Menu
RSS

ახალი პრემიერი უმუშევრობის შემცირების პირობას დებს

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა _ გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური აქცენტები

საქართველოს პარლამენტმა, 98 ხმით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მხარი გიორგი გახარიას და მის ახალ მთავრობას დაუჭირა. სინამდვილეში, შს ექსმინისტრის ახალი კაბინეტი ძველი და კარგად ნაცნობი სახეებითაა წარმოდგენილი, თუმცა ამ ცვლილებებზე დიდხანს არ შევჩერდებით, რადგან ,,ვერსია'' გახარიას სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური ნაწილით დაინტერესდა. ამ მხრივ კი, მთავრობის ახალ კაბინეტში ნამდვილად არაფერი შეცვლილა: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ისევ ლევან დავითაშვილია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი _ ნათია თურნავა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის _ მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი კი _ ივანე მაჭავარიანი.

საქართველოს მთავრობის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ორიენტირებული იქნება სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. მთავრობის ძალისხმევა ოთხ საკვანძო მიმართულებას მოიცავს: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა, თუმცა ვიდრე ამ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილზე შევჩერდებით და დეტალურად მიმოვიხილავთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მმართველმა პარტიამ ამ ტიპის სამთავრობო ცვლილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ,,დაუმიზნა''. 

დავუბრუნდეთ პრემიერ-მინისტრის სამთავრობო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს, რომლითაც ვიგებთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეფუძნება, სადაც კერძო სექტორი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე, ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე. 

მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობა, დასაქმება და უმუშევრობის შემცირება, ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება _ ესაა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში: 

,,საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად გატარდება „ერთი ფანჯრის პრინციპზე“ აგებული პოლიტიკა. გაძლიერდება საკოორდინაციო მექანიზმები, როგორც ცენტრალური ხელისუფლების უწყებებთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებთან. შედეგად, გაიზრდება კომუნიკაციის ეფექტიანობა საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებთან; გაგრძელდება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა. 

ფართოდ დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ თითოეული გადაწყვეტილება ეკონომიკაში, წინასწარ იყოს გაანალიზებული შესაძლო, ნეგატიური გავლენებისაგან თავიდან არიდების მიზნით; მიღებულ იქნება „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი, რომელშიც აისახება ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული, ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნები, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას'', _ ვკითხულობთ პროგრამაში. 

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით, მთავრობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტების განვითარებას გეგმავს, რომელთა მიზანიც ბიზნესისთვის არასაკმარისი უზრუნველყოფით გამოწვეული შეზღუდვების შემცირებაა, რაც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას შექმნის, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს საგრძნობლად გაუმარტივებს ფინანსებზე წვდომას, ხელს შეუწყობს ეკონომიკის დამატებით დაკრედიტებას, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ლიკვიდობის გაუმჯობესებას. 

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, კვლავ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ადგილობრივი წარმოებისა და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებებით. მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში, საწარმოებისა და სასტუმროების სესხის პროცენტის თანადაფინანსება ისევ გაგრძელდება. მეტიც, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, ფინანსებთან წვდომის კომპონენტის ანუ თანადაფინანსების გრანტების გაცემა ,,საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოშიც'' გაგრძელდება. 

საქართველო, როგორც რეგიონალური ჰაბი და რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა, პრემიერ მინისტრის სამოქმედო გეგმის ეკონომიკური ნაწილის უმთავრესი მიმართულებებია: 

,,ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და საფინანსო ჰაბის ჩამოყალიბება, რაც მოგვცემს, როგორც ქვეყნის შიდა, ისე რეგიონალური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას. ამით ხელი შეეწყობა ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის, ეროვნული წარმოების კონკურენტუნარიანობისა და წარმადობის განვითარებას და ასევე ექსპორტის ზრდას, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვასა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის სრულფასოვან მონაწილეობას. მნიშვნელოვანია უფრო მეტად შეეწყოს ხელი საქართველოს გავლით ენერგოდერეფნების განვითარებას, მათ შორის, ევროპულ ენერგობაზრებზე პირდაპირი წვდომის მიმართულებით. აუცილებელია აქტიური მუშაობა საქართველოში გამავალ სატრანსპორტო დერეფანში მეტი საერთაშორისო ტვირთების მოსაზიდად, ასევე ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნისა და გაფართოებისთვის. გაგრძელდება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, არამედ გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის რეგიონების განვითარება, მათ შორის უთანასწორობის აღმოფხვრა, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა, რეგიონების როლის ზრდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში''. 

საქართველოს მთავრობას აქვს რეგიონული განვითარების სტრატეგიული ხედვა, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების გათანაბრების პოლიტიკის მიდგომებს. ეს გულისხმობს ინტეგრირებულ, დარგთაშორის და ტერიტორიაზე მორგებულ დაგეგმვასA და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას. 

ინფრასტრუქტურული განვითარება _ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა Aდა ლოგისტიკური პოტენციალის სრულად ასათვისებლად, ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა კვლავ გაგრძელდება. ქვეყნის მასშტაბით, საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო და რეგიონების დამაკავშირებელი საავტომობილო გზები აშენდება; გაგრძელდება რეგიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა; რეგიონების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, უზრუნველყოფილი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია. 

,,მოსახლეობისთვის 24-საათიან რეჟიმში ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2020 წლისთვის, 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება დამატებით 430 000 ადამიანი. აქტიურად გაგრძელდება წყალმომარაგება-კანალიზაციისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები მთელ რიგ ქალაქებსა და სოფლებში, მათ შორის, საზღვრისპირა სოფლებში. ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, რეგიონებში დამატებით აშენდება მაღალსიჩქარიანი ოპტიკური ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც, საქართველოს მოსახლეობის 85%-ზე მეტს ექნება წვდომა მაგისტრალურ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტ-ინფრასტრუქტურასთან''. 

ენერგეტიკა _ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით, ესაა მტავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მთავრობის სამოქმედო გეგმის ამ ნაწილში აღნიშნულია, რომ განვითარდება ინფრასტრუქტურა გაზისა და ელექტროენერგიის უსაფრთხო და სტაბილური გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის შესაქმნელად. გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, უკვე დაწყებულია 210-280 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზსაცავის პროექტის განხორციელება; დამატებითი რესურსები გამოიყოფა რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად, რის შედეგადაც 2020 წლის ბოლოსთვის, გაზმომარაგებაზე წვდომა ექნება 1.3 მილიონ აბონენტს; გაგრძელდება მუშაობა განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით, ასევე, განხორციელდება ენერგოეფექტური ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით. 

გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა _ გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია კლიმატის ცვლილების მიმდინარე პროცესში. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ერთდროულად, სამ ურთიერთგადამკვეთ გამოწვევას პასუხობს, კერძოდ, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციასა და კლიმატის ცვლილების შერბილების ხელშეწყობას. 

,,კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების რისკების შემცირების მიზნით, გაფართოვდება ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი, გაძლიერდება მოდელირების შესაძლებლობები და დაინერგება ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემა. 

გაუმჯობესდება ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევისა და წყლის გამოყენების აღრიცხვის სისტემები. გაგრძელდება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემაზე გადასვლა, რომელიც ეფუძნება წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და სააუზო მართვის ევროპულ პრინციპებს. გაუმჯობესდება ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემა; ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად დაინერგება სხვადასხვა მექანიზმები, რაც წაახალისებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციასა და ნარჩენების ხელახალ გამოყენებას''. 

ტრანსპორტი _ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ტრანსპორტის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებს დაუახლოვდება, რაც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოების ზრდასა და ევროკავშირთან სექტორულ ინტეგრაციას... 

თანამედროვე სახელმწიფოში, ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების უმთავრესი რესურსია, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობაში უნდა ჩაერთოს. ადამიანური რესურსების განსავითარებლად კი აუცილებელია კარგი განათლება და უნარების განვითარება, ხოლო განათლების ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფით, მნიშვნელოვანია ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა; ღირსეული სოციალური უზრუნველყოფა; ჯანსაღი ცხოვრების წესი; შესაძლებლობის არსებობა ადამიანების კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში ჩასართავად. შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკა მიმართულია არა ცალკეული სექტორის, არამედ ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საჭირო ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაზე.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში