Menu
RSS

საბიუჯეტო თანხების უმიზნო ფლანგვა

რა სკანდალური დარღვევები აღმოაჩინა სახელმწიფო აუდიტმა მცხეთის მუნიციპალიტეტში 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მცხეთის მუნიციპალიტეტის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. ესაა 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი, სადაც უამრავი დარღვევა დაფიქსირდა. მაგალითად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში აუდიტორებმა სისტემური ხარვეზები დააფიქსირეს და ისიც გაარკვიეს, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტი დაუსრულებელ პროექტებსაც კი იბარებდა. აღარაფერს ვამბობთ, დაუსაბუთებლად გაცემულ ხელფასსა და პრემიებზე, ნორმაზე მეტ ავტომობილებსა და წარმომადგენლობით ხარჯებზე, რის გამოც სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო სახსრებს არარაციონალურად და არაეკონომიურად ხარჯავდა. 

საქართველოს პარლამენტში მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა. დიახ, ის დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც რამდენიმე კოლეგა მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ლამის შიდა პარტიული განხეთქილება გამოიწვია, როდესაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გააპროტესტა. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ'' საარჩევნო სისტემის 2020-ში შეცვლა გადაიფიქრა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა მაინც დატოვა, აქეთ ოპოზიციაც აბობოქრდა... ყველაფერი ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც დიმიტრი ხუნდაძე აქტიურად აპროტესტებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ,,ვერსიასთან'' ინტერვიუში, ჩემს კოლეგას შესთავაზა, მცხეთაში წამობრძანდით და ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს გაჩვენებთ, რაც ამ პერიოდში გაკეთდაო. ახლა, როდესაც სახელმწიფო აუდიტის დასკვნას გავეცანი, ლოგიკური კითხვა მიჩნდება: კი, მაგრამ, რა უნდა დაეთვალიერებინა, ბატონო დიმიტრი, ჩემს კოლეგას, დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები _ ხარვეზებით გარემონტებული კულტურის სახლი და სპორტკომპლექსი, თუ წყალმომარაგების ის სისტემა, რის გამოც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობას წყალი ახლაც გრაფიკით მიეწოდება, თანაც დაბინძურებული, რომელიც სტანდარტებს არ შეესაბამება და კრიტიკას ვერ უძლებს?!

ინფრასტრუქტურული პროექტები 

2017-2018 წლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვის შესწავლისას, სახელმწიფო აუდიტორებმა სისტემური ხარვეზები გამოავლინეს. კერძოდ, მუნიციპალიტეტი გაფორმებულ ხელშეკრულებებში, დამატებითი სამუშაოების შესრულების მიზნით, შესყიდვის ღირებულებას 10%-ის ფარგლებში ზრდიდა. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017-2018 წლებში, მუნიციპალიტეტმა 19 985 100 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები შეისყიდა. მათგან, 10 273 700 ლარის ღირებულების 17 ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს, რის გამოც სახელშეკრულებო ღირებულება 10%-ის ფარგლებში _ 949 300 ლარით გაზარდეს: 

,,კერძოდ, აღნიშნული 17 ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებიდან, 704 300 ლარის შესასრულებელი სამუშაოები ამოიღეს, ხოლო 1 653 600 ლარის სამუშაოები პირიქით _ დაუმატეს. მაგალითად, ხელშეკრულებებს 1 100 000 ლარის ღირებულების სამუშაოები დაემატა, რომლებიც პირველადი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული არ ყოფილა. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა 1 100 000 ლარის სამუშაოების ფასების განსაზღვრის ამსახველი მტკიცებულებები. მეტიც, მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ცვლილებები სისტემატურ ხასიათს ატარებდა. ხელშეკრულების ზრდის ფარგლებში, მიმწოდებლები დამატებით ასრულებდნენ ისეთ სამუშაოებს, რომელთა განსაზღვრაც წინასწარ შეიძლებოდა, ან შესაძლებელი იყო ამ სამუშაოების ახალი ტენდერის საშუალებით შესყიდვა. აღსანიშნავია, რომ დამატებული სამუშაოების ძირითადი ნაწილის ერთეულის ფასები, მუნიციპალიტეტისა და მიმწოდებლის შეთანხმებით დგინდებოდა, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკს წარმოშობდა'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში არასწორი პრაქტიკაა დამკვიდრებული, რადგან სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის დაგეგმვისას, შესასრულებელ სამუშაოებს არ ითვალისწინებდნენ. ახალი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მუნიციპალიტეტი სისტემატურად, დაუსაბუთებლად ზრდიდა სახელშეკრულებო ღირებულებას 10%-ის ფარგლებში, თუმცა აუდიტის ჯგუფმა საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, რაც მუნიციპალიტეტის მიერ, სახელშეკრულებო ღირებულების ზრდის აუცილებლობას დაადასტურებდა. შედეგად, 2017-2018 წლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტმა არაკონკურენტულ გარემოში, ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები შეისყიდა და ფინანსური რესურსის რაციონალურ-ეკონომიური ხარჯვის შესაძლებლობა არ გამოიყენა! 

სპორტული კომპლექსი და კულტურის სახლი 

2013 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტმა, ხოლო 2014 წელს, ქალაქ მცხეთის მერიამ კონკურსის საშუალებით, კულტურის სახლისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია შეისყიდა. ორივე ხელშეკრულების ღირებულება ჯამში, 190 000 ლარი იყო, აქედან კულტურის სახლი _ 55 000 ლარი, სპორტული კომპლექსი _ 135 000 ლარი. კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ექსპერტიზის დადებითი დასკვნები ახლავს. ამის მიუხედავად, აუდიტის ჯგუფის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროექტსა და ხარჯთაღრიცხვებში სერიოზული ხარვეზები დაფიქსირდა: 

,,პროექტების ჩაბარების პროცესში, მცხეთის მუნიციპალიტეტმა ხარვეზები ვერ გამოავლინა და სრულად აანაზღაურა მომსახურების ღირებულება _ 190 000 ათასი ლარი. ამის შემდეგ, ხარვეზიანი ხარჯთაღრიცხვებით, სპორტული კომპლექსისა და კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, ტენდერები გამოაცხადა. ხარვეზების გამო, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ხარჯთაღრიცხვებში მნიშვნელოვანი კორექტირებები შეიტანეს. კერძოდ, კულტურის სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილებები განახორციელეს, რომ მშენებლობის ღირებულება გაზარდეს, რის გამოც მუნიციპალიტეტმა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 34 000 ლარი გადაიხადა''. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების პროექტების ჩაბარების ეტაპზე, მუნიციპალიტეტში შესაბამისი კონტროლის მექანიზმები არ არსებობდა. მეტიც, ხარვეზების გამოვლენის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს პროექტების ავტორების მიმართ, შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებებიც კი არ გაუტარებია. 

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო, ქალაქ მცხეთის მერიამ მიმწოდებელი არ დააჯარიმა და დაახლოებით, 306 100 ლარის სანქცია არ დააკისრა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდითა და ხარჯთაღრიცხვაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები მუნიციპალიტეტმა არაკონკურენტულ გარემოში შეისყიდა, რის გამოც ეკონომიის მიღების შესაძლებლობა შეიზღუდა. გარდა ამისა, მერიამ საექსპერტო მომსახურებაც კი შეისყიდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და 23 600 ლარი, არაეფექტიანად დახარჯა! 

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები 

2017-2018 წლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაო შეისყიდა. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, სამუშაოების მიღება-ჩაბარებას გამგებლის ბრძანებით შექმნილი კომისია ახორციელებდა. მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები შესრულებული სამუშაოების ხარისხის გარანტიას ითვალისწინებდა, რაც ნიშნავს, რომ სამუშაოების ჩაბარებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ხარვეზები. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ განხორციელებული კაპიტალური პროექტების ნაწილი საგარანტიო პერიოდში დაზიანდა და მოსახლეობა მატერიალური სიკეთით ვერ სარგებლობს, ხოლო მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს შემსრულებლისთვის, რათა ამ უკანასკნლეს ხარვეზები აღმოეფხვრა. 

ახლა ვნახოთ, კონკრეტულად რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები დაზიანდა მცხეთის მუნიციპალიტეტში: 

დაბა ქსნის კანალიზაციის სისტემა _ 2010 წელს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა (მგფ) და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის, დაბა ქსნის კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციაზე, საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 1 242 700 ლარი იყო. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ქსნის კანალიზაციის სისტემა 2011 წელს ჩაიბარა. ობიექტის ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტი იყო. საკანალიზაციო სისტემა ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებას, მინის ტარის საწარმოსა და მოსახლეობის ნაწილს უნდა მომსახურებოდა. პროექტის მიხედვით, საკანალიზაციო სისტემა მოიცავდა საკანალიზაციო ქსელსა და გამწმენდ ნაგებობას, რომლის ფუნქცია, მდინარე მტკვარში ჩამდინარე საკანალიზაციო წყლების გაწმენდა იყო: 

,,შესწავლით გაირკვა, რომ საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობა არ ფუნქციონირებს, გაუწმენდავი წყლები კი პირდაპირ, მდინარე მტკვარში ჩაედინება, რაც საფრთხეს უქმნის გარემოსა და მოსახლეობას. მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, ქსნის საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა 2012 წელს გაიძარცვა და ამის შემდეგ აღარ უმუშავია''. 

მართალია, საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის გაძარცვის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს აცნობეს, მაგრამ სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, მცხეთის მუნიციპალიტეტს დამატებით, სხვა სახის ღონისძიება არ გაუტარებია. ამ პროექტზე მუნიციპალიტეტმა 1 206 900 ლარი დახარჯა. 

მინისტადიონი სოფელ ძეგვში _ 2017 წლის 17 ივლისს, მცხეთის გამგეობასა და შპს „გზამშენ 7“-ს შორის, სოფელ ძეგვში, მინისტადიონის სამშენებლო სამუშაოებზე ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ღირებულება 52 100 ლარი იყო. ეს ობიექტი მუნიციპალიტეტმა 2018 წლის თებერვალში ჩაიბარა. სამუშაოების საგარანტიო ვადა ერთ წელი იყო, რომლის განმავლობაში მიმწოდებელს გამოვლენილი ხარვეზები უნდა გაესწორებინა: 

,,2019 წლის 20 თებერვალს, აუდიტის ჯგუფმა, მცხეთის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა. აღმოჩნდა, რომ სპორტული მოედანი დაზიანებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, მუნი ციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა, არ მიმართეს მიმწოდებელს, რათა საგარანტიო ვადაში, ეს ხარვეზები აღმოეფხვრა''. 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ზემოთ ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, ან მათი არასათანადო ექსპლუატაცია. 

მოსახლეობის წყალმომარაგება 

2017-2018 წლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ქვეპროგრამა პრიორიტეტად იყო მიჩნეული. ქვეპროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა და არსებული წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება, ასევე დეზინფექცია და რეაბილიტაცია დაგეგმეს. გარდა ამისა, ქვეპროგრამით გათვალისწინებული იყო სოფლის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა; სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა; მუნიციპალიტეტის სოფლებში, სასმელი წყლის მაგისტრალების სარემონტო სამუშაოები და გამრიცხველიანება. 

მოსახლეობის წყალმომარაგებას მცხეთის მუნიციპალიტეტი, მის მიერ დაფუძნებული, შპს „მცხეთის სოფწყალის“ საშუალებით ახორციელებდა. წესდებით, საწარმოს საქმიანობის სფეროდ მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყლის მიწოდება, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა, სოფლებში არსებული სასმელი წყლის მაგისტრალზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რეზერვუარების რეცხვა-დასუფთავება და დეზინფექცია განისაზღვრა. 2017 წელს, შპს „მცხეთის სოფწყალმა“ მუნიციპალიტეტიდან სუბსიდიის სახით, 544 000 ლარი, ხოლო 2018 წელს – 770 000 ლარი მიიღო. 

სახელმწიფო აუდიტორებმა, წყალმომარაგების პროცესის შესწავლით გაარკვიეს, რომ მუნიციპალიტეტი პრიორიტეტების დოკუმენტით განსაზღვრულ ვალდებულებებს არ ასრულებდა: ,,კერძოდ, სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფდა სასმელ წყალზე მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას; 2017-2018 წლებში, აბონენტების გამრიცხველიანება არ დაფინანსებულა; მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის გადასახადის ამოღებას''. 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ შპს „მცხეთის სოფწყალი“, სისტემატურად აწვდიდა ინფორმაციას მუნიციპალიტეტს მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არსებული რთული მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, წერილებში ხაზგასმული იყო შემდეგი პრობლემები: საჭირო იყო წყლის დამატებითი შემკრებების, ჭაბურღილების, სანიტარული ზონებისა და საქლორატოროს მოწყობა, წყალსადენის შიდა ქსელის განვითარება; წყლის დებეტის შემცირების გამო, რეზერვუარებში არ იყო წყლის საკმარისი რაოდენობა და მოსახლეობა არსებული ხევებიდან თვითნებურად მოიხმარდა სასმელად უვარგის, დაბინძურებულ წყალს; წყლის მისაწოდებლად გამოყენებული იყო უვარგისი ფოლადის მილები; ზოგიერთი ჭაბურღილიდან მიღებული წყალი, ლაბორატორიული სინჯების მიხედვით, არ ექვემდებარებოდა დამუშავებას და არ უნდა გამოყენებულიყო სასმელად; ჭაბურღილიდან მიღებულ წყალს მოჰყვებოდა გოგირდის გემო და სუნი, რასაც ჰიდრო-გეოლოგიური გამოკვლევა სჭირდებოდა. 

,,შპს „მცხეთის სოფწყალი“ მიმართავდა მუნიციპალიტეტს მიკრობიოლოგიური და ქიმიური გამოკვლევებისათვის საჭირო ლაბორატორიის უქონლობის შესახებ, რის გამოც ვერ ხერხდებოდა წყლის ხარისხის ყოველდღიური კონტროლი. კერძოდ, როგორც სასმელი წყლის მიმწოდებელ სამსახურს, შპს-ს ევალებოდა, კვლევისათვის აუცილებელი ლაბორატორია ჰქონოდა. მიუხედავად ამისა, 2017-2018 წლებში, მუნიციპალიტეტს საჭირო მოწყობილობების შესყიდვა არ დაუფინანსებია. შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია საკმარისი ღონისძიებები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. მათ შორის, 2017-2018 წლებში, 8 სოფელში წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებები არ დაფინანსებულა, თუმცა მუნიციპალიტეტს ანგარიშზე გააჩნდა არსებითი მოცულობის თავისუფალი ფულადი ნაშთები. შედეგად, აუდიტის მიმდინარეობის პროცესში, მუნიციპალიტეტის 59 სოფლიდან, სათანადოდ გაწმენდილ წყალს 33 სოფლის მოსახლეობა იღებდა, ხოლო 26 სოფელში, ხარისხიანი წყლის მიწოდების პრობლემა დღემდე მოუგვარებელია''. 

სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“, შპს „მცხეთის სოფწყალის“, ააიპ „თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ წერილებზე დაყრდნობით, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ რიგ შემთხვევებში, მოსახლეობისა და ორგანიზაციებისთვის მიწოდებული სასმელი წყლის სინჯები, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ნორმებს არ შეესაბამებოდა. მათ შორის, 2017 წელს _ 17-დან 9 საბავშვო ბაღსა და 2018 წელს _ 24-დან 10 საბავშვო ბაღს, მიკრობულად დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდებოდა! მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, გამრიცხველიანებულია მხოლოდ 9 სოფელი, მათ შორის, 5 სოფელი ნაწილობრივ. აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2017- 2018 წლებში, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული წყალმომარაგების პროექტები მრიცხველების მოწყობას არ ითვალისწინებდა. ამას მოსახლეობის მიერ, სასმელი წყლის გაუფრთხილებელი, უკონტროლო ხარჯვა მოჰყვა, რაც წყლის დეფიციტისა და გრაფიკით მიწოდების ერთ-ერთი მიზეზია. 

,,2017-2018 წლებში, შპს „მცხეთის სოფწყალი“, მოხმარებული წყლის გადასახადს არ იღებდა მოსახლეობიდან, მათ შორის, არც გამრიცხველიანებული აბონენტებიდან, რადგან შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდა! ლიცენზიის ფარგლებში, კომპანია წყალმომარაგებას ახორციელებდა და ემსახურებოდა 8 სოფელს. 2015 წელს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართა, რათა სამოქმედო არეალიდან ჯერ 7 სოფელი ამოეღო, ხოლო შემდეგ _ ლიცენზია შეეჩერებინა. მიზეზად მიუთითა ის, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ლიცენზიის პირობების შესრულებას და ხარისხიანი წყლის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფდა''. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ მართალია, 2017-2018 წლებში, სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა მინიციპალიტეტის პრიორიტეტი იყო, მაგრამ გაწეული ხარჯის მიუხედავადაც კი, მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემები დღემდე მოუგვარებელია: სასმელი წყლის მიწოდებას არალიცენზირებული პირი ახორციელებს, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი მიეწოდება გრაფიკით, წყლის ხარისხი ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტებს. არალიცენზირებული პირი წყლის გადასახადს არ კრეფს, რის გამოც საბიუჯეტო სახსრები არაეკონომიურად და არაპროდუქტიულად იხარჯება. მუნიციპალიტეტმა არსებული თავისუფალი ფულადი რესურსი არ მიმართა აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად! 

ხელფასი და ავტომობილები 

2017-2018 წლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საკრებულოს წევრებზე, საკრებულოს თანამდებობის პირების გარდა, ხარჯები გაიცემოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით. 

,,დადგენილების შესაბამისად, 2017 წელს, საკრებულოს კომისიის სხდომებსა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ხარჯების ასანაზღაურებლად, თვეში 412.5 ლარი, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს _ 397.5 ლარი დაუწესდათ. 2018 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, საკრებულოს დეპუტატების ხარჯების ასანაზღაურებლად _ 397.5 ლარი განსაზღვრეს''. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017-2018 წლებში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებმა, ხარჯების ანაზღაურების სახით, ჯამში 120 000 ლარი აიღეს. არადა, ამ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს, რის გამოც აუდიტორებმა დაასკვნეს: ,,2017-2018 წლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტმა, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, 120 000 ლარი შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების (საფუძვლის) გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გასცა''. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ მთავრობის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების წესი შემუშავებული არ არის. არადა, მთავრობის დადგენილების თანახმად, საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე, მცხეთის გამგეობისთვის 2017 წელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 6 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა, ხოლო 2018 წელს, მცხეთის მერიისთვის _ 7 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. მართალია, საქართველოს მთავრობის დადგენილება მუნიციპალიტეტებისთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვიდან გამომდინარე, მისი შესრულება პრიორიტეტული უნდა იყოს. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წელს, მცხეთის გამგეობა, საკუთრებაში არსებულ 11 ავტომობილსა (2 _ განპიროვნებული, 9 _ სამორიგეო ავტომობილი) და თანამშრომლების მფლობელობაში არსებულ 43 ავტომობილს იყენებდა, რისთვისაც მთლიანობაში, 168 700 ლარის ღირებულების 93 100 ლიტრი საწვავი გახარჯეს. აუდიტორებისთვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით, კერძო საკუთრებაში არსებული 43 ავტომობილიდან, მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების საკუთრებაში 18 ერთეული არ ირიცხება! 

2018 წელს, მცხეთის მერია საკუთრებაში არსებულ 16 (2 _ განპიროვნებული, 14 _ სამორიგეო ავტომობილი) და თანამშრომლების მფლობელობაში არსებულ 50 ავტომანქანას იყენებდა, რისთვისაც მთლიანობაში, 228 900 ლარის ღირებულების 106 000 ლიტრი საწვავი გაიხარჯა. კერძო საკუთრებაში არსებული 50 ავტომობილიდან, მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების საკუთრებაში 31 ერთეული არ ირიცხება! 

წარმომადგენლობითი ხარჯი 

2017-2018 წლებში, მუნიციპალიტეტის „წარმომადგენლობითი ხარჯების“ სახით, 292 700 ლარი დაიხარჯა, აქედან 2017 წელს _ 137 200 ლარი, ხოლო 2018 წელს _ 155 500 ლარი. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ამ მუხლიდან, მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა მომსახურება შეისყიდა, კერძოდ: მცხეთაში გამართულ ღონისძიებებზე მოწვეული სტუმრების გამასპინძლება, საკვები პროდუქტებისა და სასტუმროს მომსახურება, საახალწლო ღონისძიებები და სხვა. 

„წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლის შესწავლით, აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ მუნიციპალიტეტში, შიდა ინსტრუქცია/წესი არაა შემუშავებული, რომელიც ამ მუხლიდან კვებით მომსახურებაზე თანხების რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ ხარჯვას უზრუნველყოფდა. 

შედეგად, 2017-2018 წლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტმა სტუმრების გამასპინძლების მიზნით, კვების მომსახურებაზე 82 700 ლარი დახარჯა, მათ შორის, 2017 წელს _ 37 000 ლარი, ხოლო 2018 წელს _ 45 700 ლარი, რისთვისაც ხელშეკრულებები სხვადასხვა კვების ობიექტებთან გააფორმა. 

სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებლებზე მომსახურების ღირებულება ანაზღაურებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელშიც მხოლოდ მომსახურების დასახელება და ღირებულებაა მითითებული, ხოლო მომსახურების მიმღებ პირთა რაოდენობა არ მიუთითებიათ. გარდა ამისა, 2017 წელს, ოთხ შემთხვევაში, აუდიტორებმა ღონისძიებების იდენტიფიცირება ვერA შეძლეს, არადა, სწორედ ამ ღონისძიებების კვებითი მომსახურებისთვის, მცხეთის მუნიციპალიტეტმა 3 500 ლარი დახარჯა!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში