Menu
RSS

საეჭვო ტენდერები და გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები თსუ-ში

როგორ გაზარდეს ხელოვნურად სარემონტო ხარჯები _ ჰაერში გასროლილი მილიონზე მეტი ლარი და აუდიტის სკანდალური დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი _ თსუ შეამოწმა. დასკვნა, რომელიც აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა, სსიპ ,,თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის'' 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტს ეხება. შემოწმების პერიოდში, თსუ-ში სერიოზული ფინანსური დარღვევები გამოვლინდა, რაც ძირითადად, სახელმწიფო შესყიდვებში დაფიქსირდა.

ხარვეზები შესყიდვებში 

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ბაზრის კვლევებს თსუ-ში, ძირითადად, მხოლოდ ფასთა გამოკითხვით ატარებდნენ, რაც ძალიან მწირ ინფორმაციას იძლევა და ფასებით მანიპულირების შესაძლებლობასაც ქმნის. ეს კი, აუდიტორთა მტკიცებით, კვლევაში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებულ მაღალ ფასებში ვლინდება. მეტიც, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, პოტენციური მიმწოდებლების მიერ წარდგენილ შეთავაზებებში, ფასწარმოქნის კომერციული და ფინანსური პირობები (მიწოდების ვადები, ანგარიშსწორების პირობები და ვადები, საგარანტიო ვადები და ა.შ.) მითითებული არ არის. აქედან გამომდინარე, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრის დროს, თსუ-ში ამ პირობებს არ ითვალისწინებდნენ. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ამგვარი მიდგომის შედეგად, იმ ტენდერებში, სადაც კონკურენცია შედგა, გამარჯვებული პრეტენდენტების სატენდერო წინადადების ფასები არსებითად განსხვავდებოდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებებისაგან, ხოლო უკონკურენტო გარემოში ჩატარებულ ტენდერებში გამარჯვებული სატენდერო წინადადების ფასები უტოლდებოდა, ან მცირედით განსხვავდებოდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებებისგან. 

,,მაგალითად, ავეჯის შესყიდვის მიზნით, თსუ-მ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი. ბაზრის კვლევის ეტაპზე, ორი პოტენციური პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 170 000 ლარი განისაზღვრა. სამმა პრეტენდენტმა ერთი და იმავე ოდენობის საბოლოო ფასი დააფიქსირა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესყიდვის რეალური საბაზრო ფასი 115 000 ლარის ფარგლებში მერყეობდა და მნიშვნელოვნად ნაკლები იყო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე _ 170 000 ათას ლარზე'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

ხარვეზები დაფიქსირდა ფარდა-ჟალუზების შესყიდვაშიც, სადაც ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ელექტრონული ვაჭრობის შემდეგ, ტენდერში შპს „დიომ“ გაიმარჯვა, რომლის სატენდერო წინადადების ღირებულება 35 000 ლარი იყო. კონკურენტმა კომპანიამ, შპს „ვივა ჟალუზმა“, იმავე ოდენობის საბოლოო ფასი, ოღონდ ერთი ლარით მეტი დააფიქსირა: 

,,გამარჯვებული პრეტენდენტის საწყისი შეთავაზება, როგორც ბაზრის კვლევის ეტაპზე, ასევე ტენდერის მიმდინარეობისას, 49 500 ლარი იყო ანუ 1 კვ.მ _ 33 ლარი. კონკურენციის შედეგად, ფასის კლებამ 30% შეადგინა ანუ 1 კვ.მ _ 23 ლარი. სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას, თსუ-მ არ გაითვალისწინა ანალოგიური საქონლის შესყიდვის წინა წლების გამოცდილება. კერძოდ, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტად, შპს „დიომ“, თსუ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება წარადგინა, რომლითაც, 1 კვ.მ-ის ფასი 21 ლარი იყო. ტენდერში ვაჭრობის შედეგად ფასის მნიშვნელოვანი კლება, ორივე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული თანაბარი ფასი და წინა ანალოგიური შესყიდვის დროს, ტენდერში დაფიქსირებული ფასი იმაზე მიუთითებს, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არასწორად განისაზღვრა, რაც ბაზრის კვლევის ეტაპზე მიწოდებულმა ინფორმაციამ განაპირობა''. 

ამ ტენდერების დეტალურად შესწავლის შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ უკონკურენტო გარემოს პირობებში, სწორედ ამგვარი დამოკიდებულება, სახსრების არარაციონალური ხარჯვისა და საქონლის გაზრდილი ფასით შესყიდვის რისკს ზრდის! 

ნავთობის შემცველობის ანალიზატორის შესყიდვა 

სახელმწიფო აუდიტორებმა სერიოზული დარღვევები გამოავლინეს ნავთობის შემცველობის ანალიზატორის შესყიდვის პროცესშიც. კერძოდ, თსუ-ს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტისთვის, ნავთობის შემცველობის ანალიზატორის შესყიდვის მიზნით ჩატარებული ბაზრის კვლევის პროცესში, შესყიდვების სამსახურს სავარაუდო ფასები ორმა კომპანიამ მიაწოდა: შპს „ფარმატექმა“ _ 31 500 ლარი და შპს „ლაბტეჩ ჯორჯიამ“ _ 32 500 ლარი. გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თსუ-მ ხელშეკრულება შპს „ფარმატექთან“ გააფორმა. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერების მიხედვით, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ შპს „ფარმატექი“ და შპს „ლაბტეჩ ჯორჯია“ დაკავშირებული მხარეები იყვნენ _ 2015 წლის 9 ივნისამდე, ორივე კომპანიას ერთი და იგივე დამფუძნებლები ჰყავდათ. შესაბამისად, ბაზრის კვლევის ეტაპზე, ორი კომპანია ფორმალურად გამოიკითხა, რეალურად კი _ ერთი მიმწოდებელი (ერთი და იგივე პირი) და ხელშეკრულებაც, ამავე კომპანიის მიერ შეთავაზებული სასურველი ღირებულებით გაფორმდა. 

,,კანონმდებლობით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მინიჭებული აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება, რომ ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვის დროს, გამოიყენონ გამარტივებული შესყიდვის საშუალება, მაგრამ აღნიშნული დისკრეცია უნდა ემსახურებოდეს შესყიდვების კანონმდებლობის მიზანს _ ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფას, რაც ამ შემთხვევაში, გათვალისწინებული არაა. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებით, შემსყიდველს ეძლევა შესაძლებლობა, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. აღნიშნულ შემთხვევაში იმ კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით, რომ სახელშეკრულებო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარებულ ბაზრის კვლევაში, ორი იურიდიული პირი ფორმალურად მონაწილეობდა, რომლებზეც კონტროლს ახორციელებდნენ ერთი და იგივე პირები და შედეგად, კონტრაქტი გაფორმდა მაღალი ფასით, გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენება მიზანშეწონილი არ იყო''. 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებლობა თსუ-ს არ ზღუდავდა, ელექტრონული ტენდერი გამოეყენებინა, რომელსაც ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნის თვალსაზრისით, უფრო დიდი რესურსი გააჩნია, ვიდრე გამარტივებულ შესყიდვას. კანონმდებლობის საფუძველზე, აუდიტის ჯგუფის მოთხოვნით, თსუ-მ შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოითხოვა, მაგრამ მიმწოდებელს ეს დოკუმენტები არ წარუდგენია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ არასწორად (გაზრდილად) განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება წარმოშობს რისკს, რომ შესყიდვა, საბაზრო ღირებულებაზე მაღალ ფასად განხორციელდეს. ეს, ძირითადად, იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც ტენდერები კონკურენციის გარეშე მიმდინარეობს ანუ მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობს: 

,,თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების გაზრდილად წარმოდგენის შემთხვევებში, კონკურენცია შედგა, ხშირად, ფასის კლება 20%-ზე მეტია, რის გამოც პრეტენდენტები იძულებული არიან, რეალური საბაზრო ფასების შეთავაზების შემთხვევებშიც კი, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა დაასაბუთონ, რაც ტენდერებში მათი დისკვალიფიკაციის მიზეზი ხდება და სატენდერო წინადადების მაღალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტების გამარჯვების შესაძლებლობას ქმნის. გარდა ამისა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არასწორად განსაზღვრის შემთხვევებში, ტენდერებით მიღებული ეკონომია ნომინალურია. ბაზრის სრულყოფილ კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენების დროს, რადგან კონკურენციის შედეგად ფასის კლების შესაძლებლობა არ არსებობს და საკონტრაქტო ფასი არასწორად განსაზღვრული, გაზრდილი სავარაუდო ღირებულების საფუძველზე ყალიბდება''. 

დაუსაბუთებელი დისკვალიფიკაცია 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მიზანია, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა. სატენდერო დოკუმენტაციით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა დააკონკრეტოს, თუ რა ჩაითვლება ანალოგიურ გამოცდილებად. ამასთან, ყოველი ცალკეული მოთხოვნა ობიექტური, თვლადი და პროპორციული უნდა იყოს, რაც ნიშნავს პირობის დაწესებას გააზრებულად და არა შაბლონურად, იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ უნდა ახდენდეს კონკურენციის უსაფუძვლოდ შეზღუდვას''. 

ახლა ვნახოთ, როგორ და რა პირობებში დაარღვია თსუ-ს შესყიდვების სამსახურმა კანონის ეს კონკრეტული მოთხოვდა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, თსუ-მ გამოაცხადა ტენდერი. ამ ტენდერში ექვსი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რომლებმაც ვაჭრობის შედეგად, სატენდერო წინადადების შემდეგი ფასები დააფიქსირეს: შპს „დაგი“ _ 1 571 800 ლარი; შპს „ტრანსმშენი“ _ 1 449 000 ლარი; შპს „აისი“ _ 1 378 300 ლარი; შპს „კომპანიონი“ _ 1 335 600 ლარი; შპს „დამბა“ _ 1 296 500 ლარი; შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“ _ 1 283 100 ლარი. 

ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა იმ მოტივით, რომ წარდგენილი დოკუმენტებით, ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება არ დასტურდებოდა. შედეგად, ტენდერში გამარჯვებულად შპს „დამბა“ გამოცხადდა, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება, საწყისი ღირებულებით _ 1 296 500 ლარი. 

,,დისკვალიფიცირებულ პრეტენდენტს, შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობას საქართველოში“, გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი ჰქონდა 500 მილიონ რუბლზე მეტი შესრულებული სამუშაოების დოკუმენტები, რაც იმ დროს არსებული ოფიციალური კურსის მიხედვით, 17 მილიონ ლარს აღემატებოდა (სატენდერო დოკუმენტაციით, არანაკლებ 1 500 000 ლარის სამუშაოები იყო მოთხოვნილი). ამასთან, კომპანიას გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები წარდგენილი ჰქონდა ბევრად მეტი სირთულის სამუშაოებზე, ვიდრე მოთხოვნილი ანუ შიდა სარემონტო სამუშაოები იყო. გარდა ამისა, იმ პერიოდისთვის, კომპანიას მოგებული ჰქონდა შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 5 500 000 ლარი იყო. მეტიც, კომპანიას მოგებული ჰქონდა სსიპ ,,დაცვის პოლიციის დეპარტამენტის'' მიერ გამოცხადებული ტენდერიც, სავარაუდო ღირებულებით _ 628 200 ლარი, რომელიც შიდა სარემონტო სამუშაოებსაც მოიცავდა. შესაბამისად, დისკვალიფიკაციის შესახებ, თსუ-ს შესყიდვების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია'', _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შიდა სარემონტო სამუშაოები შეასრულა არა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „დამბამ“, არამედ ქვეკონტრაქტორმა, რომელიც ამ ტენდერის გამოცხადებამდე, სამი თვით ადრე დაფუძნდა. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოების ფაქტობრივ შემსრულებელ კომპანიას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, ხოლო შპს „დამბას“ მიერ წარდგენილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. 

,,სატენდერო წინადადების დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტთან მიმართებით, შპს „დამბასთვის“ უპირატესობის მინიჭება, მიზანშეწონილი არ ყოფილა. მეტიც, სამუშაოების შესრულების პროცესში ქვეკონტრაქტორების გამოყენების პირობები, მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მექანიზმები, სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრული საერთოდ არ ყოფილა! ამ კრიტერიუმების გაუთვალისწინებლობა, კანონმდებლობით განსაზღვრული შესყიდვების'

რაციონალურად განხორციელების ვალდებულებას უგულებელყოფს, რასაც ფულადი სახსრების არაეკონომიური ხარჯვა მოჰყვება. კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, რომ თსუ-ს 13 400 ლარი დაეზოგა''. 

ხარვეზები სარეაბილიტაციო სამუშაოებში 

სახელმწიფო აუდიტორებმა ხარვეზები და დარღვევები დააფიქსირეს თსუ-ს მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებშიც. კერძოდ, მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, თსუ-მ გამოაცხადა ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება იყო 5 829 900 ლარი. პროექტის განსახორციელებლად, სამშენებლო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის ე.წ. Dესიგნ-Bუილდ (DB) მეთოდი შეარჩიეს. შესყიდვის მთლიანი მოცულობა ორნაწილიანი იყო: მომსახურებების შესყიდვა და უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. 

მომსახურებების შესყიდვა მოიცავდა შემდეგ ოთხ კომპონენტს: შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და მასზე დასკვნის მომზადება; აუცილებლობის შემთხვევაში, შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნის საფუძველზე, სათანადო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება; შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება; ჩასატარებელი სამუშაოებისთვის ყველა აუცილებელი შეთანხმებისა და ნებართვის აღება შესაბამისი სამსახურებიდან; მომსახურებების შესყიდვის ღირებულება მოიცავდა ასევე პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის ხარჯებს. სამშენებლო სამუშაოები მოიცავდა ფასადის, გადახურვის, სანტექნიკური კვანძისა და გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებს. სატენდერო დოკუმენტაციით, შესყიდვის მთლიანი მოცულობის განფასება მოთხოვნილი იყო ამ კომპონენტების მიხედვით ისე, რომ თითოეული კომპონენტის, მათ შორის, მომსახურებების ნაწილში, ღირებულების დასაბუთება არ მოუთხოვიათ. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ამ ტენდერში სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რომლებმაც სატენდერო წინადადების შემდეგი ფასები დააფიქსირეს: შპს „თბილი სახლი“ _ 5 829 900 ლარი; შპს „იკორთა 2007“ _ 5 546 800 ლარი; შპს „დიკა 2010“ _ 5 192 000 ლარი. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „დიკა 2010“, რომელთანაც 2018 წლის 3 მაისს, გაფორმდა ხელშეკრულება საწყისი ღირებულებით _ 5 192 900 ლარი. 

,,შპს „დიკა 2010“-ის მიერ, სისტემაში ატვირთული საწყისი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სამუშაოების ჯამური ღირებულება 5 422 900 ლარი იყო, მათ შორის, მომსახურებების ჯამური ღირებულება _ 135 000 ლარი, ხოლო სამშენებლო სამუშაოების ღირებულება _ 5 287 900 ლარი. საბოლოოდ შეთავაზებული ფასის ანუ 5 192 000 ლარის შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების შემდეგ, მომსახურებების ჯამური ღირებულება 385 000 ლარამდე, სამშენებლო სამუშაოების ღირებულების შემცირების ხარჯზე გაიზარდა, რაც ვერ დასაბუთდა. აუდიტის ჯგუფისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით გაირკვა, რომ ეს მომსახურებები არა უშუალოდ კონტრაქტორმა, შპს „დიკა 2010“-მა, არამედ ქვეკონტრაქტორებმა _ ორმა სხვადასხვა კომპანიამ შეასრულა''. 

ამ შესყიდვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტორებმა, ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით, მაღალი რისკის შემცველი გარემოებები გამოავლინეს, რაც პროექტის განხორციელების DB მეთოდის გამოყენებამ გამოიწვია. აუდიტორების მტკიცებით, სამშენებლო პროექტების განხორციელების DB მეთოდს დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. უარყოფითია შესყიდვის საშუალებად ტენდერის გამოყენების სირთულე, ტიპური პროექტების განხორციელების შემთხვევების გარდა: 

,,ვინაიდან, როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშაოები ერთმა კონტრაქტორმა უნდა განახორციელოს, ტენდერის გამოცხადებისას, საპროექტო დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია შესასრულებელი სამუშაოების სწორად განფასება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ადეკვატურად განსაზღვრა. შესაბამისად, გაურკვეველია, ბაზრის კვლევის ეტაპზე და სატენდერო წინადადების წარდგენისას, როგორ და რა პრინციპით დაითვალეს კომპანიების მიერ მიწოდებული ფასები. ასეთ შემთხვევებში, ტენდერებში ფასების კლებაც მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში შეიძლება დაფიქსირდეს და მაღალი რისკი არსებობს იმისა, რომ რეალურ საბაზრო ღირებულებამდე ვერ ჩამოვიდეს, რადგან თვით პრეტენდენტებსაც არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა ფასის ადეკვატურობაზე და დაზღვევის მიზნით, შესაძლოა, მაღალ ფასებზე შეაჩერონ შეთავაზება''. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესყიდვის მომსახურების კომპონენტების სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტარიფები არ გაითვალისწინეს, რომლითაც მომსახურების კომპონენტების ღირებულება ბევრად ნაკლებია, ვიდრე კერძო კომპანიების შემოთავაზებები. მაგალითად, მომსახურების ერთ-ერთ კომპონენტში, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და დასკვნა, 250 000 ლარი გადაიხადეს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტარიფების მიხედვით, „ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენა და დეტალური გამოკვლევისათვის საჭირო ღონისძიებების შედგენის“ საფასური, 10 000 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის შენობა-ნაგებობისთვის განსაზღვრულია 1 300 ლარი + 300 ლარით, ყოველ დამატებით 5 000 კუბ.მ-ზე. შესაბამისად, დაახლოებით, 150 000 კუბ.მ. მოცულობის თსუ-ს მეორე კორპუსის ტექნიკური მდგომარეობის დადგენა ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, ბიუროს ტარიფების მიხედვით, მხოლოდ 9 700 ლარი დაჯდებოდა და არა 250 000 ლარი! 

მეტიც, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ნებართვების ღირებულების დადგენას ბაზრის კვლევა არ სჭირდებოდა, რადგან ამ ნებართვას მხოლოდ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური გასცემს და რაც მთავარია, ფასებიც ფიქსირებულია. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მოსაკრებელი 50 ლარს შეადგენს, ხოლო სსიპ-ის მომსახურების საფასური დაწესებულია მხოლოდ დაჩქარებული მომსახურებებისთვის, რომლის მაქსიმალური საფასური 1 000 ლარია და ისიც კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე არ ვრცელდება. შესაბამისად, ნებართვის ასაღებად, კონტრაქტორს არაადეკვატური ოდენობის თანხა _ 50 000 ლარი გადაუხადეს! 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მომსახურების კომპონენტების საბაზრო ღირებულება, გარდა შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნისა, დაახლოებით, 120 500 ლარი დაჯდა: ,,თუ ამას ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნისა და საპროექტო დოკუმენტაციაზე ექსპერტიზის დასკვნების საორიენტაციო ღირებულებებსაც დავამატებთ, ცხადია, ბიუროს ტარიფების მიხედვით, ხელშეკრულების მომსახურებების ნაწილის რეალური ჯამური საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 159 200 ლარი იქნებოდა და არა 385 000 ლარი!'' 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კვლევის ეტაპზე, კომპანიების მიერ მიწოდებული მომსახურებების ჯამური ღირებულება 31 700 ლარიდან, 170 000 ლარამდე მერყეობდა, რაც ასევე მიუთითებს სატენდერო წინადადების არაადეკვატურ ღირებულებაზე. შემოწმებით გაირკვა, რომ საპროექტო ხარჯთაღრიცხვის შრომის ანაზღაურების ხარჯების განყოფილებაში, ერთეული კაც-საათების ღირებულებები, ქვეყანაში საყოველთაოდ მიღებულ, პრაქტიკაში გამოყენებად და საქართველოს მთავრობის მიერ, მეთოდური ცნობარით განსაზღვრულ საბაზრო ფასებს არ შეესაბამებოდა, რომლითაც კაც-საათების ღირებულება 6.00 ლარიდან, 7.80 ლარამდე მერყეობს. მეტიც, საპროექტო ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ერთეული კაც-საათების ღირებულებები არაადეკვატურად მაღალი იყო და ცალკეულ შემთხვევებში, 120-150 ლარსაც კი შეადგენდა კაც-საათზე. 

ამ გარემოებების შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ თსუ-ს მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ღირებულება გაზრდილია ჯამურად, დაახლოებით, 1 116 300 ლარით, აქედან მომსახურების ნაწილში _ 225 800 ლარით, ხოლო სამუშაოების ნაწილში _ 890 500, რის გამოც საბიუჯეტო სახსრები არარაციონალურად და არაეკონომიურად გაიხარჯა!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში