ხორბლის შესაძენად ცხადდება. რუსული ხორბლის ფასი ეგვიპტისა და თურქეთის შესყიდვებმა მკვეთრად გაზარდა, 10-12 დოლარით _ ტონაზე. რუსული ხორბლის ალტერნატივა მსოფლიოში ბევრია, მაგრამ გაცილებით ძვირია ჩვენთვის და ბიზნესს, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისგან, იმპორტით, სწორედ რუსული ხორბალი შემოაქვს. ჩვენ ვცადეთ ყაზახური ხორბლის ხელმისაწვდომობა გაგვეზარდა, მაგრამ მისი საწყისი ფასი რუსულ ხორბალზე მეტია, გარდა ამისა, ტრანსპორტირება მეტად ხარჯიანია, რადგან ტვირთი სამ ქვეყანაზე გადის. საქართველოში, მეწარმეს ერთადერთი, რეალური არჩევანი აქვს და ესაა რუსული ხორბალი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტები ბაზრის დივერსიფიცირებაზე ვმუშაობთ, თუკი ფასის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ეს სადმე შესაძლებელია. საქართველოში, დღეს, 150 ათას ტონამდე ხორბალი მოგვყავს, რაც ჩვენი მოხმარების 10%-15%-ია. გვაქვს პოტენციალი, რომ მივუახლოვდეთ და შესაძლოა გადავაჭარბოთ კიდეც 400-ათასტონიან ზღვარს. ეს მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სათესლე მასალას შემოვიტანთ. უკვე ათწლეულებია, საქართველოში მასობრივად არ შემოსულა მაღალპროდუქტიული, საქართველოს ბუნებრივ კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული სათესლე მასალა. 

... როცა დამპყრობელ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობა გაქვს, რა თქმა უნდა, ხიფათი და რისკები ყოველთვის არსებობს. ფაქტობრივად, ქვეყანამ გამოგვიცხადა ომი, დაიპყრო ტერიტორიები და ეს პროცესი ყოველდღიურად გრძელდება. თუმცა ეკონომიკური ურთიერთობა უფრო დაცულია და 2008 წლის ომის მიუხედავად, ჩვენ რუსული ხორბლის მიღების პრობლემა არასდროს შეგვქმნია. მხოლოდ გაზაფხულზე, კორონავირუსის გამო დავდექით რისკის წინაშე, მაგრამ მთავრობამ შესაბამის ზომებს მიმართა და მოსახლეობისთვის არცერთი პროდუქტის მიწოდება არ შეფერხებულა, მათ შორის, არც ხორბლის. ფასის არაადეკვატური ზრდა რუსულბაზარზე, საქართველოს მთავრობამ დააკომპენსირა, რათა პური არ გაძვირებულიყო. 

... პურის ფასში ხორბლის ფასის წილი 30%-35%-ია და 10 აშშ დოლარით ხორბლის გაძვირებას, თეორიულად, პურის ფასის მხოლოდ 0.5 თეთრით მატება უნდა მოჰყვეს. ჩვენთვის, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის მდგრადობა მნიშვნელოვანია. დღეს გვაქვს 100-120 ათასი ტონა ხორბლის რეზერვი, ადგილობრივი ხორბლის გარეშე, რაც დაახლოებით, სამი თვის მარაგია. ეს ქმნის შესაძლებლობას, არ ვიყოთ დამოკიდებული ფასების მერყეობაზე. მინდა, კიდევ ერთხელ დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ პურის გაძვირება მოსალოდნელი არაა, მაგრამ თუ მსგავსი საფრთხე მაინცდადგება, საქართველოს მთავრობა ფასის რეგულირებაში ისევ ჩაერევა!’‘

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში