Menu
RSS

როგორ დაეპატრონა დავით ბეჟუაშვილი უკრაინულ პორტს

ტენდერის სკანდალური და ექსკლუზიური დეტალები

უკრაინაში, ხერსონის პორტის ტენდერი დასრულდა. პორტის მართვის უფლება 30-წლით, ქართულ- შვეიცარიულმა კომპანია LLC RISOIL-KHERSON-მა მოიპოვა, _ ეს ინფორმაცია ,,ბიზნეს მედია ჯგუფმა'' გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, ხერსონის პორტის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელი ბიზნესმენი და ექსდეპუტატი დავით ბეჟუაშვილია, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელია. უფრო ზუსტად, RISOIL-KHERSON-ს, შპს „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ (GIG) აფილირებული კომპანია PETROL OIL AND CHEMICALS-ი და შვეიცარიული კომპანია RISSOIL S.A. ფლობენ. უკრაინის ანტიკორუფციულ სააგენტოზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ'' ამ ტენდერის საკმაოდ სკანდალურ დეტალებს მიაკვლია.

დავიწყოთ იმ სიახლით, რომელიც პარასკევს, 31 იანვარს, უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი და რომელსაც ადგილობრივი მთავრობის წევრებთან ერთად, ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის'' ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით ბეჟუაშვილიც ესწრებოდა. ,,ბიზნეს მედია ჯგუფის'' ინფორმაციით, საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურების 30-წლიანი მართვის უფლების მოპოვებაზე, უკრაინამ ტენდერი პირველად გამოაცხადა. გამოცემის ცნობითვე, ეს უკრაინის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ქართული ინვესტიციაა. 

უკრაინის მთავრობის წევრთა განცხადებით, ტენდერის საკონკურსო პროცესი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა, შერჩევის მთავარი პრინციპი კი გამარჯვებული ინვესტორის რეპუტაცია, მათი მხრიდან წარდგენილი საუკეთესო საინვეტიციო წინადადებები და ბიზნესგამოცდილება იყო. თავის მხრივ, ინვესტორი კომპანია ხერსონის პორტის განვითარებაში 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას გეგმავს და ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარებასაც აპირებს. ხერსონის პორტის პროექტის ინვესტიციის საერთო მოცულობა 300 მილიონი გრივნა იქნება. 

2019 წლის დეკემბრის დასაწყისში ანუ მაშინ, როდესაც ხერსონის პორტის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე საერთაშორისო, ასევე უკრაინულმა კომპანიამ ინტერესი გამოხატა და მათ შორის, RISOIL-KHERSON-მაც, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო 368.მედია, საკმაოდ სკანდალურ სტატიას აქვეყნებს სათაურით: ,,ქართული დესანტი: სააკაშვილის მოკავშირე პორტებისა და ენერგეტიკის გაკონტროლებას ცდილობს (Грузинский десант: соратник Саакашвили пытается взять под контроль порты и энергетику)''. სწორედ ამ სტატიაშია აღწერილი ხერსონის პორტის ტენდერის სკანდალური დეტალები და ამ ტენდერის ერთ-ერთი, პოტენციური მონაწილის, ქართველი ოლიგარქის, დავით ბეჟუაშვილის ბიზნესინტერესები არა მარტო საქართველოსა უკრაინაში, არამედ, მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეშიც კი. 

,,ხერსონის პორტის კონცესიაში (ესაა უცხოური კაპიტალის დაბანდების ანუ ინვესტიციის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გაფორმებული გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულება განახლებადი და განუახლებადი ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციასა და მასთან დაკავშირებულ სხვა სამეურნეო საქმიანობაზე, _ ავტ.) მონაწილეობენ კომპანიები საეჭვო ინვესტორებით'', _ წერს უკრაინული სააგენტო და მკითხველებს ,,ქართველ ოლიგარქს'', დავით ბეჟუაშვილს აცნობს. 

უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, კანონები სპეციალურად დავით ბეჟუაშვილის ბიზნესისთვის იქმნებოდა. მაგალითად, „კასპიცემენტის“ თანამშრომლების აქციები, ბეჟუაშვილმა, მეწარმეობის შესახებ კანონში ცვლილებების შედეგად მოიპოვა. სააქციო საზოგადოება „კასპიცემენტი“, შპს „კასპიცემენტად“ გადააქცია, რომელსაც დავით და გელა ბეჟუაშვილების მამა, რობერტ ბეჟუაშვილი ხელმძღვანელობდა. საბოლოოდ, ეს საწარმო სომხეთში გადაიტანეს და ამ ბრენდის ქვეშ, ჯერ სომხური ცემენტის წარმოება, შემდეგ კი მისი საქართველოში ჩამოტანა დაიწყეს. გარდა ამისა, ქართული კომპანიების _ შპს „ციდასა“ და „ბადაგონის“ მფლობელები, ბეჟუაშვილს მათი წარმოების მითვისების მცდელობებშიც კი ადანაშაულებენ, _ წერს უკრაინული მედია. 

გამოცემისვე ცნობით, დავით ბეჟუაშვილმა უკრაინაში საქმიანობა, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისას დაიწყო. ოფშორში რეგისტრირებული კომპანია LURAQ INVESTMENTS LIMITED-ის საშუალებით, კერძო საააქციო საზოგადოება „ინდარის“ აქციების 30%-ზე ოდნავ ნაკლები შეიძინა, თუმცა „უკრმედპრომის“ 70%-იც მასვე ეკუთვნის. უკრაინული სააგენტოს ცნობით, 2017 წელს, ამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის გახმაურებულ გამოძიებაში ,,ინდარიც'' ფიგურირებდა _ საქმე ეხებოდა 490 მილიონი გრივნის მითვისებასა და არამიზნობრივ ხარჯვას, უფრო ზუსტად, ფარმაცევტული პროდუქციის ნედლეულის გაზრდილ ფასში შეძენას. „ინდარის'' გარდა, ამ საქმეში ფიგურირებდა შპს MBB INSTRUMENTS-ი, შპს „ნიმფა“, „რიდანი“ და საერთშორისო ფინანსური კორპორაცია ,,რიდან ინჟინერინგი'', რომელიც უკრაინული მედიის ცნობით, ,,ინდარის'' მმართველს, ლუბოვ ვიშნევსკას უკავშირდებოდა. სხვათა შორის, ბეჟუაშვილის უკრაინაში საქმიანობაც ვიშნევსკასთან ყოფილა დაკავშირებული, რადგან ქართველი ბიზნესმენის ერთ-ერთი ფირმა, კერძოდ შპს „უკრაინული ენერგეტიკული კომპანია“, ვიშნევსკას მამას, ვიქტორ ვიშნევსკას ეკუთვნოდა. 

გარდა ამისა, ბეჟუაშვილის ფირმა SAQNAKHSHIRI GIG GROUP-ი, უკრაინის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან _ დონბასიდან ნახშირის შემოტანის სკანდალში იყო გარეული. 2017 წლის გაზაფხულზე, როცა ბიზნესმენმა, ვიტალი კროპაჩევმა უკრაინაში ქვანახშირის მრეწველობა გაანადგურა, ბეჟუაშვილის SAQNAKHSHIRI GIG GROUP-მა, „ცენტრენერგო“-ს ტენდერი მოიგო, რაც 1.8 მილიარდ გრივნად, 700 ათასი ტონა ანტრაზიტის ქვანახშირის შემოტანას გულისხმობდა ტრიპოლისა და ზმიევსკის თბოელექტროსადგურებისთვის. ბეჟუაშვილის კომპანიის წარმომადგენლებმა ოფიციალური პირობა დადეს, რომ უკრაინაში ქართულ ქვანახშირს შეიტანდნენ, რადგან SAQNAKHSHIRI GIG GROUP-ი, ტყიბულის შახტებს ფლობს. გაირკვა, რომ ბეჟუაშვილის კომპანიას საკუთარი ანტრაზიტის ქვანახშირი არ ჰქონდა, მაგრამ გარკვეულწილად, უნგრულ ოფშორულ კომპანია BREMER INTERNATIONAL LIMITED-თან აღმოჩნდა კავშირში, რომელსაც რუსეთის ტერიტორიის გავლით, დონეცკისა და ლუგანსკის შახტებიდან შეჰქონდა უკრაინაში ანტრაზიტის ქვანახშირი. 

ევროპელ კრედიტორებთან სკანდალის შემდეგ, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გარემოცვამ შეთანხმება გააუქმა. ამას GIG GROUP-ისთვის ხელი არ შეუშლია, რომ კროპაჩევთან ერთად, „ცენტრენერგოს“ პრივატიზაცის კონკურსში მიეღო მონაწილეობა, რომელიც გააუქმეს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში, ბეჟუაშვილის ყოფილი ლობისტის, კროპაჩევის ძალები შესუსტდა, ქართველი ოლიგარქი ამ ქვეყანაში საკუთარი ბიზნესის შექმნა-გაფართოვებას მაინც ცდილობს. ვიქტორ ვიშნევსკას „უკრაინული ენერგეტიკული კომპანიისა'' და „ინდარის“ 30%-იანი წილის გარდა, ბეჟუაშვილმა ოფშორული კომპანია LURAQ INVESTMENTS LIMITES-ის დახმარებით, ენერგიის მწარმოებელი კომპანია შპს Украинские энергетические решения 2018-ის საწესდებო კაპიტალში, 70% მოიპოვა. 

2019 წელს, ბეჟუაშვილმა ამავე ოფშორზე დაარეგისტრირა შპს ,,ხერსონ ოილი და გაზი'', ასევე შპს ,,პეტრო ოილი და ჩემიკალსი'', რომლებიც სავაჭრო დოკუმენტებით, ტვირთბრუნვით, ნავთობროდუქტების გადამუშავებითა და მოპოვებით არიან დაკავებულნი. სწორედ ეს კომპანიები მონაწილეობდნენ ხერსონის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის შესაძენად გამართულ აუქციონში. ამ აუქციონზე, ბეჟუაშვილის კომპანიას კროპაჩევი უწევდა ლობირებას, მაგრამ საბოლოოდ, კომპანია „ვარუნა-ვესტმა“ გაიმარჯვა. 

საინტერესოა, რომ ბეჟუაშვილის ბიზნეს-პარტნიორად და ბოლო ორი ახალი საწარმოს ხელმძღვანელად, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ირაკლი ეზუგბაია სახელდება, რომელსაც საქართველოში 40 მილიონი დოლარის თაღლითურად მითვისებაში ედება ბრალი. უკრაინაში ეზუგბაიაც სააკაშვილის წყალობით მოხვდა და არაოფიციალურად, ოდესის საბაჟოს ყოფილი ხელმძღვანელის, იულია მარუშენსკის მუშაობას კურირებდა. გარდა ამისა, გაუხმაურებელი ინფორმაციით, ეზუგბაია სააკაშვილის შუამავალი ყოფილა უკრაინელ ბიზნესმენებს შორის, სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში, მათ შორის, ოდესის ოლიგარქთან, ბორის კაუფმანთანაც კი. 

ხერსონის პორტთან დაკავშირებით, ბეჟუაშვილი მოვლენების მიღმა არ დარჩენილა. PERTO OIL AND CHEMICALS-ის საშუალებით, ბეჟუაშვილი 2019 წელს, RISOIL KHERSON-ის დამფუძნებლების შემადგენლობაში შევიდა და ფირმის საწყისი კაპიტალის 60% მოიპოვა, ხოლო 40% _ შვეიცარიულ ბიზნეს ჯგუფს, RISOIL S.A.-ს ეკუთვნის. დგას თუ არა ამ გარიგების უკან სკანდალური ბიზნესმენი, ვიტალი კროპაჩევი, ჯერჯერობით უცნობია, _ წერს უკრაინული სააგენტო.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში