Menu
RSS

რატომ დაიხურა „ვივუსი“ და რა ელით მსესხებლებს

რა ხდება საფინანსო ბაზარზე _ ბოლო ერთ წელში, საქართველოში 20-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაიხურა

11 ივნისიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ვივუსის’‘ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4 ფინანსის“ ანუ ,,ვივუსის’‘ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ,,საკანონმდებლო მაცნეში’‘ გამოქვეყნდა. ესაა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის #227 განკარგულება და შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლითაც ,,ვივუსს’‘ ანუ ,,4 ფინანსს’‘ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (მისო) სტატუსი მიენიჭა. სხვათა შორის, ,,ვივუსის’‘ გარდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს საფინანსო ბაზარზე, უკვე 20-მდე მისო-ს ლიკვიდაცია განხორციელდა.

ლატვიაში რეგისტრირებული ჯგუფი ,,4 ფინანსი’‘, საქართველოში 2013 წლიდან გამოჩნდა და სულ მალე, ონლაინ-სესხების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად იქცა. თავდაპირველად, სხვა ონლაინ-სესხების პროვაიდერების მსგავსად, ,,ვივუსი’‘, რომლის ოფიციალური დასახელება ,,4 ფინანსია’‘, შპს-ს სტატუსით საქმიანობდა, 2016 წლის 29 დეკემბრიდან კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციად დარეგისტრირდა. 

ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც ,,ვივუსის’‘ ფინანსურ ანგარიშგებას წარმოადგენს, 2016 წელს, კომპანიის შემოსავალი 81.88 მილიონი ლარი იყო, წმინდა მოგება კი _ 40.6 მილიონი ლარი. 2017 წელს, ,,ვივუსის’‘ შემოსავალი 30.9 მილიონ ლარამდე შემცირდა, წმინდა მოგება 4.77 მილიონი ლარის ზარალით შეიცვალა. კომპანიამ 2018 წელს 19.9 მილიონი ლარით იზარალა, შემოსავალი კი 29 მილიონი ლარი იყო. ზარალიანი გამოდგა 2019 წელიც _ ,,ვივუსის’‘ შემოსავალი შარშან 3.6 მილიონ ლარზე დაფიქსირდა, ზარალი კი 6.1 მილიონი ლარი იყო. 

ამჟამად, საქართველოს საფინანსო ბაზარზე 42 მისო საქმიანობს და, როგორც აღვნიშნეთ, 2019 წლიდან დღემდე, 20 კომპანიის ლიკვიდაცია დაიწყო. სპეციალისტების შეფასებით, ამ ბაზრის ასეთი მკვეთრი ცვლილება იმ რეგულაციებს უკავშირდება, რომელთა დანერგვაც მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრით დაიწყო. 2017 წელს, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მისო-ების მაქსიმალური განაკვეთი 100%-ით განისაზღვრა, რაც ონლაინ-სესხების მანამდე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე ბევრად დაბალი იყო. შეგახსენებთ, 2017 წლამდე, მისო-ების საპროცენტო განაკვეთი წლიური 300%-დან 500%-მდე მერყეობდა. 2018 წელს, საპროცენტო განაკვეთის ჭერი საბოლოოდ, 50%-ით განისაზღვრა. 

2019 წელს, მიკროსაფინანსო სექტორის ჯამური მოგება 278-ჯერ შემცირდა და მხოლოდ 112 000 ლარზე დაფიქსირდა. ზარალის ძირითადი მიზეზი ცალკეულ მისო-ებში არსებული მრავალმილიონიანი დანაკარგები გახდა. სექტორის წმინდა მოგება პიკურ მაჩვენებელზე 2016 წელს გავიდა, როდესაც მოგება ჯამში, 151.8 მილიონი ლარი იყო, 2017 წლიდან, მოგება მკვეთრად შემცირდა და 2020 წლის პირველ კვარტალში, 18.5 მილიონ ლარზე დაფიქსირდა. 

,,ვერსია’‘ დაინტერესდა, რას უკავშირდება საქართველოს საფინანსო ბაზარზე დამკვიდრებული ტენდენცია, რის გამოც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 20-მდე მისო-ს, მათ შორის, ბაზრის უმსხვილესი კომპანია ,,ვივუსის’‘ ლიკვიდაცია დაიწყო. 

,,საზოგადოება და ბანკების’‘ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აცხადებს, რომ ,,ვივუსის’‘ ლიკვიდაცია იმ რეგულაციების ლოგიკური შედეგია, რომელიც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა საფინანსო ინსტიტუტებს დაუწესა: 

,,ამ რეგულაციების პირობებში, საქართველოში ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიების არსებობა მართლაც აზრს კარგავს, რადგან ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზღვარი 50%-მდე დაადგინეს. ამ საპროცენტო განაკვეთის პირობებში, ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიები იმ შედეგებს ვეღარ აღწევდნენ და ვერც ისეთ მოგებაზე გადიოდნენ, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციად დარეგისტრირების დროს ჰქონდათ, შესაბამისად, ლოგიკური შედეგი მივიღეთ. მისო-ებმა ახალ რეგულაციებს ვერ გაუძლეს და მუდმივად ზარალზე გადიოდნენ. ონლაინ-სესხების გამცემ კომპანიებში, ,,ვივუსი’‘ ბაზრის ყველაზე დიდი წილის მფლობელი იყო, რომელსაც პირველ ეტაპზე, კარგი მოგება ჰქონდა. თუმცა იმ ბიზნეს-მოდელმა, რომლითაც ეს კომპანია მუშაობდა, ახალი რეგულაციების პირობებში, აზრი დაკარგა. ამას ლოგიკური შედეგი მოჰყვა _ ბაზარზე მისო-ების რაოდენობა მცირდება’‘. 

გასაგებია, რომ ქვეყანაში მოქმედი საბანკო რეგულაციების ფონზე, ,,ვივუსისა’‘ და ზოგადად, მისო-ების ლიკვიდაცია ლოგიკურია, მაგრამ საინტერესოა, რა ელით იმ მსესხებლებს, რომლებსაც ,,ვივუსში’‘ აქვთ სესხი აღებული. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ამ კომპანიაში ლიკვიდატორი უკვე დაინიშნა: 

,,კარგა ხანია, რაც მისო-ებს და განსაკუთრებით ,,ვივუსს’‘, ახალი სესხი აღარ გაუცია ანუ დიდი ხანია, რაც ამ კომპანიების შესაძლო ლიკვიდაციის პროცესი მიდის. შესაბამისად, კომპანიების ხელმძღვანელებმა კარგად იცოდნენ, რომ ბაზარზე ოპერირებას ვეღარ შეძლებდნენ და ამიტომ, არც ახალ სესხებს გასცემდნენ. რაც შეეხება ძველ სესხებს, მათი დიდი ნაწილი, რომელთა გასტუმრებასაც მსესხებელი ვერ მოახერხებს, შესაძლოა, უკვე გადასულია პრობლემური აქტივების მართვის კომპანიებში, ან ჩამოწერილია კიდეც. მოგეხსენებათ, ,,ვივუსის’‘ სესხების ნაწილი, ორიოდე წლის წინ, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ, ,,ქართული ოცნების’‘ ერთგვარი პიარ-სტრატეგიის შედეგად ჩამოწერეს, რაც სხვათა შორის, წინასაარჩევნო პერიოდში, ამომრჩევლების მოსყიდვად შეფასდა. 

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებას ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ, ლიკვიდატორი სწორედ იმიტომ დაინიშნა, რომ თუ კომპანიას რაიმე ვალდებულება ან აქტივი დარჩა, ეს პროცესი ისეთ დასასრულამდე მიიყვანოს, რათა არც კომპანიის აქციონერებს და არც მსესხებლებს პრობლემები არ შეექმნას’‘. 

გიორგი კეპულაძემ ,,ვერსიას’‘ ისიც განუმარტა, რომ მისო-ების ლიკვიდაციის პროცესი უჩვეულო ნამდვილად არაა, რადგან ბოლო ერთი წელია, ხან ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაიხურა, ხან _ მეორე. მეტიც, მისი თქმით, ,,ვივუსის’‘ ლიკვიდაცია რეზონანსული იმიტომ გახდა, რომ ის ამ ბაზრის ერთ-ერთი, უმსხვილესი კომპანიაა, თორემ საქართველოს საფინანსო ბაზრისთვის 42 მისო-ს არსებობა ნამდვილად ბევრია. 

,,რაც მთავარია, ეს კომპანიები იმ სეგმენტზე მუშაობენ, რომელსაც, პირობითად, ბანკი სესხს არ აძლევდა. როგორც წესი, ამ მომხმარებელს საშუალო და საშუალოზე დაბალი შემოსავლები აქვს, რომელიც საკუთარ შემოსავალს ვერ ადასტურებს, მისო-ს კი მისი შემოსავლების დადასტურება არ სჭირდება. ამიტომ იყო მისო-ების საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალი, რომ ისინი ძირითადად, რისკიან სესხებს გასცემდნენ. საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, იმ პირობებში, როდესაც მსესხებელი ვეღარც ბანკში აიღებდა სესხს, ვერც მისო-ში, მსესხებელიც აღარ დარჩა და მისო-ების მუშაობამ აზრი დაკარგა’‘. 

,,ვერსიის’‘ კითხვაზე, ვინაიდან საფინანსო ბაზრისთვის 42 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არსებობა ბევრია, თანაც ბაზრის ტენდენციიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ლიკვიდაცია მომავალშიც გაგრძელდება, რამდენი მისო უნდა დარჩეს საბოლოოდ, გიორგი კეპულაძემ გვიპასუხა: 

,,როგორც წესი, თუ დავაკვირდებით, ამ 42 მისო-დან ბაზრის დიდ წილს მხოლოდ რამდენიმე კომპანია ფლობს, დანარჩენები ან მცირე მისო-ები არიან, ან მხოლოდ ერთ, კონკრეტულ რეგიონზე მუშაობენ. სახელად კი ჰქვიათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მაგრამ რეალურად, ბაზარზე ამინდს რამდენიმე წამყვანი კომპანია ქმნის. გარდა ამისა, საქართველოში მისო-ების შექმნა სოფლის მეურნეობისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დაკრედიტებით დაიწყო. მას შემდეგ, რაც ეს ბაზარი განვითარდა და გამოჩნდნენ მომხმარებლები, მათ შორის ქალაქებშიც, რომლებიც ბანკებში ვერ იღებდნენ სესხებს, ან პრობლემები ექმნებოდათ სათანადო საბუთებთან დაკავშირებით, რადგან ასეთი საბუთები არ ჰქონდათ, მისო-ები გაცილებით მარტივად აძლევდნენ ასეთ მომხმარებლებს სესხებს. მეტიც, სესხებს ისე გასცემდნენ, რომ მსესხებლების საკრედიტო ინფორმაციას არც კი ამოწმებდნენ, არადა, ზოგიერთ მათგანს 10 და 12 სესხი ჰქონდა აღებული. შედეგად, ყველაფერი ეს, სოციალურ პრობლემად იქცა, რადგან ერთ დღესაც გაირკვა, რომ საკმაოდ დაბალი შემოსავლების მქონე მსესხებელს 2 000 ლარამდე დავალიანება უნდა გაესტუმრებინა. 

ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მთავრობასთან ერთად, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რათა ბაზარზე არსებული ქაოსი დაერეგულირებინა, რასაც მკაცრი საბანკო რეგულაციები მოჰყვა. სხვათა შორის, ამ რეგულაციების შემოღებით, ბანკებზე არასწორად გადატყდა ჯოხი, რადგან მათაც მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაუწესეს, რომლის შერბილებასაც ახლა ვადევნებთ თვალ-ყურს, როდესაც კრიზისია. თუმცა მისო-ებისთვის დიდად არაფერი შეცვლილა. პირიქით, მათი შემოსავლიანობა წელსაც შემცირდება ანუ მისო-ების ბაზარი ლოგიკური გზისკენ, ლიკვიდაციისკენ მიდის იმ რეგულაციების ფონზე, რაც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა შემოიღეს’‘.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში