Menu
RSS

ფინანსური განუკითხაობა სასამართლოებში

ერთ წელში საერთო სასამართლოებმა 215 ავტომობილზე 2 მილიონზე მეტი დახარჯეს _ აუტიდის სკანდალური დასკვნა

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საერთო სასამართლოების 2017-2018 წლების აქტივების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული კონტროლის მექანიზმები სუსტია, რის გამოც სასამართლოებზე გადაცემული ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვის მონიტორინგი თითქმის არ ხორციელდება. მეტიც, სასამართლოების სისტემაში, მატერიალურ ქონებაზე პასუხისმგებელი პირები, ლამის უკანონოდ არიან დანიშნულნი და აქედან გამომდინარე, ინვენტარიზაციის არსებული პრაქტიკა ამიტომ არ შეესაბამება კანონმდებლობას. საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული კონტროლის სისუსტეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ უწყებაში არ არის განსაზღვრული, რა ოდენობის ავტომობილს უნდა ფლობდნენ მთავრობის დადგენილების შესაბამისად და არც ამ ავტომობილებისთვის საჭირო საწვავის ლიმიტებია დადგენილი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2017-2018 წლებში, საერთო სასამართლოების ბალანსზე 215 ავტომანქანა ირიცხებოდა, რისთვისაც ჯამში, ტექმომსახურებისა და საწვავის ჩათვლით, 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს!

ხარვეზები ინვენტარიზაციაში 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს. სახელმწიფო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩატარებული წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგების განხილვაა. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ გარკვეული საკანცელარიო და სამეურნეო მასალები სასამართლოებს ყოველთვიური ლიმიტის, ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემა. ორივე შემთხვევაში, გადაცემისთანავე, ეს ნივთები ხარჯში უნდა ჩამოიწეროს, თუმცა დეპარტმენტს მათი შემდგომი გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. 

,,ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესაბამისად, მატერიალურად პასუხისმგებელია ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული პირი, რომელსაც გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადაცემულ აქტივებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა ეკისრება. დამკვიდრებული პრაქტიკით, ყველა სახის ქონებაზე პასუხისმგებელ პირებად ითვლებიან სასამართლოების მენეჯერები, გარდა იმ ქონებისა, რომელსაც დეპარტამენტი უშუალოდ განკარგავს, თუმცა არცერთ შემთხვევაში, შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის’‘, _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

2017-2018 წლებში, ინვენტარიზაციის დაწყების თარიღებად 15 აგვისტო და 3 სექტემბერი განსაზღვრეს, საბუღალტრო ნაშთები კი 2017 წელს _ 30 ივნისის, ხოლო 2018 წელს _ 31 ივლისის მდგომარეობით გადასცეს კომისიას. შესაბამისად, საინვენტარიზაციო კომისიამ ამ პერიოდებში განხორციელებული აქტივების მოძრაობის შესახებ არაფერი იცოდა. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სასამართლოების შემდეგ, ინვენტარიზაცია ჩატარდა საწყობში, მაგრამ კომისიას ნაშთები 1 დეკემბრის მდგომარეობით მხოლოდ მაშინ გადასცეს, როდესაც მატერიალური ფასეულობები საწყობიდან ჩვეულ რეჟიმში, ხელმძღვანელის ბრძანებისა და ინვენტარიზაციის კომისიის წევრების დასწრების გარეშე გამოჰქონდათ. 

,,აქედან გამომდინარე, ინვენტარიზაციის პერიოდში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საწყობის მიღება-გასვლის რეესტრი არ წარმოებულა; საწყობიდან ინვენტარიზაციის პერიოდში გაიცემოდა გარკვეული აქტივები ისეთ ობიექტებზე, სადაც ინვენტარიზაცია უკვე დასრულებული იყო. შესაბამისად, საინვენტარიზაციო კომისიამ ეს კონკრეტული აქტივები ვერ შეამოწმა ანუ გარკვეული აქტივების მოძრაობა ისე განხორციელდა, რომ აღნიშნული არ ასახულა არც სასამართლოებისა და არც საწყობის საბოლოო შედეგებში. მოქმედი კანონმდებლობით, ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს აქტივების ფიზიკურად დათვალიერების გზით და საინვენტარიზაციო აღწერილობაში შეტანილ იქნეს დანიშნულების, ძირითადი ტექნიკური, საექსპლუატაციო და სხვა მაჩვენებლების მიხედვით. მიუხედავად ამ მოთხოვნისა, ინვენტარიზაციის მასალებში სამი შენობა-ნაგებობა ფიქსირდებოდა, როგორც დაურეგისტრირებელი ქონება მაშინ, როდესაც დეპარტამენტი არ იყენებდა მათ და შესაბამისი ინფორმაცია არ გააჩნდა ზუსტი მდებარეობისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ’‘. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სამი შენობა, რომელთა ადგილმდებარეობისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ დეპარტამენტს საჭირო ინფორმაცია აუდიტის დაწყებამდე არ გააჩნდა, მარნეულის სასამართლო, ვანის სასამართლო და საბავშვო ბაღი გახლდათ. უფრო კონკრეტულად, მარნეულის სასამართლოს საწყისი საბალანსო ღირებულება იყო 101 040 ლარი, ხოლო ნარჩენი ღირებულება _ 38 518 ლარი; ვანის სასამართლოს საწყისი საბალანსო ღირებულება იყო 14 280 ლარი, ხოლო ნარჩენი ღირებულება _ 12 138 ლარი; საბავშვო ბაღის შენობის საწყისი საბალანსო ღირებულება იყო 254 651 ლარი, ხოლო ნარჩენი ღორებულება _ 138 883 ლარი. 

,,აუდიტის მიმდინარეობის პროცესში, დეპარტამენტმა ამ შენობების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, შესაბამისი ქმედებები დაიწყო. სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვა დოკუმენტაცია შენობების მონაცემებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ და გაარკვია, რომ ქალაქ მარნეულში მდებარე შენობის ნაწილი კერძო საკუთრებაა, ხოლო ნაწილი _ დაურეგისტრირებელი სახელმწიფო ქონება; ქალაქ თბილისში მდებარე საბავშვო ბაღის შენობაში განთავსებული ფართები უკვე პრივატიზებულია; ვანის სასამართლოს შენობასთან დაკავშირებით კი, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ამჟამადაც მიმდინარეობს კომუნიკაცია’‘, _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2018 წელს, საერთო სასამართლოების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი არ ჩატარებულა. საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს სასამართლოებზე გადაცემული ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვის მონიტორინგს, ხოლო ინვენტარიზაციის ჩატარების არსებული პრაქტიკა მოქმედ კანონმდებლობას არ შეესაბამება! 

დარღვევები საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვაში 

სახელმწიფო აუდიტორებმა ის ხარვეზებიც გაარკვიეს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობისათვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით გამოვლინდა. კერძოდ, 2016 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თანხმობა მიეცა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება მიწის სამ ნაკვეთში გაეცვალა, რომლებიც საერთო სასამართლოების დეპარტმენტს, საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის მიზნით გადაეცა. 

ეს მიწის ნაკვეთები დეპარტამენტს 2017 წლის 26 იანვარს გადასცეს, ხოლო ბალანსზე მხოლოდ 2018 წლის მეორე ნახევარში ასახეს. საბალანსო ღირებულებად, დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული ქონების დამატებითი (ახალი) შეფასებით გამოვლენილი ღირებულება მიუთითეს, რაც თავდაპირველი შეფასებების ღირებულებაზე 2 500 000 ლარით ნაკლებია. სამწუხაროდ, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა მტკიცებულება, თუ რის საფუძველზე, ან რა არგუმენტით აღრიცხეს ეს ქონება თითქმის ორი წლის დაგვიანებით და რაც მთავარია, ამხელა დანაკლისით. 

უფრო ზუსტად, 2017 წლის 26 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, სარგებლობის უფლებით, დეპარტამენტს მიწის სამი ნაკვეთი, ჯამურად _ 15 000 კვ.მ. გადასცეს. 2016 წლის 15 ნოემბერს, საბჭოს განსახილველად გადაეგზავნა ქონების სააგენტოსა და კერძო კომპანიის წერილები, სადაც კომპანია გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ სახელმწიფო ქონების სანაცვლოდ, მისი კუთვნილი 15 000 კვ.მ. მიწის სამი ნაკვეთი სახელმწიფოსთვის გადაეცა. ამ კორესპოდენციას თან ერთვოდა კომპანიის დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის ორი, დამოუკიდებელი დასკვნა. 

2016 წლის 2 დეკემბერს, საბჭომ თანხმობა განაცხადა მიწების მიღების შესახებ, რაც დეპარტამენტმა წერილობით აცნობა ქონების სააგენტოს; 2016 წლის 30 დეკემბერს, მთავრობისN#2748 განკარგულებით, სააგენტოს თანხმობა მისცეს ქონებების გაცვლაზე, რომელთა საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა 2 357 234 ლარი იყო. სხვაობის გადახდა და დაახლოებით 8 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება კომპანიას დაავალეს. 

,,ეს მიწის ნაკვეთები დეპარტამენტს 2017 წლის 26 იანვარს გადასცეს, ხოლო ბალანსზე 2018 წლის მეორე ნახევარში _ ორი წლის დაგვიანებით ასახეს. საბალანსო ღირებულებად, დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული ქონების დამატებითი (ახალი) შეფასებით გამოვლენილი ღირებულება _ 2 302 000 ლარი. შესაბამისად, მიწის ნაკვეთები თავდაპირველად შეფასებულთან შედარებით, დაახლოებით, 2 500 000 ლარით ნაკლები ღირებულებითაა ბალანსზე ასახული. აუდიტის პირველადი ანგარიშის გაგზავნის შემდეგ, მიწის შეფასების მიზნით, დეპარტამენტმა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა. 2020 წლის 20 თებერვლის დასკვნის შესაბამისად, მიწის საბაზრო ღირებულება 2018 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით, საორიენტაციოდ, 2 166 068 აშშ დოლარს ანუ მაშინდელი კურსით, 5 487 300 ლარს შეადგენდა, რაც მიწის ნაკვეთის თავდაპირველ შეფასებებს აღემატება’‘. 

აუდიტორების მტკიცებით, დეპარტამენტმა მომდევნო პერიოდშიც ვერ უზრუნველყო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობა. ამის მიუხედავად, დეტალურად გაარკვიეს, თუ რა სახის ქმედებები განხორციელდა ამ მიწის ნაკვეთებზე, რათა ახალი შენობა აშენებულიყო: 2017 წლის ბიუჯეტით, დეპარტამენტს არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით, საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილზე 10 000 000 ლარით მეტი ასიგნება დაუმტკიცდა, რომელიც წლის ბოლოს, ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებით შემცირდა; 2018 წელს, საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის ასაშენებლად, 3 000 000 ლარის ასიგნება გაითვალისწინეს და დეპარტამენტმა შესაბამისი აქტივობები დაიწყო. კერძოდ, განაშენიანების რეგულირების გეგმისა (გრგ) და პროექტის შესყიდვის მიზნით, გამოაცხადა ტენდერი, თუმცა წლის განმავლობაში, ეს თანხა მაინც ვერ აითვისეს და მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაიტანეს; 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობა არ დაწყებულა. 

IT ინფრასტრუქტურის ნაკლოვანებები 

სახელმწიფო აუდიტორებმა ხარვეზები IT ინფრასტრუქტურაშიც გამოავლინეს. 

კერძოდ, ორგანული კანონის თანახმად, სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს პროცესის აუდიო-ვიდეოჩაწერა და მისი ხელმისაწვდომობა. კანონმდებლობით არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ვადით უნდა ინახებოდეს ჩანაწერები სისტემაში, რაც დაინტერესებულ პირს უფლებას აძლევს, ხანდაზმულობის მიუხედავად, ნებისმიერი პროცესის აუდიო-ვიდეოჩანაწერი მოითხოვოს. ამის შესაძლებლობა კი არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, დეპარტამენტს არ გააჩნია, ამიტომ პერიოდულად, არსებული ჩანაწერები, ახალი ჩანაწერების სინქრონულად იშლება. არადა, აუდიო-ვიდეოჩაწერის უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წელს, სასამართლოებში დამონტაჟდა Avigilon.inc-ისა და EMC Isilon-ის წარმოებული პროგრამული აპარატურული სისტემა. 

,,სისტემის შეუფერხებელ რეჟიმში ფუნქციონირებისთვის, საგარანტიო მხარდაჭერის სერვისისა და ლიცენზიების განახლების შესყიდვაა აუცილებელი, რომლის ფარგლებში, სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მათი აღმოფხვრა განხორციელდება მომსახურე კომპანიის, ან საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელი კომპანიის მიერ. იმ ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც 2013 წელს გაფორმდა, რათა სასამართლოებში პროგრამული აპრატურული სისტემა დამონტაჟებულიყო, ამ სისტემის საგარანტიო ვადა 2016 წლის 19 მაისს ამოიწურა, თუმცა საბიუჯეტო სახსრების არასაკმარისი ოდენობის გამო, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, დეპარტმენტს ტექნიკური მომსახურებისა და სისტემის მხარდაჭერის მიზნით, შესყიდვა არ განუხორციელებია. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც საერთო სასამართლოებში, აუდიო-ვიდეოჩამწერი სისტემის შეუფერხებელ რეჟიმში ფუნქციონირების რისკები იქმნება’‘. 

2018 წელს, საბჭოს ინიციატივით, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სასამართლოს სისტემაში არსებული IT ინფრასტრუქტურის სრული შეფასების აუდიტი ჩატარდა, რომლის საფუძველზე, იმ აუცილებელი პროცედურებისა და ღონისძიებების ნუსხა განისაზღვრა, რომელთა ფარგლებში, სასამართლოს IT ინფრასტრუქტურის შეუფერხებელ, დაცულ რეჟიმში ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოფილიყო. 2018 წლის 6 ნოემბერს, უზენაესმა სასამართლომ დეპარტამენტს აცნობა, რომ ჩატარებული IT აუდიტის დასკვნის შესაბამისად, არსებული სისტემების შეუფერხებელი და დაცული ფუნქციონირებისთვის, გარკვეული სახის საქონელი და მომსახურება უნდა შეესყიდაღთ. 

,,ამ მიზნით, დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერები, რომელთა ჯამური ღირებულება 2 515 000 ლარი იყო. 2018- 2019 წლებში, ამ ტენდერების ფარგლებში, მხოლოდ 822 300 ლარის ღირებულების საქონელი შეისყიდეს. ტექნიკური პარამეტრების დაზუსტების პროცედურების გახანგრძლივების გამო, 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ვერ მოხერხდა ისეთი საქონლის შეძენა, რომელიც აუდიტის დასკვნის შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასამართლოს IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და დაცული ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი აქტივების ნაწილი ვერ შეიძინა, ხოლო ამ მიმართულებით არსებული კონკრეტული გეგმისა და სტრატეგიის დოკუმენტურად დასაბუთებული ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტორებმა ვერ მოიპოვეს’‘. 

ხარვეზები ავტოპარკის მართვაში 

,,ვერსიაში’‘ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს საჯარო უწყებებში თითქმის იდენტური დარღვევები ვლინდება. ამ დარღევევების გაანალიზებით კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სხვადასხვა სამინისტროების, განსაკუთრებით ეკონომიკური პროფილისა და სახელმწიფო სსიპ-ების ფინანსური დეპარტამენტის წარმომადგენლები ბუღალტერიაში ვერ ერკვევიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, როდემდე უნდა გასცენ სახელმწიფო აუდიტორებმა ერთი და იგივე რეკომენდაციები წლების მანძილზე, თანაც ერთსა და იმავე საჯარო უწყებებში?!  

,,ვერსიის’‘ რიტორიკული კითხვის ლოგიკური გაგრძელებაა ის ხარვეზები, რაც საერთო სასამართლოების სისტემაში ავტოპარკის მართვაში გამოვლინდა. საჯარო უწყებებში გამოვლენილ სხვადასხვა სახის დარღვევებს შორის, ავტოპარკის მართვა ერთგვარი ,,აქილევსის ქუსლია’‘, რა თქმა უნდა, თანამშრომლებისთვის დაუსაბუთებლად გამოწერილ პრემია-დანამატებსა და არასწორად ჩატარებულ სახელმწიფო ტენდერებთან ერთად. ამიტომ, მაინც და მაინც ნუ გაგიკვირდებათ, რომ სახელმწიფო აუდიტორებმა საერთო სასამართლოების სისტემაშიც გამოავლინეს დარღვევები, რაც ავტოპარკის მართვას უკავშირდება. 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის #121 დადგენილებით, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი“ განისაზღვრა. ამ დადგენილებით, საერთო სასამართლოებს სთხოვეს, რომ ავტომობილის შესყიდვისა და განაწილებისას, დადგენილებით განსაზღვრული პრინციპებით ეხელმძღვანელა. ახლა ვნახოთ, რა ხარვეზები აღმოაჩინეს აუდიტორებმა. 

,,საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული პასუხისმგებელი პირების განმარტებით, საერთო სასამართლოების სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, დეპარტამენტი აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად ვერ იხელმძღვანელებდა. საერთო სასამართლოების სისტემაში, სამსახურებრივი ავტომობილით სარგებლობის უფლების მქონე პირები განსაზღვრულია საბჭოს გადაწყვეტილებით. 2017-2018 წლებში, დეპარტამენტის ბალანსზე, მთლიანობაში 215 ავტომანქანა ირიცხებოდა, რისთვისაც ჯამში, 2 316 914 ლარი დახარჯეს’‘. 

საერთო სასამართლოების სისტემაში, სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ლიმიტებს განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე, ოღონდ საბჭოს გადაწყვეტილებით და სასამართლოებისათვის დამტკიცებული ყოველთვიური ჯამური ლიმიტის ფარგლებში. აუდიტის შედეგად, საწვავის ლიმიტის განსაზღვრის ნაკლოვანებებიც გამოვლინდა: 

,,საუკეთესო პრაქტიკით, საწვავის ლიმიტის განსაზღვრა კონკრეტულ ავტომობილზე, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა ეფუძნებოდეს. კერძოდ, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თვის განმავლობაში გასავლელ მანძილსა და ავტომანქანის საწვავის ხარჯვის ნორმას _ 100 კმ გარბენზე. სასამართლოებში არსებულ ავტომანქანებზე საწვავის ლიმიტს აწესებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, თუმცა 2017-2018 წლებში, გარკვეულ შემთხვევებში, ლიმიტი განისაზღვრებოდა საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში, მითითებული იყო საწვავის ლიმიტის კონკრეტული რაოდენობა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, შესაბამის პირებს დადგენილი ლიმიტის ფარგლებში უნდა ემოქმედათ. ამის მიხუედავად, ვერ დგინდება, რა კრიტერიუმებით განისაზღვრებოდა საწვავის ლიმიტი. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ორ მოსამართლეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება უწევს თბილისიდან მცხეთაში და პირიქით, თუმცა დაწესებული აქვთ განსხვავებული ლიმიტები; შესაბამისად, დეპარტამენტში არ არის შემუშავებული თითოეულ ავტომანქანაზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტის განსაზღვრის კრიტერიუმები და არსებობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა. 2017-2018 წლებში, ავტომობილებზე გაწეულმა საწვავის ხარჯმა სულ 1 527 683 ლარი (763 863 ლიტრი) შეადგინა’‘. 

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა საერთო სასამართლოებში ისეთი შემთხვევებიც გამოავლინეს, როდესაც კონკრეტულ მანქანაზე, საწვავის ხარჯვის ფაქტები გამოვლინდა, როგორც ბრძანებით ლიმიტის დაწესებამდე, ასევე, ლიმიტის გაუქმების შემდგომ; გამოვლინდა თანამშრომელთა შვებულების პერიოდში, ავტომანქანების საწვავით გამართვის ფაქტებიც. ასეთ შემთხვევებში, საწვავის სამსამხურებრივი მიზნით გამოყენება სახელმწიფო აუდიტორებს დოკუმენტურად ვერ დაუსაბუთეს. 

,,2017-2018 წლებში, საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექმომსახურებასა და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე 789 231 ლარი დაიხარჯა. 2018 წლის თებერვლიდან, ავტომანქანების მომსახურების ხარისხისა და ტექმომსახურების ცენტრებში შესასრულებული სამუშაოების კონტროლის მიზნით, თბილისის სერვის-ცენტრებისთვის განისაზღვრა შტატგარეშე მაკონტროლებელი თანამშრომელი, სადაც 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, მდგომარეობა გამოსწორებულია, ხოლო რეგიონების შემთხვევაში, ამ მიმართულებით კონტროლის მექანიზმები სუსტია. შედეგად, 2017 წელს, ზოგიერთი დეფექტური და შესრულებული სამუშაოს აქტებზე არ ფიქსირდება შემსყიდველის მხრიდან ხელმოწერები. ხელმოწერების გარეშე, 2017 წელს, ავტომანქანის შეკეთების 66 ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც ჯამში, 35 785 ლარი დაიხარჯა; 2017 წელს, დეფექტური აქტების გარეშე გაწეული მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ _ 105 433 ლარი, ხოლო 2018 წელს _ 25 209 ლარი შეადგინა’‘.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში