Menu
RSS

ხელისუფლება „რიყის დოქებს“ 95 მილიონად ყიდის!

რა დანიშნულება მიენიჭება ობიექტს, რომლის მშენებლობაც წინა ხელისუფლებას 75 მილიონი დაუჯდა

უახლოეს პერიოდში, საპრივატიზაციო ნუსხას ე.წ. რიყის დოქებიც დაემატება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მიიღო. პროგრამის _ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ქონების პრივატიზაციის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ე.წ. რიყის დოქები, აუქციონზე გამოაქვს. ნათია თურნავას ინფორმაციით, თბილისის ცენტრში, 15 000 კვ.მეტრზე განთავსებული ობიექტი არსებული წესით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასდა და მისი ფასი 95 მილიონი ლარით განისაზღვრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ე.წ. რიყის დოქების ობიექტს გარკვეული მომზადება დასჭირდა, რადგან თავის დროზე, მისი მშენებლობა საკმაოდ ძვირი დაჯდა. 

,,სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა, მიუხედავად იმისა, რომ მის შექმნაში საკმაოდ დიდძალი თანხა დაიხარჯა, ვერ იპოვა თავისი ფუნქცია, არადა, ის ძალიან თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული _ თბილისის შუაგულში, ჩვენი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილას, სადაც ბევრი ვიზიტორი სტუმრობს ჩვენს ქალაქსა და ამ უბანს“, _ აღნიშნა თურნავამ. 

მინისტრის თქმითვე, გამჭვირვალე აუქციონის გზით, შესაძლებელი იქნება გატესტვა, თუ რამდენად რეალურია და ობიექტურია ეს ფასი ანუ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ განსაზღვრული 95 მილიონი ლარი, დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. 

„ჩვენი ამოცანაა, რომ სწორედ ღია, საჯარო აუქციონის გზით, ბიზნესთან თანამშრომლობით, საბოლოო ჯამში, თავისი სწორი გამოყენება ვუპოვოთ ე.წ. რიყის დოქებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ობიექტით დაინტერესებული ბიზნეს-ჯგუფები მოიძებნებიან“, _ განაცხადა მინისტრმა. 

რაც შეეხება პრივატიზების შემთხვევაში ობიექტის ფუნქციასა და დანიშნულებას, ნათია თურნავას თქმით, ბიზნესმა ამის შესახებ თავად უნდა იმსჯელოს, თუმცა მინისტრის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ამდგილას, ნებისმიერი ობიექტის განთავსება შეიძლება, რადგან არსებობს თბილისის გენერალური განაშენიანების გეგმა, რომელიც ამ ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის მშენებლობებს ზღუდავს. შესაბამისად, აქცენტი ე.წ. რიყის დოქების კომერციულ და მიზანშეწონილ გამოყენებაზე გაკეთდება: „ჩვენ წინასწარ არ ვკარნახობთ ბიზნესს, თუ რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ ობიექტს, თუმცა ვვარაუდობთ, რომ უფრო ცერემონიული ტიპის ობიექტი უნდა იყოს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ბიზნესს ვუტოვებთ და წინადადებებსაც ბიზნესიდან ველოდებით“. 

შეგახსენებთ, რომ ძველ თბილისში, რიყის ტერიტორიაზე, ე.წ. დოქების მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. თავდაპირველად, ეს ერთგვარი ამფითეატრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელისუფლება შეიცვალა, მშენებლობაც შეჩერდა. კიდევ უფრო მოგვიანებით, გაჩნდა იდეა, რომ ,,რიყის დოქების'' შენობაში, ღვინის მუზეუმი განთავსებულიყო. 

ობიექტის მშენებლობა, რომელზეც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, დაახლოებით, 75 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2012 წელს დასრულდა. იმის მიუხედავად, რომ დიდი ხნის მანძილზე, შენობა უფუნქციოდ იყო, 2016 წელს, მსოფლიოს საუკეთესო და ორიგინალური ნაგებობების ათეულში მაინც მოხვდა. 

ჯერ კიდევ შარშან, თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებდა, რომ ,,რიყის დოქების'' შეძენით, რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა. თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, დედაქალაქის მერმა დააზუსტა, რომ ინვესტორები ამ ობიექტის სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად მიღებაზე უარს აცხადებდნენ. 

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ის რამდენჯერმე შეხვდა ბიზნესმენებს და ფართის 1 ლარად გადაცემა ერთადერთი პირობით შესთავაზა _ პროექტი დაესრულებინათ და მოეწესრიგებინათ, მაგრამ უშედეგოდ. 

„როდესაც ნახეს, თუ რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ყველამ უარი განაცხადა. სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, 18-20 მილიონი სჭირდება. შესაბამისად, ასეთი პროექტების განხორციელება ბიზნესისთვის რთულია. ერთია, რასაც გარედან ვხედავთ, მაგრამ სულ სხვაა ის, რაც შენობის შიგნითაა _ ესაა დაუმთავრებელი, ოთხსართულიანი შენობა, სადაც ძალიან დიდი სიბინძურეა. შესაბამისად, მას ერთიანი მიდგომა სჭირდება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული“, _ განაცხადა კალაძემ.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში