Menu
RSS

აპირებს თუ არა ხელისუფლება ოჯახებისთვის 400-ლარიანი კომპენსაციის გადახდას - რა წერია ანტიკრიზისულ გეგმაში

საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტს ხვალ, პარასკევს, 24 აპრილს წარადგენს. წინასწარ ცნობილია, რომ პროექტი ორი ნაწილისგან შედგება - მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმისგან. რაც მთავარია, 24 აპრილს, მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქებისა და ეკოყნომიკის თანდათანობით ამოქოქვის გეგმასაც გააცნობს საზოგადოებას. ანტიკრიზისული გეგმის ეს მცირე მონახაზი მხოლოდ ზოგად წარმოდგენას გვიქმნის, მაგრამ მაინც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 24 აპრილს, გახარიას მთავრობა სიურპრიზს ნამდვილად არ გვიმზადებს. მოსახლეობის სოციალური დახმარების ნაწილში უკვე დაანონსებული კომუნალური გადასახადებისა და საბანკო კრედიტების გადავადებასთან ერთად, უმუშევრობის ყოველთვიური გადასახადიც მოიაზრება. ამ ეტაპზე, თანხის ოდენობა უცნობია - წინასწარ გაჟღერებული 150 ლარი არა, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ საარსებო მინიმუმის ტოლფასი იქნება. რაც შეეხება ბიზნესის სტიმულირებას, მეტ-ნაკლებად გეგმის ეს ნაწილიც ვიცით, რადგან ხელისუფლება ბიზნესის სტიმულირებას საგადასახადო შეღავათებისა და საბანკო კრედიტების გადავადებით აპირებს. 

 მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მხოლოდ მას შემდეგ შევაფასოთ, როდესაც საკუთარ ხედვას დეტალურად გაგვაცნობს. მანამდე კი, ეკონომიკის ექსპერტების დახმარებით, ერთგვარი ანტიკრიზისული გეგმა ჩვენც შევქმნათ. ეგებ, გამზადებული სტატიის სახით, ამ გეგმას მთავრობის წევრებმაც გადახედონ და გაითვალისწინონ კიდეც.  

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ანტიკრიზისული გეგმის სოციალური პაკეტი, რასაც ხელისუფლება მოსახლეობასა და ბიზნესს სთავაზობს, კორონავირუსის გამო დაპაუზებულ ეკონომიკას ვერ ამოქოქავს, რადგან საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება არა თუ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ პრობლემასაც ვერ გადაჭრის:

„ბიზნესი, რომელიც ახლა გაჩერებულია, საშემოსავლო გადასახადს ისედაც ვერ იხდის იმიტომ, რომ არ მუშაობს. საშემოსავლო გადასახადს ბიზნესი მხოლოდ მაშინ იხდის, როდესაც მუშაობს და ხელფასებს გასცემს, ვინაიდან საშემოსავლო გადასახადი სწორედ ხელფასიდან იქვითება. შესაბამისად, გაუგებარია, რას უვადებენ ბიზნესს? რაც შეეხება ქონების გადასახადის გადავადებას, არც ესაა წვრილი და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის აქტი, რადგან წვრილ და საშუალო ბიზნესს ისეთი ქონება არ აქვთ, რომ მისი გადავადება რამე შეღავათს აძლევდეთ - ზოგადად, ქონების გადასახადის გადავადება მსხვილი კომპანიებისთვისაა გარკვეული სარგებლის მომტანი. საშუალო და მცირე ბიზნესს დღეს მხოლოდ ის აწუხებთ, რომ ისინი კრედიტებით მუშაობენ. მართალია, ახლა გაჩერებულები არიან, მაგრამ კრედიტისა და პროცენტის გადახდის ვალდებულება მათთვის არავის მოუხსნია - ეს მრიცხველი მათთვის ახლაც ჩართულია და რესტარტის დროს, როდესაც გახსნის დრო დაუდგებათ, შეიძლება, ისეთი ტვირთი ჰქონდეთ აკიდებული, გახსნას ვინ ჩივის, შესაძლოა, გაკოტრდნენ კიდეც“. 

გია ხუხაშვილმა „ვერსიას“ ისიც განუმარტა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს საგადასახადო ტვირთიც აწევს. მისი თქმით, ბევრმა კომპანიამ მიმდინარე გადასახადები ვერ გადაიხადა, რაც ფორმალურად ერიცხებათ და ამის გამო, ჯარიმა-საურავებიც ემატებათ. შესაბამისად, ბიზნესის რესტარტის მომენტში, ამ კომპანიებს უამრავი ჯარიმა-საურავი და გადაუხდელი საბანკო პროცენტიც ექნებათ აკიდებული. სწორედ ამიტომ თვლის გია ხუხაშვილი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდეს და თავი გაკოტრებულად გამოაცხადონ: 

„აქედან გამომდინარე, თუ ხელისუფლებას რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესს ეს ტვირთი გადავადებით კი არა, საბანკო პროცენტის შეჩერებით უნდა მოუხსნას. ხელისუფლებას ამ საკითხის გადაწყვეტა მარტივად შეუძლია, ბანკებთან ერთად, ერთგვარი კო-პროექტი უნდა შექმნას, ნაწილი ტვირთი თავის თავზე უნდა აიღოს, ხოლო ნაწილი - ბანკებმა, რადგან რეალურად, არც ბანკებს აწყობთ გადახდისუუნარო კლიენტები. შესაბამისად, გამოსავალი ესაა - უმუშევრობის პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესს საბანკო პროცენტების გადახდა უნდა შეუჩერდეთ და ჯარიმა-საურავებიც უნდა ჩამოაწერონ, პარალელურად, დავალიანების რესტრუქტურიზაციაც აუცილებელია. გარდა ამისა, სტარტაპის მომენტში, ამ კომპანიებს იაფი ფული ანუ მხარდაჭერა დასჭირდებათ. სტარტაპის მხარდაჭერა კი მხოლოდ იმ პირობით შეიძლება, თუ ეს კომპანიები სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ“.

რაც შეეხება ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ პაკეტს, გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ უმუშევრობის გადასახადი, რასაც მთავრობა მოსახლეობის იმ ნაწილს სთავაზობს, რომელმაც ამ პერიოდში სამსახური დაკარგა, ეფექტური არ იქნება. ხუხაშვილის აზრით, ეს დახმარება ადამიანებმა კომპანიების გავლით უნდა მიიღონ და აი, რატომ:

„ხელისუფლება გვეუბნება, რომ ხალხი, რომელმაც სამსახური დაკარგა, საარსებო მინიმუმით, სავარაუდოდ, 200 ლარის ოდენობით იქნებიან უზრუნველყოფილნი. თუ ამ 200 ლარს ექვს თვეზე გადავამრავლებთ, საშუალოდ, ერთ კაცზე 1200 ლარი გამოდის. ახლა წარმოვიდგინოთ კაფე, სადაც პირობითად, 20 ადამიანია დასაქმებული და რომელიც ახლა გაჩერებულია. თუ 1200 ლარს 20 კაცზე გადავამრავლებთ, 24 000 ლარს მივიღებთ. ვფიქრობ, უმჯობესია, რომ ეს 24 000 ლარი პირდაპირ ამ კაფეს გადავცეთ იმ პირობით, რომ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს და ამ ადამიანებს ანუ 20-ვე დასაქმებულს სამსახურს შეუნარჩუნებს. მიმაჩნია, რომ დაფინანსება ხალხთან კი არა, ბიზნესთან უნდა  გავუშვათ იმ პირობით, თუ ეს ხალხი სამსახურს არ დაკარგავს და ხელფასსაც მიიღებს“. 

გია ხუხაშვილმა „ვერსიასთან“ საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ სინამდვილეში, ანტიკრიზისული გეგმა მოკლევადიანია, არადა, ხელისუფლებას ეკონომიკის მოდერნიზაციის გეგმაც შესამუშავებელი აქვს, რადგან პოსტკრიზისულ პეროდში, ტურიზმისა და ტურიზმთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის აღორძინება იმ სახით, რაც კორონავირუსამდე იყო, ვეღარ და აღარ გამოვა:

„ხელისუფლებას წინ დიდი პრობლემები ელოდება, რადგან თუ სიკვდილის შიში ადამიანს ლოიალურს ხდის, შიმშილის შიში პირიქით, აგრესიულს გახდის. გარკვეულწილად, ჩვენი ხელისუფლება ხიბლში ჩავარდა, რადგან კორონავირუსისა და სიკვდილის შიშის გამო, ადამიანები სახლში დარჩნენ, ხელისუფლებას შეჰყურებენ თვალებში და ჰგონია, რომ ამგვარი „თაფლობისთვე“ დიდხანს გაგრძელდება, თუმცა როგორც კი სიკვდილის შიში გადაივლის და მშიერი ადამიანი მაცივარს გააღებს, რომელიც ცარიელი დახვდება, მთელი მისი აგრესია, სწორედ ხელისუფლებისკენ წავა“. 

გია ხუხაშვილის მსგავსად, პოსტკრიზისულ პერიოდს სოციალურად ფეთქებადსაშიშს უწოდებს ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილიც, რომელმაც „ვერსიასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობას დღეს არსებული ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა და მისი ძირეული შეცვლა მოუწევს:  

„პოსტკრიზისულ პერიოდში, მთავრობამ ეკონომიკური პოლიტიკა აბსოლუტურად უნდა გადააფასოს, ოღონდ ისე არა, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თურმე, მის უწყებას ტურიზმის სამინისტრო უნდა დავარქვათ! მეტსაც გეტყვით, თურნავა კი არა, ის ადამიანებიც უნდა მოხსნან, რომლებმაც არაკრიზისულ პერიოდშიც კი, ჩვენი ეკონომიკა მთლიანად იმპორტსა და მოხმარებას ჩამოჰკიდეს და ადგილობრივი წარმოება გაანულეს! ჩვენ აუცილებლად უნდა გადავიდეთ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე, მაგრამ როდესაც ადგილობრივ წარმოებაზე ვსაუბრობ, მხოლოდ კარტოფილისა და პომიდვრის მოყვანას არ ვგულისხმობ. ადგილობრივი შეიძლება იყოს მაგალითად, მაღალტექნოლოგიური წარმოებაც, თუნდაც კომპიუტერის აწყობა, ან ახალი აპლიკაციების შექმნა. ახალი აპლიკაციების დაწერაში იმ რაოდენობის ფულის შოვნა შეიძლება, რასაც მთელი საქართველო რომ გადავხნათ, მაშინაც კი ვერ მივიღებთ. თუ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის ნაცვლად, ხელისუფლება მსხვილი ბანკებისა და ბანკირების დახმარებას განაგრძობს, კრიზისული პერიოდი შეიქმნება, რაც სოციალურ აფეთქებაში გადაიზრდება. ხალხი ამ კრიზისს ვერ გადაიტანს, დამშეული ადამიანები ქუჩაში გამოვლენ და ბანკირებთან ერთად, ამ ხელისუფლებასაც შეჭამენ“. 

მერაბ ჯანიაშვილს მიაჩნია, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ძირითადი აქცენტი სოციალურ პაკეტს უნდა დაეთმოს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ სოციალური დახმარებები მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებიც თვეზე მეტია, შემოსავლების გარეშე, სახლებში დარჩნენ, ასევე მათაც, რომლებმაც ამ პერიოდში სამსახურები დაკარგეს:

„რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმასა და ბიზნესის სტიმულირებას, სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით, ბიზნესის სრულმასშტაბიან სტიმულირებაზე საუბარი არასერიოზული მგონია. ამ ეტაპზე, გაუგებარია, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, ან როდემდე გაგრძელდება და თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გამოიგონეს, მერე რა პირობებში მოგვიწევს ცხოვრება. ვგულისხმობ ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც კორონავირუსის გამო, უდიდესი დარტყმა მიიღო. მეტიც, არა მარტო ახლანდელი, არამედ წინა ხელისუფლებების იდიოტური პოლიტიკა, რაც ეკონომიკის ტურიზმზე ჩამოკიდებაში გამოიხატება, უკვე ძალიან მწარე რეალობად გვექცა. კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდებით, როდესაც ის 350 000 ადამიანი, ვინც სწორედ ამ ბიზნესის საშუალებით საზრდოობდა, შემოსავლების გარეშე დარჩება! სამწუხაროდ, ტურიზმი ისეთი სფეროა, სადაც ხელისუფლებამ ძალიანაც რომ მოინდომოს, მოთხოვნას ვერ გააჩენს _ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, თუ მოგზაურობა აიკრძალება, საერთაშორისო ვიზიტორებს ძალით ხომ ვერ ჩამოიყვანს?! შესაბამისად, ერთ-ერთი სექტორი ანუ ტურიზმი, საიდანაც მოსახლეობის საშუალო ფენა შემოსავალს იღებდა, განულდება და სერიოზულ დანაკლისს მიიღებს. ანალოგიური მდგომარეობაა გადმორიცხვების ნაწილშიც, რადგან ამ კრიზისის გამო, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებიც უხელფასოდ დარჩნენ. ამიტომ, პოსტკრიზისულ პერიოდში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მთავრობის სტიმულირების გეგმას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის რეალურ დახმარებას გულისხმობს“. 

 

მაია მიშელაძე 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში