Menu
RSS

მანდატურებზე დახარჯული 30 მილიონი _ აუდიტის სკანდალური დასკვნა

რატომ არაა ყველა სკოლაში მანდატურის სამსახური და უსაფრთხოა თუ არა საქართველოში საგანმანათლებლო გარემო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს ეფექტიანობის აუდიტი გამოაქვეყნა. სახელმწიფო აუდიტორები დაინტერესდნენ, რამდენად უზრუნველყოფილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთათვის უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემო და ასევე, რამდენად ეფექტიანია სამინისტროს მიერ, ცნობიერების ამაღლების კუთხით გატარებული ღონისძიებები. აუდიტის შედეგად, ის ხარვეზები გამოვლინდა, რაც სისტემის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობას ხელს უშლის. ამჯერად, ვნახოთ, რამდენად უსაფრთხო გარემოა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რა ნაკლოვანებები აღმოაჩინეს აუდიტორებმა.

უსაფრთხო გარემო სკოლებში 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის, ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. სკოლა ვალდებულია, რომ სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასკოლო დროს შექმნას ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისა და საკუთრებისთვის უსაფრთხო გარემო. რაც მთავარია, სკოლამ უნდა დაიცვას უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

„2014-2020 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფომ ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები უნდა განახორციელოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანის უფლებების დარღვევის მიუღებლობას და მასზე რეაგირების აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების განხორციელებას. ამასთან, განათლების სისტემაში, ყველა ეტაპზე უნდა იქნას გათვალისწინებული ადამიანის უფლებების სფეროში განათლების მიღების შესაძლებლობა, მათ შორის, არაფორმალური განათლების სახით“, _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, სახელმწიფო აუდიტორები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო მოსწავლეთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაცულობას გულისხმობს და ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს, როგორც სკოლის ადმინისტრაცია და მანდატური, ასევე ბავშვის მშობელი და მთლიანად საზოგადოება. 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“. ვნახოთ, რა ოდენობის თანხა გაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო ყოფილიყო. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს, უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, 12 550 390 ლარი, ხოლო 2019 წელს _ 17 755 000 ლარი გახარჯეს. 

რაც შეეხება დარღვევების სტატისტიკას, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ამას მანდატურის სამსახური აწარმოებს. 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, 486 სკოლაში ანუ სკოლების 21%-ში, 1 277 მანდატური გაანაწილეს. შესაბამისად, დარღვევები, რომლებიც აუდიტის დასკვნაში მოხვდა, მხოლოდ იმ სკოლების მონაცემებს ასახავს, სადაც მანდატურის სამსახურია წარმოდგენილი. 

„2016-2018 წლების სრული და 2019 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, სკოლებში დაფიქსირებულია 800 396 დარღვევის შემთხვევა, რომელთა 72% _ მოსწავლეთა დაგვიანებაა. სკოლაში მომხდარი მძიმე დარღვევის სახეობის მიხედვით, 2016 წელს, 5 361 დარღვევის შემთხვევა დაფიქსირდა; 2017 წელს _ 5 926 შემთხვევა; 2018 წელს _ 6 533, ხოლო 2019 წლის 6 თვის მონაცემებით _ 5 263 დარღვევა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2016-2018 წლებში, 553 არასრულწლოვანი მსჯავრდებული იყო, მათგან 141-ს თავისუფლება აღუკვეთეს. აღსანიშნავია, რომ წლების მიხედვით, ეს მაჩვენებელი მზარდია“. 

სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, 2013 წლიდან, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ფუნქციონირებს. ეს ცენტრი ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობს ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს. 

„ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მანდატურებთან, სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციასთან. ცენტრი ემსახურება 6-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს, მათი ოჯახის წევრებს, პედაგოგებსა და მანდატურებს. ცენტრის მომსახურებაში შედის: ინდივიდუალური კონსულტაცია, ინდივიდუალური თერაპია, ჯგუფური თერაპია, თემატური ტრენინგ-პროგრამების შემუშავება და ჩატარება. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, ფსიქოლოგიური მომსახურების 8 ცენტრი ფუნქციონირებდა, ხოლო 2019 წელს, კიდევ 2 ცენტრი დაემატა“. 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს ფსიქოლოგიური მომსახურება სჭირდება, ცენტრს ის ორი გზით უკავშირდება: პირველი _ თვითდინებით ანუ მშობელი, ან მოსწავლე რეკავს ცენტრის ცხელ ხაზზე და მეორე _ მანდატური სკოლიდან, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს, ელექტრონული პორტალის საშუალებით მიმართავს. ბულინგის პრევენციისას, მნიშვნელოვანი ამოცანაა მოსწავლეების ინფორმირება არა მხოლოდ პრობლემის, არამედ იმის შესახებაც, თუ ვის უნდა მიმართონ და რა კონკრეტული სტრატეგია აქვს სკოლას პრობლემის გადასაჭრელად.  

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხოლოდ 21%-ია უზრუნველყოფილი მანდატურით მაშინ, როდესაც ქვეყნის მასშტაბით, 1 161 (50%) სკოლა ფიქსირდება, სადაც არ არის მანდატური და არც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. 

„გარდა ამისა, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით არ არის უზრუნველყოფილი ყველა რეგიონი, რაც ამ სერვისზე ხელმისაწვდომობას აფერხებს; მონაცემთა ბაზა, რომელსაც მანდატურის სამსახური ფლობს, არ მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ, მოსწავლისთვის ჩატარებული კონსულტაციების რაოდენობა და თარიღები, შემთხვევის დასრულების პერიოდი და მიღწეული შედეგები. შესაბამისად, შეუძლებელია მონაცემების სრულად დამუშავება და ანალიზი შედეგების შესაფასებლად, აგრეთვე განსახორციელებელი ღონისძიებების დასაგეგმად“. 

ფსიქოლოგიური მომსახურების ნაკლოვანებები 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, სკოლებსა და ზოგადად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომხდარ ინციდენტებს სიღრმისეული ანალიზი სჭირდება. მეტიც, აუცილებელია მოსწავლეების რეფერირება (ბავშვთა დაცვის მიმართვიანობა, _ ავტ.) ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებში, ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“. 2016-2018 წლებში, ამ სააგენტოში 914 შემთხვევა იყო რეფერირებული. 

აუდიტის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წლის მონაცემებით, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების 8 ცენტრი, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 7 ქალაქში არსებობდა: თბილისში, ქუთაისში, თელავში, ბათუმში, ფოთში, გორსა და რუსთავში. ფსიქოლოგიური მომსახურების ამ ცენტრებში დასაქმებულია 39 ფსიქოლოგი, 11 სოციალური მუშაკი, 2 ფსიქიატრი და ერთი კოორდინატორი. 2019 წლიდან, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრები ზუგდიდსა და ახალციხესაც დაემატა. 

„რეგიონების მიხედვით, ისეთი შემთხვევები ფიქსირდება, როდესაც სკოლებმა, ფსიქოლოგიური მომსახურების მისაღებად, მოსწავლეები გადაამისამართეს, თუმცა მოცემულ რეგიონში, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი არ ფუნქციონირებს, რაც ამ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რეგიონში არ არის წარმოდგენილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიღება ხორციელდება მეზობელ რეგიონებში არსებულ ცენტრებში. მაგალითად, გურიის რეგიონს ემსახურება აჭარის ცენტრი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს _ სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონს _ თბილისის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები. გარდა ამისა, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებში დასაქმებული პერსონალის განაწილება არ შეესაბამება მათ დატვირთვას: იქ, სადაც მაღალია მოსწავლეთა მიმართვიანობა, ნაკლები ფსიქოლოგია დასაქმებული იმ ცენტრთან შედარებით, სადაც დაბალია აღნიშნული მაჩვენებელი“, _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

2016-2018 წლებში, ცენტრში 6 951 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება. მოსწავლეთა მიმართვიანობა გაზრდილია წლების მიხედვით. 2017 წელს, მიმართვიანობა 61%-ით გაიზარდა 2016 წელთან შედარებით, ხოლო 2018 წელს, მიმართვიანობა 17%-ით გაიზარდა 2017 წელთან შედარებით. 2019 წლის 6 თვეში, ცენტრში შესული შეტყობინებების რაოდენობა 1 932 ერთეული იყო. მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებში შესული შემთხვევების 72% რეფერირებულია სკოლიდან, თვითდინებით მიმართვა კი მხოლოდ 28%-ია, რაც აუდიტორების მტკიცებით, მშობლების ცნობიერების დაბალი დონითა და მოსწავლეთა საჭიროების არასათანადოდ შეფასებითაა გამოწვეული. 

„აუდიტის ჯგუფმა შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია და შეისწავლა ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ განხორციელებულ 76 ფაქტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. 76 მოთხოვნილი შემთხვევიდან 14 მათგანთან (18%) დაკავშირებით, ვერ მოხერხდა დოკუმენტაციის მოძიება, 26 შემთხვევაში (34%) _ მოსწავლის მხრიდან უარი იყო ფსიქოლოგის მომსახურების მიღებაზე, ხოლო 36 შემთხვევაში წარმოდგენილია ინდივიდუალური ბარათები. დოკუმენტაცია არ არის სრულად შევსებული და უმეტეს შემთხვევაში, ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება, თუ რა სახის სამუშაო ჩატარდა ბენეფიციართან, როგორ მოხდა პრობლემის იდენტიფიცირება და რა შედეგები მიიღო მოსწავლემ კონსულტაციების შედეგად. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, ჩატარებული კონსულტაციების რაოდენობა არ ჩანს. 36 შემთხვევიდან 17 შემთხვევაში (47%), დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მოსწავლის მდგომარეობა გაუმჯობესდა. შესწავლილი კონსულტაციებიდან 19 შემთხვევაში, მოსწავლე რეფერირებულია სკოლიდან, ხოლო 13 შემთხვევაში _ ცენტრს მიმართეს თვითდინებით“. 

გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფმა გამოჰკითხა შერჩეული 207 სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და მშობელი. გამოკითხული დირექტორების 18%-ს არ აქვს ინფორმაცია ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის არსებობის შესახებ. 83 სკოლის დირექტორიდან, რომელიც ფლობს ინფორმაციას ცენტრის შესახებ, 82%-ს არ მიუმართავს აღნიშნული ცენტრისთვის მოსწავლის გადამისამართების მიზნით. გამოკითხული მშობლების 20% არ ფლობს ინფორმაციას ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის არსებობის შესახებ, ხოლო ინფორმირებული მშობლების მხოლოდ 13%-ს მიუმართავს აღნიშნული ცენტრისთვის. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორების დასკვნით, მომსახურების მიღებაზე მშობელთა უარი, ასევე, სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების არასრულად ინფორმირებულობის დონე მიუთითებს, რომ გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია ცნობიერების ამაღლების კუთხით.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში