Menu
RSS

უმძიმესი რეალობა _ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა შიმშილის ზღვარზეა!

საგანგაშო კვლევა: 1 800 000 ადამიანს 19 მილიარდი ლარის სესხი აქვს აღებული!

საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 66% სამომხმარებლო სესხით სარგებლობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყნის ორი მესამედი ვალით ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. მძიმე ეკონომიკური ფონის გამო, დასაქმებული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პრობლემის გადაჭრას სწრაფი სამომხმარებლო სესხით ცდილობს. საბოლოოდ, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარდება, რადგან ბანკიდან, ან სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან ერთხელ უკვე აღებულ ვალს ახალ ვალს უმატებს, მერე ამ ვალს ვეღარ ისტუმრებს და პრობლემურ მსესხებელთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდმა'' ახალი კვლევა გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოში 1 800 000 სრულწლოვან ადამიანს, დაახლოებით, 19 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი აქვს აღებული, რაც ცალსახად იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 66% საბანკო ვალით ცხოვრობს, ხოლო ერთი ადამიანის სესხის საშუალო მოცულობა, დაახლოებით, 10 000 ლარია. 

,,თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდში'' განმარტავენ, რომ სამომხმარებლო სესხის ასეთი მაღალი მაჩვენებელი არაფერზე მიუთითებს, მაგრამ მთავარი პრობლემა სესხის მიზნობრიობაა. ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობის 66% სამომხმარებლო სესხით სარგებლობს, რაც ძირითადად, მოხმარებას ხმარდება და არა _ წარმოებას. 

„ამ შემთხვევაში, მთავარი პრობლემა სესხის მიზნობრიობაა. საქართველოში 2 700 000 სრულწლოვანი ადამიანია, რომელთა 66%-ს სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული. ხშირად გვედავებიან და გვიმტკიცებენ, რომ სესხი კარგია, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სესხი ეკონომიკური დოვლათის შექმნას უნდა მოხმარდეს. საქართველოში 760 000 პენსიონერია და მათგან ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე სარგებლობს საპენსიო სესხით, რასაც ძირითადად, წამლებისა და საკვებისთვის იყენებს. მეტიც, ყოველ მეოთხე მსესხებელს, ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ სესხის დაფარვას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, თუ როგორ იზრდება ბანკებისთვის ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლები. 2017 წელს, ეს მაჩვენებელი 77 მილიონი იყო, 2019 წელს _ 85 მილიონი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს სესხის გადახდა უფრო და უფრო უჭირთ. 2018 წელს, უფრო მეტ ადამიანს ჰქონდა ვადაგადაცილება სესხებზე, ვიდრე 2019 წელს, მაგრამ მათი რაოდენობა იმიტომ კი არ შემცირდა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, არამედ, 2018 წლის ბოლოს, სესხების განულების პროგრამის საშუალებით, ვადაგადაცილებული სესხები ჩამოაწერეს“, _ განმარტავენ კვლევის ავტორები. 

ერთი წლის წინ, საქართველოს ეროვნულის ბანკის რეგულაციების შედეგად, სამომხმარებლო სესხების აღება გამკაცრდა. იმდენადაც კი, რომ საზოგადოების ცნობადი სახეები სოციალურ ქსელში სარკასტულად ხუმრობდნენ _ ტექნიკის მაღაზიებში, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს განვადებითაც კი ვეღარ ვყიდულობთო. რეალურად, საბანკო რეგულაციების შემოღების ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ბანკებს თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, პოტენციური მსესხებლის საკრედიტო ისტორია გულდასმით შეესწავლათ და მხოლოდ დადასტურებული შემოსავლების შემთხვევაში გაეცათ სამომხმარებლო სესხი. 

ასეა თუ ისე, ცოტა უცნაურია, რომ მკაცრი საბანკო რეგულაციების ფონზე, საქართველოს მოსახლეობის 66%-ს, დაახლოებით, 19 მილიარდი ლარის სესხი აქვს. ,,თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის'' ამ კვლევაზე, ,,ვერსიას'' ,,საზოგადოება და ბანკების'' ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ესაუბრა. 

_ გიორგი, საბანკო რეგულაციების გამკაცრების ფონზე, საქართველოში მცხოვრებ 1 800 000 ადამიანს, 19 მილიარდი ლარის სესხი ჰქონია, როგორ ხსნით ამ უცნაურ ტენდენციას? 

_ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის მთლიანი საფინანსო სექტორის ვალდებულებები ანუ აქ მხოლოდ საბანკო სესხები არ იგულისხმება. ზოგადად, სამომხმარებლო სესხების რაოდენობრივი ზრდა, ონლაინსესხების მასობრიობამ გამოიწვია _ ბევრ ადამიანს მცირე ზომის პატარა სესხი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ბოლოს, 600 000-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც პრობლემური ანუ ვადაგადაცილებული სესხები ჰქონდა, ეს ვალდებულება ჩამოაწერეს, 2019 წლის მონაცემებით, 111 000-ზე მეტ ახალ მსესხებელს ახალი ვადაგადაცილება გააჩნდა, დღეს კი მათი რაოდენობა 472 000-ია ანუ ყოველ მეოთხე მსესხებელს პრობლემა აქვს. 

რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი სიღარიბე და ქვეყნის დაბალი ეკონომიკური განვითარებაა, სწორედ ამის გამოა, რომ მოქალაქეების ნაწილს, თვიდან თვემდე თავის გასატანად გარკვეული ოდენობის სესხი სჭირდება, რაც თავისთავად, მსესხებელთა რაოდენობას ზრდის. ვფიქრობ, მთავრობამ ამ პრობლემის წინააღმდეგ სერიოზულად უნდა იბრძოლოს, სულ მცირე, ამ ადამიანებს იმის საშუალება მაინც უნდა ჰქონდეთ, რომ ცხოვრების ელემენტარული პირობები დაიკმაყოფილონ. 

აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ შარშან ძალიან მაღალი ინფლაცია იყო _Pსაშუალოდ 7%, მაგრამ მთავარი პროდუქცია, რასაც მოვიხმართ და ეს სურსათია, დაახლოებით, 15%-20%-ით გაძვირდა. ამან გაზარდა ხარჯები და შესაბამისად, ადამიანებს, რომლებსაც სესხები ჰქონდათ აღებული, სურსათის გაძვირების გამო, სესხების მომსახურების ფული აღარ დარჩათ! 

_ რეალობა ასეთია: მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, პრობლემის მოგვარებას ხალხი ახალი სესხის აღებით ცდილობს, ალბათ, ამიტომაცაა ბევრი ვადაგადაცილებული სესხი, არ მეთანხმებით? 

_ სამწუხაროდ, ჩვენთან დანაზოგების სისტემა და ზოგადად, თანხის დაზოგვის კულტურა კარგად განვითარებული არაა. ,,შავი დღისთვის'' გადადებული ფული ბევრ ოჯახს, სამწუხაროდ, აღარ აქვს. შესაბამისად, ისინი ყოველთვიურად არიან მობილიზებულნი, რათა როგორმე თავი გაიტანონ და ხშირ შემთხვევაში, ვალზე ვალს ამატებენ, რაც კარგი ცხოვრებიდან არ არის გამოწვეული. მიზეზი ისაა, რომ ამ ადამიანებს სხვა საშუალება, უბრალოდ, აღარ დარჩათ, რაც გასაყიდი ჰქონდათ _ გაყიდეს, ვალის აღების რა შესაძლებლობაც ჰქონდათ _ უკვე აიღეს და ერთი შანსიღა დარჩათ _ როგორღაც შემორჩენილი ძვირფასი ნივთის დალომბარდების, ან ონლაინსესხის აღების. შესაბამისად, ქვეყანაში ვალის ტვირთი და ჭარბვალიანობა გაიზარდა და მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ბოლოს, ამდენ ადამიანს ვადაგადაცილებული სესხები ჩამოაწერეს, მაინც დარჩნენ ისინი, რომლებსაც უკვე მიმდინარე სესხებზე უფიქსირდებათ ვადაგადაცილება. 

მას, ვისაც 2018 წლის ბოლოს ვალი ჩამოაწერეს, პარალელურად, გარკვეული საბანკო სესხი მაინც ჰქონდა დარჩენილი, რომელსაც ვერ იხდიდა, მაგრამ სავარაუდოდ, არც ჩამოწერას ექვემდებარებოდა. ამიტომაც ვამბობ, რომ ვალების ჩამოწერით, ამ ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად მაინც არ შემცირებულა. ყოფილი პრემიერი, მამუკა ბახტაძე, პირდაპირ ატყუებდა მოსახლეობას, როდესაც ჰპირდებოდა, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, ისინი ახალ ცხოვრებას დაიწყებდნენ და თუ დასჭირდებოდათ, ბანკიდან სესხს უპრობლემოდ აიღებდნენ. როგორც გითხარით, ამ ადამიანებს სხვა ვალდებულებებიც ჰქონდათ და ამის გამო, დღესაც პრობლემა აქვთ. შესაბამისად, ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერა პოპულისტური ნაბიჯი იყო, რაც ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ამომრჩევლების ირიბ მოსყიდვად შეფასდა. რეალურად, ამან ეკონომიკური შეღავათი არ მოგვიტანა, რადგან მართალია, ადამიანებს სესხები ჩამოაწერეს, რაც მცირეოდენი შეღავათია, მაგრამ აქტიურ ეკონომიკურ პროცესში მაინც ვერ ჩაერთნენ _ სესხის აღებას ვერ ახერხებენ! 

სხვათა შორის, იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებსაც 2018 წლის დეკემბერში, ვადაგადაცილებული სესხები ჩამოაწერეს, კომერციული ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებისთვის ძალიან დიდხანს, ისევ ცუდი მსესხებლები იქნებიან. ყველამ იცის, რომ მათ საკუთარი სურვილით კი არ გადაიხადეს დავალიანება, არამედ, ვიღაცამ გადაუხადა და ეს ინფორმაცია დამალული არ ყოფილა _ საჯარო ფაქტი იყო. ამიტომაც, ეს ადამიანები ბანკებისთვის სარისკო მსესხებლები არიან და კიდევ კარგა ხნის განმავლობაში, მათ სესხების აღება ძალიან გაუჭირდებათ. 

_ ისევ ,,თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის'' კვლევას დავუბრუნდეთ. მესმის, ძალიან ძნელია, ადამიანთა იმ კატეგორიას ვურჩიოთ, ვალზე ვალი არ დაიმატონ, რომლებსაც კონკრეტულ მომენტში ფინანსური პრობლემა შეექმნათ და მართალია, სესხი უკვე აქვთ, მაგრამ ისევ ბანკს, ან ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციას მიმართავენ, რათა 300-500 ლარის სესხი აიღონ. ამის მიუხედავად, მაინც უნდა გკითხოთ, რა არის გამოსავალი? 

_ საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში, გამოსავალი ისაა, რომ ცხოვრების დონე ამაღლდეს, სიღარიბე ნელ-ნელა მაინც დავძლიოთ, რათა ადამიანთა უმრავლესობისთვის, ფულის სესხება გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი არ იყოს! ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური განათლების დონის ამაღლება, რაზეც ერთდროულად უნდა იზრუნოს, როგორც სახელმწიფომ და კომერციულმა ბანკებმა, ასევე ჩვენ _ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. 

როდესაც ადამიანები, საკუთარი გადაწყვეტილებით, ვალზე ვალს ამატებენ, ან ამ დროს, ვიღაცა ლომბარდში მიდის, რათა თავისი ოჯახიდან ბოლო ოქროს ნივთი ჩააბაროს, მან ყველაზე უკეთ იცის, რომ კარგა ხანს, ვერც ამ ნივთს დაიბრუნებს უკან და ვერც სესხს გაისტუმრებს. თუმცა, ამის მიუხედავად, იმდენად უჭირს, რომ სხვა არჩევანი და გამოსავალი, უბრალოდ, არ დარჩა. სამწუხაროდ, შესაძლოა, საკმარისი ფინანსური განათლებაც არ აქვს, რათა დათვალოს, რამდენად ძვირი უჯდება ეს ნაბიჯი საბოლოოდ, რამდენად დამაზიანებელია მისი ოჯახისა და ფინანსებისთვის ვალზე ვალის დამატება. 

ფინანსური განათლების დონის ამაღლების გარდა, მოსაფიქრებელია სქემა, რათა კომერციულ ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებში, რისკების მენეჯმენტი და რისკების შეფასების სტრუქტურა კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს. იმედი მაქვს, იმ რეგულაციებს, რაც საბანკო და საფინანსო სექტორში შარშან შემოვიდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ისეთი შედეგი ექნება, რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობა აღარ გაიზრდება.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში