Menu
RSS

ვინ და რა დახმარებას მიიღებს სექტემბრიდან

რას გულისხმობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი

საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ღონისძიებები უკვე შეიმუშავა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მოსახლეობას კომუნალურ ხარჯებს ისევ სახელმწიფო დაუფარავს; 17 წლის ჩათვლით, თითოეული ბავშვი 200-ლარიან დახმარებას მიიღებს; თვითდასაქმებულები, რომლებმაც ვერ წარადგინეს სრულყოფილი დოკუმენტაცია, მაინც მიიღებენ 300-ლარიან კომპენსაციას სექტემბრის დასაწყისამდე... მთავრობის გადაწყვეტილებითვე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და თითოეული პაციენტის მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება. ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელებული ცვლილება, ჯამში, საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება. მეტიც, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ფარგლებში, დახმარებას ფერმერები და მეწარმეებიც მიიღებენ.

იმისთვის, რომ 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებმა ფულადი დახმარება მიიღონ, სპეციალური პორტალი ჰტტპ://დახმარება.მოჰ.გოვ.გე ამოქმედდა. 200-ლარიანი დახმარება მას შემდეგ გაიცემა, რაც ბავშვის ერთ-ერთი მშობელი, ან კანონიერი წარმომადგენელი ელექტრონულ პორტალზე განაცხადს შეავსებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, დახმარებისთვის უნდა მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობებს; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ლიბერთი ბანკის ფილიალებს. პორტალზე რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გაგრძელდება, ხოლო დახმარების გაცემა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება. 

ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება. გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო მონაცემებით, პორტალზე უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი ანუ 366 000 ოჯახი. 

„მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე თვეა, ყოველდღიური მუშაობა გვიწევს იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური პანდემია ისევე, როგორც ღრმა ეკონომიკური კრიზისი, ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში, პარალელურად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, რომელიც ასევე, უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ, რაც მთავრობისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების. მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ გამოცხადებული ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა უკვე ამოქმედდა და დღეის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში 366 000 ოჯახს. რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი ციფრებია, ეს არის ერთ-ერთი, ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელეთ და რომლის მიზანი გახლავთ 17 წლის ჩათვლით ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერა. განსაკუთრებით, ახლა, როდესაც სასწავლო წელი იწყება. ამ განცხადებების მიღება გაგრძელდება 1 დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რა თქმა უნდა, ეს დახმარება მივა ყველა იმ ოჯახამდე, ადამიანამდე, რომელიც თვლის, რომ მას ეს დახმარება სჭირდება და შესაბამის განაცხადს გააკეთებს’‘. 

როგორც აღვნიშნეთ, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება. შესაბამისად, მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამის გაუმჯობესების დამატებითი კომპონენტი, რაც ონკოლოგიურ პაციენტებს მისცემს შესაძლებლობას, მკურნალობის სრული კურსი სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაიტარონ. 

„სამწუხაროდ, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში, ჯერ კიდევ პრობლემურია, განსაკუთრებით, ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით. დღემდე, პრობლემა იყო მეოთხე ეტაპი, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე, სახსრების გაღება საკუთარი ჯიბიდან უწევდათ. დღეის მდგომარეობით, ეს პროგრამა 8 000 ლარით იზრდება, რაც ფაქტობრივად, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ მძიმე სენს ებრძვის, მისცემს შესაძლებლობას, მკურნალობის სრული კურსი ყველანაირი ჯიბიდან გადასახდელების გარეშე ჩაიტაროს. სამწუხაროდ, დღეს, საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა’‘. 

რაც მთავარია, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ფარგლებში, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის პროგრამა ზამთარშიც გაგრძელდება. შესაბამისად, ოთხი თვის განმავლობაში _ ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში, დაფინანსებას მიიღებს ყველა ის ოჯახი, რომელიც 200 კვტ. საათამდე ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 80 000-მდე თვითდასაქმებული, რომელმაც ვერ წარადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, მაინც მიიღებს 300-ლარიან კომპენსაციას სექტემბრის დასაწყისამდე _ 170 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა ეს დახმარება უკვე მიიღო. 

150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ ნახევარი წლის _ 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური _ 1 125 ლარი, ხოლო 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ 1 წლის _ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულისა და 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური _ 2 250 ლარი. 

,,აღსანიშნავია, რომ პანდემიის დასაწყისიდან, სახელმწიფომ ორი მთავარი მიზანი დაისახა _ ზრუნვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ასევე, ზრუნვა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პირველივე ეტაპზე, გადაუდებელი ღონისძიებების სახით, დაახლოებით 1 200 000 ოჯახს დაუფინანსდა სამი თვის კომუნალური გადასახადი, 600 000 მოქალაქეს გადაუვადდა კომერციული სესხების გადასახადი, ხოლო ტურიზმის სექტორის კომპანიებს გადაუვადდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი. ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი მოიცავდა კონკრეტულ დახმარებებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისათვის, მათ შორის, 1 200-ლარიანი დახმარება მიიღეს მათ, ვინც დაკარგა სამსახური, 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო თვითდასაქმებულებისათვის, ასევე, კომპენსაციები (6 თვის განმავლობაში _ 100 ლარი ყოველთვიურად) მიიღო სხვადასხვა მოწყვლადმა ჯგუფმა, მათ შორის, შშმ პირებმა და შშმ ბავშვებმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა სახის კომპენსაცია მიიღო 560 000-ზე მეტმა მოქალაქემ და კომპენსაციების გაცემა ჯერ კიდევ გრძელდება’‘. 

გახარიას თქმითვე, აქტიურად ხორციელდება მიზნობრივი მხარდაჭერის ანტიკრიზისული პროგრამები ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და დეველოპერულ სექტორებში, რაც ხელს უწყობს დარგების კრიზისიდან სწრაფად გამოსვლასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. ასე, მაგალითად, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის _ ,,დანერგე მომავალი’‘ ფარგლებში, ახალი, დამატებითი პროგრამა გაჩნდება. ის შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა ვაზსაც შეეხება: 

„ივლისში, რამდენიმე რეგიონში გვქონდა სტიქია. სეტყვის გამო, განსაკუთრებით დაზარალდა კახეთი და რაჭა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით, თუმცა ჩვენს ფერმერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, რომ მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი გახლავთ ის, რომ ეს პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ფარავდა მიღებული მოსავლის დაკარგვის რისკს. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვნახეთ, რომ სეტყვის შედეგად, ბევრ ჩვენს ფერმერს გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი, დამატებითი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები, რათა აღადგინოს თავისი მრავალწლოვანი ბაღები. რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, მაღალი ფასის ვაზის ჯიშებით ის ჯიშები, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში, მაგალითად, რქაწითელი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება’‘. 

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამა 2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაზარალებული გლეხებით დაიწყება. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ახალი პროგრამა „სახელმწიფო _ შენი პარტნიორი’‘, რომლის პრეზენტაცია ამბროლაურში გაიმართა. ახალი პროგრამის ფარგლებში, რეგიონული მასშტაბით, უფრო ინტენსიურად გაიშლება სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები და თითოეული გლეხი, ადგილზე შეძლებს, როგორც სრულფასოვანი ინფორმაციის მიღებას, ასევე, ამ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობასაც: 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომელიც მზადაა, გარკვეული რისკები აიღოს თავის თავზე და დაიწყოს მეწარმეობა, თავისი საქმე. აქამდე, ყველა ეს პროგრამა თავმოყრილი გვქონდა შესაბამის სამინისტროებში _ სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკის სამინისტროში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რეგიონიდან უხდებოდა თბილისში ჩამოსვლა, რათა ამ პროგრამებს გასცნობოდა და ბენეფიციარი გამხდარიყო. დღეს, იუსტიციის სამინისტროს დახმარებით, საქართველოს მასშტაბით, 80 საზოგადოებრივ ცენტრსა და იუსტიციის 24 სახლში, 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მივიდეს და მიიღოს ზუსტად ის მომსახურება, რომელსაც მიიღებდა თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. ეს არის უაღრესად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც სწრაფად განხორციელდა და გვაძლევს შესაძლებლობას, სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები რეგიონის მასშტაბით გავშალოთ, რათა თითოეულ გლეხს მივცეთ საშუალება, საცხოვრებელ ადგილზე მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია, გახდეს ამ პროგრამების მონაწილე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია’‘. 

პრემიერის თქმით, ახალი პროგრამის მიზანია, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გახდეს მეწარმე, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გადაწყვიტოს და ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში: 

„ძალიან კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობა და ფსიქოლოგიური სტრესია, როდესაც ადამიანი დაქირავებული სამსახურიდან იწყებს კერძო ბიზნესში გადასვლას, კერძო ინიციატივას, უნდა გახდეს მეწარმე და დგამს პირველ ნაბიჯებს. ეს უდიდესი პრობლემაა, რაც ფინანსურ პრობლემებს და ცოდნას უკავშირდება. სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესია და ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოქალაქეებს მივეხმაროთ ამ პირველი ნაბიჯის გადადგმაში. ეს პირველი ნაბიჯია, როდესაც ადამიანი სახელმწიფოს ეუბნება _ მომეხმარე და მზად ვარ, პასუხისმგებლობა ჩემს თავსა და ჩემს ოჯახზე ავიღო. თუ გაუმართლა და კარგი მეწარმე გამოდგა, შემდეგ ის უკვე პასუხისმგებლობას აიღებს მეზობელზე, მას დაასაქმებს და ძლიერი ოჯახი, ძლიერი რეგიონი, უკვე ძლიერი ქვეყანაა. მინდა იცოდეთ, რომ ის, რასაც 2012 წლიდან ვაკეთებთ, აბსოლუტურად გააზრებულია.

სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა, ჩვენ, ყველას შეგვიქმნას თანაბარი უფლებები და სამართლიანი პირობები, მოგვეხმაროს იქ, სადაც მას შეუძლია და შემდგომ უკვე თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, მივეხმაროთ ჩვენს სოფლელებს, ჩვენს ქალაქელებს, დავასაქმოთ სხვა ადამიანები და ასე გავაძლიეროთ ქვეყანა’‘. 

პროექტის ფარგლებში გაერთიანებული ყველა სააგენტოსა და პროგრამის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ პორტალზე _ პროგრამს.გოვ.გე, სადაც მომხმარებელი შეძლებს, დისტანციურად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის საჭირო პროგრამის სარგებლის, კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ. 

* * * 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე’‘ ფარგლებში, ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ. 21 აგვისტოს მონაცემებით, 145 000-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 26 მილიონ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა ახლაც გრძელდება; უკვე 116 000- მდე ბენეფიციარმა მიიღო 30 000 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 3 700 000 ლარამდე დაზოგეს. აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების ბოლო ვადაა 2020 წლის 31 დეკემბერი; სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 19 873 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 2 587 664 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ფერმერებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის’‘ მიმართ არსებული დავალიანება. 

სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები ანტიკრიზისული გეგმის ნაწილად იქცა და ფერმერების საჭიროებებზეა მორგებული: შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. უკვე გაცემულია 1 842 აგროსესხი _ სესხის თანხა, ჯამურად, 33 მილიონ ლარს აჭარბებს; 15 აგვისტოს მონაცემებით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 16 000-ზე მეტს შეადგენს, დაზღვეულია 17 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 155 მილიონ ლარს აღემატება; მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოვიდა 1 000-ზე მეტი განაცხადი; აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 50% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს, ხოლო სასათბურე მეურნეობის მოწყობისა და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენისა და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვის 135 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში