Menu
RSS

რატომ აჭიანურებს პროკურატურა აუდიტის სკანდალური ანგარიშების გამოძიებას

კორუფციული გარიგებები და საბიუჯეტო თანხების ფლანგვა სახელმწიფო უწყებებში _ ყოფილი აუდიტორი შერჩევით სამართლიანობაზე საუბრობს

2018 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მთავარ პროკურატურაში აუდიტის 33 ანგარიში გადააგზავნა. აქედან 10 _ სხვადასხვა სამინისტროში, 23 კი საქართველოს მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ დარღვევებს ეხება. 

გასული წლის განმავლობაში, ,,ვერსიამ'' დეტალურად განიხილა ეს ანგარიშები, სადაც სახელმწიფო აუდიტორებმა სხვადასხვა სახის მძიმე დარღვევები დააფიქსირეს. ცხადია, ფინანსური დარღვევა, რომელიც სისხლის სამართლის ამა თუ იმ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ან მასში კორუფციული რისკები იკვეთება, აუდიტორების კომპეტენციას სცილდება. ასეთ შემთხვევაში, ანგარიში პროკურატურაში იგზავნება, ეს უკანასკნელი კი ვალდებულია, აუდიტის დასკვნაში ასახულ ფაქტებზე სამართლებრივი მოკვლევა დაიწყოს. 

33 ანგარიშს, რომელიც აუდიტის სამსახურმა პროკურატურას გადაუგზავნა, ამ ეტაპზე, რეაგირება არ მოჰყოლია. ვინაიდან აუდიტის ეს დასკვნები ,,ვერსიაში'' რეგულარულად ქვეყნდებოდა, რომლებშიც თითქმის იდენტური დარღვევები ფიქსირდება, ჩვენ ისინი განვაზოგადეთ და ყოფილი მთავარი აუდიტორის, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ლევან ბეჟაშვილის დახმარებით, შევეცადეთ, გაგვერკვია, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე? 

დიახ, საბიუჯეტო უწყებების აუდიტორული შემოწმება აუცილებელია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი ის პრევენციული ზომებია, რომლითაც ესა თუ ის დარღვევა უნდა აღიკვეთოს, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს.

საბიუჯეტო ორგანიზაციების, მათ შორის, სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების აუდიტორულ შემოწმებებში თითქმის ერთი და იგივე შინაარსის დარღვევები ვლინდება, რაც ძირითადად, სახელმწიფო შესყიდვებს უკავშირდება. 

სქემა ასეთია: სამინისტრო, ან მუნიციპალიტეტი აცხადებს ტენდერს, რომელშიც ესა თუ ის კომპანია იმარჯვებს. ხშირ შემთხვევაში, ტენდერი უკონკურენტო, არასამართლიან პირობებში ტარდება, ხოლო მასში გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვერ, ან არ ასრულებს. 

,,ვერსიის'' კითხვაზე, რა სურათი იკვეთება ამ დარღვევების გაანალიზებით, ლევან ბეჟაშვილმა გვიპასუხა: 

,,პირველ რიგში, ეს ტენდენცია აჩვენებს იმას, რომ სისტემური პრობლემა გვაქვს, რაც პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. ვინაიდან წლების განმავლობაში, დარღვევის სახეები მეორდება ანუ საბიუჯეტო ორგანიზაციებში იდენტური დარღვევები ვლინდება, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებელ პირებს არ აქვთ პოლიტიკური ნება და არ მიმართავენ ღონისძიებებს, რათა ამ ტიპის დარღვევები აღმოფხვრან. გარდა ამისა, როდესაც აუდიტორული დასკვნა იწერება და მეორე, ან მესამე წელს, აუდიტორი ისევ იმ უწყებაში შედის შემოწმებაზე, ისინი წინა აუდიტორული დასკვნის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულებასაც უნდა აანალიზებდნენ, ამიტომ ახალ დასკვნებში აუცილებლად უნდა ასახონ შესაბამისი თანამდებობის პირების ახსნა-განმარტებები, თუ რა ღონისძიებები გაატარეს წინარე აუდიტორულ დასკვნებში გამოთქმული რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, მაგრამ რეალურად, სულ სხვა ვითარება გვაქვს. 

აუდიტორული დასკვნა უკვე ოფიციალური, საჯარო დოკუმენტია ამა თუ იმ დარღვევასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამინისტროების შიდა აუდიტორული სამსახურებიც უნდა აანალიზებდნენ, რა ხასიათისა და რა ტიპის დარღვევებთან გვაქვს საქმეE საკანონმდებლო ხარვეზია, თუ არა, ან იკვეთება ამა თუ იმ პირის ბრალეულობა, თუ არა? მხოლოდ ამგვარი გაანალიზების შემდეგ, ადმინისტრაციულად, ან დისციპლინარულად უნდა სჯიდნენ პირებს, თუკი მათი ბრალეულობა დადასტურდება. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, აუდიტის დასკვნა პროკურატურაში უნდა გადაიგზავნოს, იგზავნება კიდეც, მაგრამ ამის შემდეგ, საზოგადოებამ არ იცის, რა რეაგირება მოჰყვა სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან დასკვნაში ასახულ დარღვევებს. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ აუდიტორული შემოწმება ტარდება, შემდეგ იწერება დასკვნა, იგზავნება პროკურატურაში, იწერება სტატიები, კეთდება სიუჟეტები, მაგრამ რეალურად, სამართალდამცავი ორგანოები არასათანადოდ რეაგირებენ. ფაქტია, რომ იმ დარღვევებში, რაც ჩამოთვალეთ, სისტემური კორუფციული დანაშაულებები და კორუფციის რისკებიც იკვეთება, მაგრამ ამაზე მხოლოდ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ და არა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები''. 

სახელმწიფო აუდიტის იმ 33 დასკვნაში, რომელიც პროკურატურაშია გადაგზავნილი, ძირითადად, ასეთი დარღვევები გამოვლინდა: მაგალითად, კონკრეტულ მუნიციპალიტეტში გზის საფარი იყო აყრილი, გამოცხადდა ტენდერი, გაიმარჯვა კომპანიამ და დაიწყო გზის კონკრეტული მონაკვეთის სარემონტო სამუშაოები, მაგრამ სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სამუშაოები არასათანადოდ, ხარვეზებით წარიმართა, თუმცა კომპანია არავის დაუჯარიმებია. ვინაიდან სამუშაოების დათვალიერების შედეგად, ხარვეზები აუდიტორებმა გამოავლინეს, ცხადია, სათანადო რეკომენდაცია გასცეს და კომპანია მხოლოდ ამის შემდეგ დააჯარიმეს, მაგრამ იმ მუნიციპალიტეტში თავისით ვერავინ მოიფიქრა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია დროულად დაეჯარიმებინა და საბიუჯეტო სახსრები დაეზოგა. 

ლევან ბეჟაშვილი: ,,ამიტომაც ვამბობ, რომ კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ რიგში, კანონის უზენაესობა გულისხმობს იმას, რომ დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის პრინციპი იყოს დაცული. თუ კანონი ირღვევა, ამას სახელმწიფო აპარატისა და საჯარო სამსახურის მიერ ადეკვატური და სწრაფი რეაგირება სჭირდება. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ დღეს, პრაქტიკულად, არ ვიცით, როგორ რეაგირებენ სამართალდამცავი ორგანოები იმ დარღვევებზე, რაც აუდიტის დასკვნებშია ასახული! სამაგიეროდ, მხოლოდ პოლიტიკურად აქტუალურ თემებთან დაკავშირებით ვხედავთ პროკურატურის რეაგირებას, მხედველობაში მაქვს საჯარო სამსახურების თანამდებობის პირების დანაშაულებზე მათი რეაგირება. მაგალითად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ეკონომიკის ექს-მინისტრის მიმართ დაწყებული გამოძიება გავიხსენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში საზოგადოებრივი ინტერესი დიდია, თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ იყო თუ არა მათ მიმართ გაჟღერებული ბრალდებები დასაბუთებული, დღემდე არ ვიცით! აქედან გამომდინარე, იმ პრობლემის მთავარი არსი, რომელზეც საუბრობთ, პოლიტიკური ნების არარსებობაა, რათა ამა თუ იმ დარღვევას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სისტემური ხასიათის პრობლემებიც, რაც სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით, აუდიტორების მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე რეაგირების მექანიზმების არარსებობას, ხოლო მექანიზმების არარსებობა _ პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სამინისტროებში არსებული შიდა აუდიტის სამსახურები და სამართალდამცავები უნდა იკვლევდნენ ამ დარღვევებს და პასუხობდნენ კითხვას _ აუდიტის ამა თუ იმ ანგარიშში ასახული დარღვევა საკანონმდებლო ხარვეზით იყო გამოწვეული, თუ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაულით''. 

,,ვერსიის'' კითხვაზე, ამ პრობლემების ძაღლის თავი ,,შესყიდვების შესახებ კანონში'' ხომ არ იმალება ანუ დარღვევების გაანალიზებით, საკანონმდებლო ხარვეზთან ხომ არ გვაქვს საქმე, ლევან ბეჟაშვილმა გვიპასუხა: 

,,მაშინ, როდესაც არცერთი ამ მიმართულებით, რაზე უკვე გესაუბრეთ, კონკრეტული პასუხი არ გვაქვს, მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზზე საუბარი არარელევანტურია. კონკრეტული დარღვევების შესახებ სამართალდამცავი ორგანოების შეფასებები უნდა გვქონდეს და ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ეს დარღვევები თანამდებობის პირების დანაშაულს მოჰყვა, თუ საკანონმდებლო ხარვეზს''. 

მართალია, სახელმწიფო აუდიტის წლიურ ანგარიშს და ზოგადად, აუდიტორულ შემოწმებას არ უკავშირდება, მაგრამ ირიბად, ეს კონკრეტული ამბავიც იმ მახინჯი ტენდენციის გაგრძელებაა, რაც აუდიტორული შემოწმებების შედეგად, ამა თუ იმ სამინისტროსა და მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. მოკლედ, 2019-2020 სასწავლო წელი საქართველოს 19 საჯარო სკოლაში, აქედან 10 _ თბილისში, ხოლო 9 _ სხვადასხვა რეგიონში დაგვიანებით, 13 სექტემბრის ნაცვლად, ზოგან _ 23, ზოგან _ 30 სექტემბერს დაიწყო. დაგვიანების მიზეზი სარემონტო სამუშაოები იყო, უფრო ზუსტად, ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში დაწყებული რემონტი სკოლებში, რაც ცხადია, დროულად ვერ დასრულდებოდა. ,,ვერსიამ'' ცხრავე მუნიციპალიტეტში დარეკა, თბილისის 10 სკოლის შესახებ ინფორმაცია კი განათლების სამინისტროდან მოიპოვა და გაარკვია, რომ სამუშაოების დაგვიანების გამო, მხოლოდ ორი სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა! დანარჩენ 17 შემთხვევაში, კომპანიები არ დაუჯარიმებიათ, რადგან ტენდერი გვიან გამოცხადდა, ხელშეკრულება გვიან გაფორმდა, რის გამოც რემონტი გვიან დაიწყო, რაც ცხადია, ასევე გვიან დასრულდა! 

ლევან ბეჟაშვილი: 

,,ესეც ერთგვარი ტენდენციის მაჩვენებელია. დავიწყოთ იმით, რომ განათლების სამინისტროს სათანადო რეაგირება არ ჩანს, თუნდაც ჯარიმების დაკისრების კუთხით, რაც კორუფციის რისკს აჩენს ანუ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ჰქონდა თუ არა ამ სამუშაოების მაკონტროლებელს რაიმე ინტერესი, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანია არ დააჯარიმა. ეს ფაქტიც შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიკვლიონ და საზოგადოებას აუხსნან, რატომ ვერ დასრულდა დათქმულ ვადაში სარემონტო სამუშაოები ამ სკოლებში. თუ დაგვიანების ობიექტური მიზეზები არსებობდა, ესეც აუცილებლად უნდა დაასაბუთონ. საზოგადოებამ სათანადო დასკვნების შემდეგ, ზუსტად უნდა იცოდეს, რატომ დააჯარიმეს კომპანიები მხოლოდ ორ შემთხვევაში და დანარჩენ 17 შემთხვევაში _ არა. ვინაიდან ასეთი დასკვნები არ არსებობს, ჩნდება ეჭვი, რომ აქ კორუფციული რისკი არსებობს''. 

იმის გამო, რომ ლევან ბეჟაშვილი კონტროლის პალატას (ახლა უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახური) 2008-2012 წლებში ხელმძღვანელობდა, ,,ვერსია'' დაინტერესდა, კონკრეტულად რა რეაგირება უნდა მოჰყვეს პროკურატურაში გადაგზავნილ აუდიტის ანგარიშს და ვინ უნდა გააკონტროლოს პროკურატურა, რომ ანგარიშში ასახული დარღვევების მოკვლევა დაიწყოს: 

,,როდესაც აუდიტის სამსახური დაწერს დასკვნას, სადაც დანაშაულის ნიშნები აღმოჩნდება, ეს ანგარიში ავტომატურად იგზავნება პროკურატურაში. პროკურატურა ვალდებულია, უპასუხოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რა რეაგირება მოახდინა ანგარიშში ასახულ ფაქტებზე. აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშში მხოლოდ ის კი არ უნდა აისახოს, რამდენი დასკვნა გადაიგზავნა პროკურატურაში, არამედ ისიც, კონკრეტულად რა რეაგირება მოჰყვა უწყების მიერ გადაგზავნილ ანგარიშებს სამართალდამცავი სტრუქტურებისგან! ეს ვალდებულება, ვგულისხმობ ინფორმაციის გაცვლას აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას შორის, ორმხრივია. სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, აუდიტის სამსახურს აცნობონ, რეალურად რა ტიპის დარღვევა გამოვლინდა ამა თუ იმ შემოწმების დროს, ხოლო აუდიტის სამსახურმა სამართალდამცავი სტრუქტურების ეს შეფასებები აუდიტის დასკვნებში უნდა ასახოს!''

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში