Menu
RSS

ქართველმა პარტნიორებმა ამერიკელი ცოლ-ქმარი თაღლითურად მოატყუეს

რატომ დაბრუნდა სკანდალური საქმე უზენაესი სასამართლოდან სააპელაციოში

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საქმეს, რომელიც ქართველი თაღლითების მიერ, ამერიკელი ცოლ-ქმრისთვის დიდძალი თანხის გამოძალვას ეხება. უფრო ზუსტად, ლეგენდარული ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის ამერიკელი პარტნიორის, ბენჯამენ რითერის ვაჟიშვილმა, ჩარლზ რითერმა და მისმა ქართველმა მეუღლემ ნინა ჭანტურია-რითერმა, ქართველი მეგობრის რეკომენდაციით, 400 000 აშშ დოლარი გაასესხეს. სამწუხაროდ, ქართველებმა ამერიკელი პარტნიორები მოატყუეს, რის გამოც ნინა ჭანტურია-რითერმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ეს ამბავი ექსკლუზიურად,,ვერსიასაც’‘ უამბო. ეს სტატია ,,ვერსიაში’‘ 2013 წელს დაიბეჭდა. მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, ნინა ჭანტურია-რითერმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე მოიგო, რაც მისმა მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა, საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა, ამ უკანასკნელმა კი განსახილველად ისევსააპელაციო სასამართლოში დააბრუნა. სინამდვილეში, ერთ წინადადებაში ჩატეული ეს ამბავი შვიდწლიანი ბრძოლის ისტორიაა. 

სამშაბათს, 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული პროცესი 9 ივლისისთვის გადაიდო. მოსამართლემ მხარეებს დავის მოგვარება შესთავაზა. ,,ვერსია’‘ ამ პროცესს თვალ-ყურს მიადევნებს, მაგრამ მანამდე, შვიდწლიანი ბრძოლის პერიპეტიები გავიხსენოთ.

,,ვერსიაში’‘ ვწერდით, რომ ჩარლზ რითერმა და მისმა ქართველმა მეუღლემ ნინა ჭანტურია-რითერმა, ქართველი მეგობრის, ალექსანდრე უთარაშვილის რეკომენდაციით, 400 000 აშშ დოლარი უთარაშვილის მეუღლის ძმისშვილს, კომპანია „აგროგეო“-ს მფლობელს, დიმიტრი კოსტაროვს ასესხეს. რითერებმა ეს თანხა კომპანიის ანგარიშზე 2010 წლის ოქტომბერში, აშშ-დან გადმორიცხეს. საქართველოში დაბანდებული ფული, აშშ-ში მათი საცხოვრებელი სახლისთვის აღებული სესხის დასაფარი თანხა იყო, მაგრამ ქართველმა „მეგობრებმა“ ბოროტად ისარგებლეს რითერების ნდობით, რასაც ტრაგიკული მოვლენები მოჰყვა: ოჯახს უსახლკაროდ დარჩენა დაემუქრა, დაუბრუნებელი ვალის გამო, ახალი ვალები დაგროვდა, რამაც საბოლოოდ, ჩარლზ რითერის ჯანმრთელობა შეარყია. რამდენიმე ინსულტისა და თანმდევი ავადმყოფობის შედეგად, 2014 წლის დეკემბერში, ჩარლზ რითერი გარდაიცვალა... 

ფულის დასაბრუნებლად, რამდენიმეწლიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ, ნინა ჭანტურია-რითერი მეუღლის გარეშე, უსახლკაროდ და ვალებში ჩაფლული დარჩა. სამწუხაროდ, 62 წლის ჯანმრთელობაშელახულ ქალბატონს, საკუთარი შრომის შედეგად, აღარ ძალუძს ისეთი გასამრჯელოს მიღება, რომ საკუთარი თავი მაინც შეინახოს. ამ შემთხვევაში, ვალების გასტუმრებაზე საუბარი უკვე ზედმეტია. ამ ფონზე, უთარაშვილი და კოსტაროვი ჩვეულ რიტმში განაგრძობენ ცხოვრებას. მეტიც, კოსტაროვმა ხელოვნურად გააკოტრა კომპანია „აგროგეო“, თავისი საქმიანობა გადაიტანა ახალ კომპანიაზე, რომელსაც სახელი შეუცვალა და „აგროგეო +“-ით დაარეგისტრირა, რათა „აგროგეოს“ ანგარიშზე რითერების მიერ სესხად გადარიცხული თანხა არ დაებრუნებინა. 

,,ვერსიაში’‘ იმასაც ვწერდით, რომ „აგროგეო +“-ში 80%-იანი წილის მფლობელი დიმიტრი კოსტაროვის მეუღლე, ირინა დანილენკოა. უფრო ზუსტად, კოსტაროვმა მისი კუთვნილი წილი მეუღლის სახელზე გააფორმა. რითერების მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს, წყნეთში, უთარაშვილის კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა და თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ შენობაში, კოსტაროვის კუთვნილი 4-ოთახიანი ბინის დაყადაღება მოჰყვა. მართალია, 2014 წლის 23 დეკემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოსტაროვს რითერებისთვის 400 000 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ყადაღადადებული ბინა რუსეთის მოქალაქის სახელზე გაასხვისა... 

* * * 

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ამ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ,,ვერსია’‘ დაინტერესდა, როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც 2014 წლის 23 დეკემბერს, ნინა ჭანტურია-რითერმა საქმე მოიგო, ხოლო მის მოწინააღმდეგე დიმიტრი კოსტაროვს ვალის გადახდა დაეკისრა. სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, ნინა ჭანტურია-რითერის ადვოკატს, ხათუნა გრიგალაშვილს დავუკავშირდით. 

_ ქალბატონო ხათუნა, როგორ მოხდა, რომ დაყადაღებული ბინა კოსტაროვმა რუსეთის მოქალაქეზე გაასხვისა? 

_ როგორც კი კოსტაროვმა გაიგო, რომ ბინა დააყადაღეს, თავისი მეგობრის, გიორგი ალიკოშვილის ვალი _ 150 000 აშშ დოლარი, რამდენიმე თვეში ნოტარიულად აღიარა. ვიდრე სასამართლო პროცესი დაინიშნებოდა, ასეთი ხრიკი მოიფიქრა: ნოტარიუსთან ვალის აღიარების ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო სააღსრულებო ბიურომ ისე ჩაატარა აუქციონი და ისე გადააფორმა ეს ბინა სხვაზე, რომ ჩვენ არაფერი გაგვიგია. არადა, ბინა დაყადაღებული გვქონდა ანუ სარჩელის უზრუნველყოფა გამოვიყენეთ და გვეიმედებოდა, რომ როდესაც სარჩელი დაკმაყოფილდებოდა, ამ ბინის უზრუნველყოფით ანუ მისი რეალიზებით, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. თუმცა, როგორც გითხარით, სააღსრულებო ბიურომ აუქციონის შესახებ არ გვაცნობა. აუქციონზე ეს ბინა ვინმე, ეკატერინე სანაიამ იყიდა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. გეტყვით, რა გააკეთა დიმიტრი კოსტაროვმა: ეს 150 000 აშშ დოლარი შეუშვა აღსრულებაში, გადააფორმა ეკატერინე სანაიაზე, ის ფული ისევ გამოიტანა, ორ კვირაში ჩაიდო ჯიბეში და მეგობარზე გადაფორმებულ ბინაში, 2014 წლიდან დღემდე ანუ ექვსი წლის მანძილზე ცხოვრობს. 

_ გასაგებია, მაგრამ ნინა ჭანტურია-რითერის სარჩელს რა ბედი ეწია? 

_ ამ სარჩელის განხილვა დროში გაჭიანურდა და როგორც იცით, მართალია, საბოლოოდ, სასამართლომ ნინა ჭანტურია-რითერის სარჩელი დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება დავის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ კანონიერ ძალაში შევიდა, მაგრამ ამასობაში, მისი მეუღლე, ჩარლზ რითერი გარდაიცვალა... მოკლედ, პროცესი მოვიგეთ, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ამის შემდეგ, დაეწერა ერთ მოსამართლეს _ თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილს, მაგრამ პროცესი არ ჩაინიშნა და როგორც მახსოვს, მოსამართლეობის ვადა გაუვიდა, მერე დაეწერა მეორე მოსამართლეს _ ვანო წიკლაურს და ამ შემთხვევაშიც გავიდა მოსამართლეობის ვადა, ვიდრე პროცესი დაინიშნებოდა. ბოლოს სხვა მოსამართლეს _ ანი გოგიშვილს დაეწერა ეს საქმე, რომელმაც პროცესი მალევე ჩანიშნა. 2016 წლის 9 ივნისს, ანი გოგიშვილმა ამერიკული კანონმდებლობა არ გაითვალისწინა, რაც არასწორი იყო და მოგვცა ვადა, რათა საკუთრების მოწმობა წარგვედგინა. 

_ უკაცრავად, საკუთრების მოწმობა რატომ უნდა წარგედგინათ? 

_ ზოგადად, კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც პირი გარდაიცვლება, მას სჭირდება უფლებამონაცვლის დადგენა. ჩარლზ რითერის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება ვალაუვალად (გაკოტრებულად, გაბანკროტებულად) აღიარეს. ამერიკული, კერძოდ, ნიუ-ქენანის შტატის კანონმდებლობით, თუ ქონება ვალაუვალია, მასზე სამკვიდრო მოწმობა არ გაიცემა. ვინაიდან ქართული და ამერიკული კანონმდებლობა განსხვავდება, სასამართლოს ეს ფაქტორი უნდა გაეთვალისწინებინა _ მართალია, ნინა ჭანტურია-რითერზე მემკვიდრეობის მოწმობა არა, მაგრამ ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად, ჩარლზ რითერის ქონების მართვის განკარგულება გასცეს. მოკლედ, მოსამართლემ საკუთრების მოწმობის წარსადგენად, გარკვეული ვადა მოგვცა. ვუმტკიცებდი, რომ ამ მოწმობას ვერ წარვადგენდი, რადგან ამერიკული კანონმდებლობით, ასეთ დოკუმენტს ვერ მივიღებდი. 2016 წლის ივნისიდან, 2017 წლის ივნისამდე, უფლებამონაცვლეობის თაობაზე, განჩინება არ გამოსულა და ამ ხნის მანძილზე, უზენაეს სასამართლოში იყო საქმე. 2017 წლის ივნისის განჩინებით, როგორც იქნა, სასამართლომ დაადგინა, რომ ჩემი შუამდგომლობა სწორი იყო და ნინა ჭანტურია-რითერი მხარედ უნდა ჩაბმულიყო.Aამის შემდეგ, ოთხი თვისმანძილზე, განჩინების ტექსტივერ ავიღე და საქმე სააპელაციო სასამართლოში ვერ გადააგზავნეს. 

2017 წლის ოქტომბერში, ამ საქმემ სააპელაციო სასამართლომდე მიაღწია და ამ უკანასკნელმა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა... ამის შემდეგ, კიდევ გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში კოსტაროვის მიერ, თუმცა ძალაში დარჩა ყველა მიღებული გადაწყვეტილება. 2018 წლის ივლისის დასაწყისში, ავიღეთ სააღსრულებო ფურცელი, წარვადგინეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში და აღმოჩნდა, რომ მანგლისის აგარაკისა და მოძრავი ნივთების გარდა, კოსტაროვის სახელზე არავითარი ქონება არ ირიცხებოდა. რა თქმა უნდა, მანგლისის აგარაკი 32 000 აშშ დოლარად გაიყიდა და ეს თანხა სრულად ჩაურიცხეს ნინა ჭანტურია-რითერს, მაგრამ ჩვენ სარჩელი შეტანილი გვქონდა ძირითად 400 000 აშშ დოლარზე, რომელიც უნდა აეღო. თუმცა, როგორც გითხარით, იმის მიუხედავად, რომ კოსტაროვის წილები კომპანიაში და მისი ქონება დაყადაღებული გვქონდა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით _ მის სახელზე არაფერი ირიცხებოდა. 

2019 წლის მაისში, წარვადგინეთ სარჩელი და დიმიტრი კოსტაროვის სახელზე, გურჯაანში ნაყიდ მიწებზე, კოსტაროვის მესაკუთრედ ცნობა მოვითხოვეთ. სხვათა შორის, ეს მიწები კოსტაროვმა იყიდა, მაგრამ მამის, ალექსანდრე კოსტაროვის სახელზე გააფორმა, რომელიც ჩვენი დავის პერიოდში გარდაიცვალა. გურჯაანის გარდა, მიწის ნაკვეთები ყვარელშიც აქვს კოსტაროვს, მაგრამ ეს ნაკვეთებიც მამის სახელზე ჰქონდა გაფორმებული, ხოლო მამისა და დედის სახელზე გაფორმებული ბინა, უფროსმა ალექსანდრე კოსტაროვმა, თავისივე სიცოცხლეში, ჩუქების ფორმით, შვილიშვილის, უმცროსი ალექსანდრე კოსტაროვის სახელზე გააფორმა. 

_ ესე იგი, პროცესზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ითხოვთ, რომ გურჯაანსა და ყვარელში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ კოსტაროვი სცნოს სასამართლომ? 

_ დიახ, ასეა, რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ ამ მიწების შემძენი დიმიტრი კოსტაროვია, რომელმაც ეს ქონება შეგნებულად გააფორმა მამის სახელზე. ასე იმიტომ მოიქცა, რომ ვალი გადასახდელი ჰქონდა. გურჯაანის მიწები კოსტაროვმა შეიძინა 2013 წლის გაზაფხულზე, სწორედ მაშინ, როდესაც რითერებისთვის ასიათასობით აშშ დოლარი ჰქონდა გადასახდელი. ამის ნაცვლად, მან მიწებში გადაიხადა 170 000 აშშ დოლარი, რა თანხაც სწორედ ნინასა და მის მეუღლეს უნდა დაბრუნებოდა. მიწები კი მამის სახელზე გააფორმა, თითქოს მან შეიძინა. ესაა კლასიკური ტიპის თაღლითობა! 

_ რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ ქალბატონმა ნინა ჭანტურია-რითერმა პროცესი მოიგოს? 

_ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ქონება მაშინაც იპოთეკით იყო დატვირთული, როდესაც კოსტაროვმა ამერიკელებისგან ვალი აიღო და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც გვაქვს. იმის შემდეგ, როდესაც ვალი არ გადაიხადა, ალექსანდრე კოსტაროვმა, როგორც მამამ, ეს ქონება დაზოგა მაშინ, როდესაც მის სახელზე გადაიფორმა. თუ სასამართლო არ ჩაგვითვლის, რომ ეს ისედაც არარა გარიგება იყო და სპეციალურად, თვალთმაქცურად გააფორმა დიმიტრი კოსტაროვმა, მაშინ გვაქვს კიდევ ერთი მტკიცებულება _ როდესაც უფროსი ალექსანდრე კოსტაროვი გარდაიცვალა, ამ თაღლითმა სამკვიდროზე უარი თქვა, არადა, ერთადერთი შვილია და ეს სამკვიდრო დედის სახელზე გააფორმა. ეს ხომ მიზანმიმართული საქციელია, რათა ვალის გადახდას აარიდოს თავი? 

თუ სასამართლო ამასაც არ ჩაგვითვლის, მაშინ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უსაფუძვლო გამდიდრებაა, რადგან ქონება დაიზოგა. სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის მიხედვით: ,,პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა, დაუბრუნოს მას მიღებული’‘. ჩვენი მოთხოვნაა, რომ აუცილებლად ბათილად იქნას ცნობილი ის გარიგებები, რომლებიც კოსტაროვმა დადო და მიკუთვნებითი სარჩელიც გვაქვს, რათა კოსტაროვი ცნობილ იქნეს მესაკუთრედ, რომ ვალის გადახდა დაეკისროს. აქედან გამომდინარე, დასკვნა ერთადერთია: წლების მანძილზე, დიმიტრი კოსტაროვი მიზანმიმართულად თაღლითობს და მალავს ქონებას ანუ თავისი ოჯახის წევრებზე აფორმებს იმის მიუხედავად, რომ მისია ეს ქონება. ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ ნინა ჭანტურია-რითერის ვალი არ გადაიხადოს. 

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში