Menu
RSS

რომელი დეპუტატი ლობირებს სათამაშო ბიზნესს და რამდენი მილიონია კაზინოების მოგება

თამაში, რომელიც კლავს! _ დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვას

პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლითაც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა სრულად უნდა აიკრძალოს. კანონპროექტის ავტორი, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია, ინიციატორები კი _ ბექა ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ეკა ბესელია. ამ კანონპროექტით, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა უნდა აიკრძალოს ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდვური მედიის, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის წესის დარღვევის შემთხვევაში, რეკლამის განმათავსებელიცა და დამკვეთიც, თითოეული 10 000 ლარით დაჯარიმდება. კანონპროექტის ინიციატორებმა მისი ამოქმედების ვადაც განსაზღვრეს _ 2020 წლის 1 სექტემბერი.

ლუდომანია აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების დაუძლეველი სურვილია. ოფიციალური განმარტებით, თამაშზე დამოკიდებულება ზიანს აყენებს მოთამაშეს, რაც შესაძლოა, მის ქცევაზეც აისახოს. მოთამაშის გარკვეული ზღვარის გადასვლის შემდეგ, შესაძლოა, ლუდომანია მკაცრ კლინიკურ პათოლოგიად ჩაითვალოს...… 

29 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს _ სამდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა და პოლიციელებმა 29 წლის ახალგაზრდა ბიჭის ცხედარს ცხვარიჭამიას ტყეში მიაკვლიეს. მედიაში გავრცელდა გარდაცვლილის დედის, ნინო ლოლაძის კომენტარიც, რომელიც აცხადებს, რომ შვილს გარკვეული პრობლემები ჰქონდა: 

,,სამწუხაროდ, აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული... ამის ხმამაღლა თქმას ვერიდებოდით. ბოლოს, 25 ოქრომბერს, შუადღისას დამირეკა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო... დაგვემშვიდობა მეც, თავის ძმასაც, ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო''. 

აზარტული თამაშების რეკლამა საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემაშიც გვხვდება. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო გარდაცვლილი თანამშრომლის ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და სატელევიზიო ეთერში აზარტული თამაშების რეკლამაზე უარი განაცხადა. 

ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ დაუზუსტებელი ინფორმაციით (ძირითადად, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით), ბოლო წლებში, საქართველოს მოქალაქეებმა აზარტულ თამაშებში, დაახლოებით, 9 მილიარდი ლარი დახარჯეს! სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ თამაშზე დამოკიდებულების გამო, ლუდომანები სესხებსაც კი იღებენ. ამავე მედლის მეორე მხარე ისაა, რომ რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, აზარტული თამაშები აკრძალულია. შესაბამისად, მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები, სწორედ სათამაშოდ ჩამოდიან საქართველოში და მთისა თუ ზღვის კურორტების ძვირადღირებული სასტუმროებიც, როგორც წესი, აზარტული თამაშების მოყვარული უცხოელი ტურისტებითაა გადავსებული... 

ირკვევა, რომ აზარტული თამაშების ბიზნესი ყველაზე უკონტროლო სფეროა ქვეყანაში და ეს იმიტომ, რომ მილიონიანი ბრუნვის ფონზე, სხვადასხვა კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ მიზერულ თანხას რიცხავს, სამაგიეროდ, თამაშზე დამოკიდებულების გამო, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი კიდევ უფრო მძიმდება. მეტიც, ითვლება, რომ ონლაინ-თამაშები ფულის გათეთრების საუკეთესო საშუალებაა და ამიტომ, მისი მკაცრი რეგულაცია აუცილებელია. დაუზუსტებელი მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის წლიური შემოსავალი 4 მილიარდ ლარს აღემატება, ხოლო მოგება _ ასეულობით მილიონი ლარია, თუმცა 2017 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ 109 მილიონი ლარი შევიდა, რაც საკმაოდ მიზერული ოდენობაა. ამას ისიც ემატება, რომ კაზინოები, რომლებიც ონლაინ-პლატფორმებს ფლობენ, დამატებით გადასახადს არ იხდიან. სამაგიეროდ, ინტერნეტ-თამაშების საშუალებით, ისინი დიდ მოგებას, დაახლოებით, 60%-ს იღებენ. 

დეპუტატები სათამაშო ბიზნესის რეკლამის წინააღმდეგ 

ცხადია, სათამაშო ბიზნესს ვერავინ აკრძალავს, ეს არცაა მიზანშეწონილი, რადგან ამ შემთხვევაში, კაზინო იტაკქვეშეთში გადავა და ისედაც მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო მეტად დამძიმდება. ამიტომ დეპუტატებმა არა სათამაშო ბიზნესი, არამედ, მისი რეკლამის სრულად აკრძალვა გადაწყვიტეს. პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია კანონპროექტი, რაც ,,რეკლამის შესახებ კანონში'' გარკვეულ ცვლილებებს გულისხმობს. უფრო ზუსტად, ესაა კანონპროექტი აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის სრულად აკრძალვის შესახებ. 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში არასრულწლოვანთა ჩართულობის მაღალი მაჩვნებლების, მოსახლეობის მძიმე სოციალური ფონისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული მაღალი რისკიდან გამომდინარე, რაც აღნიშნულ ბიზნესს ახლავს, დეპუტატებმა ეს კანონპროექტი შეიმუშავეს. 

,,კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტში, რომლის თანახმადაც, კანონის მოქმედების სფეროში ექცევა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები. კანონს ემატება მუხლი, რომელიც დაარეგულირებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის საკითხს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტით, აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაზე, დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც 10 კვადრატულ მეტრ ფართობს აღემატება'', _ ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

კონკრეტულად, რას გულისხმობს კანონპროექტი ,,რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ''? _ ,,ვერსია'' ამ ცვლილებების ერთ-ერთ ინიციატორს, დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს ესაუბრა: 

_ კანონპროექტი კრძალავს ნებისმიერი ფორმის რეკლამას, რომლის შინაარსაც წარმოადგენს აზარტული თამაშები, მათ შორის, ონლაინ-სივრცეში, თუმცა კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება გარე რეკლამაც _ შენობა-ნეგობობებსა და სატრანსპორტო საშუალებებში, ასევე, სატელევიზიო და ბეჭდვურ მედიაში. 

_ ბატონო ბექა, თქვენ, ლევან გოგიჩაიშვილსა და ლევან კობერიძეს ადრეც გქონდათ მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში მისი განხილვაც მიმდინარეობდა, მაგრამ უმრავლესობამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, თქვენი კანონპროექტი ჩააგდო. პირდაპირ გკითხავთ, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ისკო დასენია, რომელსაც სათამაშო ბიზნესის ლობისტად მიიჩნევენ, როგორ გგონიათ, თქვენს კანონპროექტს ახლა მხარს დაუჭერენ? 

_ ნახეთ, როგორი ვითარებაა: ჯერ ერთი, უმრავლესობისთვის დამახასიათებელია, რომ კარგ კანონპროექტებს მხარს არ უჭერს, მაგრამ მოგვიანებით თვითონ შემოაქვს იმიტომ, რომ მასაც აწუხებს ის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ესა თუ ის კანონი ისახავს მიზნად, ოღონდ შემოაქვს დაჩეხილი და გაუარესებული ვარიანტი, რომელიც ერთგვარად კომპრომისული ვერსიაა. მასში ის პირველადი მიზნები უგულებელყოფილია, რასაც თავდაპირველად, ესა თუ ის კანონპროექტი ემსახურებოდა. აქედან გამომდინარე, უმრავლესობა ახლაც იგივეს გაკეთებას აპირებს, რადგან ამბობენ, რომ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, მათაც აქვთ საკანონმდებლო ინიციატივა. მიუხედავად იმისა, რომ იმ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაში, რომლის შესახებაც კითხვა დასვით და რომელიც გაზაფხულზე ჩააგდეს, ,,ქართული ოცნების'' დეპუტატები და ფინანასთა სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი და საკმაოდ დიდი სამუშაო ჩავატარეთ, ის მაინც არ მიიღეს. ამიტომ ჩემი მოლოდინი ახლაც იგივეა ანუ თუ უმრავლესობა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს შემოიტანს, ეს გაუარესებული და გარკვეულწილად, კომპრომისული ვერსია იქნება სათამაშო ბიზნესთან. რაც შეეხება ამჯერად რეგისტრირებულ კანონპროექტს, ესაა ერთგვარი საშუალება და მექანიზმი იმ წნეხის შემცირებისა, რასაც ზოგადად, სათამაშო ბიზნესის რეკლამა იწვევს საზოგადოებაში. იმედია, რომ ჩვენს ცვლილებებს უმრავლესობა გაითვალისწინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საკითხის მიმართ მათი დამოკიდებულება მაინც გაცხადდება. 

_ ამ კანონპროექტის მომზადების პროცესში, სტატისკური მონაცემებით თუ დაინტერესდით? 

_ სტატისტიკური მონაცემები მაშინაც გვქონდა, როდესაც რამდენიმე თვის წინ, კანონპროექტის პირველი ვარიანტი წარვადგინეთ პარლამენტში. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს და ეს სამწუხარო რეალობაა, თუმცა შარშანდელთან შედარებით, სათამაშო ბიზნესის შემოსავლები გაორმაგებულია, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტზე ეს არანაირად აისახება. რაც შეეხება თამაშების რეგულირებას, ეს საკითხი ძალიან პოპულარული გახდა და ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ცდილობს, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია. უბრალოდ, ამგვარი დამოკიდებულება ერთჯერადი აქცია არ უნდა იყოს ანუ ვინაიდან თემა პოპულარულია, ამას ჩაბღაუჭება, უფრო ღრმად შესწავლა, გაანალიზება და კომპლექსური მიდგომა სჭირდება. 

ამ შემთხვევაში, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებებს გულისხმობს და მიმართულია იქითკენ, რომ აზარტულ თამაშებში არასრულწლოვანები არ ჩაერთონ, თუმცა რეკლამის გარდა, სხვა მექანიზმებიც არსებობს, რის საფუძველზეც, შესაძლოა, არასრულწლოვანს რაღაცამ უბიძგოს და ონლაინ-თამაშებში ჩაეფლოს, თუმცა არასრულწლოვანების გარდა, არიან მოზარდები და ზრდასრულები, რომლებიც უკვე ჩართულები არიან აზარტულ თამაშებში. მეტიც, ისინი თამაშდამოკიდებულები არიან. ეს გვაფიქრებინებს და გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მთლიანად აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამა, რადგან ჩვენ მათაც უნდა ვუშველოთ, რომლებიც უკვე დამოკიდებულები არიან აზარტულ თამაშებზე. 

გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას უნდა გავეცნოთ, გავიაზროთ, შევისწავლოთ და დავნერგოთ, რადგან ეს მართლაც, სოციალური პრობლემაა. აზარტულ თამაშებში მხოლოდ ისინი კი არ არიან ჩართულნი, რომლებსაც ასე თუ ისე, შემოსავლები აქვთ, არამედ ისინიც კი, რომლებიც დაბალშემოსავლიანები არიან და სათამაშოდ სესხებსაც იღებენ. სამწუხაროდ, საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დაბალშემოსავლიანი ადამიანები პატარა თანხებსაც კი აზარტულ თამაშებში ხარჯავენ და აგებენ, ამიტომ ჩვენ მათზეც უნდა ვიზრუნოთ. უაზრო დამოკიდებულება მგონია მოსაზრება, რომ ვინაიდან ადამიანი ზრდასრულია, მისი არჩევანია, ითამაშებს, თუ არა, რადგან აქ მთავარი ისაა, რა უბიძგებს მას ასეთი არჩევანისკენ და ესაა მძიმე სოციალური ფონი. იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრების მაღალი დონეა, აზარტულ თამაშებზე ასეთი დამოკიდებულება არ არის. გამოდის, გარკვეული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს ქვეყნის სოციალურ განვითარებასა და აზარტულ თამაშობებში ჩართულობას შორის. ამიტომ გარკვეული შეზღუდვებიც უნდა დაწესდეს და ამის მექანიზმებიც მოსაფიქრებელია. ყოველ შემთხვევაში, იქნებ შეზღუდვა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე მაინც გავრცელდეს, რაც ნიშნავს, რომ შეიზღუდოს წაგებული თანხის ოდენობა, ან გარკვეული თანხის წაგების შემდეგ, თამაში გაჩერდეს და ასე შემდეგ. 

ჩვენ სწორედ ასეთ საკითხებზეც უნდა ვიფიქროთ, თორემ მხოლოდ რეკლამის აკრძალვა კარგია, მაგრამ არასაკმარისი. მეტიც, უნდა დავფიქრდეთ, რა ტიპის ეკონომიკას ვანვითარებთ ქვეყანაში _ კოლონიალურს, თუ მწარმოებლურს? ამას იმიტომ ვამბობ, რომ ტურიზმი გვესმის, როგორც ბევრი კაზინოს არსებობა, სადაც უცხოელები ფულს დახარჯავენ! არადა, ამ კაზინოების შემოსავალი ჩვენს ბიუჯეტზე არ აისახება, თითქმის გაორმაგდა აზარტული თამაშობების მოგების მაჩვენებელი, მაგრამ ბიუჯეტში საკმაოდ მიზერული თანხა შედის. ეს ისეთი საკითხებია, რომლებზეც ძალიან სერიოზულად უნდა იმსჯელოს საზოგადოებამ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, რა ტიპის ეკონომიკას ვანვითარებთ _ წარმოებაზე, ტექნოლოგიების განვითარებაზე დამოკიდებულს, თუ კოლონიალურს ანუ კაზინოებზე დამოკიდებულს. გიმეორებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც მხოლოდ რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებით არ შემოფარგლება. 

_ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებით ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიდან, სპეციალურად ჩამოდიან საქართველოში, რათა კაზინოებში ითამაშონ. თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა ტურიზმის განვითარებას ხომ არ შეუშლის ხელს? 

_ ჩვენ იმ ქვეყნებს შორის ვართ, სადაც ტურიზმი ერთ-ერთი წამყვანი დარგია. საქართველოს, როგორც ერის ეკონომიკური გამოცდილება არ ეფუძნება ტურიზმს, რადგან ჩვენ ვართ ერი, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც კი, მაღალტექნოლოგიურ, მწარმოებლურ ეკონომიკას ანვითარებდა. იმის ნაცვლად, რომ რამე განვავითაროთ და წინ წავიწიოთ, ჩამოკიდებულები ვართ იმაზე, რაც ჩვენ არ შეგვიქმნია, ამ შემთხვევაში, თუნდაც კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს ვგულისხმობ, რითაც ვამაყობთ და თავი მოგვაქვს, მაგრამ ჩვენ ხომ ეს მემკვიდრეობით გვერგო, ჩვენ ხომ არ შეგვიქმნია?! 

ჩვეულებრივი, კოლონიალური ეკონომიკაა ისეთი მიდგომა, რომ ავტობანს გავიყვანთ, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებიან, მოვამრავლებთ კაზინოებს, სადაც ტურისტები ჩამოვლენ და ითამაშებენ... ასეთი მიდგომით, დროთა განმავლობაში, ერი წარმოების უნარს დაკარგავს და სწორედ ესაა პრობლემა. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ფართო, გლობალური საკითხია, რომელიც მხოლოდ ტურიზმის განვითარების ასპექტში არ უნდა განვიხილოთ. ეს არ არის მხოლოდ კაზინოს თემა, აქ მნიშვნელოვანია, რა არჩევანს აკეთებს ერი და რა ტიპის ეკონომიკის განვითარებას ნერგავს ქვეყანაში. 

რაც შეეხება კაზინოებს, რა თქმა უნდა, შეზღუდვები აუცილებელია, რადგან ფაქტია, რომ საჯარო და კერძო ინტერესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება _ მდიდრდება რამდენიმე ადამიანი, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა თამაშდამოკიდებული ხდება! 

_ თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა არასრულწლოვანების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შემცირებასაც ისახავს მიზნად. ეს ნიშნავს, რომ ონლაინ-თამაშებზე წვდომა არ ჰქონდეთ და რეგისტრაცია ასე მარტივი არ იყოს? 

_ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა კონკრეტულად მხოლოდ რეკლამის აკრძალვას ეხება, მაგრამ პირველი საკანომდებლო ინიციატივა, რომელიც უმრავლესობამ ჩააგდო, საკმაოდ მოცულობითი იყო ამ თვალსაზრისით. აუცილებელია ამ საკითხის განხილვა, რადგან კიდევ ერთხელ, უფრო მწვავედ დადგეს დღის წესრიგში. სამწუხაროდ, 30 წელია, რაც დამოუკიდებელია ქვეყანა და მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე იმ დონეს ვერ მიაღწია, რაც 80-იანი წლების ბოლოს იყო! აქედან გამომდინარე, ფაქტია, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ და სივრცეც არ არსებობს, რომ ამ საკითხებზე სერიოზულად ვისაუბროთ. არადა, თუ ამაზე საუბარი პარლამენტში არ დავიწყეთ, რაც სიღრმისეული მსჯელობის ფორმით, მერე საზოგადოებასაც არ გადაედო, არაფერი გამოვა. 

_ რაც შეეხება სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვას მედიაში, დამეთანხმებით, რომ ყველა წამყვანი ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების სპორტის ბლოკს სათამაშო ბიზნესის სხვადასხვა კომპანია წარადგენს, კვირაში ერთხელ კი ეს კომპანიები ერთგვარ გათამაშებასაც აწყობენ ტელეეთერში, საქართველოს ეროვნული ჩემიპიონატის გენერალური სპონსპორიც ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, ამ ფონზე, რეკლამის აკრძალვა შესაძლებელია? 

_ დიახ და სულ ამაზე ვსაუბრობთ, რომ სპორტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა, მაგრამ ფარისევლობაა, როდესაც აზარტული თამაშების თანხით, საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება და მით უმეტეს, პოპულარიზება ხდება, რადგან ეს ორი, ურთიერთგამომრიცხავი მოცემულობაა. სამწუხაროდ, ვერც წინა და ვერც ახლანდელი მთავრობა ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით და არ ვიცი რატომ _ იმიტომ, რომ გავლენიანი ჯგუფები ბლოკავენ, თუ ამ ბიზნესს მთავრობა ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევს, რადგან არჩევნები იქნება დასაფინანსებელი და გარკვეულწილად, დამოკიდებულნი არიან სათამაშო ბიზნესის თანხებზე! 

ზოგადად, სათამაშო ბიზნესი ფულის გათეთრების არაჩვეულებრივი საშუალებაა. რა უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომ ამაზე ჯეროვნად არ იზრუნოს სრულიად პოლიტიკურმა სპექტრმა, მთავრობის ჩათვლით?! იმედი მაქვს, მთავრობა სერიოზულად დაფიქრდება და მიხვდება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ სათამაშო ბიზნესი ქმნის მძიმე სოციალურ ფონს და ერის დაძაბუნებასაც იწვევს!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში