Menu
RSS

თაღლითობა აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში

რა სკანდალური დარღვევები აღმოაჩინა აუდიტმა ინვენტარიზაციაში, შრომის ანაზღაურებაში, მივლინებებსა და სახელმწიფო შესყიდვებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აუდიტი გამოაქვეყნა. ესაა საბიუჯეტო ორგანიზაციების 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. შემოწმების შედეგად, აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში სხვადასხვა სახის ფინანსური დარღვევები გამოვლინდა, რაც ძირითადად, საბუღალტრო აღრიცხვის დროს დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია, თუმცა სახელმწიფო აუდიტორებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში ისეთი დარღვევაც გამოავლინეს, რაც თაღლითობის ნიშნებს შეიცავს.

ინვენტარიზაცია და მოთხოვნები 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებში, აქტივების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები ფიქსირდება, რაც გამოწვეულია იმით, რომ ინვენტარიზაცია ან საერთოდ არ ჩატარებულა, ან არასრულყოფილად ჩატარდა. ეს კი, აუდიტორთა მტკიცებით, ორგანიზაციების აქტივებისა და ვალდებულებების არაზუსტად აღრიცხვის რისკებს ქმნის: 

 

,,მაგალითად, 2018 წელს, სსიპ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებია; რიგ ორგანიზაციებში, საინვენტარიზაციო კომისიის წევრი, იმავდროულად, მატერიალურად პასუხისმგებელი პირია; გამოვლენილია შემთხვევები, როდესაც ქონებას საინვენტარო ნომრები არ აქვს მინიჭებული, ან ბუღალტრულად მინიჭებული ნომრები არ არსებობს, რის გამოც ორ სხვადასხვა ტექნიკას, ერთი და იგივე ნომერი აქვს. ასევე, რიგ შემთხვევაში, არ არის მითითებული ბრენდი და მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგად, ორი შემთხვევის გარდა, დანაკლისი არ გამოვლენილა, ზემოაღნიშნული, შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, მოთხოვნების ნაშთი 212 417 223 ლარია. სახელმწიფო აუდიტორების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ეს ნაშთი, 112 767 397 ლარით არაზუსტად, შემცირებულადაა წარმოდგენილი, რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: მოქმედი კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვას სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემას დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს მიერ განხორციელებულია სხვადასხვა უძრავი/მოძრავი ქონების პრივატიზება და სარგებლობაში გადაცემა, ასევე წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მართვაში გადაცემა. უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს პასუხისმგებელი პირების მიერ, ვალდებულებათა დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო 112 811 258 ლარია, რაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხული არაა. 

მაგალითად, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, „მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებითა და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით“, წარმოდგენილია გაზრდილად _ 39 734 ლარით, რაც გამოწვეულია შემდეგით: სამინისტროს ცენტრალურ აპარატს გაზრდილად აქვს აღრიცხული 42 451 ლარის ღირებულების მოთხოვნები. სამინისტროს სისტემაში შემავალ რამდენიმე ორგანიზაციას არ აქვს აღრიცხული ხელშეკრულების პირობების დაგვიანებით შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა, ჯამში 2 717 ლარი. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, 28 139 ლარის მოცულობის მოთხოვნა, საბალანსე ანგარიშის „მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებითა და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით“ ნაცვლად, აღრიცხულია საცნობარო მუხლში _ „პირობითი აქტივები“; გზების დეპარტამენტს 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, „მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებითა და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით“ წარმოდგენილი აქვს შემცირებულად _ 7 685 ლარით. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ეს გამოწვეულია 2018 წლის 21 თებერვალს, შპს „ორბიტასთან“ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლოს აღურიცხველობით, რაც საბუღალტრო ხარვეზის შედეგია. 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ სსიპ ,,ბათუმის ბულვარს'', 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „მოთხოვნები ფულად სახსრებზე აქტივების მომსახურების მიწოდებით“, ერიცხება ნაშთი _ 155 124 ლარის ოდენობით, საიდანაც 24 951 ლარის ღირებულების მოთხოვნებზე, დავალიანების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს. 

საბოლოოდ, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ წლების განმავლობაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოთხოვნების ინვენტარიზაცია არ ტარდება. შესაბამისად, დებიტორ ორგანიზაციებთან ურთიერთშედარების აქტები არ გაფორმებულა და 2018 წლამდე წარმოშობილი დავალიანებების ამოღებასთან დაკავშირებული ღონისძიებებიც არ გატარებულა. 

დარღვევები შრომის ანაზღაურებაში 

2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე, ჯამში 43 160 264 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ხარჯები _ 36 042 935 ლარი, ხოლო „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ხარჯები _ 7 117 329 ლარი იყო. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2018 წელს, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ჯამური ხარჯი, 2017 წლის მაჩვენებელზე 2 300 400 ლარით მეტი იყო. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ხარჯების ზრდა დასაქმებულთა რიცხოვნობისა და თანამდებობრივი სარგოს ზრდამ გამოიწვია. 

,,მოქმედი კანონმდებლობით, ხელფასის დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს ორგანიზაციის ბრძანებები მომუშავეთა მიღების, გათავისუფლებისა და გადაადგილების შესახებ, ასევე დამტკიცებული შტატებისა და სარგოების შესაბამისად, სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვა ორგანიზაციის მიერ დადგენილი ფორმით (სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი, ან სპეციალური ტექნიკური საშუალება) და შრომითი ხელშეკრულებით, ან შრომის შინაგანაწესით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. აღნიშნული რეგულაციის დაუცველად, 2018 წელს, სსიპ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ააიპ ბათუმის ბიზნეს-ინკუბატორში, ნამუშევარი საათების აღრიცხვა არ ხდებოდა'', _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

გარდა ამისა, ააიპ განათლების ფონდი, დამტკიცებული ტრენინგ-მოდულების შესაბამისად, საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადების მიზნით, ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა თემაზე. 2018 წლის ოქტომბრიდან, ტრენინგები უნდა ჩატარებულიყო ფონდის დირექტორის მიერ დამტკიცებული ტრენინგების ჩატარების განრიგის მიხედვით, რაც აღნიშნულია ტრენერებსა და ფონდს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში. სახელმწიფო აუდიტორების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ტრენინგების ჩატარების განრიგი ფონდის დირექტორს არ დაუმტკიცებია. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების პირობების დაუცველად, ბიუჯეტიდან 7 320 ლარი ზედმეტად გაიხარჯა. 

ხარვეზები მივლინებებში 

2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების მივლინებებზე 1 299 095 ლარი გაიხარჯა, მათ შორის, ქვეყნის გარეთ მივლინებებზე _ 1 046 988 ლარი. აუდიტის შედეგად, იდენტიფიცირებულია ზედმეტად ანაზღაურებული და დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გაწეული ხარჯები, რის გამოც ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება 5 032 ლარი. 

,,ააიპ ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მივლინებისთვის, ზედმეტად გადაიხადეს 1 528 ლარი, რომელიც ბიუჯეტში დაბრუნების ნაცვლად, ჩამოწერილია ხარჯებში: სასახლის დირექტორის თურქეთის რესპუბლიკაში მივლინების ხარჯების გაანგარიშებისას დაშვებული შეცდომის გამო, ზედმეტადაა ანაზღაურებული და ხარჯებშია ჩამოწერილი 608 ლარი; სასახლის დირექტორის უკრაინასა და კვიპროსის რესპუბლიკაში მივლინების ფარგლებში, თვითმფრინავით მგზავრობისთვის ზედმეტად ანაზღაურებული და ხარჯებში ჩამოწერილია 920 ლარი''. 

სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორის ბრძანებით, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ გასტროლთან დაკავშირებით, 21 თანამშრომელი მიავლინეს. სამსუნის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის მთავარ დირექტორატსა და მუსიკალურ ცენტრს შორის შედგენილი ოქმის მიხედვით, მუსიკალური ცენტრს უნდა აენაზღაურებინა 20 ხელოვანის დღიური ხარჯი, ხოლო მათ ტრანსპორტირებასა და დაბინავებას დააფინანსებდა თურქული მხარე. შესაბამისად, მივლინებული 21 თანამშრომლიდან, მხოლოდ ერთის დაბინავება უნდა უზრუნველეყო მუსიკალურ ცენტრს. სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ღამისთევის ხარჯები, ჯამში 794 ლარი, ერთის ნაცვლად, ორ თანამშრომელს აუნაზღაურეს. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, მივლინებული ორი თანამშრომელი, კერძოდ, ფინანსური მენეჯერი და იურიდიული, საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა მენეჯერის მივლინებაში გამგზავრება არ შეესაბამება მივლინების მიზანს. ჯამში, მივლინების ფარგლებში, არაეფექტურად, მინიმუმ, 1 216 ლარი გაიხარჯა, რაც არასწორი მენეჯერული გადაწყვეტილების შედეგია. 

სახელმწიფო აუდიტორების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, არ დასტურდება სსიპ აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ „ბათუმის“ დირექტორისა და ანსამბლის წევრის მივლინება თბილისში. ამ მივლინების ფარგლებში, დღიური და ღამისთევის ხარჯებისთვის 1 500 ლარი გადაიხადეს, საიდანაც 1 380 ლარის არამიზნობრივად დაიხარჯა და აუდიტორთა მტკიცებით, ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს. გარდა ამისა, ანსამბლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ანსამბლის თანამშრომლების პოლონეთსა და გერმანიაში მივლინების ფარგლებში, შიდა გადაადგილებისთვის, 720 ევროს ეკვივალენტი _ 2 124 ლარია გადახდილი, რაც ასევე, ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს. 

ანსამბლის დირექტორის კიდევ ერთი ბრძანების საფუძველზე, ანსამბლის სხვა თანამშრომლებთან ერთად, პოლონეთში მივლინებით იმყოფებოდა მათივე მენეჯერიც. სახელმწიფო აუდიტორების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მივლინების ფარგლებში, მენეჯერის მოვალეობაში შედიოდა საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, მომღერლების შეუფერხებელი გადაადგილება. აუდიტორების მტკიცებით, მენეჯერის მივლინებით გამგზავრების მიზანშეწონილობა დაუსაბუთებელია, რადგან მიმწვევი მხარე სრულად უზრუნველყოფდა ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხებს. შესაბამისად, ანსამბლის მენეჯერის მივლინებისთვის გადახდილი 2 522 ლარი, არაეფექტური ხარჯია.

დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში 

სახელმწიფო შესყიდვებში მნიშვნელოვან პრობლემას ბაზრის კვლევის საკითხი ქმნის. ეს იმიტომ, რომ ბაზრის არასათანადო კვლევის გამო, გარკვეულ შემთხვევებში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არასწორადაა განსაზღვრული და შედეგად, პრეტენდენტებს ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთება უწევთ. გარდა ამისა, სავარაუდო ღირებულების მაღალი ფასით განსაზღვრამ, თანაც კონკურენციის არარსებობის პირობებში, შესაძლოა, არაეკონომიური ხარჯი გამოიწვიოს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, რიგ შემთხვევებში, ბაზრის კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა, ან ფორმალურად ჩატარდა. 

 

მაგალითად, სსიპ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა, გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, 2017 წლის 12 დეკემბერს, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე. სატენდერო დოკუმენტაციით, შესყიდვის საგანი იყო 20 დასახელების სხვადასხვა გასანათებელი მოწყობილობა, მათ შორის, პერსონალური კომპიუტერიც, თუმცა შესყიდვის კატეგორიაში, შესაბამისი კლასიფიკატორის კოდი მითითებული არაა. ფასების ცხრილში, ცალკე პუნქტად განსაზღვრეს მიწოდებული საქონლის მონტაჟი/ კონფიგურაციის ღირებულება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ, ბაზრის ფორმალური კვლევის საფუძველზე, შეადგინა 235 000 ლარი, რაც მხოლოდ ერთი კომპანიის, კერძოდ, შპს „ეი ვი ბის“ მიერ მიწოდებული ფასებით განისაზღვრა! 

,,ტენდერში, კონკურენციის გარეშე, ბაზრის კვლევაში მონაწილე შპს-მ „ეი ვი ბი“ გაიმარჯვა, რომლის შეთავაზებული ფასი 235 000 ლარი იყო და ხელშეკრულებაც ამ ფასზე გაფორმდა, მიწოდების ვადად კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე განსაზღვრეს ანუ 2018 წლის 29 მარტი. 2018 წლის 13 თებერვალს, შემსყიდველმა მიმწოდებლთან გააფორმა შეთანხმება, რომლითაც მიწოდების ვადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე ანუ 156 კალენდარული დღით გაგრძელდა. ეს შეთანხმება, შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, არა უგვიანეს 10 დღის ნაცვლად, მხოლოდ 45 დღის შემდეგ ატვირთეს, რაც შეთახმების შესაბამის დროში გაფორმების რისკებს წარმოშობს. მიწოდების ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე, 2018 წლის 31 აგვისტოს, კიდევ ერთი შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც მიწოდების ვადა კიდევ ერთი თვით ანუ 2018 წლის 1 ოქტომბრამდე, უსაფუძვლოდ გაგრძელდა. ხელშეკრულების ღირებულებისა და ფაქტობრივი მიწოდების ვადების გათვალისწინებით, მიწოდების ვადების ცვლილებების განუხორციელებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლო 9 925 ლარი იქნებოდა'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

არსებითად არ განსხვავდება სსიპ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მიერ, იმავე დღეს გამოცხადებული ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები, ასევე აუდიო, ან ვიდეო-გამოსახულების ჩამწერი აპარატურის სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაც, რომელიც აუქციონის გარეშე, ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სატენდერო დოკუმენტაციით, შესყიდვის საგანს წარმოადგენდა 4 დასახელების მიკროფონი და გახმოვანების მოწყობილობა, მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, თუმცა შესყიდვის კატეგორიაში შესაბამისი კლასიფიკატორის კოდი არ მიუთითებიათ. ფასების ცხრილში, ცალკე პუნქტად განისაზღვრა მიწოდებული საქონლის მონტაჟი/კონფიგურაციის ღირებულება. ბაზრის ფორმალური კვლევის საფუძველზე, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 85 380 ლარი განისაზღვრა, ისიც მხოლოდ ერთი კომპანიის _ შპს „ეი ვი ბის“ მიერ მიწოდებული ფასების საფუძველზე: 

,,ტენდერში, კონკურენციის გარეშე, შპს „ეი ვი ბიმ“ გაიმარჯვა, რომლის შეთავაზებული ფასი 84 500 ლარი იყო და ხელშეკრულებაც ამ ოდენობაზე გაფორმდა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სრული დანახარჯი აღნიშნული საქონლის შესყიდვაზე _ 48 700 ლარია, გარდა მონტაჟის/კონფიგურაციის ღირებულებისა, რაც 14 000 ლარს შეადგენს. მხოლოდ საქონლის ღირებულებაში ფასნამატი კი 44.8% ანუ 21 801 ლარია!'' 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ჩატარებულ სახელმწიფო შესყიდვებში, სახელმწიფო აუდიტორებმა თაღლითობის ფაქტიც გამოავლინეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ორბიტას“ შორის, ელექტრონული ტენდერის საშუალებით, 2018 წლის 21 თებერვალს, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 640 368 ლარი იყო. ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზის _ „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხებოდა. ხელშეკრულების შესაბამისად წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტიის საფუძველზე, მიმწოდებელს, 2018 წლის 2 მარტს, ავანსის სახით, 188 000 ლარი გადაურიცხეს: 

,,ხელშეკრულების თანახმად, შპს „ორბიტას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაეწყო არაუგვიანეს 2018 წლის 1 მაისისა. თუმცა კომპანიამ სამუშაოების შესრულება დაიწყო დაგვიანებით _ 2018 წლის 18 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები დადგენილ ვადებში არ დაწყებულა, გზების დეპარტამენტს არ გამოუყენებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება და არ შეუმოწმებია გაცემული ავანსის ხარჯვის მიზნობრიობა. მხარეებს შორის, 2018 წლის 31 მაისს, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა და ავანსიდან შესრულებული სამუშაოს ღირებულება _ 43 535 ლარი გამოიქვითა. ამავე თარიღით, შეთანხმების პირობების დარღვევის გამო, შპს „ორბიტასთან“ ცალხმრივად შეწყდა ხელშეკრულება და კომპანიას პირგასამტეხლო _ 7 685 ლარი დაეკისრა''. 

სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის შედეგად გაირკვა, რომ გზების დეპარტამენტს, სს „ბაზისბანკიდან“ მოთხოვნილი აქვს გაცემული საბანკო გარანტიის ამოქმედება და შპს „ორბიტაზე“ რიცხული ავანსის _ 144 465 ლარის დაბრუნება. სს „ბაზისბანკის“ საპასუხო წერილის თანახმად, ბანკის მიერ შპს „ორბიტასთვის“ საბანკო გარანტიის გაცემა არ ფიქსირდება და შესაბამისად, ბანკი უარს ამბობს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორები ვარაუდობენ, რომ კონკრეტული პირების ქმედება თაღლითობის ნიშნებს შეიცავს! ვინაიდან ამ ფაქტის არსებობა, ან არარსებობა აუდიტორების კომპეტენციას სცილდება, გამორიცხული არაა, რომ სათანადო რეაგირების მიზნით, აუდიტის ეს დასკვნა პროკურატურაში გადაიგზავნოს!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში