Menu
RSS

რა აკავშირებს შემოსავლების სამსახურის ახალ უფროსს კეზერაშვილთან

ლევან კაკავას დოსიე

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. 21 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ლევან კაკავა, თავად წარუდგინა თანამშრომლებს. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, კაკავას სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება, საკმაოდ კარგი მენეჯერული თვისებები აქვს და რაც მთავარია, მაღალი რანგის პროფესიონალია. პრინციპში, შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსის ამ თვისებებში ეჭვი არავის ეპარება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წლების წინ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, კაკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკმაოდ მაღალი თანამდობების პირი იყო ანუ იმ დროს, როდესაც ამ უწყებას ბიზნესმენების რისხვა და ნაციონალური მოძრაობის მთავარი ,,მოლარე'', დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა.

ლევან კაკავას შემოსავლების სამსახურის უფროსად დანიშვნას, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმისა და აჟიოტაჟის გარეშე არ ჩაუვლია. ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, პრემიერ-მინისტრი პოზიციების გამყარებას საკუთარი კადრების დაწინაურებით ცდილობს. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ დაუშვილის დანიშვნის ფაქტიც. რეალურად, ლევან კაკავაც გახარიას კადრია, რადგან 2017 წლიდან, ის შს მინისტრის მოადგილე იყო. ანალიტიკოსების მეორე ნაწილი კი თვლის, რომ სწორედ საპროტესტო აქციების ფონზე, ,,ქართული ოცნების'' მთავრობაში, პრემიერ-მინისტრი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს აწინაურებს. 

იმ ფაქტს, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტზე ლევან კაკავას კანდიდატურა გახარიამ შეარჩია, არც ფინანსთა მინისტრი უარყოფს. 21 ნოემბერს, როდესაც ივანე მაჭავარიანმა უწყების თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა, პირდაპირ განაცხადა: 

„პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება _ ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში, ჩვენს მომიჯნავე ორგანიზაციებში მუშაობდა, როგორც საგამოძიებო სამსახურში, ასევე ძალოვან უწყებებში და შეხება ჰქონდა ეკონომიკურ სფეროსთან და ფინანსებთან. ლევანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი და საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები აქვს“. 

ახლა ვნახოთ, ვინ არის და რას წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსი, ლევან კაკავა. დაიბადა 1979 წლის 28 დეკემბერს, ქალაქ გალში; 2001 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნის სპეციალობით დაამთვრა. 

2002-2004 წლებში, ლევან კაკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლად მუშაობდა; 2004-2005 წლებში _ ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში, საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლად; 2005-2007 წლებში _ ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში, საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2007-2009 წლებში _ შემოსავლების სამსახურში, საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2010 წელს _ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2010-2013 წლებში _ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, სამმართველოს უფროსი; 2013 წელს _ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი; 2013-2014 წლებში _ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2014-2017 წლებში _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი; 2017 წელს – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2017 წლის ნოემბრიდან _ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში