Menu
RSS

გახდება თუ არა 2020 წლის ბიუჯეტის ჩაგდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საბაბი

რა წერია კონსტიტუციის ახალ რედაქციაში და რა განმარტებებს აკეთებს კონსტიტუციონალისტი

ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს არ აღიარებს. მას შემდეგ, რაც პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩავარდა, საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო აქციები არ წყდება. ოპოზიცია, თბილისის გარდა, ბათუმსა და ქუთაისშიც აქტიურობს _ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კარზე ბოქლომების ჩამოკიდება 2019 წლის ნოემბრის აქციების უმთავრეს სიმბოლოდ იქცა. პარასკევს, 29 ნოემბერს, ხელისუფლების ქუთაისელმა მომხრეებმა, ოპოზიციის სიმბოლოს _ ბოქლომებს, ,,ქართული ოცნების'' 2012 წლისდროინდელი სიმბოლო _ ცოცხები დაუპირისპირეს და ბოქლომების გახვეტა სცადეს. მოკლედ, სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ პოლიციელებმა ვითარება განმუხტეს. ამას ისიც დაემატა, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ინიციატივით, 30 ნოემბერს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა, რომლითაც კმაყოფილი... მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპკორპუსის წარმომადგენლები დარჩნენ _ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ამასობაში კი უკვე დეკემბერია და საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი _ 2020 წლის ბიუჯეტი აქვს დასამტკიცებელი. პარლამენტის პლენალურ და საკომიტეტო სხდომებს მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებიან, ოპოზიცია, პროტესტის ნიშნად, სხდომებს არ ესწრება. ამ ვითარებაში სრულიად ლოგიკურია, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ჩავარდეს. 

 

,,ვერსია'' დაინტერესდა, გახდება თუ არა 2020 წლის ბიუჯეტის ჩავარდნა იმის საფუძველი, რომ მთავრობამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი აღიაროს, რასაც ლოგიკურად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვება. 

,,ვერსიასთან'' საუბრისას, ექსპერტი ლევან ალაფიშვილი ამგვარ ალბათობას არ გამორიცხავს. მეტიც, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ჩავარდება, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად დაინიშნება. 

ალაფიშვილის თქმითვე, სახელმწიფო კონსტიტუციაში ამგვარი ჩანაწერი ცვლილებებამდეც არსებობდა და ცვლილებების შემდეგაც დარჩა: 

„კონსტიტუციის ახალი მოდელით შესაძლებელია, რომ პარლამენტის მიერ ბიუჯეტის არდამტკიცება ანუ ამ საკითხზე პარლამენტისა და მთავრობის ვერშეთანხმება მთავრობის სახლში გაშვების საფუძველი გახდეს. ამის შემდეგ, თუ პარლამენტი ახალი მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ამის მექანიზმი მოცემულია მოქმედ კონსტიტუციაში, სადაც წერია, რომ პრემიერს აქვს უფლება, მიმართოს პარლამენტს გამოცხადებული ნდობის დასადასტურებლად, მაგრამ ამ მიმართვაშიც შეზღუდულია. 

წარმოვიდგინოთ, თუკი პარლამენტი არ უმტკიცებს მთავრობას ბიუჯეტს _ მთავარ, სახელმძღვანელო დოკუმენტს, რა დარჩენია პრემიერს? ეს ნიშნავს, რომ თუ საკანონმდებლო ორგანო მის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს და ბიუჯეტი სწორედ მთავრობის ინიცირებული დოკუმენტია, მხარს არ უჭერს, პრემიერი მიმართავს პარლამენტს _ ბიუჯეტს არ მიმტკიცებ, მაგრამ მაშინ, ხელახლა დამიდასტურე ნდობაო. თუ პარლამენტი ნდობას არ დაუდასტურებს, ამ დროს კი ბიუჯეტი უკვე ჩავარდნილია და მთავრობასაც აღარ აქვს გაცხადებული ნდობა, სწორედ ამ შემთხვევაში იწყება ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი''. 

ლევან ალაფიშვილის განმარტებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად მხოლოდ ბიუჯეტის ჩაგდება საკმარისი არაა, მაგრამ ფაქტია, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი ლაკმუსის ქაღალდის ფუნქციას აშკარად ასრულებს. 

ექსპერტმა დაგვიზუსტა, რომ პარლამენტის მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის ჩაგდებას, მთავრობისა და პრემიერისადმი ნდობის არგამოცხადებაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს. 

მოკლედ, თუ პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო, რასაც ავტომატურად მოჰყვება მთავრობისა და პრემიერის მიმართ ნდობის არგამოცხადება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, 2020 წლის აპრილისთვის დაინიშნება. 

რა ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ინიშნება? _ ლევან ალაფიშვილმა აგვიხსნა, რომ ამ პერიოდში, მოვალეობის შემსრულებელია არსებული მთავრობა, თუმცა საინტერესოა, ვიდრე ვადამდელი არჩევნები გაიმართება, მოქმედებს თუ არა ქვეყანაში 2019 წლის ბიუჯეტი? 

ლევან ალაფიშვილი: „არა, წინა წლის ბიუჯეტი სამართლებრივად და კალენდარულად ვერ იმოქმედებს, თუმცა საბიუჯეტო კოდექსში გაწერილია, როგორ უნდა იცხოვროს სახელმწიფომ ამ შემთხვევაში. 

ხარჯები და შემოსავლები ე.წ. 1/12-ის პრინციპით იხარჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ შარშან, კონკრეტულ კალენდარულ თვეში, კონკრეტული ფიქსირებული ხარჯები და შემოსავლები იყო, წელს იმაზე მეტს მთავრობა ფიზიკურად ვერ დახარჯავს. 

მაგალითად, თუ 2019 წლის იანვარში, პირობითად, 1 მილიონი ლარი დახარჯა, მაგრამ 2020 წლის იანვრის შემოსავლები საშუალებას აძლევს, რომ ფაქტობრივად, მეტი დახარჯოს, მთავრობა 1 მილიონ ლარზე მეტს მაინც ვერ დახარჯავს. 

მერწმუნეთ, ეს საკმაოდ სერიოზული, შემაფერხებელი პროცესია იმისთვის, რომ მთავრობამ მართოს ქვეყანა და ის ხარჯები გასწიოს, რაც განვითარებისა და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლადაა საჭირო“. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, არსებულ მთავრობას მოვალეობის შესრულება მხოლოდ სამი თვის ვადით შეუძლია. ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, რასაც ლევან ალაფიშვილი ასე ხსნის: 

,,თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ვსაუბრობთ, არსებული მთავრობა მოვალეობას, მაქსიმუმ, სამი თვით შეასრულებს. როგორც კი არჩევნები დასრულდება და ახალი პარლამენტი შეიკრიბება, პირველივე სხდომაზე შეარჩევს პრემიერ-მინისტრს და ახალი მთავრობის ფორმირების პროცესს დაიწყებს. 

გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტის ე.წ. 1/12-ის პრინციპით ხარჯვა, ძველ და ნდობა არდადასტურებულ მთავრობას, ისედაც მხოლოდ სამი თვის პერიოდში მოუწევს, რადგან შეუძლებელია, ამ პრინციპით, რაც უკვე აგიხსენით, ბიუჯეტი უფრო მეტხანს დაიხარჯოს''.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში