Menu
RSS

რამდენ თეთრად ჩაიბარებენ 1 კილოგრამ „რქაწითელსა“ და „კახურ მწვანეს“ კომპანიები

ლევან მეხუზლა: „წელს, ჩაუბარებელი ერთი კილოგრამი ყურძენიც არ დარჩება!“

 

,,რთველი 2020’‘-ის ფარგლებში, კახეთში ყურძნის ადრეული ჯიშები იკრიფება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში უკვე 9 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ეს მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებელი 164 კომპანიაა დარეგისტრირებული, ყურძნის გადამუშავების პროცესში კი ღვინის 36 საწარმოა ჩართული. 

წელს, კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებული საფრთხე შექმნა. მართალია, აქცენტი ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ პირობებში მოყვანილ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე კეთდება, მაგრამ პანდემიამ სოფელიცა და ქალაქიც ერთნაირად დააზარალა. ყურძენი კი სახელმწიფო მნიშვნელობის განსაკუთრებულ პროდუქტად ითვლება, რადგან უკვე მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველო ღვინის აკვანია. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ წლების განმავლობაში, სახელმწიფო რთველის საკოორდინაციო შტაბს ქმნის, რომელსაც კორონავირუსის გამო, წელს სერიოზული საზრუნავი დაემატა. 

რა გამოწვევების წინაშე დგანან ქართველი მევენახეები, როგორ მიმდინარეობს ,,რთველი 2020’‘, რომელიც ტრადიციულად, კახეთიდან დაიწყო და რა ღონისძიებებს მიმართავს სახელმწიფო მევენახეების დასახმარებლად? _ ამ თემებზე ,,ვერსიას’‘ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი, ლევან მეხუზლა ესაუბრება:

_ ბატონო ლევან, რა ღონისძიებები იგეგმება ,,რთველი 2020’‘-ის ფარგლებში? 

_ წელს, წინა ორ წელთან შედარებით, ყველაზე მთავარი განსხვავება ის არის, რომ სამწუხაროდ, ისევ ყურძნის სუბსიდირება გვიწევს. მოგეხსენებათ, ორი წელი, დარგი სრულად იყო გამოსული სახელმწიფო სუბსიდირებიდან, მაგრამ პანდემიის გათვალისწინებით, რამაც იმოქმედა, როგორც ექსპორტზე, ისე ადგილობრივ გაყიდვებზე, ვინაიდან გაჩერდა ტურისტული ნაკადები, ყველაზე მოწყვლადი კი თეთრი ღვინოა, საჭირო გახადა თეთრი ყურძნის ჯიშების სუბსიდირება. შესაბამისად, მიმდინარე წელს, ჩOVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ,,რქაწითელისა’‘ და ,,კახური მწვანის’‘ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. 

_ რა ოდენობის სუბსიდიაზეა საუბარი და ზოგადად, რა ეღირება წელს 1 კგ. ყურძენი? 

_ სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1 000 ტონა ,,რქაწითელის’‘ ან ,,კახური მწვანის’‘ ჯიშის ყურძენს, ამასთან, თუ შესყიდულ 1 კგ. ყურძენში, ყურძნის ჩამბარებელს, არანაკლებ 0.80 ლარს გადაუხდის. 1 კგ. ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ. ,,რქაწითელსა’‘ და 1 კგ. ,,კახურ მწვანეზე’‘ _ 0.30 ლარი. 

_ სამწუხაროდ, პანდემიას სტიქიური უბედურებაც დაერთო, ივლისსა და აგვისტოში, წყალდიდობამ საგრძნობლად დააზარალა კახეთი და რაჭა, სადაც ,,ხვანჭკარას’‘ ჯიშებია გავრცელებული... 

_ თავისთავად ცხადია, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რაც შეეხება ,,ხვანჭკარას’‘, ჩვენდა სასიხარულოდ, მისი ჯიშები ამბროლაურში მოდის, სტიქიამ კი ონი დააზიანა. შესაბამისად, წელს, ,,ხვანჭკარას’‘ საკმაოდ კარგ და ხარისხიან მოსავალს ველოდებით. 

რაც შეეხება კახეთის იმ უბნებს, სადაც სეტყვაც იყო და ქარიშხალიც _ თელავსა და ნაფარეულში, სოფლის რწმუნებულებს შევხვდით და ვთხოვეთ, მიუხედავად დასეტყვილი მოსავლისა, მოსახლეობას გააგებინონ, რომ ყურძნის მოსავლელად, გარკვეული ღონისძიებები უნდა ჩაატარონ, რათა ყურძენი შედარებით მისაღებ კონდიციამდე მიიყვანონ. თავისთავად ცხადია, რომ წელს, არცერთ კილოგრამ ყურძენს არ დავტოვებთ ჩაუბარებელს და ეს ჩვენი მთავარი პირობაა! 

_ ღვინის ქარხნები თუ არიან მზად, რომ ჩაიბარონ ყურძენი მოსახლეობისგან და რა რაოდენობის ქარხანა დარეგისტრირდა უკვე? 

_ რთველის შტაბი 21 აგვისტოდან მუშაობს და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ, მათ შორის, ღვინის ქარხნებთან. ბოლო მონაცემებით, რაც ყოველდღიურად იცვლება, ღვინის 164 კომპანიაა რეგისტრირებული და უკვე 9 000 ტონამდე ყურძენია ჩაბარებულ-გადამუშავებული. თუმცა, ისიც მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე, მუშავდება და იწურება ის ყურძენი, რომელიც განკუთვნილია ძირითადად, ცქრიალა ღვინის საწარმოებლად, ვინაიდან ცქრიალა ღვინოს, თავისი ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ნაკლებშაქრიანი ყურძენი სჭირდება. ამ ეტაპზე, საადრეო, ფრანგული ჯიშები იკრიფება _ ,,შარდონე’‘, ,,მუსკატი’‘ და ასე შემდეგ. 

ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია ქართული ღვინის ხარისხი, ამიტომ ფერმერებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ყურძნის შაქრიანობა, კონდიცია და სიმწიფე უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი ღვინის დასამზადებლად. ძირითადად, მოსახლეობას გაცნობიერებული აქვს, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ მოსავლის დაკრეფას ჩქარობენ. ესეც იმიტომ, რომ ბუნებრივი მოვლენების რისკები არსებობს, გარკვეულ სიფრთხილეს იჩენენ და ამიტომ ურჩევნიათ, ცოტა ადრე ჩააბარონ მოსავალი. ცხადია, ჩვენც კარგად გვესმის ეს, თუმცა მაინც მინდა ვთხოვო, გაითვალისწინონ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ დაამზადებს ხარისხიან ღვინოს, ეს შემდგომ წლებზე უარყოფითად აისახება. საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დიდი კონკურენციაა და მნიშვნელოვანია, ქართული ღვინო გამორჩეული ხარისხის იყოს, რაც არანაირად არ გამოვა, თუ ყურძენი შესაბამისი კონდიციისა და ხარისხის არ იქნება. 

აქედან გამომდინარე, კერძო კომპანიები მევენახეებისგან შედარებით მაღალშაქრიან ყურძენს ითხოვენ, რაც პირველ რიგში, მისი სიმწიფის განმსაზღვრელია. თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ იმ ფართობებზე, სადაც ამა თუ იმ მიზეზების გამო, იქნება ეს, სტიქია ან შედარებით ნაკლები მზე, ბუნებრივ კლიმატურ პირობებს ვგულისხმობ და ვერ დაგროვდება შესაბამისი შაქრიანობის მოსავალი, სახელმწიფო და ქარხნები მაინც ჩაიბარებენ ამ ყურძენს, თუმცა აქაც გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ყურძენი გარკვეულ კონდიციამდე უნდა მივიდეს. ეს არის ჩვენი თხოვნა მოსახლეობის მიმართ. თქვენი გაზეთის საშუალებითაც მოვუწოდებ ფერმერებს, არ ინერვიულონ, რადგან წელს, ჩაუბარებელი ერთი კილოგრამი ყურძენიც არ დარჩება! 

* * * 

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. #97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე _ 1501 შეუძლია.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში