Menu
RSS

მესტიის ბიუჯეტიდან ასეულობით ათასი ლარი გაიფლანგა!

რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მესტიის მუნიციპალიტეტი შეამოწმა. ესაა 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი. სახელმწიფო აუდიტორებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელები, მთლიანობაში 24 307 800 ლარი, შეისწავლეს და საკმაოდ სერიოზული დარღვევები გამოავლინეს. მაგალითად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციის დროს, მესტიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არ აკონტროლებდნენ სამშენებლო პროცესს, რაც თურმე, დარღვევებით მიმდინარეობდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დარღვევების შემთხვევაშიც კი, მუნიციპალიტეტი კომპანიებს არ აჯარიმებდა!

დარღვევები ინფრასტრუქტურულ პროექტებში 

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტმა, 2017-2018 წლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გაფორმებული 74 ხელშეკრულებიდან, ობიექტების მიწოდების ვადები 30 ხელშეკრულებისთვის გაზარდა, რომელთა ჯამური ღირებულება 7 341 700 ლარი ანუ ხელშეკრულებების ჯამური ღირებულების 65%-ია. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მიწოდების დროის მინიმალური ზრდა – 24, ხოლო მაქსიმალური _ 649 დღეა, მათ შორის, 5 ხელშეკრულებისთვის, ვადა ერთ წელზე მეტი პერიოდით გაზარდეს. აღსანიშნავია, რომ 30 შემთხვევიდან, 16 ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებლებმა ვერც გაზრდილ ვადებში შეძლეს სამუშაოების დასრულება. 

,,ვადების ცვლილებების მიზეზებად, ძირითადად, დასახელებულია სახარჯთაღრიცხვო ხარვეზები, არახელსაყრელი კლიმატური პირობები და მდინარეების ადიდება. არადა, მოსალოდნელი რთული კლიმატური პირობებისა და საშუალო სტატისტიკური ნალექიანი ამინდების შესახებ, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ცნობილი იყო, როგორც შემსყიდველის, ასევე მიმწოდებლისთვისაც. ამდენად, ეს ფაქტი ცვლილების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო. ამასთან, რიგ შემთხვევებში, შესასრულებელი სამუშაოების არაარსებითი ცვლილება, ვადების გასაზრდელად გამოიყენეს. შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადები, მიმწოდებელ კომპანიებს, ძირითადად, დაუსაბუთებლად, სავარაუდოდ, იმ მიზნით გაუზარდეს, რომ მოგვიანებით, არ დაეჯარიმებინათ'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

მაგალითად, ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულში, საბავშო ბაღის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2018 წლის 22 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა შპს „ნევ სტაილ ბილდინგთან“. ამ ხელშეკრულების ღირებულება 377 800 ლარი იყო. სამუშაოები 2019 წლის 2 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს სამუშაოები, კომპანიამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ დაასრულა. როგორც აუდიტორებმა გაარკვიეს, 2019 წლის 15 სექტემბრამდე, შპს ,,ნევ სტაილ ბილდინგს'', მუნიციპალიტეტმა მიწოდების ვადა ორჯერ გაუხანგრძლივა, ვადის ცვლილების მოტივად კი დამატებითი სამუშაოები და ზამთრის პერიოდში შეფერხება მიუთითა. ამასთან, ხელშეკრულების ცვლილების დოკუმენტებით, არც დამატებით შესასრულებელი სამუშაოები განუსაზღვრავთ და არც ხელშეკრულების ღირებულება გაუზრდიათ. 

,,2019 წლის ივლისში, აუდიტის ჯგუფმა რამდენჯერმე დაათვალიერა საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ დათვალიერების მომენტისთვის, კომპანია ამ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს არ აწარმოებდა! ამდენად, სამუშაოები, ფაქტობრივად, მიმწოდებლის მიზეზით შეფერხდა, მაგრამ მესტიის მუნიციპალიტეტმა, მიწოდების ვადის გასაზრდელად, სუბიექტური და დაუსაბუთებელი გარემოებები გამოიყენა, რის გამოც მიმწოდებელი, ხელშეკრულებით განსაზღვრული საწყისი ვადის დარღვევისთვის არ დააჯარიმა!'' 

გარდა ამისა, 2018 წელს, ტენდერის საშუალებით შესყიდული ლატალის ტერიტორიულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებსაც შპს ,,ნევ სტაილ ბილდინგი'' ასრულებდა. ამ ტენდერის ღირებულება 360 000 ლარი იყო. ხელშეკრულება 2019 წლის 22 იანვარს გაფორმდა, რომლის მიხედვით, სამუშაოები 2019 წლის 22 ივლისს უნდა დასრულებულიყო. აუდიტის მიმდინარეობისას, კომპანიას მხოლოდ 177 600 ლარის სამუშაოები ჰქონდა შესრულებული. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ახალი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში უკვე იცოდნენ, რომ ეს კომპანია წინა ხელშეკრულებით განსაზღვრულ, ცხუმარის ბაღის აშენების ვალდებულებას ვერ ასრულებდა. ამის მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა ლატალის ბაღის მშენებლობის პროცესზე სათანადო კონტროლი არ დააწესა და მიმწოდებლის დაჯარიმების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო! 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ სოფელ ვიჩნაშისა და სოფელ დავბერის, ასევე, სოფელ ადიშისა და სოფელ ბოგრეშის ხიდების რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2017 წლის 20 სექტემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებები გააფორმა შპს „კოშკთან“, ჯამური ღირებულებით _ 237 600 ლარი. ეს სამუშაოები 20 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო. 2017 წლის 29 სექტემბერს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 დღის შემდეგ, შპს „კოშკმა“ ქვეკონტრაქტორად, შპს „სუბარ კომპანი“ აიყვანა. შეთანხმების შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადად 2018 წლის 30 ივლისი განისაზღვრა. არადა, შპს „კოშკისთვის“ ხელშეკრულებით დადგენილ ვადას, ეს პერიოდი 313 დღით აღემატება. სავარაუდოდ, შპს „კოშკს“, მუნიციპალიტეტისგან მიწოდების ვადის გაზრდის გარანტია ჰქონდა, რაც აუდიტის პროცესში, დადასტურდა კიდეც: 

,,2017 წლის 30 ოქტომბერს, არახელსაყრელი კლიმატური პირობებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ცვლილების მოტივით, მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მომსახურების მიწოდების ვადა 2018 წლის 15 ივლისამდე გაზარდა. საბოლოოდ, ხელშეკრულებების ცვლილებების საფუძველზე, სოფელ ადიშისა და სოფელ ბოგრეშის ხიდების რეკონსტრუქციის ვადა 2018 წლის 30 ნოემბრამდე _ 375 დღით გადასწიეს, ხოლო სოფელ ვიჩნაშისა და სოფელ დავბერის ხიდების სარეკონსტრუქციო ვადა 2019 წლის 30 აგვისტომდე _ 648 დღით. 2019 წლის ივლისში, აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა ობიექტები. სოფელ ვიჩნაშში, სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შესრულებული, თუმცა ამ ობიექტზე მშენებლობა არ მიმდინარეობდა''. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობას და სამუშაოების დროულად დასასრულებლად, საკმარის ღონისძიებებს არ ატარებდა. ძირითად შემთხვევებში, მიწოდების ვადები გაზრდილია დაუსაბუთებლად, სათანადო არგუმენტაციის გარეშე. 

დაურიცხავი ჯარიმები 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2017-2018 წლებში, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული 74 სამშენებლო სამუშაოდან, 31 ხელშეკრულებისთვის, მიმწოდებლებმა სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში ვერ დაასრულეს. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო, რომ სამუშაოების დაგვიანებისთვის, საჯარიმო სანქციები გამოეყენებინა. აუდიტის ჯგუფმა პირგასამტეხლოს დარიცხვის მდგომარეობა შეისწავლა და გამოავლინა, რომ 31-დან 15 ხელშეკრულებისთვის, ვადების დარღვევის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს საჯარიმო სანქცია არ გამოუყენებია. სამუშაოების ვადაგადაცილება 59 დღემდე მერყეობს, ხოლო მიმწოდებლებზე დაურიცხავი პირგასამტეხლოს ჯამური თანხა 23 000 ლარია. 

ახლა ვნახოთ, კონკრეტულად, რა შემთხვევებში არ გამოიყენა მესტიის მუნიციპალიტეტმა საჯარიმო სანქციები. მუნიციპალიტეტმა, შპს „თი ემ“-ისგან, სოფელ ლენჯერსა და სოფელ ფარში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა შეისყიდა. ხელშეკრულება 2016 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა, რომლის ღირებულება 600 600 ლარი იყო. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სამუშაოები 2017 წლის 1 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო. მიმწოდებელმა შესრულებული სამუშაოების აქტი 19 დეკემბერს ანუ 48 დღის დაგვიანებით წარადგინა. მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებით განსაზღვრული სანქციები არ გამოიყენა და მიმწოდებელს არ დაარიცხა პირგასამტეხლო _ 5 800 ლარის ოდენობით. 

,,ვადების დარღვევით შესრულებულ სამუშაოებზე, მესტიის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს, საჯარიმო სანქცია გაანგარიშებული ჰქონდათ მხოლოდ 16 ხელშეკრულებისთვის _ 29 300 ლარის ოდენობით. მათ შორის, ორი ხელშეკრულების ფარგლებში, საჯარიმო თანხები 12 200 ლარით ნაკლები ოდენობით დაარიცხეს. გარდა ამისა, მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს კუთვნილი თანხების ამოსაღებად. კერძოდ, 2017-2018 წლებში დარიცხული 29 300 ლარის საჯარიმო სანქციებიდან, მხოლოდ 9 500 ლარის ჯარიმა გადაიხადეს 4 ხელშეკრულებისთვის''. 

ჯარიმის გადაუხდელობის ანუ ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის მიემართა, რათა ამ უკანასკნელს, მიმწოდებლები ე.წ. შავ სიაში შეეყვანა, თუმცა მუნიციპალიტეტს სააგენტოსთვის არ მიუმართავს. მეტიც, სახელმწიფო აუდიტორებმა ისეთი შემთხვევებიც გამოავლინეს, როცა მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა მიმწოდებელთან, რომელსაც წინა ხელშეკრულებების ფარგლებში დარიცხული საჯარიმო სანქციებიც კი გადაუხდელი ჰქონდა! 

შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ხელშეკრულებების შესრულების პროცესში, მესტიის მუნიციპალიტეტში კონტროლის მექანიზმები დანერგილი არ ყოფილა. ამის გამო, მუნიციპალიტეტმა სამუშაოების მიწოდების ვადების დარღვევები სრულად ვერ გამოავლინა და შესაბამისად, საჯარიმო სანქციებიც სწორად ვერ გაიანგარიშა. არადა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, დამატებით, 35 000 ლარის შემოსავალს მიიღებდა. 

დარღვევები სამუშაოების გეგმა-გრაფიკში 

2017-2018 წლებში განხორციელებული 74 ინფრასტრუქტურული პროექტიდან, გეგმა-გრაფიკის წარდგენა, მხოლოდ 27 შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციით იყო გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო აუდიტორებს ვერ განუმარტეს,Yთუ რატომ მოითხოვეს გეგმა-გრაფიკი სხვა ტენდერებისთვის. აღსანიშნავია, რომ სატენდერო კომისია, რიგ შემთხვევებში, თავისსავე პირობას არღვევდა. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ გეგმა-გრაფიკის წარმოუდგენლობა, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განიხილებოდა, როგორც ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა და გამოიწვევდა დისკვალიფიკაციას. მიუხედავად ამისა, 8 ტენდერის შემთხვევაში, კომისიამ პრეტენდენტები არ დააჯარიმა და ხელშეკრულებები გეგმა-გრაფიკის წარდგენის გარეშე გააფორმა. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ გეგმა-გრაფიკების მიხედვით, სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლის მექანიზმის არარსებობას, რიგ შემთხვევებში, ხელშეკრულების პირობების შესრულების შემოწმების სირთულე და პროექტის ჩაბარების ვადის მრავალჯერადად გადაწევა მოჰყვა. კერძოდ, რვა ხელშეკრულებიდან, დადგენილ ვადაში, მხოლოდ ორი სამუშაო დასრულდა, ერთი სამუშაოს შესრულება დაგვიანდა, ხუთი ხელშეკრულების მიწოდების ვადა გაიზარდა, მათ შორის, ერთი _ შეწყდა. 

,,დანარჩენი 19 ხელშეკრულება, სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა მიმწოდებლების მიერ შედგენილი თანხობრივი და კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. დოკუმენტაციის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტმა, 9 ხელშეკრულებისთვის მიწოდების ვადები გაზარდა ისე, რომ გეგმა-გრაფიკების პარამეტრები არ შეუცვლია. ამის გამო, დასარიცხი საჯარიმო თანხების მოცულობის დადგენა შეუძლებელია, რადგან სამუშაოების დაგეგმილი და ფაქტობრივი შესრულების ყველა პერიოდი ვერ შედარდა. ინფრასტრუქტურული პროექტების დანარჩენი 10 ხელშეკრულებისათვის, რომელთა საერთო ღირებულება 1 654 300 ლარია, გეგმა-გრაფიკი ყველა შემთხვევაში დაირღვა, თუმცა მუნიციპალიტეტს, არცერთ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია არ გამოუყენებია, რაც 360 000 ლარზე მეტია!'' 

ისევ მესტიის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ნევ სტაილ ბილდინგს'' შორის გაფორმებული ხელშეკრულება განვიხილოთ, რომლითაც ლატალის ტერიტორიულ ერთეულში, საბავშვო ბაღი უნდა აშენებულიყო. ხელშეკრულება 2019 წლის 22 იანვარს გაფორმდა, სამუშაოები კი იმავე წლის 22 ივლისს უნდა დასრულებულიყო. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, გეგმა-გრაფიკის თანახმად, 2019 წლის მაისის ბოლოსთვის, შპს ,,ნევ სტაილ ბილდინგს'' 238 200 ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შეესრულებინა, თუმცა ფაქტობრივად, მხოლოდ 58 200 ლარის სამუშაო შეასრულა. მესტიის მუნიციპალიტეტს სათანადოდ არ გაუკონტროლებია გეგმა-გრაფიკის პერიოდების დაცულობა. შედეგად, აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში, მიმწოდებელს 144 000 ლარზე მეტი საჯარიმო სანქცია არ დააკისრა. 

 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სამუშაოების მიწოდების გეგმა-გრაფიკის დაცულობა მესტიის მუნიციპალიტეტში ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის, არცერთი მიმწოდებული არ დაუჯარიმებიათ. არადა, ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, დამატებით, 360 000 ლარზე მეტ შემოსავალს მიიღებდა! 

შრომითი ანაზღაურება და ავტომობილები 

2018 წელს, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულების რაოდენობა 41 ერთეულით განსაზღვრა. მას შემდეგ, რაც დაქირავებულთა რაოდენობა შეისწავლეს, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულოს მიერ დადგენილ ზღვარს არ იცავდა და შრომითი ხელშეკრულებით, ერთდროულად, 41-ზე მეტი მოსამსახურე ჰყავდა დაქირავებული. მაგალითად, იანვარში, შრომის ანაზღაურება 61 დაქირავებულს გადაუხადეს, ხოლო თებერვალში – 63-ს. 

2017-2018 წლებში, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, ხარჯების ასანაზღაურებლად, მესტიის მუნიციპალიტეტმა 119 900 ლარი ხარჯების დადასტურების გარეშე გასცა, აქედან 2017 წელს _ 75 600 ლარი, ხოლო 2018 წელს _ 44 300 ლარი. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო აუდიტორებს, საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარუდგინეს. გარდა ამისა, უმრავლეს შემთხვევაში, საკრებულოს წევრებზე, ყოველთვიურად გაცემულია ფიქსირებული თანხა, ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა _ 390 ლარი. არადა, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ნაკლებად სარწმუნოა, რომ საკრებულოს წევრებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებს წარმოადგენენ, ზუსტად იდენტური დანახარჯები ჰქონოდათ და ყოველთვიური დანახარჯებიც, ძირითადად, უცვლელი ყოფილიყო. 

აუდიტის შედეგად, დარღვევები გამოვლინდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ნაწილშიც. კერძოდ, 2017 წელს, მესტიის მუნიციპალიტეტმა ეს მომსახურება ტენდერის საშუალებით შეისყიდა. შესაბამისი ხელშეკრულება შპს ,,თეგეტა მოტორსთან'' გაფორმდა, რომლის ღირებულება 67 900 ლარია. სატენდერო პროცესისა და ხელშეკრულების შესრულების შესწავლის შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა შემდეგი ხარვეზები გამოავლინეს: 

,,სატენდერო პირობები ითვალისწინებდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6 ავტომანქანის ტექნიკურ მომსახურებას. პრეისკურანტის მონაცემების შესაბამისად, სატენდერო კომისიამ, თითოეული დაზიანების შესაკეთებლად, სამი ავტომობილისთვის საგარანტიო ვადის, ან გარბენის მითითება მოითხოვა. შპს „თეგეტა მოტორსმა“, ტექნიკური დოკუმენტაცია საგარანტიო მონაცემების გარეშე წარადგინა, რაც სატენდერო პირობებს არ შეესაბამებოდა. კერძოდ, შეთავაზება არსებითად ცვლიდა მომსახურების მიწოდების ხარისხობრივ მხარეს და აუარესებდა შემსყიდველის პირობებს. მიუხედავად ამისა, კომისიას არსებული ხარვეზის შესახებ არ უმსჯელია და ამ ნაწილში, პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება არ მოუთხოვია''. 

ხელშეკრულების შესრულების პროცესში გამოიკვეთა, რომ სატენდერო კომისიის არასწორ გადაწყვეტილებას, თანხების არაეკონომიური ხარჯვა მოჰყვა. მგალითად, ავტომანქანაზე TOYOTA LC PRADO, 2017 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით, შეკეთებულია გადაცემათა კოლოფი, რაშიც მუნიციპალიტეტმა 8 000 ლარი გადაიხადა. ამ პერიოდში, ავტომანქანის გარბენი 281 390 კმ იყო; 2017 წლის 24 ივლისს (გარბენი _ 300 583 კმ, სხვაობა _ 19 193 კმ), დეტალი ისევ შეკეთდა და 6 200 ლარი დაიხარჯა; 2018 წლის 12 აპრილს (გარბენი _ 335 186 კმ, სხვაობა _ 34 603 კმ), გადაცემათა კოლოფის დამატებითი შეკეთება 8 700 ლარით აანაზღაურეს. მთლიანობაში, ამ ავტომანქანის კონკრეტული მექანიზმის შეკეთების ფასი 22 900 ლარია, მუნიციპალიტეტმა კი დაზიანების საგარანტიო შეკეთების უფლება არ გამოიყენა; იმავე ავტომობილის გამანაწილებელი კოლოფის შეკეთებაზე, 2017 წლის 27 აპრილს, 2 100 ლარი გადაიხადეს. 36 450 კმ-ის გარბენის შემდეგ, ნოემბერში, ამ დეტალის განმეორებითი შეკეთების ღირებულება 2 300 ლარი დაჯდა. 

წარმომადგენლობითი ხარჯები 

2017-2018 წლებში, მესტიის მუნიციპალიტეტმა, წარმომადგენლობითი ხარჯების სახით, 128 000 ლარი დახარჯა, აქედან, 2017 წელს – 91 000 ლარი, ხოლო 2018 წელს – 37 000 ლარი. როგორც სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, ამ მუხლით დაფინანსდა „სვანეთობის“, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების, სპორტული ღონისძიებების მონაწილეების, სხვა სტუმრების სასტუმროსა და კვების ხარჯები, გარდა ამისა, სტუმრებისთვის შეიძინეს საჩუქრები და სუვენირები. 

მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს შესაბამისი დოკუმენტები მიღებული სტუმრების რაოდენობისა და ეტიკეტის შესაბამისად დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ. ძირითადად, თანხა ანაზღაურებულია მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტებისა და სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე. ზოგ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განსაზღვრული არ არის შესყიდვის ობიექტის დასახელება და რაოდენობა, ერთეულის ფასი, მომსახურების ღირებულების გაანგარიშების წესი და სხვა. 

,,გარდა ამისა, მესტიის მუნიციპალიტეტმა ვერ დაადასტურა 5 500 ლარის ხარჯვის მიზნობრიობა. კერძოდ, 7 ხელშეკრულების შემთხვევაში, უცნობია, ვის გაუწიეს სასტუმროსა და კვების ობიექტის მომსახურება და ვის გადასცეს წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით შესყიდული საჩუქრები. მაგალითად, 2018 წლის 14 სექტემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება 2 900 ლარი იყო. ხელშეკრულების საგანია საჩუქრებისა და ჯილდოების მიწოდება, თუმცა არ არის განსაზღვრული, კონკრეტულად რა რაოდენობისა და რა სახის ნივთებია გათვალისწინებული. 24 სექტემბერს, მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურეს სახელშეკრულებო ღირებულება, მაგრამ მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია, რა ჩაიბარა მიმწოდებლისგან, ან როგორ გამოიყენა მიღებული პროდუქტი''. 

შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები, რიგ შემთხვევაში, მესტიის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გასწია. მათივე მტკიცებით, ყველაფერი ეს, საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური ხარჯვის რისკებს შეიცავს. რაც მთავარია, მუნიციპალიტეტში, შესყიდვის პროცესის საჯაროობა და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი არაა!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში