Menu
RSS

სასიკვდილოდ განწირული ბიზნესი - რა პრინციპით აძლევს მთავრობა საგანგებო რეჟიმის დროს კომპანიებს მუშაობის უფლებას

საგანგებო მდგომარეობისა და საყოველთაო კარანტინის პირობებში, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკური საქმიანობა შეიზღუდა. აკრძალვა არ ეხება იმ ობიექტებს, რომლებიც მთავრობის დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობაშიც აგრძელებენ საქმიანობას. ამ ორი კვირის განმავლობაში, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მთავრობამ იმ კომპანიების სია დაადგინა, რომლებსაც ამ პერიოდში მუშაობის უფლება მისცეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც დახურა. მაგალითად, 10 აპრილს, მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაიხურა, რის მიზეზად ის დასახელდა, რომ კომპანია იმ ბიზნესსუბიექტების ჩამონათვალში ვერ მოხვდა, რომლებსაც მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობის უფლება აქვთ. სწორედ ამიტომ, „ვერსია“ დაინტერესდა, რის საფუძველზე ხურავენ ამა თუ იმ კომპანიას ან პირიქით - რა პრინციპით აძლევენ უფლებას, რომ კომპანიამ საქმიანობა განაგრძოს.

 

დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკონომიკური საქმიანობა შეიზღუდა, გარდა: სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა; სურსათის ან ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე, მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა; წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა; ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა; კომერციული ბანკების საქმიანობისა; იმ საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც მომსახურებას თვითმომსახურების ჯიხურების საშუალებით აწვდიან; საგადასახადო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა; ბანკომატების, თვითმომსახურების ჯიხურებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა; მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა; საბანკო-საფინანსო პროდუქტების მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდება-რეალიზაციისა; სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების, დისტრიბუციისა და რეალიზაციისა; სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობა-მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა; მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა; საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა; კერძო დაცვითი საქმიანობისა; საადვოკატო საქმიანობისა; ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა; პრესის ჯიხურებისა.

ამის შემდეგ, მოვლენები ასე განვითარდა: კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტს, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით, საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. მოგვიანებით, იმ კომპანიების სია დაადგინა, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საქმიანობის გაგრძელების უფლება ექნებოდათ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „ვერსიას“ იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გააცნეს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში სპეციალური ნებართვა სჭირდებათ:

„მეწარმე სუბიექტებმა, სამშენებლო კომპანიებმა, სამშენებლო მასალებისა და საბითუმო ვაჭრობის მწარმოებელმა კომპანიებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება შეეზღუდათ, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შესაბამისი პირობებით ფუნქციონირების უფლების მისანიჭებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდებიდან (www.economy.ge) უნდა  ჩამოტვირთონ სარეგისტრაციო ფორმა, შეავსონ და გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ; ხოლო თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გასაგრძელებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართონ - This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. მისამართზე.

სარეგისტრაციო ფორმაში უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, სადაც სამუშაოების გაგრძელება სჭირდებათ. გარდა ამისა, მეწარმე სუბიექტებმა უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებსა და წესებს შეასრულებენ და დაიცავენ. ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის შემთხვევაში კი - დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, შესაბამის ობიექტებს შეამოწმებს. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ინფორმაცია დადასტურდება, უწყება აღძრავს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან, რომ ეს ობიექტი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის სიას დაემატოს და მშენებლობის უფლება მიენიჭოს.

რაც შეეხება გაცხადებული პირობებისა და აღებული  ვალდებულებების შესრულება-დაცვაზე კონტროლს, მას განახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, აგრეთვე, თბილისის მუნიციპალიტეტის (საქმიანობის თბილისის ტერიტორიულ საზღვრებში განხორციელების შემთხვევაში) შესაბამისი სამსახურები“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსვე ცნობით, წესებისა და რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, ეკონომიკურ სუბიექტს ადმინისტრაციულ ჯარიმას გამოუწერენ და საქმიანობის უფლებას შეუჩერებენ.

სამშენებლო და სამშენებლო მასალებით მოვაჭრე ობიექტები გასაგებია, მაგრამ  არანაკლებ საინტერესოა, კონკრეტულად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ სხვა ტიპის კომპანიები, რომლებსაც ამ პერიოდში მუშაობა სურთ? - „ვერსია“ მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა:

„კომპანიამ, რომელსაც მუშაობის განახლება სურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა მიმართოს, სადაც შესაბამისი აპლიკაციის საშუალებით, ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს. ამის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის ერთობლივი ძალებით, ამ კომპანიის ინსპექტირება განხორციელდება. საწარმოს ინსპექტირებისას, ადგილზე, შრომითი პირობების უსაფრთხოება მოწმდება, ასევე, რამდენადაა დაცული ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები“.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ესაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებული საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი. შესაბამისად, მოთხოვნათა ჩამონათვალიც საკმაოდ დიდია, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციაში „ვერსიას“ რამდენიმე მათგანი გააცნეს:

„კომპანიამ, რომელსაც მუშაობის უფლების მიღება სურს, ადგილზე, თანამშრომლების ტემპერატურის გაზომვა უნდა უზრუნველყოს, ვიდრე სამუშაო პროცესი დაიწყება; თანამშრომლები პირბადეებით, სადეზინფექციო ხსნარებითა და სხვა ჰიგიენური საშუალებებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი; თანამშრომლებს შორის აუცილებლად უნდა იყოს დაცული შრომითი დისტანცია; კომპანიამ უნდა უზრუნველყოს თანამშრომლების უსაფრთხო ტრანსპორტირება შრომის ადგილამდე. თუ ინსპექტირების შედეგად გაირკვევა, რომ კომპანია ამ პირობებს აკმაყოფილებს, ინფორმაცია გადაეცემა საოპერაციო შტაბს და უწყებათაშორისი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც კომპანიას მუშაობის განახლების უფლება მიეცემა“.

„ვერსია“ იმ კომპანიების სტატისტიკითაც დაინტერესდა, რომლებმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მუშაობის განახლების მოთხოვნით მიმართეს. 10 აპრილის მონაცემებით (ეს ინფორმაცია ყოველდღიურად იცვლება), 122 კომპანია შემოწმდა, აქედან 40-მდე კომპანიას მუშაობის გაგრძელების უფლება მისცეს, დაახლოებით, 20-მდე კომპანიაში სხვადასხვა შეუსაბამობა დაფიქსირდა, თუმცა ხარვეზების გამოსასწორებლად გარკვეული ვადა მისცეს.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში