Menu
RSS

რატომ ამკაცრებს მთავრობა კლინიკებისთვის ჯარიმებს

საკანონმდებლო ცვლილებების ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

საქართველოში მოქმედი კლინიკებისთვის ჯარიმები მკაცრდება. მთავრობის ინიციატივით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლითაც სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავებისა თუ სანქციების განხილვის პროცესში, სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება. რაც მთავარია, ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები იზრდება, მათ შორის, სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც. გასულ კვირას, კანონპროექტი პარლამენტმა განიხილა და გარკვეული დათქმით, პირველი მოსმენით კენჭი უყარა.

24 ივნისიდან, საკანონმდებლო ორგანოს ორმა _ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა, ერთობლივ სხდომაზე, საქართველოს მთავრობის ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს. ეს პაკეტი მოიცავს „ჯანმრთელობის დაცვის’‘ შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებს, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა’‘ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებებს. 

 

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა. განხილვას აზრთა სხვადასხვაობა და დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა. 

მოვლენები კი ასე განვითარდა: საკუთარ მოხსენებაში, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის მწარმოებელი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გარკვეულწილად გაფართოებას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, ამ ცვლილებებით ზუსტდება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობები ანგარიშვალდებულებასთან მიმართებაში, ასევე, იზრდება წლის განმავლობაში შემოწმების სიხშირე _ ერთიდან სამამდე. 

თამარ გაბუნიას თქმით, ჩნდება ჩანაწერი, რომ მარეგულირებელი უფლებამოსილია, შეაჩეროს კლინიკების ლიცენზიის მოქმედება, თუ აღმოჩნდა გადაცდომა დადგენილი მოთხოვნებიდან და შეუსაბამობა სანებართვო და სალიცენზიო პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან. აქამდე, ამ ტიპის უფლებამოსილება მარეგულირებელს არ ჰქონდა. ძირითადად, პროცესი მიჰყვებოდა დაჯარიმების მექანიზმს და ხარვეზი დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა აღმოუფხვრელი. 

„დღეს, მარეგულირებელს უფლება აქვს, რუტინულად შევიდეს ერთხელ და შეამოწმოს კლინიკა, ხოლო ჩვენი კანონპროექტით, ამის უფლება ექნება რუტინულად სამჯერ. რაც შეეხება საქმიანობის შეჩერების პროცედურას, მესმის, რომ აქ არის რისკები, რათა სუბიექტური შეფასება დაფიქსირდეს და რომლიმე ოფიცერმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენოს. რისკები ყოველთვის არსებობს, თუმცა აქ ძალიან მკაფიო ტექნიკურ საკითხებზეა საუბარი, აქ არ არის საუბარი სამედიცინო დოკუმენტაციის რევიზიაზე, ან ხარისხის კვლევაზე. აქ საუბარია, მაგალითად, არის თუ არა ხელის დასაბანი ნიჟარა შესაბამის ადგილებზე, ან მუშაობს თუ არა სტერილიზატორი... ძალიან სწორხაზოვანი მოთხოვნებია, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ შესაძლებელია, სერვისის უწყვეტობას შეექმნას რისკი, თუმცა პროცედურა გასაწერია და ამის გამოცდილება გვაქვს. პანდემიის დროს, გამოვლინდა ისეთი გარემოებები, როცა არ გვქონდა შეჩერების მექანიზმი, მაგრამ დადგა აუცილებლობა, როდესაც პაციენტები სასწრაფოდ უნდა გადაგვეყვანა სხვა დაწესებულებებში, რადგან კონკრეტულ დაწესებულებაში იქმნებოდა რისკი მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ანუ ეს მექანიზმი გამართვადი და განხორციელებადია იმგვარად, რომ მასზე ძალიან მკაფიო მონიტორინგი იყოს შესაძლებელი“, _ აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მისივე თქმით, ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ’‘ კანონში ცვლილებები უკავშირდება მარეგულირებლის უფლებამოსილებას, რათა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საჩივარზე პირდაპირი რეაგირების უფლება ჰქონდეს და ეს შემთხვევა დაუყოვნებლივ შეისწავლოს, თუ მას პაციენტი სამედიცინო მომსახურების სუბიექტთან მიმართებაში, საჩივრით მიმართავს. 

,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში’‘ ცვლილებები უკავშირდება საჯარიმო სანქციების ოდენობის გაზრდას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ პრაქტიკაში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დაწესებულება მარტივი, ფინანსური ანალიზის შედეგად იღებდა გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რა უფრო ნაკლებ ხარჯიანი იქნებოდა მისთვის _ ჯარიმის გადახდა თუ არსებული მნიშვნელოვანი კრიტიკული ხარვეზის აღმოფხვრა. 

შესაბამისად, აქედან გამომდინარე, მთელ რიგ შემთხვევებში, ჯარიმების ოდენობა გაორმაგებული, ან გასამმაგებულია. 

სწორედ ამ ორ კონკრეტულ ცვლილებას მოჰყვა დეპუტატების, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების უკმაყოფილება, თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პარლამენტში, ეს საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განსახილველად წარადგინეს. კამათიც სწორედ აქედან დაიწყო. 

ორივე კომიტეტის წევრთა აზრით, კარგი იქნებოდა, თუ მათ მეტი დრო ექნებოდათ, რათა ცვლილებათა პროექტს დეტალურად გასცნობოდნენ და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ მიეღოთ. 

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ცვლილებათა ამ პაკეტს გაცილებით ღრმა ანალიზი სჭირდება, ამიტომ კარგი იქნებოდა, დეპუტატებს უფრო მეტი დრო ჰქონოდათ: 

„ამ ცვლილებებით, ჯარიმების ზრდის დინამიკაა მოცემული და ფაქტია, რომ ამას აშკარად სჭირდება გარკვეული კორექტირება სასურველი შედეგის მისაღწევად, მაგრამ რატომ დაჩქარებული წესით? მესმის, რომ ეს კანონი ეხება ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას და მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა იყოს აღმოფხვრილი ყველა ხარვეზი, მაგრამ ასე, ნებისმიერი კანონი ემსახურება სწორედ ამ მიზანს და მაშინ, თითოეული მათგანი დაჩქარებული წესით განვიხილოთ!’‘ 

ჯარიმებთან დაკავშირებით, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ წლიური სტატისტიკის მიხედვით, 223 საჯარიმო სანქციიდან, რაც იყო გამოცემული, გარკვეული პროცენტი მეორეული და მესამეული დაჯარიმება იყო, რაც ნიშნავს, რომ კლინიკებისთვის ეს ჯარიმები არაფერს ნიშნავდა, რათა მარეგულირებლის მიერ დაფიქსირებული დარღვევა გამოესწორებინათ. 

ახლა ვნახოთ, რა ცვლილება იგეგმება კლინიკების დაჯარიმების ნაწილში. სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა _ გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, რასაც მოჰყვება კლინიკის დაჯარიმება არანაკლებ 15 000 ლარისა და არა უმეტეს 30 000 ლარისა. დღეს მოქმედი კანონით, ამ შემთხვევაში, მაქსიმალური სანქცია 10 000 ლარია; სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, რასაც მოჰყვება დაჯარიმება არანაკლებ 7 000 ლარისა და არა უმეტეს 15 000 ლარისა; სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას არანაკლებ 1 000-დან 2 000 ლარამდე, დღეს მოქმედი კანონით, მაქსიმალური სანქცია 1 000 ლარია. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით. 

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას, თამარ გაბუნიას თქმით, მართალია, ყველაფრის კორონავირუსთან დაკავშირება არ შეიძლება, მაგრამ COVID-19-ის ეპიდემიის დროს, კიდევ უფრო მწვავედ გამოვლინდა ის ხარვეზები, რაც მარეგულირებელს ჯანდაცვის სისტემაში აქვს. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა მეორე ტალღას ვერ გადაიტანს იმის გარეშე, თუ შესაფერისი მარეგულირებელი ჩარჩო და უფლებამოსილება არ გვექნება მარეგულირებელი სააგენტოსთვის, რათა ამ უკანასკნელმა სათანადო ღონისძიებები განახორციელოს. 

„ამის მაგალითია ინფექციის კონტროლთან დაკავშირებული ის ხარვეზები, რომლის შედეგი, საკმაოდ მაღალი დაინფიცირების სახით, სამედიცინო პერსონალში გამოვლინდა. გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მარეგულირებლის პასუხისმგებლობა, რომელსაც დიდი ხანია, ხარისხის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა აკისრია, თუმცა ამისთვის, ქმედითი ბერკეტი ძალიან შეზღუდული აქვს და წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, ამ ბერკეტის ამოქმედება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, სამომავლოდ, როდესაც კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ვემზადებით, ძალიან მწვავედ დაისვა მარეგულირებელი გარემოს გამკაცრების საკითხი, განსაკუთრებით ინფექციის კონტროლთან მიმართებაში’‘, _ დააზუსტა თამარ გაბუნიამ. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ცვლილება, რომლის საფუძველზეც, რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება. ამიერიდან, მარეგულირებელს უფლება ექნება, რომ სასამართლოს განჩინების გარეშე, კლინიკებიდან დოკუმენტაცია ამოიღოს. გაბუნიამ დეტალურად განმარტა, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ამ ცვლილების აუცილებლობა. მომხსენებლის ინფორმაციით, სამწუხაროდ, ხშირი იყო მცდელობა სამედიცინო დოკუმენტაციის შეცვლისა, როდესაც სამედიცინო დაწესებულება ამას სასამართლო შეტყობინების მიღების შემდეგ ახდენდა. 

კამათი ამ ცვლილებასაც მოჰყვა. მაგალითად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინების გარეშე, მარეგულირებელმა საჭირო დოკუმენტები ვერ უნდა ამოიღოს კლინიკიდან. მეტიც, კაკულიას მიაჩნია, რომ კანონპროექტში უნდა ჩაიდოს მექანიზმები, რათა კეთილშობილური მიზნებით დაწყებული რეგულირება, ვიღაცამ არაკეთილშობილური მიზნებისათვის არ გამოიყენოს. 24 ივნისს, ორივე კომიტეტის მოთხოვნით, კენჭისყრა მეორე დღისთვის გადაიდო. 

25 ივნისს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს გარკვეული დათქმით დაუჭირა მხარი. როგორც აღვნიშნეთ, რომან კაკულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ნორმა, რათა შემოწმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონში აუცილებლად ჩაიდოს, ოღონდ ისე, რომ შესამოწმებელმა სუბიექტმა ამის შესახებ არ იცოდეს და მოულოდნელობის ეფექტი არ დაიკარგოს. ამგვარად, მისი თქმით, კონფიდენციალურობა იქნება დაცული, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩება, რათა მარეგულირებლის ობიექტზე შესვლას ინტერპრეტაციის საფუძველი გამოეცალოს. 

თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავარი ოპერატიულობის შესაძლებლობაა და თუ შემოთავაზებული მოდელის ფარგლებში, მარეგულირებელს ამგვარი შესაძლებლობა ექნება, ამ ვარიანტის განხილვა შეიძლება. 

როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, ამ დღეების დისკუსიის შედეგად, ფაქტობრივად, დღის წესრიგიდან მოიხსნა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის საკითხი და თუ მხარეები პრინციპულ საკითხებზეც შეჯერდებიან, დეტალებზე მეორე მოსმენის დროს იმსჯელებენ. 

საბოლოოდ, კომიტეტმა პირველი მოსმენით კენჭისყრაზე, ეს საკითხი ორი დათქმით დააყენა. კერძოდ, კომიტეტის შემოთავაზებაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ობიექტზე შესვლის დროს, სასამართლოს ფაქტორი დარჩეს, ხოლო მეორე დათქმით, დაწესებულების საქმიანობის შეჩერება დასაბუთებული უნდა იყოს, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი ფაქტორებით ტექნიკური რეგლამენტიდან, რაც ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ან შესაძლოა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას აუარესებდეს. 

სწორედ ამ დათქმებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში