Menu
RSS

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ _ მთავრობის უპრეცედენტო პროექტი

200-მილიონიანი ინვესტიცია და 2 500 ახალი სამუშაო ადგილი, 150-მილიონიანი ქონების პრივატიზაციის სანაცვლოდ

მასშტაბური პროექტი _ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ოფიციალურად, 29 ნოემბრიდან ამოქმედდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გამართა. რაც მთავარია, ბიზნესს _ არა მარტო მსხვილს, არამედ მცირეს, საშუალოსა და ზოგადად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ 100 პარალელურ აუქციონში მონაწილეობა უკვე შეუძლია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, თავისი მასშტაბით, ეს პროექტი უპრეცედენტოა, რაც 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებასა და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას ითვალისწინებს. 

პროექტის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სხვა პოზიტივებთან ერთად, ეს პროექტი 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. 

 

რას ნიშნავს გამარტივებული პროცედურები ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საპრივატიზებო ობიექტისთვის? _ პროექტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რაც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის, უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას _ გენერალური განაშენიანების გეგმის ჩათვლით. 

მეტიც, წინასწარ მოგვარებულია ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. 

აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია, ხოლო მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა, დაახლოებით, 200 მილიონი ლარი იქნება. 

„რაც მთავარია, კონკრეტული ციფრების მიღმა, ახალი სამუშაო ადგილები დგას. ამ ობიექტების გაყიდვის შედეგად, აშენდება სასტუმროები, ახალი საწარმოები, ფერმები, თუ სხვა ობიექტები, რაც დაახლოებით, 2 500 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის“, _ განაცხადა ნათია თურნავამ. 

საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ საპრივატიზებო რუკაზე, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებასა და დაინტერესების შემთხვევაში, მიმდინარე ელექტრონულ აუქციონშიც მიიღოს მონაწილეობა. 

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და ასევე, თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება. 

,,ქართულ ბიზნესს ძალიან საინტერესო და უპრეცედენტო ინიციატივა წარვუდგინეთ _ დღეიდან, 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი გაიმართება და უახლოესი თვეების მანძილზე, არანაკლებ 100 ობიექტი, მუდმივად იქნება გამოტანილი აუქციონზე'', _ თქვა მინისტრმა. 

მინისტრის განცხადებითვე, მნიშვნელოვანია სიახლე, რომ აუქციონზე გამოტანილი ობიექტები წინასწარ მომზადებულია ანუ სახელმწიფომ ის პრობლემები გააანალიზა, რასაც სხვადასხვა ნებართვის მიღების დროს, ბიზნესი აწყდებოდა: 

„ჩვენ ძალიან კრიტიკულად მივუდექით საკუთარ თავს, თუ როგორ შეიძლებოდა დაგვეჩქარებინა პრივატიზაციის პროცესი. ამიტომ, წინასწარ შევაფასეთ ობიექტები, შევათანხმეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და სხვადასხვა უწყებებთან“. 

როგორც აღვნიშნეთ, ყველა ობიექტს ახლავს რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ბიზნესი შეიძლება განვითარდეს კონკრეტულ ადგილზე, თუმცა როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ბიზნესს შეუძლია შეცვალოს და თავისი შეხედულებით განავითაროს შეძენილი ობიექტი: 

„ველოდებით, რომ ამ გზით, დაპირებისამებრ, ,,ერთი ფანჯრის'' პრინციპით ავაწყობთ სერვისებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, კვლავაც მაღალი ეკონომიკური ზრდა დავიჭიროთ. როგორც იცით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.7%-ს მიაღწია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ ციფრებს მიღმა უნდა იდგეს სამუშაო ადგილები და დღეს, სწორედ ასეთი პროექტი შევთავაზეთ საზოგადოებას. გვინდა, რომ გასაყიდად გამოტანილ ობიექტებზე აშენდეს სასტუმროები, შეიქმნას მეურნეობები და დასაქმდნენ ადამიანები''. 

ნათია თურნავამ დააზუსტა, რომ აუქციონი უახლოესი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით, ხელისუფლება ეტაპობრივად შესთავაზებს ინვესტორებს ყველა იმ ქონებას, რაც ეკონომიკურ ბრუნვაში აქამდე ჩართული არ ყოფილა. ამასთან, მინისტრის თქმითვე, შეთავაზება განკუთვნილია არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის, არამედ _ მცირე ბიზნესისთვისაც, იქნება ეს სატბორე, თუ ფერმერული მეურნეობა, რომლებიც რეგიონებში დაასაქმებენ ადამიანებს და ეს ძალიან მნიშვენლოვანია: 

„რაც შეეხება მსხვილ ობიექტებს, აუქციონზე ნახავთ, მაგალითად, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს. ასევე, გეტყვით, რომ სია შევსებადი იქნება და მუდმივად განახლდება. უახლოეს დღეებში, ამ სიას დაემატება წყნეთის აგარაკებიც, რომელთა შეფასების პროცესი ცოტა ხანში დასრულდება. გვინდა, რომ ბიზნესს გამზადებული პროექტები წარვუდგინოთ და მათ მხოლოდ ერთი რამ დარჩეთ _ მონაწილეობა მიიღონ აუქციონში, შეიძინონ და ააშენონ ახალი ობიექტები. ჩვენი მთავარი, საბოლოო ამოცანაა, თუ როგორ დასაქმდეს მეტი ადამიანი და ჰქონდეს ღირსეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა _ იქნება ეს ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ“. 

ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მთავრობა აქტიურად მუშაობს, რასაც ახალი პროექტიც ადასტურებს. როგორც აღვნიშნეთ, ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს'' ფარგლებში, 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, თუმცა მინისტრმა განმარტა, რომ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მთავრობას ბევრი, სხვა ინიციატივაც აქვს: 

„საბოლოო ჯამში, ჩვენი მუშაობის ხარისხი და წარმატება მხოლოდ იმით გაიზომება, რამდენი დასაქმებული ადამიანი შევძინეთ საქართველოს და რამდენ ოჯახს გაეზარდა შემოსავალი სამეწარმეო, ან დაქირავებული საქმიანობიდან, თუ მცირე ბიზნესიდან. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ეს ჩვენი მთავარი კრიტერიუმია“.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში