Menu
RSS

პროკურატურა კალაძის წინააღმდეგ?

თადუმაძის უწყებამ სახელმწიფო ელექტროსისტემის სკანდალურ აუდიტზე მოკვლევა დაიწო

სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის'' აუდიტის დასკვნა 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ესაა სახელმწიფო ელექტროსისტემის 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი, რომელიც ერეკლე მექვაბიშვილის უწყებამ მთავარ პროკურატურაში გადააგზავნა. თავის მხრივ, პროკურატურამ აუდიტის ანგარიშში ასახული ფაქტების მოკლევა უკვე დაიწყო და გამოკითხვაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი, სულხან ზუმბურიძე დაიბარა. ერთი შეხედვით, აქ გასაოცარი არაფერია, მაგრამ თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თადუმაძის უწყებაში 33 ანგარიში უკვე გადააგზავნა, რასაც სამართლებრივი რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია, ლოგიკური ეჭვი ჩნდება ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის ანგარიშით, პროკურატურამ კახი კალაძეს შეუტია. 2012 წლიდან, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის'' აქციების 100%-იანი მმართველი აწ უკვე გაუქმებული ენერგეტიკის სამინისტრო იყო, რომელსაც აუდიტის პერიოდში, სწორედ კახი კალაძე ხელმძღვანელობდა.

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა'', ქვეყნის მასშტაბით ფლობს და ექსპლოატაციას უწევს 3.350 კმ სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს. ელექტროსისტემის საოპერაციო შემოსავლის წყაროა კვალიფიციური საწარმოებისთვის ელექტროენერგიის გადაცემა და დისპეტჩერიზაცია. 2008 წლიდან 2023 წლამდე, სახელმწიფო ელექტროსისტემა რეაბილიტაციის რეჟიმში იმყოფება, რაც ფინანსური და მატერიალური-ტექნიკური გაუმჯობესების გზით, კრედიტორთა მოთხოვნების სრულ, ოღონდ ეტაპობრივ დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად. 

ახლა ვნახოთ, რა დარღვევები აღმოაჩინეს სახელმწიფო აუდიტორებმა სააქციო საზოგადოებაში. სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის გეგმაში ასახული 10 819 341 ლარის ვალდებულება აღიარებულია კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად. კერძოდ, კრედიტორთა მოთხოვნები სასამართლოს წესით არ შეუმოწმებიათ. 2014-2017 წლებში, ამ ვალდებულებებიდან გადახდილია 15 684 ლარი და შესაბამისად, გეგმაში მოცემული კრედიტორული დავალიანებები კომპანიის რეალურ ვალდებულებებს არ ასახავს, რაც თანხების სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადახდის რისკს ზრდის. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ რეაბილიტაციის გეგმაში შეტანილი ცვლილებებით, ხარჯები ყოველწლიურად იზრდება უზრუნველყოფილი კრედიტორისათვის (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) სათანადო დასაბუთების წარდგენის გარეშე. 2014-2017 წლებში, რეაბილიტაციის გეგმა შეიცვალა სამჯერ, რის გამოც ხარჯების მუხლი ჯამში, 45 843 643 ლარით გაიზარდა, საიდანაც 21 238 877 ლარის ზრდა დაუსაბუთებელია. 

2014-2017 წლებში, სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია, რაზეც სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლებიც მეტყველებს. კერძოდ, მთლიანი ვალდებულებების პროცენტული წილი მთლიან აქტივებში, 40%-დან 67%-მდე გაიზარდა. საგულისხმოა ისიც, რომ ელექტროსისტემის ძირითადი კრედიტორია სახელმწიფო, რომლის მიმართ ვალდებულება 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი _ 521 117 937 ლარი იყო. 

რეაბილიტაციის გეგმის მოთხოვნის მიუხედავად, კომპანიაში არ არის დადგენილი შრომის ანაზღაურების ოდენობები კონკრეტული თანამდებობების მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში, ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში, იდენტურ პოზიციებზე დასაქმებული პერსონალის შრომის ანაზღაურებებს შორის სხვაობა 100%-ს აჭარბებს. 2015-2016 წლებში, სახელფასო ფონდი 2 456 635 ლარით, ხოლო საპრემიო ფონდი _ 409 439 ლარით გაიზარდა! მეტიც, 2014-2017 წლებში, 12 მილიონ ლარზე მეტი პრემია, უკვე დამტკიცებული პრემირების წესის მოთხოვნების შეუსაბამოდ გასცეს. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ელექტროსისტემის 2014-2017 წლების ფინანსური შედეგების ანუ 76 708 726 ლარის ზარალის გათვალისწინებით, ნორმების ზემოთ, 279 837 ლარის ხარჯის გაწევა მიზანშეწონილი არ ყოფილა. უფრო კონკრეტულად, 2014-2017 წლებში, როუმინგული მომსახურებისთვის, ელექტროსისტემამ 227 199 ლარი დახარჯა, მათ შორის, მხოლოდ რეაბილიტაციის მმართველის როუმინგული მომსახურებისთვის _ 156 738 ლარი გადაიხადეს! ყურადღებას იქცევს 2014 წლის აგვისტოში, რეაბილიტაციის მმართველის როუმინგულ მომსახურებაში, მხოლოდ ხუთ დღეში გადახდილი 29 254 ლარი, რაც შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრული ხარჯია! 

რეაბილიტაციის გეგმის ცვლილებებით, 2014-2017 წლებში, წარმომადგენლობითი ხარჯები დაუსაბუთებლად გაზარდეს 550 727 ლარით, რამაც 754 704 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის შედეგად კი ირკვევა, რომ ამ წლებში, ფაქტობრივად, 1 421 679 ლარი დაიხარჯა! წარმომადგენლობითი ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი _ 800 000 ლარზე მეტი, ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის დაწყება-დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებებსა და სხვადასხვა სახის საჩუქრებსა, თუ სუვენირებზე დახარჯეს, რაც რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი კომპანიისთვის არაეკონომიური ხარჯებია... 

სახელმწიფო აუდიტორებმა სერიოზული ხარვეზები გამოავლინეს სხვადასხვა ქვესადგურისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და რაც მთავარია, სახელმწიფო შესყიდვებში. როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფო ელექტროსისტემის აუდიტის ანგარიშში ასახულ ფაქტებზე პროკურატურამ მოკვლევა უკვე დაიწყო. 7 ოქტომბერს, თადუმაძის უწყებაში გამოკითხვაზე სააქციო საზოგადოების ყოფილი ხელმძღვანელი იმყოფებოდა, თუმცა გამორიცხული არაა, პროკურატურამ ენერგეტიკის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელი და აწ უკვე თბილისის მერი, კახა კალაძე და ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძეც დაიბაროს, რადგან ეს უკანასკნელი, იმ პერიოდში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში