Menu
RSS

„გულაობა“ ბიუჯეტით _ რაში გაფლანგეს ლაგოდეხელმა მაღალჩინოსნებმა სახელმწიფოს ფული

დაუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა დარღვევები, რომლებიც აუდიტორებმა აღმოაჩინეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აუდიტი გამოაქვეყნა. ესაა 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი, რომელმაც მოიცვა მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტების გადასახდელები, ჯამში _ 22 941 700 ლარი. უხარისხოდ შესრულებული და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, ავტომანქანებსა და საწვავში გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები _ აი, მოკლედ ის დარღვევები და ხარვეზები, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აღმოაჩინეს.

ძირითადი ხარვეზები 

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში ძირითადი დარღვევების ჩამონათვალით იწყება. ვნახოთ, რა სახის ნაკლოვანებები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში: 

სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე, სათანადო კონტროლის მექანიზმები დანერგილი არ ყოფილა, რომლებსაც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება უნდა გამოერიცხა. კერძოდ, შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას, ხოლო შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის გამოკვლევის მიზნით, ექსპერტიზა არ ჩატარებულა და მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობებს ეხებოდა. შედეგად, მუნიციპალიტეტმა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა, რომლებსაც დამატებითი სარემონტო სამუშაოები სჭირდება. 

2018 წელს, საგზაო სამუშაოების განხორციელების მიზნით გაფორმებული სამი ხელშეკრულება, მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყდა. სამივე პროექტის ფარგლებში, მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს არღვევდა, რის გამოც შესაბამისი საჯარიმო სანქცია ეკისრებოდა. სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციით, მიმწოდებელი საჯარიმო თანხას არ იხდიდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მუნიციპალიტეტი სამუშაოების შუალედური მიღება-ჩაბარების დროს, მიმწოდებელს სრულად ურიცხავდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. 

მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას აღემატება. ამასთან, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. შედეგად, მანქანების ექსპლუატაციისას, მერიამ საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები არ დაიცვა. 

2017-2018 წლებში, არასაკმარისი კონტროლის მექანიზმებისა და შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის გამო, დასუფთავების მოსაკრებლის სახით დაგეგმილი შემოსავლებიდან, ლაგოდეხის მერიას მხოლოდ 60% აქვს მიღებული. ამასთან, მუნიციპალიტეტს, ფიზიკური პირებისგან მოსაკრებლის ადმინისტრირება არ განუხორციელებია. 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე აუნაზღაურეს. 

2017-2018 წლებში, მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. შესაბამისად, ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე სათანადო კონტროლიც არაა დაწესებული, რის გამოც არსებობს რისკი, რომ შესაბამისი რეაგირების გარეშე, შეუმჩნეველი დარჩეს მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევები. 

მერიის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას და დასახული მიზნების მიღწევას, რისკების მართვასა და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2017-2018 წლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ფუნქცია-მოვალეობებს არასათანადოდ ასრულებდა. 

უხარისხო ინფრასტრუქტურული პროექტები 

შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში ჩამოთვლილია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც 2017-2018 წლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა განახორციელა: სოფელ თამარიანის საბავშო ბაღის რეაბილიტაცია; სოფელ ვარდისუბნის საბავშო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია; სოფელ ზემო ბოლქვში ჭაბურღილისა და საუბნო ქსელის მოწყობის სამუშაოები; სოფელ გიორგეთის კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია; სოფელ ჭაბუკიანში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია. 

ამ პროექტებზე სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო კომპანიების დასკვნების საფუძველზე განხორციელდა. ექსპერტიზით შემოწმებულია შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ხარისხი: 

,,შესწავლით ირკვევა, რომ ექსპერტიზის მიერ, ხარისხის დასადგენად საჭირო ლაბორატორიული კვლევები არ განხორციელებულა. შესაბამისად, ჩატარებული ექსპერტიზა არ არის სათანადო და ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასებას. გარდა საექსპერტო კომპანიებისა, პროექტები მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმაც შეამოწმა. ინსპექტირების ჯგუფმა სამუშაოების მოცულობები შეისწავლა, მაგრამ ხარისხი არ შეფასებულა. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა სამუშაოები და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა მათი ღირებულება'', _ ვკითხულობთ შესაბამისობის აუდიტის დასკვნაში. 

სახელმწიფო აუდიტის ჯგუფმა ეს პროექტები დაათვალიერა, შედეგად კი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და მნიშვნელოვანი დაზიანებები გამოავლინა. მაგალითად, სოფელ ზემო ბოლქვში, ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები 35 200 ლარი დაჯდა. აუდიტორებმა დაადგინეს, რომ ეს სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, რადგან ამოსული წყლის საუბნო ქსელში ჩაშვება ვერ ხერხდებოდა. შედეგად, წყლის ნაკადი სანიაღვრე არხში მიედინებოდა, რის გამოც მოსახლეობა აღნიშნული ობიექტით ვერ სარგებლობდა. შესწავლით გაირკვა, რომ ეს ჭაბურღილი ექსპლოატაციაში შესვლიდან მალევე _ 4 თვეში დაზიანდა. მართალია, მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელ კომპანიას ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით მიმართა, მაგრამ ამის მიუხედავად, შპს „სკამაქსმა“ დაზიანებები არ გამოასწორა. ხარვეზების გამოსწორების მიზნით, მუნიციპალიტეტს სხვა ღონისძიებები (მაგალითად, ჯარიმის სახით, ფინანსური სანქციების დარიცხვა, _ ავტ.) არ გაუტარებია. 

,,გარდა ამ შემთხვევებისა, დაზიანებულია და უხარისხოდაა მოწყობილი 4 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც, კერძოდ: სოფელ თამარიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია _ დაზიანებულია ჭერი, დაბზარულია კედლები. სამუშაოები შეასრულა შპს „ინტერ პლიუსმა“, მათი ღირებულება კი 364 300 ლარი იყო; სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია _ ფასადზე ჩამოცვენილია ბათქაში. სამუშაოები შეასრულა შპს „დგარმა“, ღირებულება _ 15 000 ლარი; სოფელ გიორგეთის კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია _ დაზიანებულია შიდა კედლები, ჩამოცვენილია საღებავი, შპაკლი და ბათქაში. სამუშაოები შეასრულა შპს „მოხელემ“, ღირებულება _ 16 900 ლარი; სოფელ ჭაბუკიანში სტადიონის რეაბილიტაცია _ დაზიანებულია გასახდელისა და მსაჯთა ოთახის შიდა კედლები, ჩამოცვენილია საღებავი, ბათქაში, დაზიანებულია გასახდელის ლითონის კარი. სამუშაოები შეასრულა შპს „აღმაშენებელი XXI''-მა, ღირებულება _ 30 900 ლარი''. 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, საბავშვო ბაღების, ჭაბურღილის, კულტურის სახლისა და სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაზიანების მიზეზია შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხი. კონტროლის მექანიზმში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტმა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები მიიღო და ჩაიბარა. მიმწოდებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში, სამუშაოების საგარანტიო ვადებიც იყო გათვალისწინებული, რომლის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო, რომ ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები საკუთარი ხარჯებით გამოესწორებინა. სამ შემთხვევაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა დროულად არ მიმართა მიმწოდებელს დაზიანებების გამოსწორების მოთხოვნით და მხოლოდ აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ მოითხოვა მათი გამოსწორება. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა, კონტროლის პროცედურები წარმართეს ისე, რომ 462 300 ლარის ღირებულების ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარეს, რომელთა ხარისხი სათანადოდ დადასტურებული არ ყოფილა. შედეგად, სამუშაოები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები/პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, მათ მიმართ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, რაც არ განუხორციელებია. 

დაუსრულებელი პროექტები 

2018 წელს, მუნიციპალიტეტმა შპს „ვესტა დეველოპმენტს“ გაუფორმა სამი ხელშეკრულება გზების რეაბილიტაციის სამუშაოებზე ლაგოდეხში, საერთო ღირებულებით – 524 000 ლარი. ხელშეკრულებების ფარგლებში, სოფელ განჯალაში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის, ასევე ყაზბეგისა და კუდიგორის ქუჩების რეაბილიტაცია უნდა განხორციელებულიყო. სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციით გაირკვა, რომ მიმწოდებელმა 269 500 ლარის სამუშაო შეასრულა, რაც სრულად აუნაზღაურდა, ხოლო დარჩენილი 254 500 ლარის სამუშაოების შესრულება ვერ შეძლო. 

შპს „ვესტა დეველოპმენტმა'' ხელშეკრულებების ვადის გაზრდა მოითხოვა, რადგან უამინდობის, ფირმის ფინანსური პრობლემებისა და ბაზარზე არსებული ბიტუმის (ფისოვან ნივთიერებათა, ასფალტისა და გუდრონის საერთო სახელწოდება, _ ავტ.) ფასის ცვალებადობის გამო, სამუშაოების დროულ დასრულებას ვერ ახერხებდა. ამის საფუძველზე, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და მისი მოქმედების ვადა გაიზარდა, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა უცვლელად დარჩა. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ გაზრდილი ვადების მიუხედავად, მიმწოდებელმა სამუშაოები მაინც ვერ დაასრულა, რის გამოც ხელშეკრულებები შეუწყდა და მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში დარეგისტრირდა: 

,,აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ სამივე პროექტის ფარგლებში, შპს „ვესტა დეველოპმენტი“, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს არღვევდა, რის გამოც საჯარიმო სანქცია ეკისრებოდა. მიმწოდებელი არ იხდიდა დაკისრებულ ჯარიმას, მაგრამ ამის მიუხედავად, მუნიციპალიტეტი სამუშაოების შუალედური მიღება-ჩაბარების დროს, მაინც სრულად უნაზღაურებდა ღირებულებას. მიზეზი, რის გამოც მიმწოდებელი დროულად ვერ უზრუნველყოფდა სამუშაოების დასრულებას, სათანადოდ არგუმენტირებული არ არის. წარმოდგენილი ინფორმაციით, კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ სამუშაოებს დროულად ვერ დაასრულებდა. შუალედური ანგარიშსწორებისას, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს ეს გარემოება უნდა გაეთვალისწინებინათ და სამუშაოების ღირებულება, მათ მიერვე დაკისრებული საჯარიმო სანქციის გადახდამდე, არ უნდა აენაზღაურებინათ''. 

სამივე ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელ კომპანიას 22 200 ლარის ოდენობის საჯარიმო სანქცია დაეკისრა. აუდიტის მიმდინარეობისას, ეს თანხა გადახდილი არ იყო. აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სოფელ განჯალაში, გზის რეაბილიტაციაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხულ ჯარიმაზე _ 9 400 ლარზე, მიმდინარეობს სასამართლო დავა, ხოლო ყაზბეგისა და კუდიგორის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში დარიცხული ჯარიმის _ 12 800 ლარის მისაღებად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა სასამართლოს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, როდესაც ამ საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა. 

,,სოფელ განჯალაში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე, შპს „ვესტა დეველოპმენტს“ წარდგენილი ჰქონდა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია _ 10 500 ლარი. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდისას, მიმწოდებლისათვის შეცვლილი ვადის შესაბამისი საბანკო გარანტიის წარდგენა მოეთხოვა, რაც არ განუხორციელებია. შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 10 500 ლარის მიღების შესაძლებლობა დაკარგა''. 

უყაირათოდ გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები 

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2017-2018 წლებში, საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, მხოლოდ 6 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა იყო რეკომენდებელი. მართალია, მთავრობის დადგენილება თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტისთვის მისი შესრულება პრიორიტეტული უნდა იყოს. ვნახოთ, რა ხდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ამ მხრივ? 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის, ან თუნდაც ჩანაცვლების წესის“ პრინციპების შესაბამისად, მიღებული არ ჰქონდა სამართლებრივი აქტი, რაც მუნიციპალიტეტისათვის საჭირო ავტომანქანების რაოდენობას განსაზღვრავდა. 

,,2017-2018 წლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 275 800 ლარის ღირებულების საწვავი დახარჯა, მათ შორის, მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის _ 16 300 ლარის ღირებულების. აქედან გამომდინარე, ირკვევა, რომ ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტს რაციონალური მიდგომა არ გააჩნია''. 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ 2017-2018 წლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადმა წევრებმა, ხარჯების ანაზღაურების სახით, 142 700 ლარი მიიღეს. საკრებულოს დადგენილებით, ამ პირების ხარჯების ასანაზღაურებლად განსაზღვრული იყო ზღვრული მოცულობა _ ყოველთვიურად 380 ლარი. აუდიტორები თვლიან, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა კანონი დაარღვია, რადგან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა კი საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინა: 

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ, საკრებულოს წევრებზე თანხების გაცემა ვერ ჩაითვლება წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებად, რადგან საფუძვლად არ უდევს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკრებულოს წევრებზე ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები, რაც მიანიშნებს, რომ თანხები დაუსაბუთებლად გაიცა, რადგან შეუძლებელია, საკრებულოს ყველა წევრს, ერთი და იგივე შესასრულებელი დავალებები და იდენტური ხარჯი ჰქონოდათ''. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2017-2018 წლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, 142 700 ლარი შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გასცა.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში