Menu
RSS

„საბკულტურა“ _ თავისუფალი და ღია სივრცე წიგნების მოყვარულთათვის

17 ივლისს, ფაბრიკაში „საბას“ ახალი ინიციატივის, პროექტის _ „საბკულტურა“ პრეზენტაცია გაიმართა. ეს წიგნის მოყვარულთა და მკითხველთა ახალი მოძრაობაა, რომლის წევრებსაც სჯერათ, რომ კითხვა ცვლის ფიქრებს, ფიქრები _ ქმედებებს, ხოლო ქმედებები _ გარემოს.  

„საბკულტურა“ თავისუფალი, ღია სივრცეა, სადაც წიგნებზე და წიგნებიდან მიღებული ცოდნის შესახებ საუბარი და დისკუსია, როგორც ციფრულ, ასევე რეალურ სივრცეში წარიმართება. სინამდვილეში, ესაა ,,საბას'' ვებგვერდის განახლებული აპლიკაცია მობილური ტელეფონებისთვის, რაც ნიშნავს, რომ თუ ამ აპლიკაციას ჩვენს ტელეფონებში ჩამოვტვირთავთ, ერთი წლის მანძილზე, ,,საბას'' მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე წვდომა გვექნება.  

ღოგორც ,,საბას'' ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, იმისათვის, რომ კითხვა უფრო საინტერესო და ყოველდღიური პროცესი გახდეს, „საბა“ არაერთ პროექტსა და აქტივობას გეგმავს. 

,,სწორედ ამის დასაწყისია განახლებული  saba reader-იც. რეალუად, „საბკულტურა“, „საბასა“ და „ლივინგსტონის” ერთობლივი პროექტია, რომლის შედეგად, შაბა ღეადერ-ს ისეთი ფუნქციები დაემატა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებით, კითხვის საუკეთესო გამოცდილებას ემსახურება ანუ კითხვა სასიამოვნო, ყოველდღიური პროცესი იქნება''.

რატი ამაღლობელმა ,,ვერსიას'' განუმარტა, რომ წიგნის უმთავრესი პოპულარიზატორი და გამავრცელებელი მკითხველია: ,,ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნები, რაც ოდესმე წამიკითხავს, ახლობლებისა და მეგობრების რჩევით, სხვა ადამიანების ინტერესით, მათი ერთგვარი წარდგინებით, პრეზენტაციითა და რეკომენდაციით მოვიდა ჩემთან. ამდენად, ურთიერთობის ეს უშუალო ფორმა ლიტერატურაში, გვინდა, რომ ,,საბკულტურის'' პლატფორმაში, ერთგვარ ფორმად და წესად ვაქციოთ''. 

კომპანია ,,ლივინგსტონის'' მმართველმა პარტნიორმა, ვახო ვახტანგიშვილმა ,,ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ ,,საბკულტურა'' ორი ნაწილისგან შედგება:

,,პირველი, რაც გვინდოდა შეგვექმნა, მკითხველების გაერთიანება იყო, რადგან მკითხველები მთლად დაფასებული ხალხი არ ვართ. ჩვენთვის ვკითხულობთ წიგნებს, მაგრამ ამაში ტაშს არავინ გვიკრავს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ახლა პირიქით იყოს _ მწერლებთან ერთად, მკითხველებიც დავაფასოთ, რადგან მკითხველების გარეშე, მწერლობასაც არ აქვს აზრი. შესაბამისად, ,,საბკულტურას'' იდეის ქვეშ გავაერთიანეთ ეს ხალხი, მაგრამ რაც მთავარია, გვინდა, წიგნებზე ხელმისაწვდომობის სახით, ამ ხალხს მეტი კომფორტი შევუქმნათ. ,,საბას'' ვებგვერდზე, წიგნებისა და ხმოვანი წიგნების სახით, უდიდესი კატალოგია, ამიტომ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მკითხველები მათ გადმოწერას შეძლებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ყველაფერი ეკონომიურადაც ხელმისაწვდომია, პირობითად, 5 000-ზე მეტი წიგნი, შეგიძლიათ, 5 ლარად გადმოწეროთ''.  

როგორც ვახო ვახტანგიშვილმა ,,ვერსიას'' განუმარტა, ამ პროექტის მესამე ნაწილი საერთო კომუნიკაციის პლატფორმა იქნება, სადაც მკითხველები ,,ჩრდილიდან'' გამოვლენ და რეალურ, ან თუნდაც ვირტუალურ სივრცეში, ამა თუ იმ წიგნზე, საკუთარ მოსაზრებებსაც გაუზიარებენ ერთმანეთს.  

პრეზენტაციის დასასრულს, ფაბრიკაში შეკრებილი საზოგადოებისთვის, ლევან ბერძენიშვილმა მინი-ლექცია გამართა და დამსწრეებს ლიტერატურის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

„საბა“, რომელიც 17 წლის წინ, თიბისის ხელშეწყობით შეიქმნა, ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემიაა საქართველოში. 2012 წლიდან, მას ელექტრონული წიგნების წამყვანი, ინოვაციური ვებპლატფორმა დაემატა, დღეს ელექტრონული წიგნების სახლს, უკვე 190 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, ხოლო მის კატალოგში _ 6 000-მდე ელექტრონული წიგნია. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში