Menu
RSS

ვასაძის 600-ათასიანი ბედნიერება - რატომ დააფინანსა სახელმწიფომ რადიკალი ბიზნესმენის კომპანია

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით ნაციონალური მოძრაობის წევრებიც სარგებლობენ

ბიზნესმენ ლევან ვასაძის კომპანია ,,ბაგრატიონი 1882'' სახელმწიფოსგან 600 000 ლარით დაფინანსდა, - ამის შესახებ ,,თავისუფლების მონიტორის'' მორიგ ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი, რომელიც „ჩვენი ფულით დაფინანსებულ მილიონერ ბიზნესმენებზე“ მოგვითხრობს. სინამდვილეში, 2014 წელს, ვასაძის კომპანია სახელმწიფო პროგრამა - „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, ერთ-ერთი კომერციული ბანკისგან დაფინანსდა. 600 000 ლარი კი ამ შეღავათიანი აგროსესხის პროცენტის ფულია, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ გადაიხადა. 

„თავისუფლების მონიტორის“ გამოძიება ორ სახელმწიფო პროგრამას -  ,,შეღავათიან აგროკრედიტსა'' და ,,აწარმოე საქართველოში'' ეხება, თუმცა იმის გამო, რომ „ვერსია“ ლევან ვასაძის კომპანიით დაინტერესდა, ამ ფილმის მხოლოდ იმ ნაწილს განვიხილავთ, რომელიც აგროსესხებს ეხება. 

მაშ ასე, „თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, ბიზნესმენ ლევან ვასაძის კომპანია ,,ბაგრატიონი 1882'', 2014 წელს დაფინანსდა. 600 000 ლარი კი ამ სესხის პროცენტის თანხაა, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ ანუ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ გაიღო. 

„თავისუფლების მონიტორის“ ავტორმა, ნინო ზურიაშვილმა „ვერსიას“ განუმარტა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, სახელმწიფომ, ჯამში, 264 000 000 ლარი დახარჯა. ფილმში კი, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოამზადეს, სხვა კომპანიებსა და კიდევ ერთ სახელმწიფო პროგრამაზეა საუბარი. ნინო ზურიაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა პროგრამით დაფინანსებული კომპანიების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. 

სიტუაციაში უკეთYგარკვევის მიზნით, „ვერსია“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, გიორგი ავალიანს დაუკავშირდა: 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ განურჩევლად პოლიტიკური, ეროვნული, რელიგიური, სექსუალური, თუ სხვა კუთვნილებისა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამით. ნებისმიერი ბენეფიციარი, რომელიც ამ პროგრამით სარგებლობას გადაწყვეტს, ინდმეწარმე იქნება, თუ შპს, მიდის მისთვის ხელსაყრელ ბანკში, რომელთანაც აქვს ურთიერთობა და ითხოვს შეღავათიან აგროკრედიტს - 20 000-დან 1 500 000 ლარამდე ფარგლებში. ამის შემდეგ, ბანკი ამოწმებს, რამდენად გადამხდელუნარიანია ესა თუ ის კომპანია, ან საწარმო და იღებს გადაწყვეტილებას, გასცეს თუ არა სესხი. როგორც კი ბანკი სესხს გასცემს, ავტომატურად ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება, სადაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარისთვის წლიური, 11%-ის თანადაფინანსების ნაწილში ერთვება. შესაბამისად, როდესაც საუბრობენ, რომ სახელმწიფომ ლევან ვასაძე 600 000 ლარით დააფინანსა, სიმართლე არაა, რადგან ეს თანხა ვასაძეს კი არ მივეცით, მისმა კომპანიამ ისარგებლა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით და ჩვენ ამ სესხის პროცენტი დავაფინანსეთ“. 

გიორგი ავალიანმა „ვერსიას“ ისიც განუმარტა, რომ 2013 წლიდან დღემდე, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში არსებული სესხების ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი წლიური 16%-ია. ამ 16%-დან პროექტის ბენეფიციარები, მაქსიმუმ, 5%-ს იხდიან, დარჩენილ 11%-ს კი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო იხდის 66 თვის განმავლობაში.

გიორგი ავალიანმა „ვერსიას“ აუხსნა, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მიზანია, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ფერმერს, კომპანიასა თუ ბიზნესმენს, იაფ ფულზე წვდომის საშუალება ჰქონდეს. მთავარია, ამ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა კომერციულმა ბანკებმა სესხი დააფინანსონ, რის შემდეგაც, სახელმწიფოს მთავრობის 2013 წლის დადგენილების მიხედვით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, სესხზე არსებული პროცენტის თანადაფინანსების ნაწილში, ავტომატურად ჩაერთვება:

„ამის შემდეგ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ესა თუ ის ბიზნესმენი, ფერმერი თუ კომპანია, რომელიც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით სარგებლობს, „ქართულ ოცნებას“ დააფინანსებს. თუ რომელიმე სხვა პარტიას, რადგან ეს ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის“.

„ვერსიამ“ გაარკვია, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველებისა და მილიონერი ლევან ვასაძის გარდა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, მათი ოჯახის წევრები და ამ პარტიასთან (სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც) აფილირებული პირებიც სარგებლობენ. ასე, მაგალითად, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, გიორგი რურუამ (ნიკა რურუას ძმა) გრანტი მიიღო. უფრო კონკრეტულად, ამ პროექტის ფარგლებში, შპს „აგროვია“ დაფინანსდა, რომლის 80%-იან წილს გიორგი რურუა ფლობს,  20%-ს კი - გიორგი მესხიძე. 

გარდა ამისა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, დაფინანსება მიიღო შოთა უტიაშვილმა და მისმა მამამ, ასევე, ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა წინა მოწვევის პარლამენტში, გურამ კაკალაშვილმა. 

„ვერსია“ გურამ კაკალაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ ამ პროექტის ფარგლებში სესხი მან კი არა, მისმა მეუღლემ მიიღო, თუმცა იმის გამო, რომ თვითონ ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, მეუღლეს დაფინანსების ნაწილში პრობლემა არ შექმნია. 

სხვათა შორის, რადიკალიზმით ცნობილმა ბინესმენმა, რომელმაც წარსულში ბედი პოეზიაშიც მოსინჯა და ბედნიერების ძებნა დაიწყო, ამ დღეებში, საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთი რადიკალური განცხადებით მიიპყრო. კერძოდ, ვასაძემ ხელისუფლებას მიმართა და ჟურნალისტების დასჯა მოსთხოვა: 

„არნახულად გაზრდილია ძალადობა და აგრესია ტრადიციული ქვეყნების ცხოვრებაში, დემოკრატიისა და ლიბერალიზმის დაცვის სახელით. უხეში სამხედრო ძალის ჩარევის შედეგად, იხოცება და სახლიდან იდევნება მილიონობით ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ბუნებრივია, კაცობრიობის საერთო სახლის ნაწილია. ვხედავთ ამ აგრესიის მკვეთრ, ლოკალურ გამოვლინებებს ჩვენს ქვეყანაშიც, რომელიც ბუნებრივია, კაცობრიობის საერთო სახლის ნაწილია. ვხედავთ ამ აგრესიის მკვეთრ ლოკალურ გამოვლინებებს და როგორც ყოველთვის, აგრესიის მთავარი სამიზნე არის ჩვენი ეკლესია, ოჯახი, ჩვენი ეროვნული ღირებულებები. ქვეყნის ცენტრალური ტელეარხებიდან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ქცეულა გაუნათლებლობის, უგემოვნების, აგრესიისა და უზნეობის მთავარ წყაროებად,

გაისმის მოწოდებები ეკლესიაზე შეტევისაკენ. ჩვეულებრივ ამბად იქცა საჯაროდ, ცნობილი გარყვნილი არაადამიანების მხრიდან, ქართული ოჯახური და ეროვნული ტრადიციების დაცინვა და შეურაცხყოფა. ყველაზე საშიში ის არის, რომ ამგვარი პოლიტიკის გაგრძელებამ, შეიძლება, სავალალო შედეგი გამოიღოს. უკვე დაიწყო ჭინკების ცემა-ტყეპა ხალხის მხრიდან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს არის თქვენი პასიურობის შედეგი. როდესაც ხალხი ხედავს, რომ მის ღირსებას არ იცავს მისი რჩეული კანონიერი ხელისუფლება, იგი საკუთარ ხელში იღებს ამ ღირსების დაცვის სადავეებს. სწორედ აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები და შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელიც უმკაცრესად გააკონტროლებს მედიასა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს; რომელიც მკაცრად დასჯის და საქმიანობას აუკრძალავს თითოეულ მათგანს ქვეყნის ტრადიციული ღირებულების შეურაცხყოფის შემთხვევაში“, - აცხადებს ვასაძე.

 მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში