Menu
RSS

სიგუა-სააკაშვილის აფერა, გაძვირებული სიგარეტი და აჟიოტაჟი ანაკლიის პორტის გარშემო

რითი იყო მნიშვნელოვანი 2019 წელი ქართული ეკონომიკისთვის და რას უმზადებს თეთრი ვირთხა ჩვენებურ ბიზნესს

ყვითელი ღორის წელი მიიწურა და მართალია, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, არავის ეზეიმება, ბუნების კანონს წინ ვერავინ დაუდგება _ რამდენიმე დღეში, კარს თეთრი ვირთხის წელი შემოგვიღებს. დიახ, ის 2020 წელი დადგება, რომელსაც გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინში, ერი და ბერი სულმოუთქმელად ელის. თავს ვერ დავდებ იმაზე, რომ ყვითელი ღორის არეულს, მაინც და მაინც თეთრი ვირთხა დაგვილაგებს-თქო, მით უფრო, ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა უკვე გვამცნო _ საახალწლოდ, სახლს ნუ დაალაგებთ, ვირთხას არეულობა უყვარსო, მაგრამ ფაქტია _ 2020 წელი არჩევნების წელია, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, ცვლილებებს გულისხმობს. იმის თქმა მსურს, რომ თუ ღორის არეულს, ვირთხა ვერ დაგვილაგებს, რაღაცას უეჭველად შეგვიცვლის. მანამდე, თვალი გადავავლოთ 2019 წლის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს.

ევროკავშირის 110-მილიონიანი გრანტი 

2019 წელი სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყო, თუმცა თუ უფრო დავკონკრეტდებით, 2018 წელი დასრულდა პოზიტიური ამბით, როდესაც დეკემბრის ბოლოს, ევროკავშირმა სახელმწიფო ბიუჯეტში 110 მილიონი ლარი (36 მილიონ 800 ათასი ევრო) გადმოგვირიცხა. 2019 წლის 17 იანვარს, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში'', ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ელჩის განცხადებით, ევროკავშირმა ამ ნაბიჯით, საქართველოს მთავრობის წინსვლა დაადასტურა იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას, ასევე მართლმსაჯულებას, საჯარო სამსახურს, საკანონმდებლო ჰარმონიზაციას, ბიზნესის მხარდაჭერას, განათლებასა და შრომის ბაზარს ეხება. ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ევროკავშირის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული 110 მილიონი ლარი გრანტი გახლდათ, რაც ნიშნავს, რომ მას ქვეყნის მთავრობა არ აანაზღაურებს. 

ხაშმის პატრიოტული ,,საფერავი'' 

წლის დასაწყისში, კიდევ ერთი პოზიტიური ამბის მომსწრენი გავხდით. სოციალურ ქსელ Facebook-ში, ორიგინალურად შეფუთული ქართული ღვინის ბოთლის ფოტო გავრცელდა. ბოთლის ეტიკეტზე, საქართველოს ოკუპაციის შესახებ, ინგლისურენოვანი წარწერაა დატანილი _ ,,20% Of Georgia Occupied By russia!'' თავდაპირველად, ამ ანტისაოკუპაციო მარკეტინგული კამპანიის შესახებ ინფორმაცია სააგენტო ,,ჰოთ ნიუსმა'' გაავრცელა. ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, არცთუ ცნობილი მწარმოებლის ღირსეულ ნაბიჯს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

სააგენტო ,,ჰოთ ნიუსმა'' გაარკვია, რომ უჩვეულოდ შეფუთულ ღვინის ბოთლში ხაშმის ,,საფერავია'' ჩამოსხმული. ესაა მცირე, საოჯახო მეურნეობა, რომელსაც ივა ელბაქიძე აწარმოებს. მისი თქმით, ოჯახს მცირე წარმოება აქვს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, სადაც „საფერავის“ ვენახი აქვს გაშენებული. 

,,ესაა გაუფილტრავი ღვინო, რომელსაც ტრადიციული მეთოდით, ოჯახში ვამზადებთ და საშუალოდ, 300 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე, მხოლოდ „საფერავს“ ვასხამთ, მაგრამ სამომავლოდ, „შარდონეს“ ღვინის წარმოებასაც ვაპირებთ“, _ განუცხადა „ჰოთნიუსს“ ივა ელბაქიძემ. 

2 ლარით გაძვირებული სიგარეტი 

მართალია, 2019 წლის ეკონომიკური მიმოხილვა პოზიტიური ამბებით დავიწყე, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლიდი თემას, რომელიც საზოგადოების თითქმის ყველა ფენას შეეხო _ ყვითელი ღორის წელი სიგარეტის გაძვირებით დაიწყო. ბუნებრივია, ყველა ვთანხმდებით, რომ ,,მოწევა კლავს'', ხოლო ,,მწეველები კვდებიან ადრე'', თანაც ევროკავშირის დირექტივებიც შესასრულებელია, მაგრამ ამ დირექტივების მიხედვით, სიგარეტი 2024 წლამდე ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გაძვირდეს და არა ერთბაშად, მით უმეტეს, არც ისე, რომ ადგილობრივი მწარმოებელიცა და იმპორტიორიც თანაბრად შეზღუდო. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, იანვარში 0.50 ლარით გაძვირებული სიგარეტი, თებერვალში, ლამის 2.00 ლარამდე გაძვირდა. წლის დასაწყისში სიგარეტი იმიტომ გაძვირდა, რომ 2018 წლის დეკემბრის ბოლოს, ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი 10-დან 30%-მდე, ხოლო უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი _ 0.60-დან 1.70 ლარამდე გაიზარდა. 

ადვალური გადასახადი პროდუქტის ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს ნიშნავს. ჩვენს ქვეყანაში, ამ ტიპის გადასახადი პირველად, 2016 წლის ივლისიდან შემოვიდა და 5%-ს არ აღემატებოდა. 2017 წლის იანვრიდან, ადვალური გადასახადი 10%-მდე გაიზარდა, ხოლო 2018 წლის 27 დეკემბრიდან _ 30%-მდე. ამასთან, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთებიც გათანაბრდა _ 2019 წლის 1 იანვრიდან, 1 კოლოფი უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 1.70 ლარი გახდა. 

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობაა, რომ სიგარეტის გაძვირება მწეველთა რაოდენობის შემცირების პირდაპირპროპორციული არ არის. სამაგიეროდ, რეალური საფრთხე იქმნება, რომ ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობა გაიზარდოს და აკი გაიზარდა კიდეც, რასაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გააქტიურებული მუშაობაც მოწმობს, სწორედ ამ ნაწილში. 2019 წლის მანძილზე, უწყებამ კონტრაბანდული სიგარეტის საქართველოში შემოტანის მცდელობის არაერთი ფაქტი გამოავლინა და აღმოფხვრა კიდეც. 

ანაკლიის სკანდალი 

თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, 2019 წლის თებერვალს, ქართული ეკონომიკისა და ბიზნესის საკრალურად გარდამტეხ პერიოდად ვაცხადებ. მიზეზი ის სკანდალია, რაც ანაკლიის პორტს უკავშირდება. საკმაოდ ვრცელი თემაა, ,,ვერსიის'' მკითხველებიც საქმის კურსში არიან და ეს თემა დეტალურად, ლამის სკრუპულოზური სიზუსტით გავაშუქე, მაგრამ წლის ეკონომიკურ მიმოხილვაში, ანაკლიის სკანდალს ვერ გამოვტოვებდი. მოკლედ, ამბავი დაიწყო 13 თებერვალს, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-ი) ოფიციალური განცხადება გაავრცელა. სებ-ის გადაწყვეტილებით, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერეს. მეტიც, ქვეყნის მთავარმა ბანკმა თიბისის აქციონერთა კრებას ორთვიანი ვადა მისცა, რათა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე, ბადი ჯაფარიძე, საბჭოდან გაეწვია. პრინციპში, ეს ასეც მოხდა, მაგრამ მივყვეთ ამ ვრცელი და სკანდალური ამბის მოკლე ანალიზს. 

,,ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია, თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა გამოვლინდა. ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანასა და რეგიონში ერთ-ერთი, წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება, არ არის მიმართული თიბისი ბანკზე'', _ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

მეორე დღეს, სებ-ის ამ განცხადებას თიბისი ბანკი გამოეხმაურა. ბანკის წარმომადგენლების განმარტებით, ძირითად საქმეზე, რომელსაც მთავარი პროკურატურა იძიებს, სასამართლო დავა მიმდინარეობს. მეტიც, სებ-ის გადაწყვეტილება თიბისი-მ სასამართლოში გაასაჩივრა. 

გამოძიება, რომელიც მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ანუ ფულის გათეთრებას ეხება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს ტრანზაქციები 2007-2008 წლებში განხორციელდა და საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებს, 17 მილიონ აშშ დოლარს ეხება. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა ორმა კომპანიამ _ „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა, თიბისი ბანკისგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი მიიღო. 

გამოძიების ინფორმაციით, სესხად აღებული თანხის კომპანიების ანგარიშებზე განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ამავე კომპანიებიდან 17 მილიონი აშშ დოლარი ისესხეს. პროკურატურისვე ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ეს თანხა დღემდე არ დაუბრუნებია. სხვათა შორის, ამ საქმესთან დაკავშირებით, ხაზარაძეცა და ჯაფარიძეც პროკურატურამ უკვე გამოჰკითხა. თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ-ლისტინგშია განთავსებული და ერთ-ერთი მსხვილი ბანკია, რომელსაც 27-წლიანი გამოცდილება აქვს. ბანკის აქტივების მთლიანი ოდენობა 12 მილიარდ ლარს აღემატება. ამჟამად, თიბისი ბანკს ორ მილიონზე მეტი მომხმარებელი და 7 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. 

ამასთან დაკავშირებით, საზოგადოების გარკვეულ წრეებში ახლაც მიიჩნევენ, რომ საქმე შერჩევით სამართალთან გვაქვს. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ პროკურატურა 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ჩაუჯდა. სხვათა შორის, საგამოძიებო უწყების განმარტებით, უკანონო შემოსავლების ლეგალიზება იმდენად მნიშვნელოვანი სამართალდარღვევაა, რომ ამ ტიპის საქმეებს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნიათ. კიდევ ერთი ფაქტი, რის გამოც საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება ქვეყნის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს ებრძვის, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი _ ანაკლიის პორტია, რომელსაც თიბისი ჯგუფი ახორციელებს. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის საბოლოო გამტარუნარიანობამ, წელიწადში, 100 მილიონ ტონას უნდა მიაღწიოს, ხოლო პირველი, პანამაქსის ტიპის გემი, 2020 წლის ბოლოს უნდა მიიღოს. 

თებერვალშივე, თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოშიც დაკითხეს. საქმე ეხება წერილს, რომელიც ხაზარაძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიიღო. თიბისი ბანკის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დაიწყო, ხოლო პარალელურად, საპარლამენტო ფრაქცია ევროპული საქართველოს წარმომადგენლები დეპუტატების ხელმოწერებს აგროვებდნენ, რათა საკანონმდებლო ორგანოში თიბისი ბანკის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილიყო. მეტიც, ევროპული საქართველო პარლამენტში შს მინისტრის, გიორგი გახარიასა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის დაბარებასაც ითხოვდა. ყველაფერი ეს, 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, თიბისი ბანკის დამფუძნებლების _ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკმაოდ სკანდალური განაცხადებებით დაიწყო. 

მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან წერილი მიიღო. მისივე თქმით, ეს იყო მუქარის შემცველი წერილი, რომელშიც მაღალჩინოსანი პირდაპირ ეუბნებოდა, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლების რეპუტაციას დაანგრევდნენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ხაზარაძის განცხადებით, მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო. სხვათა შორის, ხაზარაძის ამ განცხადებას შს მინისტრი, გიორგი გახარიაც გამოეხმაურა და ჟურნალისტებს განუმარტა, რომ წერილებს არ წერს, ის სათქმელს პირდაპირ ეუბნება ყველას, მათ შორის, იმ ხალხსაც, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა აქვს. 

აპრილსა და მაისში, ანაკლიის თემაზე, რაც ირიბად, თიბისი-ს სკანდალსაც ეხებოდა, საქართველოს პარლამენტში, კომიტეტის სხდომის ფარგლებში, ჯერ ხაზარაძეს მოუსმინეს, ხოლო შემდეგ, პლენალურ სხდომაზე _ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს, მაია ცქიტიშვილს. დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ანაკლიის კონსორციუმს, რომელმაც აფხაზეთიდან 4 კილომეტრში, ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პორტი უნდა ააშენოს, სერიოზული პრობლემები შეექმნა _ კონსორციუმი რამდენიმე ინვესტორმა დატოვა. პარალელურად, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, 2019 წლის სექტემბერში, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელო'' დააფუძნეს და გარშემო თანამოაზრეები _ პოლიტიკური მოძრაობა ,,შენები'' და ,,ახალი მემარჯვენეები'' შემოიკრიბეს. 

სიგუა-სააკაშვილის აფერა 

2019 წლის დასაწყისში, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო არენაზე გააქტიურდა. სოციალურ ქსელში ჩართვებსა და ვიდეო-მიმართვებს აღარ დასჯერდა და უცხოეთში სამუშაოდ, თუ საცხოვრებლად წასულ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრები დაიწყო. ამაში ექსპრეზიდენტს, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, სკანდალური ,,კაზანტიპის'' სულისჩამდგმელმა, გიორგი სიგუამაც აუბა მხარი. 

„სააკაშვილმა და სიგუამ ახალი აფერა წამოიწყეს _ ბანკი უნდა დააარსონ და ემიგრანტებს ფული დასცინცლონ. ორმაგად იხეირებენ, იმ გაბრიყვებულებსაც გაღლიტავენ და, რაც მთავარია, სააკაშვილის ნაქურდალ და ნაყაჩაღარ ფულსაც გაათეთრებენ! ეს აფერისტები! საზღვარგარეთ დროებით მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მძიმე შრომით არჩენენ ოჯახებს და, იმედია, ამ აფერისტების ანკესზე არ წამოეგებიან“, _ ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი Fაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე, სიგუა-სააკაშვილის ახალ ინიციატივას. 

დიახ, ჩაფლავებული ,,კაზანტიპისა'' და ნარკოსკანდალში გახვეული GEM FEშთ-ის ,,სულისჩამდგმელი'' გიორგი სიგუა, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სააკაშვილის მხარდასაჭერად, ქართველი ემიგრანტების გატყავებას აპირებდა. არადა, ეს ის გიორგი სიგუაა, რომელიც წლების წინ, ქართველ ემიგრანტებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერ აქციებს აწყობდა..

ქობულია თურნავამ შეცვალა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა. მან ამ პოსტზე გიორგი ქობულია შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 18 აპრილს დატოვა. ნათია თურნავა, გიორგი ქობულიას პირველი მოადგილე იყო, თუმცა მანამდე ის ,,საპარტნიორო ფონდსა'' და სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ძმების _ გელა და დავით ბეჟუაშვილების კომპანიაში მუშაობდა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ,,ახალი'' მინისტრი, ნათია თურნავა განათლებით ეკონომისტია, რომელმაც ბაკალავრის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა. ამავე უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურაც, ხოლო სამაგისტრო პროგრამა დიდი ბრიტანეთის კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა, რის შემდეგაც ბიზნეს-ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა. ნათია თურნავა 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიისა და მონოგრაფიის, ასევე ორი წიგნის თანაავტორია. 

ვიდრე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნებოდა, ნათია თურნავა ,,საპარტნიორო ფონდის'' აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. თუმცა მანამდე, 2006-2013 წლებში, ძმების _ დავით და გელა ბეჟუაშვილების კუთვნილი ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის'' დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 

შუალედური არჩევნები 

არ იფიქროთ, რომ თემას ავცდი, მაგრამ ამ პოლიტიკურ ამბავს ეკონომიკურ ჭრილში გავშლი და მიხვდებით, რატომ ვერ ავუარე გვერდი წლის ეკონომიკურ მიმოხილვაში შუალედურ არჩევნებს, რომელიც 19 მაისს გაიმართა. 12 საარჩევნო ოლქსა და 410 საარჩევნო უბანზე, თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყვეს და შედეგად, 19 მაისის შუალედური არჩევნები სახელმწიფო ბიუჯეტს 4 466 910 ლარი დაუჯდა. აქედან, შრომის ანაზღაურების მიზნით _ 2 664 104 ლარი, ხოლო საქონელი და მომსახურებისთვის _ 724 192 ლარი განისაზღვრა, სხვა ხარჯებისთვის კი 1 078 614 ლარი გაითვალისწინეს. 

,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 აპრილის #707 განკარგულებით, ეს თანხა ფინანსთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყო. 

საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების გეგმას ცესკო ამტკიცებს, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, უკვე დამტკიცებულ გეგმას ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს. ეს იმიტომ, რომ საერთო არჩევნებისგან განსხვავებით, რომელიც ზუსტად ვიცით, როდის ტარდება, ცესკო სახელმწიფო ბიუჯეტში დაფინანსებას წინასწარ ითვალისწინებს. შუალედური არჩევნები კი დაუგეგმავი იყო, ამიტომ გეგმა, რომელიც ცესკო-მ მარტში დაამტკიცა, თანხის გამოყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს წარუდგინა. 

გაუფასურებული ლარი 

ზუსტად ორი თვის მანძილზე _ მარტსა და აპრილში, ეროვნული ვალუტა _ ლარი, დოლართან მიმართებაში უფასურდებოდა. თუ 1 მარტს, 1 აშშ დოლარი _ 2.67 ლარი იყო, 24 მაისის მონაცემებით, ლარი თითქმის 11 პუნქტით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარი, უკვე 2.78 ლარი ღირდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლა მაშინ, საგარეო ფაქტორებს დაუკავშირა. მინისტრმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი თურქეთი იყო, სადაც დოლართან მიმართებაში, ადგილობრივი ვალუტა _ ლირა უფასურდებოდა. 

ლარმა ვარდნა ზაფხულშიც განაგრძო, ხოლო 20 ივნისის ავადსახსენებელი ,,გავრილოვის ღამის'' შემდეგ, 1 აშშ დოლართან მიმართებაში, ლამის 3.00 ლარამდე დაფიქსირდა, ყოველ შემთხვევაში, არც არაფერი დააკლდა. შოკი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით მოიხსნა. 23 დეკემბრის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში _ 2.87 ლარია. 

პარლამენტის რემონტი 

ყველაფერი 2019 წლის 19 მარტს დაიწყო. იმ დღეს, საქართველოს პარლამენტში, დიასპორის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე, ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო, დაკავებული პოსტიდან... ვერ გადააყენეს. არ ვხუმრობ, მართლა ვერ გადააყენეს, მოგვიანებით კი, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა თავი იმართლა _ ღილაკები აგვერიაო. პრინციპში, ამბავი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ ეს ტრაგი-კომიკური ამბავი ამით არ დასრულებულა _ რამდენიმე დღეში, უმრავლესობის დეპუტატებმა, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდეს... ღილაკების არევას მაშინ ისიც დაემატა, რომ სხდომათა დარბაზში აკუსტიკა არ ვარგოდა. 

მარტივად აგიხსნით, დარბაზში ხმა გარკვევით არ ისმოდა, რის გამოც დეპუტატები ვერ მიხვდნენ, რა საკითხს უყრიდნენ კენჭს და მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები ჩააგდეს! მოგვიანებით, დეპუტატებმა, როგორც უმრავლესობიდან, ისე უმცირესობიდან დააკონკრეტეს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ბოლო რიგში მსხდომები იყვნენ, რადგან არ ესმოდათ, რას ლაპარაკობდნენ ტრიბუნასთან გასული კოლეგები, რა კანონპროექტს განიხილავდნენ და საერთოდ, რა ხდებოდა პარლამენტში! მოკლედ, ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში იმდენად სერიოზული აკუსტიკური პრობლემა შეიქმნა, რომ ,,ვერსიამ'' საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს კითხვები გაუგზავნა _ დავინტერესდით, რა დაჯდა პარლამენტის რემონტი და საერთოდ, რატომ არ ვარგოდა აკუსტიკა სხდომათა დარბაზში. 

გაირკვა, რომ პარლამენტის რემონტისთვის 17 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება აკუსტიკას, პარლამენტის აპარატიდან ,,ვერსიას'' განუმარტეს, რომ სხდომათა დარბაზში არაერთი საერთაშორისო კონფერენცია, შეხვედრა და სხვა ღონისძიება გაიმართა, მაგრამ არცერთ ამ ღონისძიებაზე, აკუსტიკის უვარგისობაზე განცხადებები არ გაკეთებულა. მეტიც, პრეტენზიები არცერთ საერთაშორისო მონაწილესა და ადგილობრივ დამსწრეებს, მათ შორის, პარლამენტის წევრებს, არ გამოუთქვამთ. 

კიდევ ერთი სამთავრობო ცვლილება 

18 ივნისიდან, საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს. ექსპრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ამ პოსტზე ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა წარადგინა. ექსმინისტრმა, დავით სერგეენკომ პრემიერ-მინისტრის მრჩეველის პოსტზე, სახელმწიფო კანცელარიაში გადაინაცვლა. 

2015 წლის სექტემბრიდან, ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის რაიონული საავადმყოფოსა და „დოსტაქარის“ დირექტორი იყო. ის ამ საავადმყოფოში 2009 წლიდან, მიწვეული კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობდა, ხოლო მანამდე, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში საქმიანობდა. ეკატერინე ტიკარაძე გერმანული Donau-Universität Krems-ის კურსდამთავრებულია. 

დიდი ეკონომიკური აფერა 

ეს იყო მასშტაბური გამოძიება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტების აღკვეთის მიზნით დაიწყო. თავდაპირველად, სისხლის სამართლის საქმე 23 მეწარმის წინააღმდეგ აღიძრა, მათგან პატიმრობაში 17 პირი მისცეს, ხოლო 6 პირს ბრალდება დაუსწრებლებლად წარუდგინეს და მათზე ძებნა გამოაცხადეს. საქმე ეხება ყალბ ანგარიშ-ფაქტურებს, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტმა მილიონობით ლარის შემოსავალი დაკარგა. მასშტაბური საქმე, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო, პერიოდულად გაგრძელდა და ამჟამად, პასუხისგებაში, 60-ზე მეტი თანამდებობის პირი იმყოფება. 

,,გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით, ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს. ისინი აყალბებდნენ დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ანგარიშფაქტურებს, ასევე საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში, რომელსაც შემდგომში იყენებდნენ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად, ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების გადახდისა და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვისთვის'', _ აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ, ოფიციალურ ინფორმაციაში. 

ამავე ინფორმაციით, უკვე დადგენილია, რომ ფიქტიურად, ყალბად შექმნილი აქტივის ოდენობა 85 000 000 ლარს აღემატება. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა. მეტიც, აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში სხვა კომპანიებისა და პირების გამოვლენა-მხილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

,,გავრილოვის ღამის'' ეკონომიკური ,,ეფექტი'' 

ამბავმა, რაც 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მოხდა, ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა, პრინციპში, ეკონომიკურიც. ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი სათათბირო ორგანოს წარმომადგენელი, დეპუტატი სერგეი გავრილოვი, მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, არა მარტო ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სტუმრობდა, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და სხდომას, თუ ღონისძიებას ისე წარუძღვა. 

ცხადია, ამ ფაქტს საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა და გავრილოვის თავხედობა ერთდროულად დაგმო, როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე უმცირესობამ, საზოგადოების თითქმის ყველა წარმომადგენელმა, რაც მასშტაბურ საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. მოკლედ, გავრილოვი პარლამენტიდან გააპარეს, იმავე დღეს აეროპორტში გააცილეს, თვითმფრინავში ჩასვეს და გაისტუმრეს, მაგრამ საღამოს, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა, რაც შუაღამისას, სერიოზულ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. გავრილოვით დაწყებული დღე, პარლამენტის შტურმით აღების მცდელობის ღამეში გადაიზარდა, ხოლო პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლის გამო, ასეულობით ადამიანი დაშავდა... 

20 ივნისიდან, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო და არ გაჩერებულა. რამდენიმე დღეში, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოსტი დატოვა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ შეცვალა. რაც შეეხება ეკონომიკურ უკუშედეგს, ლარის გაუფასურებისა და პროდუქტების გაძვირების გარდა, ჩვენ მივიღეთ რუსეთ-საქართველოს მიმართულებით შეჩერებული ავია-ფრენები და ეს ყველაფერი ტურისტული სეზონის წინ! სხვათა შორის, კრეატიული ახალგაზრდების ინიციატივით, სოციალურ ქსელში გაჩნდა ჰეშთეგი _ ,,გაატარე ზაფხული საქართველოში'' ანუ #spendyoursummeringeorgia. ეს ორიგინალური გზავნილი, თითქმის ყველა ცნობილმა ადამიანმა აიტაცა, რომლებიც მოუწოდებდნენ ახლობლებს, მეგობრებს, ნაცნობებსა, თუ უცნობებს, საზაფხულო შვებულება საქართველოში გაეტარებინათ. სხვათა შორის, საქართველოში დაგეგმილი შვებულება რუსი ტურისტების დიდ ნაწილს არ გადაუდია და მოსკოვი-თბილისის გაუქმებული ავიარეისების მიუხედავად, საქართველოში ალტერნატიული, ჩარტერული რეისებით მაინც ჩამოვიდნენ. 

,,გავრილოვის'' დღისა, თუ ღამის ეფექტი მთავრობაზეც აისახა და შედეგად, შემოდგომაზე, სხვა შემადგენლობა ვიხილეთ: პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მამუკა ბახტაძე, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ შეცვალა, რომელმაც შს მინისტრად ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრად _ ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. დანარჩენმა მინისტრებმა პოსტები შეინარჩუნეს და პარლამენტმაც გახარიას კაბინეტს მხარი დაუჭირა, მაგრამ მოგვიანებით, დაახლოებით, თვენახევარში, თანამდებობა დატოვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა. ამ პოსტზე, გახარიამ მიხეილ ჩხენკელი დააბრუნა. 

* * * 

სინამდვილეში, 2019 წელს, სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, თუ ბიზნეს-ამბებიც მოხდა, რაც წლის შემაჯამებელ მიმოხილვაში აუცილებლად უნდა მოხვდეს. ცხადია, ყველაფერს ერთ საგაზეთო სტატიაში ვერ ჩავატევ, მაგრამ ვეცდები, მოკლედ შეგახსენოთ. დავიწყოთ იმით, რომ აგვისტოდან, თბილისის გაზის მომარაგებას ,,ყაზტრანსგაზის'' ნაცვლად, ,,თბილისი ენერჯი'' უზრუნველყოფს. კომპანიის დამფუძნებლის კვალი კი სააკაშვილის კარის ბიზნესმენებთან _ ხვიჩა მაქაცარიასთან და დავით ბეჟუაშვილთან მიდის. სხვათა შორის, ტყიბულის შახტის ახალი ინვესტორის ,,სტილ ინტენეიშენალ ტრეიდინგის'' კვალიც დავით ბეჟუაშვილთან მიდის. რეალურად, ტყიბულის შახტაში, ,,საქნახშირის'' ნაცვლად, ნახშირს ახალი კომპანია მოიპოვებს, თორემ მფლობელი ისევ ბეჟუაშვილია და საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ,,ვერსიაში'' ეს ფაქტი დავადასტურეთ. 

ამასობაში, საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პრინციპში, რაღა ახალი, სემეკის თავმჯდომარე, ირინა მილორავა, რომელსაც ამ პოსტზე ვადა ამოეწურა, მისივე მოადგილემ, დავით ნარმანიამ შეცვალა. 

აუცილებლად უნდა შევეხო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალურ და ხმაურიან დასკვნებს _ სხვადასხვა უწყების შესაბამისობისა და ფინანსური ეფექტიანობის აუდიტებს, რომლებსაც ,,ვერსიის'' თითქმის ყველა ნომერში დეტალურად გთავაზობდით. აქ მთავარი ისაა, რომ სახელმწიფო აუდიტორები, სხვადასხვა უწყებებში, თითქმის იდენტურ გადაცდომებს პოულობენ _ დარღვევებს სახელმწიფო შესყიდვებში, აღრიცხავენ დაუსაბუთებლად გაცემულ ხელფასებსა და პრემია-დანამატებს, ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ უწყების თანამშრომლები მივლინებებშიც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიემგზავრებიან... 33 დასკვნა კი, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტების აუდიტს ეხება, სახელმწიფო აუდიტორებმა პროკურატურაში გადააგზავნეს.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში