Menu
RSS

„ტყე შეუნახე შვილებსა,“ მღვდელი ხარ, „შენი ვალია!“

რატომ გადასცა სახელმწიფომ ეკლესიას ტყეები საკუთრებაში _ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი თუ საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ მოსყიდვა?

79 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი _ 22 მაისს, საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსი ამ შედეგით დაამტკიცა. კოდექსის განხილვას საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთების გარეშე არ ჩაუვლია. კერძოდ, ვნებათაღელვა ამ კოდექსის მე-15 მუხლს მოჰყვა, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას უფლება მიეცა, რომ მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი ტყის ფართობი საკუთრებაში დაირიგესტრიროს. ,,ვერსია’‘ დაინტერესდა, კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა ტყის კოდექსში, რომელმაც ხალხი კვლავ ეკლესიის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაყო.

დავიწყოთ იმით, რომ ტყის კოდექსის მე-15 მუხლი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ტყის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს. 

„საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

განმარტებითი ბარათის მიხედვითვე, ამგვარი ჩანაწერი ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების გამარტივებას, რადგან გადასაცემი ფართობი წინასწარ, კანონის საფუძველზე დაზუსტდება. 

პროექტის მიხედვით, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით. 

ცვლილებები ეხება ახალი ტყის კოდექსის ამოქმედებას, რომლითაც ტყის ახლებური განმარტება განისაზღვრა. ტყეზე საკუთრების ფორმებად სახელმწიფო და კერძო საკუთრება დადგინდა, ხოლო ცნება _ „ყოფილი საკოლმეურნეო ტყეები“ კი გაუქმდა. 

ვინაიდან ტყის კოდექსის ამ მუხლის ცვლილება სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემასაც გულისხმობდა, პარლამენტში წარდგენილი იყო კანონპროექტთა პაკეტი _ ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების სახით. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი კი _ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

2019 წლის ოქტომბერში, პარლამენტმა ტყის კოდექსი პირველი მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა, შემდეგ _ 2020 წლის თებერვლის დასაწყისში განაახლა განხილვა, მაგრამ კორონავირუსმა თემა გადაფარა და ცხადია, მეორე-მესამე მოსმენა გადაიდო. საბოლოოდ, ცვლილებათა პაკეტის განხილვას საკანონმდებლო ორგანო ერთი კვირის წინ დაუბრუნდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, კი არ განიხილა, არამედ, მესამე მოსმენით დაამტკიცა კიდეც. 

ზემოაღნიშნული ცვლილების წინააღმდეგ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ არაერთი განცხადება გაავრცელა. ,,ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI)’‘ კი საქართველოს პარლამენტს ოფიციალურადაც მიმართა, რათა საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის კანონპროექტისთვის მხარი არ დაეჭირა. 

ორგანიზაციის განცხადებით, ეს ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, ასევე, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს. სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი, რომელიც პრივილეგიებს ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს სახელმწიფო ქონების შეძენის შესაძლებლობას არ აძლევს. 

TDI აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ, საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა და დაფინანსების მასშტაბი წინაასარჩევნო პერიოდებში იზრდება, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან გავლენიანი ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილით შეიძლება აიხსნას. 

„გაუგებარია, რა რელიგიური შინაარსის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს საპატრიარქოს ტყეების საკუთრების უფლებით ფლობასთან დაკავშირებით. საპატრიარქო სახელმწიფოსგან ყოველწლიურად იღებს დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას: მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, დღემდე, სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კმ2-მდე ფართობს მოიცავს, ხოლო ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან ყოველწლიური დაფინანსება, დაახლოებით, 30 მილიონ ლარს აღწევს“, _ ვკითხულობთ TDI-ს განცხადებაში. 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „საქართველოს ტყის კოდექსი“ პარლამენტში მესამე მოსმენაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გაიტანა. 

კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ტყის სექტორის რეფორმის ნაწილში, რაც ტყის სრულიად ახლებურ გამოყენებასა და მოვლას გულისხმობს, ცვლილებების ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია: 

„ყველა აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს კოდექსი საქართველოში გარემოს დაცვისთვის, ტყის რესურსის ეფექტიანად და მდგრადი განვითარების პრინციპების გამოყენებისთვის. ამ კანონმდებლობის მიღებით, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყება ტყის რესურსის ეფექტიანად და სათანადოდ გამოყენებისთვის’‘. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ცვლილებათა პროექტში ბევრი შესწორება შევიდა. საბოლოოდ, ტყის კოდექსმა ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ტყეების სამომავლო განვითარებისა და ბუნების დაცვის საქმეში. 

მისივე თქმით, ცვლილებების პროექტის განხილვის პარალელურად, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ საზოგადეობაში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ არჩევნების წინ, საპატრიარქოს მოსყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ტყეები ეკლესია-მონასტრებს საკუთრებაში თითქოს მიზანმიმართულად გადასცა. 

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ თუ ამ კანონით, საპატრიარქოს გარკვეული რაოდენობის ტყეები გადაეცემა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, რომელთა დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ტყის ფონდშია განთავსებული, მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება ამ კოდექსითა და ახალი კანონმდებლობით, ვიდრე უფლებები. ეს ვალდებულებები მოიცავს ტყის მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენასა და მთელ რიგ სხვა ვალდებულებებს, ისეთებს, რაც სხვა დანარჩენ ტყით მოსარგებლეებსაც დაეკისრებათ, რომლებიც ტყის გარკვეულ ტერიტორიებს სხვადასხვა მიზნებისათვის მიიღებენ სახელმწიფოსგან’‘, _ აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. 

მისი თქმით, სპეკულაციები, რომ ტყის ნაწილი თითქოს უსასყიდლოდ გადაეცემა საპატრიარქოს, მორიგი ტყუილი და ყველა იმ პირის შეურაცხყოფაა, ვისაც ამ კოდექსის საბოლოო კონდიციამდე მიყვანის საქმეში წვლილი მიუძღვის: 

„პირიქით, საპატრიარქოს შეეზღუდა ჰექტრულად რაოდენობა ფართობებისა, რაც შეიძლება, რომ მან ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, სახელმწიფოსგან მიიღოს და ისარგებლოს. საპატრიარქოს ვალდებულებაა, მოუაროს და უპატრონოს იმ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ისტორიულად, ტყის ფონდშია განთავსებული _ აი, ესაა ასახული ამ კანონში ცალსახად, რომლის მთავარი მიზანია, რომ ჩვენ უკეთესად მოვუაროთ იმ მნიშვნელოვან რესურსს, რაც გვაქვს, ვგულისხმობ ტყეს ანუ 40%-ს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა, რომელიც უმნიშვნელოვანესი რესურსია ეკოსისტემური თვალსაზრისითაც და ცხადია, თავისი ეკონომიკური ღირებულებაც გააჩნია“. 

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ტყის კოდექსი დაამტკიცა, მედიაში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) კომენტარი გავრცელდა. მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ეკლესიას ტყე გადაეცემა, იგი შენარჩუნდება და ტყეში შესვლას არავინ არავის აუკრძალავს. მეტიც, ტყის გადაცემით, ეკლესიას უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება: 

„პირობას გაძლევთ ნამდვილად, რომ ეკლესია, სასულიერო პირი, მე არ მეგულება ასეთი ბარბაროსი ვინმე, რომ ტყე მიიღოს, შემდეგ გაჩეხოს და გაყიდოს. ასეთი რამ არ იქნება. ასე რომ, თუ ტყე გადაეცემა ეკლესიას, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყე შენარჩუნდება და ექნება ყველას, არც ტყეში შესვლას აუკრძალავენ ვინმეს’‘.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში