Menu
RSS

გაძვირდება თუ არა პური

მალხაზ დოლიძე: „წისქვილკომბინატებში ფქვილი გაიაფდა, საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი არ შეცვლილა, დენი, გაზი და წყალი არ გაძვირებულა და მე გეკითხებით, პური რატომ უნდა გაძვირდეს?!“

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, რომ პური, შესაძლოა, 15-20 თეთრით გაძვირდეს. ეს ინფორმაცია მედისაშუალებებმაც აიტაცეს და მოსახლეობაც აქოთქოთდა. ,,ვერსიამ'' ინფორმაცია ჯერ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში, შემდეგ კი პურის მრეწველთა კავშირში გადაამოწმა.

თავდაპირველად, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას დავუკავშირდით. ეს იმიტომ, რომ პურის მთავარი ნედლეული ხორბალი და ფქვილია. თუ ამ ორი პროდუქტის ფასი გაიზრდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, პური გაძვირდეს. დაუკვირდით, შესაძლოა და არა აუცილებელი, რადგან ასეც რომ იყოს, პურის ცხობას ფქვილისა და ხორბლის გარდა, დენი, წყალი და გაზი, სხვაგვარად, ენერგომატარებლები სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ხორბალი და ფქვილი უმნიშვნელოდაც რომ გაძვირდეს, პურის კეთილსინდისიერი მწარმოებელი მაშინვე კი არ გააძვირებს პროდუქტს, ენერგომატარებლების კალკულაციასაც გადახედავს და თუ ამ ნაწილში არაფერი იცვლება, გაძვირებულ ხორბალსა და ფქვილს, ენერგომატარებლების ფასით დააბალანსებს, მომხმარებლებს კი უმთავრეს პროდუქტს არ გაუძვირებს! ალბათ, მიხვდით, სადაა ძაღლის თავი დამარხული?! 

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ ,,ვერსიას'' განუმარტა, რომ ხორბლისა და ფქვილის ფასი არ გაძვირებულა. პირიქით, გაგიკვირდებათ და, ბოლო 10 დღეში, 1 ტომარა ფქვილი 2-3 ლარით გაიაფებულა კიდეც: 

,,რამდენიმე წისქვილკომბინტში, 1 ტომარა ფქვილი (50 კგ), ბოლო 10 დღესთან შედარებით, 2 ლარით გაიაფდა. ფასის კლების მიზეზი, საერთაშორისო ბაზარზე, ხორბლის სტაბილური ფასი და ქვეყნის შიგნით, ეროვნული ვალუტის _ ლარის კურსის სტაბილურობა გახლდათ. ხორბლისა და ფქვილის ფასიდან გამომდინარე, ის ინფორმაცია, რაც მითხარით, ჩემთვის მოულოდნელია, თუმცა პურის ფასთან დაკავშირებით, უმჯობესია, ინფორმაცია პურის მწარმოებლებთან გადაამოწმოთ''. 

ლევან სილაგავამ ,,ვერსიას'' ისიც დაუზუსტა, რომ წისქვილკომბინატებში, პირველი ხარისხის 1 ტომარა (50 კგ) ფქვილის ფასი, 10 დღის წინ, 50 ლარი იყო, ახლა კი 48 ლარია. რაც შეეხება ხორბალს, ფოთში 1 ტონა ხორბლის შემოტანა, დაახლოებით 232 აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში. 

Facebook-ზე აგორებული ჭორი, ,,ვერსიამ'' პურის მრეწველთა კავშირში გადაამოწმა. ამ კავშირის თავმჯდომარე, იმავდროულად, თბილისის ერთ-ერთი უმსხვილესი, მე-4 ქარხნის დირექტორი მალხაზ დოლიძეა, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ პური 10 ან 15 თეთრით კი არა, უახლოეს მომავალში, საერთოდ არ გაძვირდება: 

,,ამ დღეებში, ზუგდიდში, ერთ-ერთი თონის მფლობელმა პური 10 თეთრით გააძვირა და ამაზე ერთი ამბავი ატყდა. დამიჯერეთ, ხალხო, საგანგაშო სიტუაცია არ არის, რადგან საქართველოში პური არ გაძვირდება! თბილისში, დაახლოებით, 400 ტონა პური ცხვება, რუსთავში _ 100 ტონა, ქუთაისში _ 200 ტონა, ბათუმში _ 200 ტონა, დანარჩენ რეგიონებში _ 200 ტონა... საქართველოში, ყოველდღიურად, დაახლოებით, 1 200 ტონა პური ცხვება, რაც შეეხება მწარმოებლებს, თბილისში პურის 800 მწარმოებელია, რეგიონებში _ 200, ხოლო საქართველოში _ 1 000. ახლა თავად განსაჯეთ, რა გავლენას მოახდენდა ზუგდიდის ერთი თონის მფლობელის გადაწყვეტილება, რომელმაც წინა კვირას, პურის ფასი 10 თეთრით გაზარდა? როგორც იცით, პურის ქარხნები და მსხვილი მეწარმეები ფქვილს წისქვილკომბინატებიდან ყიდულობენ, სადაც 1 ტომარა (50 კგ) ფქვილი არ გაძვირებულა, არც საერთაშორისო ბაზარზე შეცვლილა ხორბლის ფასი. რაც მთავარია, დენი, გაზი და წყალი არ გაძვირებულა, ახლა მე გეკითხებით, პური რატომ უნდა გაძვირდეს?!'' 

კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ,,ვერსია'' დაინტერესდა, რაღა მაინცდამაინც ზუგდიდის ერთ-ერთი თონის მფლობელმა გააძვირა პური, თანაც 10 თეთრით და თან ისე, რომ ამ ფაქტს რამდენიმე ტელევიზიაც კი გამოეხმაურა სპეციალური სიუჟეტით, რაც მალხაზ დოლიძემ ასე აგვიხსნა: 

,,იცით, რაშია საქმე? პატარ-პატარა საცხობებს ფქვილის საკუთარი მიმწოდებლები ჰყავთ.Pპურის ქარხნებისა და მსხვილი მწარმოებლებისგან განხვავებით, ისინი ფქვილს ბაზარში ყიდულობენ და ამ საცხობებს, მათ შორის, თონეებსაც ამარაგებენ. ბაზარში კი, ხომ იცით, რა სიტუაციაა? ზოგი ვაჭარი ფქვილს 1-2 ლარით, ზოგი _ 5 ლარით აძვირებს. გიმეორებთ, პურის, როგორც სახალხო პროდუქციის ფასი არ გაიზრდება! 

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახალი წლის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 27 000 ტონა ხორბალი გადასცა მსხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთმა ხორბალზე დამატებითი გადასახადი დაგვიწესა. ამერიკა ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია და ასეთი საჩუქარი გაგვიკეთა, ახლა კიდევ ველოდებით 30 000 ტონა ხორბალს. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ წისქვილკომბინატებს ხორბლის საკმარისი მარაგი აქვთ''.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში