Menu
RSS

რა სარგებელს მოუტანს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საქართველოს

როგორ აფასებენ გიორგი გახარიას შვეიცარიულ ვიზიტს ეკონომიკისა და პოლიტიკის ანალიტიკოსები

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დასრულდა. ამ მიზნით, 21-24 იანვარს, შვეიცარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია იმყოფებოდა. საქართველოს დელეგაციას, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილი წარმოადგენდნენ. წელს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა კლიმატური ცვლილებები იყო. ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში, რომელმაც 2020 წელს, 50 წლის იუბილე აღნიშნა, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა. გიორგი გახარია ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი, სიმონეტა სომარუგა და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გახარიამ 30-მდე მაღალი დონის შეხვედრა გამართა, როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ისე საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებისა და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან.

,,ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული!'' 

ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ლიდერებს დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე _ NEW AMBITIONS FOR EUROPE. დისკუსიაში ფინეთის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტები და ბიზნესლიდერები, მათ შორის, ,,ვოლვო ჯგუფის'' დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მონაწილეობდნენ. 

მთავრობის მეთაურმა იმ ყოველდღიურ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ოკუპაციის გამო, საქართველოს მოქალაქეები აწყდებიან: ,,ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის ვალდებულება იკისრა. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან _ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში გადავრჩეთ''. 

ამასთან, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ყოველთვის განხილვის თემა იყოს, როდესაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები ევროპის მომავალზე ისაუბრებენ: ,,აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია, ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს''. 

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, გიორგი გახარია აზერბაიჯანის, სომხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ბულგარეთის პრეზიდენტებს, ასევე, ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებს _ პრემიერ-მინისტრებს შეხვდა. ამ შეხვედრებზე ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 

თავისთავად, თითოეული ეს შეხვედრა დროული, საჭირო და აუცილებელი იყო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკ ,,იბიარდის'' პირველი ვიცე-პრეზიდენტის, იურგენ რიგტერინქისა და გიორგი გახარიას შეხვედრა. 

,,საქართველო საუკეთესო ქვეყანაა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის. ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა. ვამაყობ, რომ 2019 წელი, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგების მიხედვით, ჩვენთვის საუკეთესო წელი იყო. თითქმის 300 მილიონის კაპიტალდაბანდება განვახორციელეთ წლის განმავლობაში და ჯამში, დაახლოებით, მილიარდიანი საკრედიტო პორტფელი გაგვაჩნია. ამდენად, უნიკალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით და თან ჩვენი ინვესტიციების 70% კერძო სექტორშია ჩადებული. საქართველოსთან აშკარად, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ'', _ განაცხადა იურგენ რიგტერინქმა. 

საქართველოს პრემიერი დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციასაც დაესწრო. ქართულმა სტარტაპმა _ VAULT WINES-მა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების მართვის პროგრამა წარადგინა, რომელიც წამყვანი შვეიცარული ფონდის _ CVVC-ის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებულია. 

VAULT WINES-ის პროგრამა, რომელიც ღვინის ელექტრონული კომერციის ბიზნესს, ასევე ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების ბლოკჩეინზე დაფუძნებულ მართვას გულისხმობს, 125 000 აშშ დოლარით დაფინანსდა და პროექტს 10 კვირის განმავლობაში, 70-ზე მეტ გამოცდილ ექსპერტთან ერთად ამუშავებდა. ამან ხელი შეუწყო პროექტის დახვეწასა და საერთაშორისო კავშირების დამყარებას, შედეგად, ქართულ სტარტაპს უკვე ჰყავს შვეიცარიელი და ავსტრიელი კონტრაქტორები, რომლებიც მას გაუყალბებელი ჰოლოგრამებითა და QR-კოდებით უზრუნველყოფენ. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ შესაძლოა, საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი, რომელიც სატრანსპორტო და სატრანზიტო ასპექტებს სრულად დაფარავს, გერმანულ კონგლომერატ Seimens energy-სთან პარტნიორობით შეიქმნას. ესეც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაცხადდა, როდესაც გიორგი გახარია, Seimens energy-ის აღმასრულებელ დირექტორს, Siemens AG-ის მმართველი ბორდის წევრს, მაიკლ სენს შეხვდა. ამ შეხვედრაზე, გახარიამ საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობასა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, ასევე ავტორიტეტულ, საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე ისაუბრა. მეტიც, ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოსა და წარმოების შესაძლებლობების გასაცნობად, მაიკლ სენი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საქართველოში დაპატიჟა. 

გერმანული მულტინაციონალური კონგლომერატის Siemens AG-ის ძირითადი მიმართულებებია ინდუსტრია, ენერგეტიკა, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა. კომპანიას, რომლის წლიური შემოსავალი 27 მილიარდი ევროა, დასაქმებული ჰყავს 88 000 ადამიანი. 

გარდა ამისა, გლობალური ლიდერი, მულტინაციონალური ენერგეტიკული კომპანია ENEL-ი, ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად, საქართველოში სპეციალურ ჯგუფს გააგზავნის. ამ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანჩესკო სტარაჩიმ ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას მიიღო და ცხადია, ეს შეხვედრაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. 

გლობალური ლიდერი მულტინაციონალური ენერგეტიკული კომპანია ENEL-ი, ინტეგრირებული ელექტროობისა და გაზის ოპერატორია, რომელიც 5 კონტინენტზე, 30 ქვეყანაში ოპერირებს და 73 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. კომპანიის წლიური შემოსავალი 76 მილიარდ ევროს აღწევს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 70 000-ია. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ განახლებადი ენერგიის სფეროში, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA, საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, დავოსში გამართულ შეხვედრაზე, ამ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რაფაელ მატეომ აღნიშნა, რომ არსებული შესაძლებლობების შესასწავლად, მათი დელეგაცია საქართველოში უკვე იმყოფებოდა. 

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია CAMILLE BLOCH -ი, საქართველოში, თხილის პლანტაციებს გააშენებს, ხოლო ქართულ თხილს _ პროდუქტ ,,რაგუსას'' წარმოებაში გამოიყენებს. ესეც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, გიორგი გახარიასა და შვეიცარიული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დანიელ ბლოხის შეხვედრის დროს გაცხადდა. 

CAMILLE BLOCH -მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 651 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთიც მოიძია. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიზანია, თხილის კულტივაცია ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელოს, რასაც გაზრდილი პროდუქტიულობა, მცენარის გამძლეობისა და მოსავლიანობის ზრდა მოჰყვება. ინვესტიციის ფარგლებში, კომპანია 40-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს, ასევე აპირებს დასაქმებულთა გადამზადებასა და ნოუ-ჰაუს გავრცელებას თხილის სხვა მწარმოებლებისთვის. 

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაფიქსირდა, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ. კერძოდ, ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი ჩიტიგროუპ-ი, საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილავს, ჩაერთოს საბიუჯეტო ხარჯების სააღრიცხვო და საანგარიშსწორებო სისტემის, ასევე საგადახდო სისტემის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაციფრულების პროცესში. მეტიც, კომპანიამ სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს 2021 წელს, საქართველოს მთავრობის ევროში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების (500 მილიონი ევროობლიგაციების) რეფინანსირების პროცესში. 

ანალიტიკოსების შეფასებით 

21-24 იანვრის შუალედში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, საქართველოს მთავრობა იღებს 4 ამერიკელი კონგრესმენის საკმაოდ კრიტიკულ წერილს, სადაც სულ სხვა რეალობაა აღწერილი. 

,,ვერსია'' დაინტერესდა, როგორ აფასებენ ეკონომიკისა და პოლიტიკის ანალიტიკოსები დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციის შეხვედრებს, რა ბენეფიტებს მოგვიტანს დავოსის ფორუმი, რას ნიშნავს ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილი და ზოგადად, რამდენად ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა ქვეყანაში? 

,,ვერსიასთან'' საუბრისას, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრებით, საქართველოს ხელისუფლება ოპტიმისტური სურათის შექმნას ცდილობს: 

,,არცერთი კომპანიის ხელმძღვანელი არ იტყვის უარს, თუ რომელიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, თუნდაც ნომინალური, მასთან შეხვედრას მოისურვებს, მით უმეტეს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფორმატში. სინამდვილეში, საქართველო იქ მეცამეტე გოჭი იყო, რადგან აქცენტები სულ სხვა ადამიანებზე გაკეთდა. როდესაც ,,იბიარდის'' ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ რეგიონში ჩვენ ლიდერებად ვრჩებით, ცხადია, ეს ძალიან კარგია. ჯერჯერობით, ეს ასეა და არ მინდა, ამ მხრივ კრიტიკული ვიყო, მაგრამ პოლიტიკურად საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთი, და აქ არ არის მხოლოდ კონგრესმენების წერილზე საუბარი, საკმაოდ კრიტიკულია. ამ თვეების განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით და ყველა საერთაშორისო ინსტიტუტიდან, მათ შორის, ევროპასა და აშშ-დან ვიხილეთ სისტემური კრიტიკა. საბოლოოდ, ყველაფერი ეს, საქართველოში არსებულ მმართველობით სისტემაზე მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას აყალიბებს დასავლეთში. ფაქტია, რომ ინსტიტუციური კი არა, არამედ, ჩრდილოვანი მმართველობა გვაქვს, მაგრამ მათაც რომ არ გვითხრან, ეს ჩვენც კარგად ვიცით''. 

რაც შეეხება პრემიერის შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტსა და კოლეგასთან, გია ხუხაშვილის თქმით, გახარია უბრალოდ ,,ფოსტალიონი და ამბის მიმტანია'': 

,,ის ფორმალურადაა პრემიერი, თორემ რეალურად, პრემიერ-მინისტრის თანაშემწეა. პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს სახელით იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია ამ გადაწყვეტილებებზე. სინამდვილეში, გახარია ასეთი პირი არაა და როგორ წარმოგიდგენიათ, ფოსტალიონთან ვინმე სერიოზულად ისაუბრებს? _ არ ილაპარაკებს! ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო დავოსში, სულ სხვა ფასი და წონა ექნებოდა ყველაფერს, რადგან მის მიმართ ბევრად უფრო სერიოზული დამოკიდებულება იქნებოდა. როდესაც იციან, რომ გახარია გადაწყვეტილებებს არ იღებს და რაც უნდა ხელი ჩამოართვან, ან ლოყაზე წაუთათუნონ, ამით არაფერი იცვლება, რომელთანაც სერიოზულ თემებზე, სერიოზული საუბარი არ შეიძლება და რომელიც უბრალოდ, ამბის მიმტანია, ამ შეხვედრებს არავითარი შედეგი არ მოჰყვება. გასაგებია, რომ ნებისმიერი ინვესტორი ხელისუფლების წარმომადგენელს ხვდება, მაგრამ ვიდრე ინვესტიციას განახორციელებს, შემდგომ ეტაპზე, თვითონვე ახდენს რეალური ვითარების დიაგნოსტირებას. ინვესტორი, რომელიც ჩამოვა თბილისში და ჯერ კარვებს ნახავს, შემდეგ _ კარვების ნაცვლად, მწვანე ღობეებს პარლამენტის ირგვლივ, ის დაინახავს რისკს. ყველასთვის ცხადია, რომ წელს, მაღალი პოლიტიკური რისკები იქნება ქვეყანაში, რაც ინვესტიციების მოზიდვას არ უწყობს ხელს. დავანებოთ თავი იმის განხილვას, ვინ მართალია და ვინ _ მტყუანი, წელს ჩვენ არასტაბილურობის წელი გვექნება, ამიტომ ბუნებრივია, რაც არ უნდა ლოყაზე უთათონ ხელი გახარიას და რაც არ უნდა თვალი აპაჭუნოს მანაც, სამწუხაროდ, წელს ინვესტიციებს არ უნდა ველოდოთ''. 

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტიკის ანალიტიკოსს ზაალ ანჯაფარიძეს, რომელიც ,,ვერსიასთან'' საუბრისას, პრემიერ-მინისტრისა და ქართული დელეგაციის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტს, საკმაოდ დადებითად აფასებს: 

,,ახლა მთავარია, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკვე მიღწეული წინასწარი შეთანხმებები, თუ გაფორმებული ხელშეკრულებები, ქვედა დონის მენეჯმენტმა ზედმიწევნით, პროფესიულად განახორციელოს და ბოლომდე მიიყვანოს. ისიც მნიშვნელოვანია, ვის შეხვდა დავოსში პრემიერი და ვის ჩამოართვა ხელი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა იქნება ამის შემდეგ ანუ რას ჩამოიტანს დელეგაცია. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მართალია, თავისი შინაარსით, დავოსის ფორუმი ეკონომიკურია, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური მესიჯებიც ჟღერდება ხოლმე. ცალკეული ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც პრობლემები აქვთ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს სწორედ ამ პრობლემების გასახმაურებლად იყენებენ. ვფიქრობ, გახარიამ ეს მაღალი ტრიბუნა საკმაოდ კარგად გამოიყენა იმისთვის, რომ ავტორიტეტული, გავლენიანი და საერთაშორისო აუდიტორიისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საქართველოს პრობლემა, ვგულისხმობ ოკუპაციას. ის, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, გარკვეულწილად, ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც პრობლემებს ქმნის''. 

,,იბიარდის'' პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და 4 ამერიკელი კონგრესმენის ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებთან დაკავშირებით, რაც ძირითადად, ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს ეხება, ზაალ ანჯაფარიძემ ,,ვერსიას'' განუმარტა, რომ უცხოური ინვესტიციებისთვის მწვანე შუქი მაშინ აინთება, როდესაც საქართველოში ინტენსიურად დაიწყებენ შემოსვლას მსხვილი და საშუალო კომპანიები არა მხოლოდ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, არამედ ევროპიდან და აშშ-დან.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში