Menu
RSS

სკანდალური დასკვნა _ რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა წყალდიდობით გამოწვეულ საგანგებო ღონისძიებებში

რატომ არ განახლებულა 2019 წლის შემდეგ ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების სტრატეგია

ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში, წყალდიდობის გამო, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი სერიოზულად ზარალდება. სამწუხაროდ, ამ მხრივ, არც მიმდინარე წელი იყო გამონაკლისი. კორონაკრიზისით შექმნილ რამდენიმეთვიან პანდემიას, რასაც მთელ პლანეტაზე ცხოვრების ჩვეული რიტმის დაპაუზება მოჰყვა, ივლისში სეტყვა და წყალდიდობა დაერთო. სტიქიურმა უბედურებამ განსაკუთრებით რაჭა და კახეთი დააზიანა. სწორედ ამის გამო მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება, რომ პოსტპანდემიის პირობებში, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ღონისძიებებში სტიქიისგან დაზარალებული რეგიონების დახმარებაც გაეთვალისწინებინა. ,,ვერსია’‘ უკვე წერდა, რომ სახელმწიფო პროგრამის _ „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ახალი, დამატებითი პროგრამა გაჩნდება და ის შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, დახმარების სახით, სახელმწიფოსგან მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა ვაზსაც შეეხება. 

ამ პირობებში, განსაკუთრებით აქტუალურია სახელმწიფო აუდიტის მორიგი დასკვნა, რომელიც წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის ანუ პრევენციისა და მზადყოფნის ეფექტიანობის ანგარიშს წარმოადგენს. 

აუდიტის ეს ანგარიში 2017, 2018 და 2019 წლებში მომხდარ წყალდიდობებსა და მათი გამოვლენა-პრევენციის ღონისძიებებს ეხება. ვნახოთ, რა ხარვეზები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა, განსაკუთრებით პრევენციული ღონისძიებებისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის ნაწილში.

ხარვეზები პრევენციულ ღონისძიებებში 

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 11 იანვარს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყანაში პირველად დამტკიცდა საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრა რისკის შემცირების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და ეროვნული სტრატეგიის განხორციელების მექანიზმები. ამ დოკუმენტის მიზანია ერთიანი, მოქნილი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელმაც კანონმდებლობით განსაზღვრულ უწყებათა ერთიანი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ქვეყანაში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება უნდა უზრუნველყოს. 

,,სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება-დამტკიცება ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, თუმცა მას გააჩნია გარკვეული ნაკლოვანებები. კერძოდ, სტრატეგიაში წყალდიდობის საფრთხეების ზოგადი შეფასებაა გაკეთებული და აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით მაღალი რისკით გამოირჩევა იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და მცხეთა-მთიანეთის მდინარეთა აუზები, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელი მდინარეებია რისკიანი; რისკიან მდინარეებად მოხსენიებულია მტკვარი და ალაზანი, თუმცა ამ შემთხვევაშიც, კონკრეტული მონაკვეთებისა და რისკების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის’‘, _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

გარდა ამისა, წყალდიდობის პრევენციული ღონისძიებების სახით, ტყის საფარის აღდგენა და სანაპირო ზონების ურბანიზაციის პროცესის დარეგულირების საკითხი სტრატეგიით გათვალისწინებული არ არის. არადა, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, განვითარებული ქვეყნები ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. 

სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მოიცავს 25 პრიორიტეტულ სფეროს და 184 განსახორციელებელ ღონისძიებას, საიდანაც 32 მათგანი, წყალდიდობების პრევენციისთვისაა გათვალისწინებული. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ წყალდიდობების პრევენციაში ჩართულ უწყებებს შორის არ არის საკმარისი კოორდინაცია ჩასატარებელი სამუშაოების პრიორიტეტულობის დასადგენად, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, საბიუჯეტო სახსრები იხარჯება ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც სტრატეგიული დოკუმენტის სამოქმედო გეგმით გაუთვალისწინებელია, ხოლო პარალელურად, ამ გეგმით განსაზღვრული პროექტები სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ხორციელდება. მაგალითად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებებს, მაგრამ ისინი სამოქმედო გეგმაში არ გაუთვალისწინებიათ. 

,,გეგმაში არ არის დეტალურად იდენტიფიცირებული სტრატეგიაში გაცხადებული ამოცანების შესასრულებელი კონკრეტული აქტივობები, მოსალოდნელი შედეგები და შესრულების ინდიკატორები. მაგალითად, გეგმით განსაზღვრული ღონისძიებაა „კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებში რეგიონალურ/მუნიციპალურ დონეზე (ქალაქები) გადაწყვეტილების მიმღებთა ცნობიერების ამაღლება ტრენინგების, სემინარებისა და სწავლებების მეშვეობით“, თუმცა არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტში, როდის, რა სიხშირითა და რა რესურსებით უნდა ჩატარდეს აქტივობები, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არსებობს რისკის მართვისა და საგანგებო მართვის გეგმები. მდინარეებზე – მტკვარი და ალაზანი, არ არის გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც სწორედ ეს მდინარეები სტრატეგიაში განსაზღვრულია, როგორც საფრთხის შემცველი’‘. 

აუდიტორების მტკიცებით, სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია რისკის შემცირების სტრატეგიასთან ერთად, მოვლენების ცვლილებებთან ერთად, დღემდე არ განახლებულა. არადა, 2019 წლის მეორე ნახევრიდან, უკვე დაიწყო კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დამტკიცებული შვიდწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მრავალი ღონისძიება იგეგმება, რასაც სამოქმედო გეგმაში სათანადო ცვლილებები სჭირდება. 

საბოლოოდ, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2019 წლიდან, არ განახლებულა საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, დამტკიცებულია მხოლოდ 2015-2018 წლების დოკუმენტი; რისკის შემცირების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი 2019 წელს არ განხორციელებულა; არ არის დანერგილი ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის დათვლის ერთგვაროვანი მეთოდოლოგია, რის გამოც მუნიციპალიტეტები განსხვავებულად ითვლიან შედეგებს, რაც საბოლოოდ, ხელს უშლის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიან დაგეგმვას. ამას კი, შესაძლოა, საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა მოჰყვეს; საგანგებო სიტუაციების დაფინანსების სისტემა არ ატარებს პროგრამული ბიუჯეტის შინაარსს; წყალდიდობის პრევენციისა და მზადყოფნისთვის გამოყოფილი სახსრები რამდენიმე უწყებაზეა გადანაწილებული; ფინანსური რესურსებისა და შესაბამისი განმახორციელებელი უწყებების სრულად იდენტიფიცირება შეუძლებელია რისკის შემცირების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშიც. 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ რისკის შემცირების სტრატეგიულ დოკუმენტებში ტყის საფარის, განსაკუთრებით, ჭალის ტყეების მოვლა-აღდგენა, როგორც წყალდიდობის პრევენციული ღონისძიება, გათვალისწინებული არ არის. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში ფიქსირდება ტყის ჭრის ფაქტები, რაც უკანონო ხასიათს ატარებს და ზრდის ბუნებრივი კატასტროფების ალბათობას! 

,,მაგალითად, წყალშემკრებ აუზებში, წყლის მართვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ტყე, მისი საფარის შემცირება ზრდის ბუნებრივი კატასტროფების წარმოქნის ალბათობას. საქსტატის მონაცემებით, 2015-2018 წლებში გამოვლენილია 140 ათას კუბურ მეტრზე მეტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები. მნიშვნელოვან საშიშროებას წარმოადგენს ჭალის ტყეების ჭრა. ამ გარემოების გათვალისწინებით, ტყითსარგებლობის წესის მიხედვით, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან, 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნები მიეკუთვნება განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე, არ შეიძლება განხორციელდეს კომერციული და სოციალური ჭრები!’‘ 

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჭარბი ურბანიზაცია მდინარეთა სანაპიროებზე. კ,ანონმდებლობით, სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემისას, საჭიროა საავტომობილო გზების დეპარტამენტის დასკვნა, მაგრამ აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014- 2019 წლებში, დეპარტამენტმა ამ ტიპის მხოლოდ 7 განცხადება მიიღო და ფაქტობრივად, მდინარეთა ნაპირებში მშენებლობები მათი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. 

ხარვეზები ბუნებრივი კატასტროფის მართვის პროცესში 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სუსტია კოორდინაცია და თანამშრომლობა სისტემის სხვადასხვა სუბიექტს შორის. ბუნებრივი კატასტროფების მართვის კუთხით, უწყებების ორგანიზაციული ფუნქციები მკვეთრად გამიჯნული არაა, ასევე, არ არის დადგენილი მათ შორის შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის სტანდარტი და პერიოდულობა. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა კონკრეტული ფაქტები, როდესაც ერთ-ერთი უწყების მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა პრობლემა გამოავლინა, მაგრამ შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის სტანდარტის არარსებობის გამო, სხვა უწყებებმა საფრთხეზე რეაგირება დროულად ვერ უზრუნველყვეს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტები, რომლებიც სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრევენციულ რგოლს წარმოადგნენ, ვერ უზრუნველყოფენ წყალდიდობების ეფექტიან პრევენციას. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის დამტკიცებული რისკის მართვისა და საგანგებო მართვის გეგმები, შესაბამისად, ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტების მზადყოფნის დონე დაბალია. 

,,მაგალითად, აუდიტის პროცესში, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაცია (მონაცემები უკვე მომხდარი წყალდიდობების შესახებ), საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონიტორინგის ანგარიშებს (2017-2018 წლები) შეადარეს და გამოვლინდა, რომ მინიმუმ 37 შემთხვევაში, წყალდიდობა მოხდა ისეთ ადგილებზე, რომლებიც მონიტორინგის ანგარიშში არ ყოფილა ასახული, ხოლო 16 შემთხვევა, სადაც წყალდიდობა მოხდა – მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი იყო სტიქიამდეც, მაგრამ მათგან 10 ლოკაციაზე, შესაბამისი სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ დაუგეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ მონიტორინგის შედეგად, მათ პირველი კატეგორია ჰქონდათ მინიჭებული. დეპარტამენტის განმარტებით, არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში, ყველაზე კრიტიკულ ლოკაციებს არჩევენ და შესაბამის ღონისძიებებს ანხორციელებენ. შედეგად, ამ მდინარეებზე განვითარებულ წყალდიდობებს გაცილებით მეტი ზარალი მოჰყვა, ვიდრე ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად ჩატარების შემთხვევაში მოჰყვებოდა’‘. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობიდან გამომდინარე, ისეთი შემთხვევებიც დაფიქსირდა, როდესაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასებული მნიშვნელოვანი რისკის მქონე მდინარეებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტს მონიტორინგი არ განუხორციელებია და პრევენციული ღონისძიებები არ დაუგეგმავს, წყალდიდობას კი დიდი ზარალი მოჰყვა. მაგალითად, მდინარე ნენსკრაზე, სოფელ ჭუბერში, მონიტორინგი არ განხორციელებულა. 2018 წლის 5 ივლისს წყალდიდობა მოხდა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები. ზარალის საკომპენსაციოდ, მთავრობის განკარგულებით, 530 765 ლარი გამოყვეს. 

აუდიტის დასკვნის მიხედვით, კოორდინაციის ნაკლოვანებებზე მიუთითებს შემდეგი ფაქტი: რისკის შემცირების სტრატეგიით განსაზღვრული სამოქმედო გეგმით, 4 წლის განმავლობაში, 10 მდინარეზეა დაგეგმილი ჩასატარებელი ნაპირდაცვითი და გაწმენდითი სამუშაოები, რომლის განმახორციელებელია საავტომობილო გზების დეპარტამენტი. თუმცა ობიექტების მოსაწყობად, სამოქმედო გეგმაში, წინაპირობების სახით, გათვალისწინებული იყო ტოპოგრაფიული და ჰიდრომეტრიული სამუშაოები, რაც სხვა უწყებებს (ძირითადად, გარემოს დაცვის სამინისტროს) ევალებოდა, მაგრამ ვერ იქნა უზრუნველყოფილი. შედეგად, პროექტების ძირითადი ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამასთან, ის მდინარეები, რომელთა აუზში ჩასატარებელი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, უკვე გამოცხადებულია ტენდერები, სამოქმედო გეგმაში არ გაუთვალისწინებიათ. 

რაც მთავარია, მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემებისთვის, შესაბამისი უწყებები თანამედროვე ტექნოლოგიებს, კერძოდ, ციფრულ რუკებსა და შMშ შეტყობინებებს არ იყენებენ. სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ მიზნით, იქმნება სხვადასხვა პროდუქტი _ ვიდეოგაკვეთილები, მობილური აპლიკაცია, მაგრამ ისინი არაპოპულარულია და ვერ აღწევს საბოლოო მიზანს. ცნობიერების ამაღლების შესახებ არსებული ღონისძიებები არასაკმარისია, ხოლო მომხმარებლებისთვის მიწოდების მეთოდები _ არაეფექტური

მაია მიშელაძე

 

დაბრუნება დასაწყისში